ფული ძალაუფლების წინააღმდეგ

ფული ძალაუფლების წინააღმდეგ

ოქტომბერში საქართველოში ახალი პარლამენტი შეიკრიბება. სააკაშვილის ბანაკი და მისი მოწინააღმდეგის ივანიშვილის კოალიცია ყველაზე დიდი შემართებით აწარმოებენ საარჩევნო კამპანიას. ვითარება ქვეყანაში დაძაბულია, არეულობების საფრთხე იზრდება.

თითქმის ცხრა წლის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის მთავრობა ერთპიროვნულად განაგებდა საქართველოს ბედს. ახლა კი ყოფილი „ვარდების რევოლუციონერები“ სერიოზული შიდაპოლიტიკური გამოწვევის წინაშე დგანან. მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა დანაწევრებული ოპოზიციიდან შექმნა კოალიცია „ქართული ოცნება“ და მისი მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების მეშვეობით მთელს ქვეყანაში წამოიწყო პოლიტიკური მოძრაობა. მისი დაფინანსებული მედია საშუალებები ყველა რეგიონიდან მაუწყებლობენ. მთავრობა ბრალს სდებს ივანიშვილს, რომ მას ამომრჩევლების ფულით მოსყიდვა სურს. სახელმწიფო უწყებები ებრძვიან მას და მის თანამებრძოლებს. ბრძოლა საზღვარგარეთაც მიმდინარეობს.

მოსმენების აქცია შვეიცარიაში

მოქმედების ადგილია შვეიცარია, სადაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და ივანიშვილის მოკავშირე სოზარ სუბარი 11 აპრილს თავის ადვოკატთან ერთად ჩავიდა. სასტუმრო „მერიოტში“ ისინი ქართველ ჟურნალისტ, ვახტანგ კომახიძეს შეხვდნენ, რომელმაც 2008 წლის ომის შესახებ საგამოძიებო სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, საქართველოს მთავრობის მხრიდან საფრთხის გამო 2010 წელს შვეიცარიაში თავშესაფარი მიიღო. საუბარი ივანიშვილის უსაფრთხოებას ეხებოდა. შეხვედრიდან რამდენიმე საათის შემდეგ სუბარი და მისი თანმხლები პირი საქართველოში დაბრუნდნენ. ციურიხში ისინი მარტო არ გაფრენილან. მათ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი აედევნა, რომლებიც მათი საუბრის მოსმენას შეეცადნენ. თუმცა მათი ქმედებები იმდენად თვალშისაცემი აღმოჩნდა და თავიანთი თვალთავლის ატრიბუტებიანად დააკავეს. ციხეში გატარებული სამი კვირის შემდეგ მათ საქართველოში დეპორტაცია გაუკეთეს. შვეიცარიის უსაფრთხოების ორგანოებმა ჩვენს გამოცემასთან საუბარში ეს შემთხვევა დაადასტურეს.

ეს არ იყო მთავრობის ოპონენტთა მიმართ ჯაშუშობის პირველი შემთხვევა. ასე ამოტივტივდა 2009 წლის ივნისში ბერლინის ფეშენებელურ სასტუმრო „ადლონში“ მყოფი ორი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ამსახველი ვიდეო მასალა. ვიდეოზე ისინი შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრთან საუბრობენ. სამთავრობო მედია-საშუალებები მუდმივად აქვეყნებენ ფრაგმენტებს მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების და ოპოზიციონერების სატელეფონო საუბრების ჩანაწერებიდან.

რამდენადაც შთამბეჭდავია საქართველოს მთავრობის წარმატებები კორუფციასთან ბრძოლასა და ადმინისტრაციისა და ინფრასტრუქტურის მოდერნიზებაში – იმდენად შეილახა 2007 წლის შემდეგ პრეზიდენტ სააკაშვილის, როგორც რეფორმატორისა და დემოკრატის რეპუტაცია. მაშინ პოლიციის რაზმებმა მთავრობის პოლიტიკის წინააღმდეგ გამართული დემონსტრაცია დაშალეს და დაარბიეს ოპოზიციური ტელევიზია. სააკაშვილმა საგანგებო ვითარება გამოაცხადა. ოპოზიციური დემონსტრაცია ძალადობრივად დაარბიეს ასევე 2011 წლის მაისშიც.

