აგვისტოს ომის შემდეგ ოთხი წელი გავიდა, მაგრამ ის ხუთი დღე ქართველ ხალხს მძიმე ჭრილობად დღესაც ატყვია და ალბათ, მოუშუშებელ იარადაც იქცა, რადგან რეალურად რისთვის დაიღვარა ამდენი სისხლი და რატომ შეგვემატა რამდენიმე ათეული ათასი დევნილი, დღესაც გაუგებარია.
413 დაღუპული, მათ შორის 166 - სამხედრო, 16 - პოლიციელი, 220 - სამოქალაქო პირი, 2 234 დაჭრილი და 26 000 დევნილი - ასეთია 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგები.
ახლა აღარ მოვყვებით იმაზე მსჯელობას, ვინ დაიწყო ომი, შეიძლებოდა თუ არა ომის თავიდან აცილება და ა.შ. ამაზე უკვე ძალიან ბევრი ითქვა და დაიწერა. უბრალოდ იქიდან გამომდინარე, რომ სულ რამდენიმე დღის წინ კახეთში მომხდარ სტიქიური უბედურება - ქარიშხალი და თავსხმა წვიმა საქართველოს ხელისუფლების მთავარ საზრუნავად იქცა და მათი განმარტებით მთელი ძალები სწორედ კახელი ხალხის დასახმარებლად არის გადასროლილი, შეგვიძლია თვალი გადავავლოთ, თუ ვინ სად იმყოფებოდა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, როდესაც ქვეყანას ყველაზე დიდი გასაჭირი ედგა. აქვე აღვნიშნავთ, რომ მას შემდეგ, რაც რამდენიმე თვის წინ თბილისში თავსხმა წვიმის შედეგად მოვარდნილ ღვარცოფს ხუთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მეორე დღეს ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მილანში „შოპინგზე“ დააფიქსირეს, რამაც ქართული საზოგადოების დიდი აღშფოთება გამოიწვია (რის შემდეგაც სხვათაშორის მან ჭკუა ისწავლა და ახლა სტიქიური უბედურების ზონებში პირველი ჩნდება), მაგრამ, ალბათ, ამაზე უარესებიც გვახსოვს.
მაშინ, როდესაც 2008 წლის აგვისტოში რუსის ჯარი პრაქტიკულად თბილისის მისადგომებთან იყო, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები თავიანთ ოჯახებთან ერთად ქვეყანას ტოვებდნენ და გავრცელებული ინფორმაციით, რისი გატანაც შეეძლოთ თან გაჰქონდათ. ასევე, ალბათ, ყველა ჩვენგანს კარგად ახსოვს, პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის მიერ ამ ფონზე გაკეთებული განცხადება, რომლითაც მან საქართველოს მოსახლეობას საკუთარი ძალებით თავის დაცვისკენ მოუწოდა. ამის შემდეგ მოსახლეობაში უკვე სერიოზული პანიკა შეიქმნა, რადგან ცხადი გახდა, რომ სახელმწიფოს საკუთარი მოქალაქეების დაცვის არანაირი რესურსი აღარ ჰქონდა და ბაქრაძის განცხადებამ საზოგადოებაში ამასთან დაკავშირებით არსებული ეჭვები გაამყარა.
სოციალურ ქსელში გავრცელდა საბაჟო დეპარტამენტის მონაცემები, რომლებიც 2008 წლის აგვისტოში საქართველოს ხელისუფლების წევრების მიერ ქვეყნის საზღვრის გადალახვის დინამიკას ასახავს, თუმცა სია არასრულია. იმ ადამიანებს შორის, ვინც მაშინ ქვეყანა დატოვა, საკმაოდ ცნობილი სახეებიც არიან. მაგალითად, ამ მონაცემების თანახმად, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიგი წერეთელმა ქვეყანა 7 აგვისტოს გამთენიისას დატოვა და 9 აგვისტოს დაბრუნდა. პარლამენტის წევრმა დავით ბეჟუაშვილმაც ქვეყნის საზღვარი 7 აგვისტოს დილით გადალახა და უკან 11 აგვისტოს დაბრუნდა. ხელისუფლებასთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა კობა ნაყოფიამ საქართველო ასევე შვიდ აგვისტოს დატოვა და ამ თვეში უკან არ დაბრუნებულა. 8-9 აგვისტოს ქვეყნიდან გავიდნენ გიგა ბოკერია (ამჟამინდელი უშიშროების საბჭოს მდივანი), ალექსანდრე ხეთაგური (ენერგეტიკის მინისტრი), ურუზმაგ ქარქუსოვი (სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის წარმომადგენელი), ბაკურ კვეზერელი (სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი), გიორგი მელაძე (საპარლამენტო უმრავლესობის წევრი). ეს ადამიანები აგვისტოში საქართველოში არ დაბრუნებულან. ასევე მოიქცნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე (რომელმაც 10 აგვისტოს ე.