ხორცის ბაზარი მონოპოლისტების ხელშეწყობით თანდათან ნადგურდება

ხორცის ბაზარი მონოპოლისტების ხელშეწყობით თანდათან ნადგურდება

ხორცპროდუქტების ბაზარზე სრული ოლიგოპოლიაა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ბაზარი სპეციალურად გამოიკვლია და აქამდე ნაცნობი თუ უცნობი დეტალები აღმოაჩინა. საქართველოში მოქმედი კომპანიები ერთმანეთში შეთანხმებულად მოქმედებენ, რომელიც იდენტურ ფასებს და ბაზრის დანაწილების შესაძლელობას ქმნის.

2011 წლიდან სარეალიზაციოდ განკუთვნილი ცხოველისა და ფრინველის სახორცედ დაკვლა მხოლოდ სპეციალურ სასაკლაოზე ხდება. სასაკლაოების ნაწილმა, რომლებიც ბაზარს მანამდე ხორცპროდუქტებით უზრუნველყოფდნენ, საქმიანობა შეაჩერეს. სამაგიეროდ, ბაზარზე ჩამოყალიბდა ორი დიდი სასაკლაო - შპს „იბერ მით ჯორჯია“ და შპს „აგროლაინ ლიმიტედი“, რომელთა შორის კარტელური გარიგებების ნიშნები შეიმჩნევა.

„2005 წელს საქართველოში კონკურენციის მარეგულირებელი კანონმდებლობა გაუქმდა, შესაბამისად, კონკურენციის წესებისა და პრინციპების დაცვაზე ქმედითი ზედამხედველობა აღარ ხორციელდებოდა, რამაც ბაზარზე უკვე დამკვიდრებული სუბიექტების ანტიკონკურენტული ქმედებების და საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების რისკები შექმნა.

ამდენად, შეიძლება არსებობდეს როგორც რძის პროდუქტების, ისე ხორცპროდუქტების ბაზარზე მოქმედ კომპანიებს შორის შეთანხმებული მოქმედება, რომელიც ფასების პარალელიზმით და ბაზრის დაყოფის შესაძლებლობით გამოიხატება.  აღნიშნულის არსებობისთვის ხელსაყრელია ასევე დღეისათვის ამ ბაზრებზე ჩამოყალიბებული ოლიგოპოლიური სტრუქტურა“, - ამბობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ პროექტის მენეჯერი ერეკლე ურუშაძე.

კვლევაში აღნიშნულია, რომ საქართველოში რძის პროდუქტებისა და ხორცპროდუქტებით თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი დაბალია და დანაკლისი იმპორტით ივსება. მაგალითად, რძის პროდუქტებით თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი 2006 წლის შემდეგ მზარდი დინამიკით გამოირჩევა. მაგალითად, თუ ეს მაჩვენებელი 2006 წელს 82%-ს შეადგენდა, 2010 წლისთვის მან 93%-ს მიაღწია. მიუხედავად ამისა, საქართველოში რძის პროდუქტების წარმოებისათვის საჭირო ნატურალური რძის ოდენობა ვერ აკმაყოფილებს ქართულ ბაზარზე არსებულ მოთხოვნას. დანაკლისი კი რძის ფხვნილით და მცენარეული ცხიმით ივსება. ასევე, ბაზარზე ვხვდებით იმპორტირებულ რძის პროდუქტებსაც.

რაც შეეხება, ხორცით თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტს, ის ბოლო წლების განმავლობაში მცირდება. მაგალითად, ხორცის შემთხვევაში თუ ეს კოეფიციენტი 2006 წელს 73%-ს შეადგენდა, 2010 წლისთვის 48%-მდე შემცირდა. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცი 2006 წელს 81%-ით აკმაყოფილებდა ქართულ ბაზარს, 2010 წლისთვის კი ეს მაჩვენებელი 77%-მდე შემცირდა. ადგილობრივ ღორის ხორცს თუ 2006 წელს ბაზარზე 79% ეკავა, 2010 წლისთვის ის 49%-მდე დავიდა. რაც შეეხება ფრინველის ხორცს, 2006 წელს თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი 43%-ით განისაზღვრებოდა, 2010 წელს კი - 22%-ით. ამ შემთხვევაშიც, საქართველოში წარმოებული ხორცპროდუქტების ოდენობა ვერ აკმაყოფილებს ქართულ ბაზარზე არსებულ მოთხოვნას და დანაკლისი იმპორტით ივსება.

კვლევაში ასევე საუბარია რძის პროდუქტებისა და ხორცპროდუქტების ხარისხზეც. მაგალითად, რძის პროდუქტების ბაზარზე არსებულ პრობლემებს შორის პროდუქციის ფალსიფიკაცია და ეტიკეტირების წესების დარღვევა, ხოლო ხორცპროდუქტების ბაზარზე კი ძირითადად პროდუქციის უვნებლობის პრობლემა გამოიყოფა.

„ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ სადისტრიბუციო ქსელში არსებული ხორცპროდუქტები მავნე ბაქტერიებით იყო დაბინძურებული და ირღვეოდა პროდუქციის უვნებლობის მოთხოვნები“, - ამბობს ნათია კუტივაძე.

2006 წელს სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი შეჩერდა. აღარ არსებობდა სტაბილური სახელმწიფო ზედამხედველობა სურსათის უვნებლობაზე, რასაც უშედეგოდ არ ჩაუვლია. ნათია კუტივაძის თქმით, დაავადებების სტატისტიკა, რომელთა გადაცემის მექანიზმში შესაძლებელია სურსათი და სასმელი წყალი იყოს ჩართული, არასახარბიელო ტენდენციებით გამოირჩევა.

მაგალითად, ბაქტერიული საკვებისმიერი მოშხამვებით თუ 2000 წელს 280 ადამიანი დაავადდა, 2011 წლამდე მისი რაოდენობა 2603-მდე გაიზარდა. ინფექციური წარმოშობის დიარეა 2000 წელს 6075 ადამიანში დაფიქსირდა, 2011 წელს კი ამ ციფრმა 19 576 მიაღწია.