სააკაშვილით უკმაყოფილება

თუმცა შიდაპოლიტიკური ვითარება ისეთი დაძაბული, როგორც ახლაა, 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ არ ყოფილა. მაშინ პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე კვირების განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციების შემდეგ გადადგა. დღევანდელი ვითარება სააკაშვილით უკმაყოფილებისა და ცვლილებების იმედითაა გამოწვეული, ცვლილებებისა, რომლის განხორციელებაც მილიარდერ ივანიშვილს შეუძლია. მის საარჩევნო კამპანიაში გასულ კვირებში ათიათასობით ადამიანი მონაწილეობდა. სააკაშვილის რეფორმებმა ბევრი ადამიანი პროცესებს მიღმა დატოვა. ესენი არიან უმუშევრად დარჩენილი შევარდნაძის პერიოდის პოლიციელები და პროფესორები, რომლებიც ახლა ტაქსის მძღოლობით და ქუჩის ვაჭრობით ირჩენენ თავს; გლეხები, რომლებიც საკუთარი ბაღების და ყანების მოსავლით სულდგმულობენ. ივანიშვილი, რომელმაც 1990-იან წლებში რუსეთში დააგროვა ქონება, ხალხს სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამას, საყოველთაო სამედიცინო დაზღვევასა და გაზრდილ პენსიებს დაპირდა. ნეოლიბერალური ორიენტაციის მთავრობა მას არ ჩამორჩა და ხალხს ანალოგიურ ღონისძიებებს დაპირდა. ამ მხრივ პასუხისმგებელი ვანო მერაბიშვილია, რომელიც ახლახანს პრემიერმინისტრად დაინიშნა. შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი წარმატებულ მენეჯერად, თუმცა ძალიან საშიშ ფიგურადაც ითვლება. მისი სამინისტრო ქვეყანაში ყველაზე ძლევამოსილ ინსტიტუციად იყო მიჩნეული, რომელსაც უმნიშვნელოვანესი უშიშროების ორგანოები ექვემდებარებიან.

ორივე მხარე ერთმანეთს ჭეშმარიტ დემოკრატობასა და ხალხის ინტერესების დაცვაში ეჯიბრება. ფაქტობრივად კი ეს არის ბრძოლა, რომელშიც სახელმწიფო რესურსები მდიდარი ადამიანის ფინანსურ რესურსებს უპირისპირდება. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ივანიშვილმა 650 მილიონ ევროზე მეტი გაიღო საქართველოს აღმშენებლობისათვის. ოქტომბერში უთანხმოების შემდეგ, მან ღიად გაწყვიტა ურთიერთობა პრეზიდენტთან. ამის შემდეგ ივანიშვილი ბიზნეს გეგმის მქონე საქმიანი ადამიანის მიზანდასახულობით მიიწევს ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებისა და პრემიერმინისტრის პოსტისაკენ. “მე არ მომწონს პოლიტიკოსობა”, გულწრფელად აღიარებს იგი და იმავდროულად ცოტა დაღლილიც გამოიყურება. ეს როლი მის ხასიათს არ შეესაბამება, თუმცა მიაჩნია, რომ ეს ქვეყნის წინაშე მისი ვალია. ადამიანები საქართველოში იმსახურებენ მოქმედ დემოკრატიულ ინსტიტუტებს.

