"საქართველოში პურს პოლიტიკური ფასი აქვს"

"თუ ფქვილის ფასი კიდევ მოიმატებს, იძულებული გავხდებით, პური გავაძვიროთ"

მსოფლიო ბირჟებზე ხორბალი მნიშვნელოვნად გაძვირდა და მისი ფასი ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა - 1 ტონა 340 დოლარი გახდა. ეს შარშანდელთან შედარებით 40-50 დოლარით მეტია. ანალიტიკოსები ხორბლის ფასის ზრდას მწარმოებელ ქვეყნებში ცუდ კლიმატურ პირობებსა და დაბალმოსავლიანობას უკავშირებენ და იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო ძირითადად იმპორტირებულ ხორბალს მოიხმარს, არ გამორიცხავენ, რომ ნედლეულის გაძვირება მალე პურის ფასზეც აისახოს.

საქართველოში ჯერ გაძვირებული ხორბალი არ შემოსულა, მაგრამ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ფქვილის გაძვირების ტენდენცია შეინიშნება. 50 კგ მოცულობის ტომარა პირველი ხარისხის ფქვილი 38-40 ლარი ღირს და საშუალოდ 5-8 ლარით არის გაძვირებული. ამას პურის ფასზე ჯერჯერობით გავლენა არ მოუხდენია, მაგრამ პურის მწარმოებლები არ გამორიცხავენ პურის ფასების ზრდას იმ შემთხვევაში, თუ ფქვილის ფასი კიდევ გაიზრდება.

მალხაზ დოლიძე, #4 პურის ქარხნის ხელმძღვანელი: "ფქვილი კი გაძვირდა, მაგრამ პურის ძველი ფასის შენარჩუნებას ვახერხებთ მოგების შემცირების ხარჯზე... მაგრამ თუ ფქვილის ფასი კიდევ მოიმატებს, იძულებული გავხდებით, პურის ფასი გავზარდოთ. მაგალითად, თუ ტომარა ფქვილის ფასი გასცდება 40 ლარს, მაშინ პურის მწარმოებლები ფასებს 5 თეთრით მაინც გაზრდიან".

საქართველოში პურს სხვადასხვა ფასი აქვს და ის წონის, ხარისხისა და შემადგენლობის მიხედვით იცვლება. საცალო ქსელში ყველაზე იაფი პური 40 თეთრი ღირს, მაგრამ მისი წონა 300 გრამს მცირედით თუ აჭარბებს. 500-გრამიანი სტანდარტული პურის ფასი 0,90-1,40 ლარის ფარგლებში მერყეობს. დაბალი ხარისხის პურში მეტია საფუვრისა და წყლის შემცველობა. ასეთი პროდუქტი ძირითადად მოსახლეობის დაბალშემოსავლიან სეგმენტზეა გათვლილი - ვიზუალურად პურს ჰგავს, მაგრამ არც წონა აქვს და არც კვებითი ღირებულება, სამაგიეროდ, იაფია. სხვათა შორის, პურის ფასების შესანარჩუნებლად მწარმოებლები ხშირად მიმართავენ ამგვარ ტექნოლოგიურ ხრიკებს - პურში ფქვილის მოცულობას ამცირებენ სხვა ინგრედიენტების ზრდის ხარჯზე და წონასაც აკლებენ, მოტყუებული კი ისევ მომხმარებელი რჩება.

ირაკლი ლექვინაძე, ეკონომიკური საკითხების ექსპერტი: "არავის აძლევს ხელს დღეს პურისა და ფქვილის ფასების ზრდა, რადგან ეს პირდაპირ უკავშირდება პოლიტიკურ საკითხებს. პურს დიდი წილი უჭირავს კვების რაციონში, განსაკუთრებით დაბალშემოსავლიან ქვეყანაში, ამიტომ მისი მცირედით გაძვირებაც კი მოსახლეობის უკმაყოფილებას ზრდის. ბუნებრივია, რომ ამას ქვეყნის მთავრობაც დიდ ყურადღებას აქცევს და ამიტომ პურის გაძვირებას არაფრით დაუშვებს, მით უფრო წინასაარჩევნო პერიოდში. პურის ქარხნებიც ფრთხილობენ, რომ ფასის ზრდით მთავრობა არ გააღიზიანონ და პურის დაბალ ფასს ყველა შესაძლო საშუალებით იჭერენ. ამიტომ ფქვილის გაძვირებისას მწარმოებლები პურის წარმოების ისეთ ტექნოლოგიებს მიმართავენ, რომლითაც ფასი არ გაიზრდება, მაგრამ ხარისხისა და წონის შემცირებით მოხდება ხარჯების კომპენსირება. პურის ხარისხისა და წონის შემოწმებას კი მომხმარებელი მაღაზიაში ნამდვილად არ დაიწყებს. პურის შემადგენლობის შემოწმებას სპეციალური კვლევა სჭირდება, რომლითაც შესაბამისი ორგანიზაციები უნდა დაინტერესდნენ".