წ. „წითელი ხიდის“ საბაჟოს გავლით დატოვა საქართველო), ნიკა რურუა (რომელიც 10 აგვისტოს ასევე აზერბაიჯანში წავიდა და რომელიც იმ დროისთვის პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტს ხელმძღვანელობდა), კობა სუბელიანი (ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი, რომელიც 10 აგვისტოს გავიდა საქართველოდან), „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი გიორგი თარგამაძე (რომელმაც ასევე 10 აგვისტოს დატოვა ქვეყანა). კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი კი, რომელიც მაშინ პარლამენტის დეპუტატი იყო, 11 აგვისტოს ვალეს სასაზღვრო პუნქტის გავლით წავიდა თურქეთში. და ბოლოს, ჩამონათვალში არის ასევე პარლამენტის კიდევ რამდენიმე წევრი, მათ შორის ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ სამადაშვილი, რომელიც არაერთხელ მოქცეულა ქართული მედიის ყურადღების ცენტრში და რომელიც საქართველოდან 12 აგვისტოს სომხეთში წავიდა, თუმცა იმავე დღეს დაბრუნდა. ხოლო იმათ, ვისაც არც სომხეთში, არც აზერბაიჯანში და მით უმეტეს, არც თურქეთში წასვლის საშუალება არ ჰქონდა, დავით ბაქრაძემ დანებით და ჩანგლებით თავის დაცვა ურჩია. ასეთი იყო მაშინდელი რეალობა.
ხელისუფლების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ყველა კითხვას უკვე პასუხი გაეცა. ყოველ შემთხვევაში ასე განაცხადა for.ge-სთან საუბარში საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით დარჩიაშვილმა და იმაშიც დაგვადანაშაულა, რომ ამ თემაზე ოთხი წლის წინ დაწყებული სპეკულაციების გაგრძელება გვინდა. ხოლო როდესაც მას განვუმარტეთ, რომ სპეკულაციები არაფერ შუაშია და ჩვენ უბრალოდ ვსვამთ კითხვებს, რომლებიც საზოგადოებას აწუხებს, დარჩიაშვილმა სიტყვა „სპეკულაციის“ ლექსიკური განმარტება გაგვიკეთა. მისი თქმით, მაშინ საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია არა ფაქტმა, არამედ ამ ინსინუაციებმა და ჭორებმა, რომ ხელისუფლება მიდის ქვეყნიდან.
„აგრესია ხორციელდებოდა არა მხოლოდ ბრძოლის ველზე, არამედ საინფორმაციო სივრცეშიც, უამრავი ჭორი ვრცელდებოდა, რათა ქვეყანაში დემორალიზაციას ჰქონოდა ადგილი. რუსულ სპეც-სამსახურებს ეს ძალიან კარგად აქვთ დამხეცებული. პასუხი უკვე ყველაფერს გაეცა. საზღვრის გადაკვეთის უმეტესობა იყო შემოსვლა, რადგან ადამიანები შვებულებებში იყვნენ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ეს სამხედრო მოქმედებები საქართველოს მიერ მომზადებული კი არ იყო, როგორც ამას ქალბატონი მაია ფანჯიკიძე და სხვები ამბობენ ხოლმე, არამედ ცალსახა აგრესია იყო ქვეყნის წინააღმდეგ მაშინ, როდესაც ქართული თავდაცვის ძალების დიდი ნაწილი საბრძოლო მზადყოფნაში არც იყო“, - აცხადებს დავით დარჩიაშვილი.
მისი თქმით, ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენლის მიერ ქვეყნის დატოვება დაკავშირებული იყო დიპლომატიურ და ოპერატიულ საქმიანობასთან, რაც საქართველოს გადარჩენას სჭირდებოდა. აქვე დავით დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ ჩვენ მაინც ისე ვსვამთ კითხვას, თითქოს ხელისუფლების წარმომადგენლები ქვეყანას მასობრივად ტოვებდნენ. დეპუტატი ამბობს, რომ რა თქმა უნდა, ასეთ ვითარებაში ხელისუფლება ხალხის გვერდით უნდა იყოს. ჩვენს კითხვაზე, პარლამენტის რიგითი წევრები, მაგალითად მერაბ სამადაშვილი და სხვები, ვინც მაშინ საქართველო დატოვა, ისინიც დიპლომატიური ან ოპერატიული მისიით იყვნენ თუ არა საქართველოდან გასული, დავით დარჩიაშვილი პასუხობს, რომ ყველა ამ კითხვას პასუხი უკვე გაეცა, ამაზე პარლამენტში დროებითმა საგამოძიებო კომისიამაც იმუშავა, რომელშიც ოპოზიციაც იყო წარმოდგენილი და ამიტომ დარჩიაშვილმა მიიჩნია, რომ ჩვენ ამ თემაზე სპეკულაციების გაგრძელება გვსურს.