უფასო სატელიტური ანტენები

ივანიშვილის ერთ-ერთი პირველი მცდელობა სამთავრობო მედია-საშუალებების გვერდით საკუთარი მედია-საშუალებების შექმნა იყო. ამ სიაშია გაზეთი, ვიდეოპლატფორმა ინტერნეტში და ტელევიზია. მაგრამ იმის გამო, რომ ერთადერთი საკაბელო ოპერატორის გარდა ამ ტელევიზიის მაუწყებლობას არავინ გადასცემდა, ივნიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიამ უფასოდ, ან ძალიან მწირი გადასახადის სანაცვლოდ დაიწყო სატელიტური ანტენების დარიგება, რაც სახელმწიფო კონტროლის პალატამ ცოტა ხნის წინ შეცვლილი საარჩევნო კანონის დარღვევად მიიჩნია. მათ დააყადაღეს ათასობით სატელიტური ანტენა და ივანიშვილს ათობით მილიონი ფრანკის ჯარიმა დააკისრეს. უკვე პენსიონერმა ამერიკელმა დიპლომატმა, ჯონ კორნბლუმ, რომელიც ევროპაში ივანიშვილის კოალიციის წარმომადგენელია, განაჩენს არაპროპორციული უწოდა. შეიძლება დაისვას შეკითხვა იმის თაობაზე, თუ რამდენად კარგია ამომრჩევლებისთვის სატელიტური ანტენების უფასოდ დარიგება, მაგრამ საარჩევნო კანონის დარღვევის დროსაც უნდა მოქმედებდეს ფარდობითობის პრინციპი. რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო მძაფრდება განწყობაც. სულ უფრო ხშირად ჩივიან ივანიშვილის კოალიციის წევრები ან მხარდამჭერები და მათი ნათესავები, რომ სამსახური დაკარგეს. ეს ხშირად მასწავლებლებს ეხება. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია უარყოფს, რომ მასწავლებლები სკოლებიდან პოლიტიკური ნიშნით თავისუფლდებიან. გასული ორი წლის განმავლობაში სასკოლო რეფორმის გატარებისას 20 000 მასწავლებელი გაათავისუფლეს სამსახურიდან. თუმცა იგი არ გამორიცხავს, რომ სკოლის ხელმძღვანელობა საკუთარი კრიტერიუმებით იღებდეს გადაწყვეტილებას.

საარჩევნო კამპანიის დაწყების გამო ივნისის დასაწყისში სახელმწიფო დაწესებულებებში ოპტიმიზაციის პროცესი გადავადდა. რეგიონებში უფრო პატარა წინასაარჩევნო ღონისძიებებისას ძალადობასაც ჰქონდა ადგილი. თავად ივანიშვილი, 2008 წლის შემდეგ ოპოზიციაში გადასული ირაკლი ალასანია და ახალი პოლიტიკოსი და ყოფილი ფეხბურთელი კახი კალაძე პირადად არიან სიტყვიერი თავდასხმების მსხვერპლი. საქმე ხელჩართულ ბრძოლამდე და ქვების სროლამდეც მისულა. ოპოზიცია ამ თავდასხმებში უმეტესად სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებს ადანაშაულებს. ამავე დროს სამთავრობო პარტიებმა და ოპოზიციამ ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელშიც მხარს უჭერენ ძალადობისგან თავისუფალ საარჩევნო ბრძოლას.

კონფლიქტის შიში

არსებობს იმის შიში, რომ თუ შედეგები მთავრობის წარმოდგენების შესაბამისი არ იქნება, არჩევნებს ძალადობა მოჰყვება. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ალასანიამ სამეგრელოს რეგიონში სამოქალაქო ომის საფრთხეზეც გაამახვილა ყურადღება. მან მთავრობას ბრალი დასდო გასამხედროებული დაჯგუფებების წვრთნასა და მათ მობილიზებაში. თუმცა უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარე ბოკერიამ სახელებისა და შენობების სია უკან დაუბრუნა. მან მხოლოდ ის დაადასტურა, რომ მთავრობა რეზერვს ადგენს. ნებაყოფლობითი მსურველები გადიან წვრთნას და ამ დროს სროლაშიც ვარჯიშობენ. თუმცა იარაღი საცავში ინახება. ივანიშვილი კი თავის მხრივ მუდმივად იმეორებს, რომ მას მშვიდობიანი ცვლილება სურს. “ჩვენი მიზანია, რომ ჩვენმა მომხრეებმა პატივი სცენ კანონს”, ამბობს ის. ყოველ შემთხვევაში მას დიდი მოლოდინი აქვს: საპარლამენტო მანდატების ორი მესამედი კოალიციის პარტიებმა უნდა მოიპოვონ. ცხადია, რომ გამარჯვებისთვის ორივე მხარე ყველა შესაძლო საშუალებით იბრძოლებს. და აქ გამოჩნდება, რამდენად სერიოზულად იზიარებენ მხარეები დემოკრატიულ ღირებულებებს.
foreignpress.ge