თუმცა, ასეთი დაინტერესებითაც კი არა მგონია, მომხმარებელთა უფლებების დამცველმა ორგანიზაციებმა რამე გააწყონ, რადგან ქვეყანაში ჯერ კიდევ არ არსებობს პურის წარმოების ერთიანი სტანდარტი! ნებისმიერ პურის ქარხანას, საცხობს შეუძლია თავისი სტანდარტი შექმნას, რაც უნდა, ის გამოაცხოს და პური დაარქვას.

ლევან სილაგავა, საქართველოს მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელი: - "დაახლოებით სამი წელია პურის წარმოების სტანდარტზე მსჯელობენ. თუკი ასეთი სტანდარტი დადგინდება, მოხერხდება შედარება - რამდენად შეესაბამება ესა თუ ის პროდუქტი დადგენილ ნორმებს. ჯერჯერობით ამის გაკეთება შეუძლებელია.
დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ჩვენთან ფქვილის ფასი სტაბილური იქნება. 1 ტომრის ღირებულებამ - 40-მა ლარმა პურის ფასი არ უნდა გაზარდოს.

10 აგვისტოს ველოდებით ამერიკის სოფლის მეურნეობის ანგარიშს მსოფლიოში მარცვლეულის არსებული მარაგების შესახებ. ანალიტიკოსების პროგნოზებით, რუსეთში, უკრაინასა და ყაზახეთში, გვალვებისა და წყალდიდობების გათვალისწინებით, მარცვლეულის მოსავალი მნიშვნელოვნად შემცირდება. საფრანგეთი ემზადება დიდი ოცეულის ქვეყნების საგანგებო სხდომის მოსაწვევად, რათა მარცვლეულის ძირითადმა ექსპორტიორმა ქვეყნებმა არ დააწესონ შეზღუდვები ექსპორტზე. ფიქრობენ, რომ ეს უმთავრესად რუსეთისკენ მიმართული ღონისძიებაა, რათა მას გარკვეული ვალდებულებები დააკისრონ.

შარშან მარცვლეულის კარგი მოსავალი იყო, ამიტომ რუსეთმა დაიბრუნა 2010 წელს დაკარგული პოზიცია და საექსპორტოდ 27 მილიონი ტონა ხორბალი გაიტანა და თან ყაზახეთს ფაქტობრივად ჩაუკეტა ნოვოროსიისკის პორტი. ამ უკანასკნელს ხორბალი გასაყიდი რჩებოდა, რომ არა მარკეტინგული სვლა - ყაზახებმა დააწესეს დემპინგური ფასი საექსპორტო ხორბლის ტრანსპორტირებაზე - იმ კომპანიებს, რომლებსაც საექსპორტოდ გაჰქონდათ ხორბალი, ტონაზე 40 დოლარს უკლებდნენ. მათ შორის საქართველოსაც ამ ფასად აძლევდნენ. თუმცა 1-ლი აგვისტოდან ეს ფასდაკლება მოხსნეს და ყაზახური ხორბლის ფასი მსოფლიო ფასებს გაუთანაბრდა. თუ აქამდე ტონა ხორბალი 290 დოლარად შემოგვქონდა, ახლა ფოთში 350 დოლარი ღირს. დიდ წისქვილკომბინატებს კიდევ აქვთ დაახლოებით ერთი თვის საკმარისი იაფი ხორბლის მარაგი. სექტემბრიდან კი ვნახოთ, რა იქნება.
როგორ აისახება ხორბლის გაძვირება პურპროდუქტებზე, ამაზე პასუხი ჩემგან ალბათ არაკორექტული იქნება. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ ბევრ ქვეყანაში არსებობს სახელმწიფო აგრარული ფონდები, რომლებიც ყიდულობენ ხორბალს და ექსტრემალურ ვითარებაში წისქვილკომბინატებს ძალიან დაბალ ფასად აწვდიან, რათა მათ ასევე დაბალ ფასად მიაწოდონ პურის ქარხნებს ე.წ. სოციალური პურის გამოსაცხობად".

რამდენიმე დღის წინ პარლამენტარმა ჯონდი ბაღათურიამაც აღნიშნა, რომ ბაზარზე ერთი ტომარა ფქვილი 5 ლარით გაძვირდა. თუმცა მან გაძვირების სხვა მიზეზები დაასახელა. მისი თქმით, სავაჭრო ცენტრ "დიდუბე პლაზას" მიმდებარე ტერიტორიაზე მთავრობის წარმომადგენლებმა სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვის ფქვილი და საშენი მასალები მოვაჭრეებისგან ისე წაიღეს, ფული არ გადაუხადეს, მოვაჭრეებიც იძულებულები გახდნენ, ერთ ტომარაზე ფასი სულ მცირე, 5 ლარით გაეზარდათ მთავრობის მიერ მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად. ასე რომ, მისი განმარტებით, საქართველოში პურს პოლიტიკური ფასი აქვს!