განსხვავებული მოსაზრება აქვს პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილს, რომელიც for.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ ხელისუფლება საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრას ცდილობს.
„არ მგონია, რომ დღევანდელ სიტუაციაში კომუნიკაციის ყველაზე კარგი საშუალება დედამიწაზე ურმით მოძრაობა იყოს, არსებობს ტელეფონი, ინტერნეტი და ბევრი სხვა საშუალება, რომელიც უფრო სწრაფი და ეფექტურია, ვიდრე ბორბლებიანი ტრანსპორტით გადაადგილება. ყველაფრის გამართლება შეიძლება, მაგრამ ჩვენი ნაციონალური ხელისუფლების თვალებში ნაცრის შეყრის პოლიტიკა უკვე ნიღაბახდილია. ამიტომ, მათ მიერ ჩადენილი მორიგი უმსგავსობა ვეღარ იქნება ღვთის ნებად წარმოჩენილი“, - აცხადებს პოლიტიკური ექსპერტი.
კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ აგვისტოს ომის დროს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ქვეყნის დატოვება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ისინი ამ ომისთვის მოუმზადებლები იყვნენ, რადგან ეგონათ, რომ რუსეთი მათ ცხინვალს დაუთმობდა.
„ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები მოუმზადებლები იყვნენ. ამიტომ პანიკაში და ისტერიკაში ჩავარდნენ და მოკურცხლეს, როგორც კი ამის საშუალება მიეცათ. 2007 წლის აპრილში ამერიკის ელჩი ჯონ ტეფტი სოხუმიდან თბილისში ჩამოვიდა და მერაბიშვილს ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაცია „ვიკილიქსმა“ გამოაქვეყნა. ამ მასალების თანახმად, ტეფტი მერაბიშვილს ეუბნება, რომ ვინაიდან ომია მოსალოდნელი და აფხაზ ხალხს ომი არ სურს, ბაღაფში მოლაპარაკებების საწარმოებლად მზად არის. მერაბიშვილი კი მას ძალიან უტიფრად პასუხობს, რომ მისი ინფორმაციით, რომელიც მან გენერალ კომოგოროვის კაბინეტიდან მოიპოვა (კომოგოროვი იმ დროს „ფეესბეს“ ხელმძღვანელ პატრუშევის მოადგილე და მას აქებს კიდეც მერაბიშვილი, რომლის თქმითაც კომოგოროვი რუსეთში ერთ-ერთი ჭკვიანი ადამიანია), რუსეთს ცხინვალი არ აინტერესებს და ამდენად, ომი არ იქნება“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.
მისი თქმით, ამ საუბრიდან ნათლად ჩანს ამ ყველაფერში ამერიკის და რუსეთის როლი, კერძოდ, ამერიკა ცდილობდა ამ ომის თავიდან აცილებას, რუსეთი კი საქართველოს „ხერხემალ“ ვანო მერაბიშვილზე მუშაობით სააკაშვილს ამ ომში იტყუებდა და მიიღო ის, რაც სურდა.
„ქართული ოცნების“ წევრი გია ცაგარეიშვილი ამ თემაზე საუბრისას იხსენებს აგვისტოს ომის შემდეგ დეზერტირობის გამო სამხედროების გასამართლებას, როდესაც რეზერვისტებსა და საკონტრაქტო სამსახურში მყოფ სამხედროებს დასდევდნენ და დეზერტირობისთვის იჭერდნენ, რადგან მათ პოზიციები დატოვეს, იარაღი დაკარგეს და ა.შ. ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს მთავარი დეზერტირი იყო მიხეილ სააკაშვილი.
