უხელფასო შვებულება - დასაქმებულთა სეზონური თავის ტკივილი

უხელფასო შვებულება - დასაქმებულთა სეზონური თავის ტკივილი

კერძო თუ საჯარო სტრუქტურების ხელმძღვანელები თანამშრომლებს უხელფასო შვებულებებზე იძულებით უშვებენ. ეს მეთოდი განსაკუთრებით „პოპულარული“ ხდება ზაფხულში, როდესაც ბიზნესაქტივობა ეცემა და კომპანიები ცდილობენ თავი აარიდონ ზედმეტ ხარჯებს. სხვა საკითხია საჯარო სამსახური და იქ მომუშავე ადამიანები. წესით და რიგით სეზონურობა ასეთ უწყებებს არ უნდა შეეხოს, მაგრამ საქმეში ერევა ე.წ. რეორგანიზაცია.

ამასწინათ ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დაითხოვეს მეცხოველეობის ინსტიტუტის თანამშრომლები და უთხრეს, რომ რამდენიმე დღით უხელფასო შვებულებაში მოუწევდათ ყოფნა.

უფრო ადრე ამ ხერხს კერძო კომპანიებმაც მიმართეს.  თანამშრომლები უხელფასო შევებულებაში ჯერ კიდევ მარტში გაუშვეს „აირზენამ“ და მეტალურგიულმა ქარხნებმა იმერეთსა და რუსთავში. ყველა შემთხვევაში თანამშრომლებს განუმარტეს, რომ კომპანიას აქვს ფინანსური სიძნელეები და გადაწყვეტილებაც ამიტომ მიიღეს.

„რამდენიმე დღეა, ბენდუქიძის ბრძანებით, უხელფასო შვებულება გაგვიფორმეს და სამსახურში არ დავდივართ. მიზეზი არავის აუხსნია, საკუთარი ხელით დაგვაწერინეს განცხადება და ახლა შედეგს ველოდებით. არ გამოვრიცხავთ, გაგვაუქმონ ან რომელიმე სტრუქტურასთან გაგვაერთიანონ. ჯერჯერობით არავინ გვეუბნება, მაგრამ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სამსახურში არ დაგვაბრუნებენ“, - ამბობს მეცხოველეობის ინსტიტუტის ერთ-ერთი თანამშრომელი.

პრობლემა ისაა, რომ უხელფასო შვებულებაში იძულებით მყოფ ან სამსახურიდან დათხოვნილ ადამიანებს სასამართლოში ჩივილის სურვილი არ უჩნდებათ. მათი უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ უკმაყოფილების გამოხატვას და ჩივილს აზრი არ აქვს, რადგან დამქირავებლის უფლებებს კანონმდებლობა იცავს.

„თანამშრომელთა უხელფასო შვებულებაში გაშვებას კომპანიების მხრიდან სისტემატური ხასიათი აქვს. ბოლო რამდენიმე წელია, ეს ხდება მუდმივად და წელსაც იგივე განმეორდა, თუმცა სასამართლოს არავინ მიმართავს. ხალხს აქვს შიში, რომ ამით სამსახურს საერთოდ დაკარგავენ და თითქოს სამუდამოდ კარგავენ თანამდებობაზე აღდგენის შანსსაც. საზოგადოება დაშინებულია და ნდობა სამუდამოდ აქვს დაკარგული სასამართლო სტრუქტურების მიმართაც“, - აცხადებენ პროფკავშირებში.

საქართველოს მეტალურგიულ და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირების ხელმძღვანელის, თამაზ დოლაბერიძის ინფორმაციით, ქუთაისში მეტალურგიული ქარხნის თანამშრომელთა უხელფასო შვებულებაში გაშვებას სისტემატური ხასიათი აქვს.

„ბოლო რამდენიმე წელია, ეს ხდება მუდმივად და წელსაც იგივე განმეორდა. ქარხნის მუშებს ახლახან ვესაუბრე და მათ აქვთ გადაწყვეტილი, უკმაყოფილება კიდევ ერთხელ გამოხატონ, ამჟამად წერილობით რეჟიმში. პრობლემები ქარხანაში მუდმივადაა, ქუთაისის მთავრობისა და ცენტრალური ხელისუფლების აქტიურობით ჩაახშვეს პროტესტი და პრობლემები მოუგვარებლი დატოვეს. ყველაფერი ძველებურადაა, დასაქმებულთა საკეთილდღეოდ არც ერთი პრობლემა არ გადაჭრილა“, - აცხადებს დოლაბერიძე.

მისივე ინფორმაციით, ჯართის უქონლობის გამო წლის პირველ კვარტალში ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანაში ყოველთვიურად 130 ადამიანი უხელფასო შვებულებაში იმყოფებოდა.

ლეიბორისტულ პარტიაში დაქირავებულთა უუფლებო მდგომარეობას ღიად აკრიტიკებენ. პარტიის პოლიტიკური მდივნის, გიორგი გუგავას განცხადებით, მოსახლეობის მხრიდან უკმაყოფილების გამოხატვამ იკლო და ადამიანებს სასამართლო უწყების მიმართ ნდობა საბოლოოდ აქვთ დაკარგული.

„როგორც კი რომელიმე კომპანაიში ფინანსური პრობლემა ჩნდება, ხალხს უშვებენ სამსახურებიდან და ამ პროცესს რეორგანიზაციის სახელით ახორციელებენ. უფლებრივი თვალსაზრისით, დასაქმებულთა და დამსაქმებელთა შორის საშინელი დისბალანსია. ასე ხდება ყველგან კერძო დაწესებულებებშიც და საჯარო უწყებებშიც. ცალკე პრობლემაა ისიც, რომ სამსახურიდან დათხოვნილები არ მიმართავენ სასამართლოს, რადგან არ აქვთ მოტივაცია. შედეგი ყველასთვის წინასწარაა ცნობილი და დამატებით ხარჯებს ერიდებიან. ურჩევნიათ, გაჩუმდნენ, ვიდრე დაიქირავონ ადვოკატი და სასამართლოს ხარჯი დაფარონ“, - აცხადებს გიორგი გუგავა.