საფრანგეთში პროტესტი არ ჭრის, საქართველოში პროტესტის ეშინიათ

საფრანგეთში პროტესტი არ ჭრის, საქართველოში პროტესტის ეშინიათ

ფრანგების პროტესტმა არ გაჭრა და პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ საპენსიო ასაკის ზრდას ხელი მაინც მოაწერა. საქართველოში ერთხელ უკვე გაზრდილი საპნსიო ასაკის ზღვარის კიდევ უფრო გაზრდის სურვილი რამდენჯერმე დაფიქსირდა, თუმცა მთავრობა ჯერჯერობით, ამის გაკეთებას ვერ ბედავს, ვინაიდან ექსპერტების გათვლებით საქართველოში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 67 წელია.

 

საქართველოში სიბერე, რომ გაახალგაზრდავდა ეს საერთაშორისო ორგანიზაციებმაც აღნიშნეს. შესაბამისად, თუ მთავრობა საპენსიო ასაკს კიდევ ერთხელ გაზრდის, ეს ნიშნავს რომ პენსიონერების რაოდენობას მნიშვნელოვნად შეამცირებს. თუმცა, ასეთი გამოთქმაც არსებობს - არ იქნებიან ადამიანები, არ იქნება პრობლემები.

 

ამიტომაც, საზოგადოების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ მთავრობამ ამ გადაწყვეტილების მიღება იმიტომ კი არ გადაიფიქრა, რომ საქართველოში ადამიანები საშუალოდ 67 წლამდე ცოცხლობენ, არამედ იმიტომ, რომ ხელისუფლებას ისედაც დამძიმებულ სოციალური ფონის დამძიმებით კიდევ ერთი 7 ნოემბრის შეეშინდა.

 

საპენსიო ასაკის ზრდასთან დაკავშირებით ინიციატივამ საქართველოში შარშან გაიჟღერა. ქართველი ექსპერტების დასკვნებით, საქართველოში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობად 67 წელი ითვლება, შესაბამისად, ეს მონაცემები ხელისუფლებას ასაკის ზრდის შესაძლებლობას არ აძლევს. თავის დროზე კი, როდესაც საპენსიო ასაკის ზედა ზღვარი 65 წლამდე გაიზარდა მთავრობამ პენსიონერების რიცხვი 210 ათასით შეამცირა.

 

სააგენტო S&P-ს პროგნოზის თანახმად, 2050 წელს მსოფლიოში 65 წლისა და ამ ასაკს გადაცილებული ადამიანების რაოდენობა ახლანდელი 7,6-დან 16,2 %-მდე გაიზრდება და თუ მთავრობები არ შეცვლიან მიმდინარე საპენსიო და სოციალურ პროგრამებს, მოსახლეობის დაბერებასთან დაკავშირებული ხარჯები სახელმწიფო ვალს გაზრდის და ეს მაჩვენებელი გლობალური მასშტაბით ახლანდელი 36-დან მშპ-ის 260%-ს მიაღწევს. S&P -ის ანალიტიკოსების აზრით, ყველაზე მეტად საპენსიო ხარჯების შემცირება ლუქსემბურგს, რუსეთს, იაპონიასა და უკრაინას მოუწევს.

 

შესაბამისად, განვითარებულმა ევროპულმა ქვეყნებმა, რომლებიც მოსახლეობის დაბერებით არიან შეშფოთებულნი, ამ ინიციატივას მხარი მაშინვე აუბეს. ზოგიერთმა ევროპულმა ქვეყანამ საპენსიო რეფორმების განხორციელება დაიწყო, რომლის ფარგლებშიც პენსიაზე გასვლის ასაკს ზრდიან.

 

რაც შეეხება საქართველოს, დღეს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, პენსიის დანიშვნის ასაკად მამაკაცებისთვის 65, ქალებისთვის კი 60 წელი ითვლება. შარშან, მთავრობაში შევიდა ინიციატივა, რომლის თანახმადაც, 2010 წლის იანვრიდან პენსიები მამაკაცებსაც და ქალებსაც 67 წლის ასაკიდან დაენიშნებოდათ, თუმცა არჩევნების წინ ამ ინიციატივის რეალიზება პოლიტიკურად წამგებიანად ჩაითვალა. გარდა ამისა, საქართველოში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობად 67 წელი ითვლება, თუკი მთავრობა ამგვარ გადაწყვეტილებას მიიღებდა, გამოდიოდა, რომ საპენსიო დანაზოგს ორმაგად გააკეთებდა.

 

საპენსიო ასაკი 1998 წელს გაიზარდა. ამ გადაწყვეტილებით პენსიონერების რიცხვი 210 ათასით შემცირდა. ამჟამად, საქართველოში 840 ათასი პენსიონერია.

„მაშინ მთავრობას საპენსიო ასაკი რომ არ გაეზარდა, ბიუჯეტი ამ დაწოლას ვერ გაუძლებდა. ბიუჯეტიდან ხელფასს იღებს 600-630 ათასი ადამიანი. თანაფარდობა რომ ოპტიმალური იყოს 100 პენსიონერზე 320 დაქირავებით დასაქმებული უნდა მოდიოდეს.

 

ჩვენთან პენსიები იმიტომ კი არ არის დაბალი, რომ ბევრი პენსიონერია, პირიქით, დაქირავებით დასაქმებული არის მცირე. რაც შეეხება საპენსიო ასაკის კიდევ გაზრდას, ეს არ უნდა მოხდეს, ვინაიდან საქართველოში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა არის 67 წელი, ამ გადაწყვეტილებით კი გამოვა, რომ პენსიაზე გასულ ადამიანთა ნაწილს მისი მიღების საშუალებას არ მივცემთ. ამ საკითხის გადაწყვეტა სოციალურ და დემოგრაფიულ პრობლემებთან არის დაკავშირებული“, - ამბობს ექსპერტი სოსო არჩვაძე.

 

მართალია საქართველოში საპენსიო ასაკის გაზრდა აღარ იგეგმება, მაგრამ მთავრობის დაპირების მიუხედავად, არც კერძო საპენსიო სისტემაზე მუშაობა დაიწყო და არც პენსიების გაზრდაზე.