„სააკაშვილმა ყველას მისცა მაგალითი გაქცევისა, პოზიციების მიტოვებისა და იმ დღეებში ქართული ჯარი უყოჩო ფარას ჰგავდა, რომელსაც მიატოვებენ და აღარც კი კითხულობენ, რის გამოც შეიძლება უფსკრულში გადაიჩეხოს. იმ დღეებში პარლამენტში უამრავი ადამიანი მაკითხავდა, იმ ჯარისკაცების მშობლები და მეუღლეები და შველას ითხოვდნენ. სამწუხაროდ, დეზერტირობის მუხლით გასამართლებული ასობით ადამიანი გვყავდა. ეს იყვნენ ადამიანები, რომლებიც ყოველგვარი კავშირგაბმულობის, ამუნიციის გარეშე, საკვების და საერთოდ ყველაფრის გარეშე მიატოვეს. მთავარსარდალიც და ის მაღალჩინოსნებიც, რომლებსაც რეგიონიდან მოსახლეობის გამოყვანა ევალათ, იქაურობას გაერიდნენ. ამიტომ მიმაჩნია, რომ მთავარი დეზერტირი არის მიხეილ სააკაშვილი და მან ყველა უბედურებისთვის, რაც ჩაიდინა, მათ შორის ცხინვალის ტრაგედიისთვის, პასუხი უნდა აგოს“, - ამბობს გია ცაგარეიშვილი.
რაც შეეხება ხელისუფლების წევრების მიერ ქვეყნის დატოვებას, დეპუტატი ამბობს, რომ სასაცილოა ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადება, თითქოს მაგალითად, მერაბ სამადაშვილმა, რომელიც არჩევნების შემდეგ თავის უბანში ერთხელაც არ მისულა და ახლაც ამბიცია აქვს, რომ იმავე რაიონში (ნაძალადევში) უკვე მეოთხედ იყაროს კენჭი, თითქოს აგვისტოს ომის დროს მან რაიმე დიპლომატიური ან ოპერატიული მისიით დატოვა საქართველო. აქვე გია ცაგარეიშვილი ამბობს, რომ გაქცეული ხელისუფლების სახე არის მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც გორში ყოფნისას მისი თანმხლები საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბერნარ კუშნერიც კი დაავიწყდა.
„მიხეილ სააკაშვილი არის ლაჩარი მხედართმთავრის სიმბოლო, რომელმაც ალმოდებულ ცხინვალში უამრავი სახმედრო შეიყვანა და მიატოვა, რომელმაც არ უზრუნველყო მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია, რომელმაც აბსოლუტურად უთავბოლოდ ათასობით რეზერვისტი შეიყვანა და დაყარა გორის ქუჩებში. მე ჩემი თვალით ვნახე ბოდიშს ვიხდი და ჰიგიენური პაკეტების რეკლამით აჭრელებული ყვითელი ავტობუსებით გორის ცენტრში შეყვანილი ათასობით რეზერვისტი, რომლებიც ძალიან კარგ სამიზნეს წარმოადგენდნენ ჩვენი მტრისათვის და რომ არა დეზორგანიზებული და თვითონაც ერთ დიდ ყაჩაღთა ბანდას დამსგავსებული რუსეთის არმია, ნებისმიერი კარგად ორგანიზებული სხვა სამხედრო ძალა ამ ბრწყინვალე შესაძლებლობას კარგად გამოიყენებდა და გორში უდიდესი ტრაგედია დატრიალდებოდა“, - აღნიშნავს გია ცაგარეიშვილი.
მისი თქმით, სააკაშვილმა ამ ყველაფერზე პასუხი უნდა აგოს. ცაგარეიშვილი ვაი-ოპოზიციონერებს უწოდებს პაატა დავითაიას ხელმძღვანელობით შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიას, რომელმაც ცაგარეიშვილის თქმით, „შავი ყორანი სააკაშვილი ვითომდა გაათეთრა“, მაგრამ მას ეს მაინც არ უშველის, რადგან 2008 წლის აგვისტოში უმძიმესი სამხედრო დანაშაულები იყო ჩადენილი, მიტოვებული იყო ჩვენი გმირი ჯარისკაცები და საბრძოლო პოზიციები, ადგილი ჰქონდა ღალატს და ა.შ.
„მიტოვებული იყო სამოქალაქო შტაბიც, რომელსაც გიგი უგულავა და გოკა გაბაშვილი ხელმძღვანელობდნენ და მიმაჩნია, რომ კიდევ კარგად გადავრჩით, რომ მსხვერპლი მეტი არ იყო იმ პირობებში, როდესაც ამ შტაბს ასეთი ადამიანები ხელმძღვანელობდნენ. ამის შემდეგ კი, 12 აგვისტოს მიხეილ სააკაშვილმა დიდი ზარზემითი ამცნო საზოგადოებას, რომ თურმე ომი მოიგო და ეს ხდებოდა იმ ფონზე, როდესაც მთელი შიდა ქართლი სისხლისგან იცლებოდა, რუსები კი იგოეთამდე იყვნენ მოსულები“, - ამბობს ცაგარეიშვილი.