ბათუმის მერის დეიდა მილიონიან ბიზნესში

ბათუმის მერის დეიდა მილიონიან ბიზნესში

 

ბათუმის მერიის წინ შვიდსართულიან "ელიტარულ სახლს" ის კომპანია აშენებს, რომლის დირექტორიც ბათუმის მერის დეიდაა. ტერიტორია, სადაც კორპუსი შენდება, "ბათმშენ-2007"-ს ფინანსთა სამინისტრომ კანონით დადგენილ ნორმაზე იაფად მიყიდა. ახალაშენებულ კორპუსში ბინების გაყიდვის შედეგად კი, აღნიშული კომპანია 9 მილიონი ლარის შემოსავალს ელოდება.

ბათუმის მერის დეიდა, ანუ მშენებელი ნუნუ ბერიძე

კომპანია, რომლის დირექტორიც ნუნუ ბერიძეა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ხელშეწყობით, ამ სამინისტროს პირობების შესრულების შემთხვევაში, 9 მილიონ დოლარზე მეტ შემოსავალს მიიღებს. ნუნუ ბერიძე, ბათუმის მერის ერთ-ერთი დეიდა, კომპანია "ბათმშენ-2007"-ის ერთ-ერთ დირექტორად 2008 წელს დაინიშნა. პროფესიით ეკონომისტ ნუნუ ბერიძეს მანამდე ბიზნესი არ ჰქონია.

ნუნუ ბერიძე კომპანიაში მის საქმიანობას არ უკავშირებს აჭარის ფინანსთა სამინისტროს მიერ ჩატარებულ აუქციონს. ამ აუქციონზე სამინისტრომ "ბათმშენ-2007"-ს ქალაქის ცენტრში მინიმალურ ფასად მიჰყიდა 1500 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი.

ნუნუ ბერიძე: "ჩაწერეთ, რომ კიდევ "ციტადელში" ვმუშაობ და ენერგოპროშიც. სხვათაშორის, სადაც "ბათმშენი" აშენებს, კომპანია "არსსაც" უნდოდა შემოსვლა, მაგრამ მობინადრეებს ვერ შეუთანხმდა. ხალხი ირემაძემ დაითანხმა, ისედაც ეგ მაქვე ცხოვრობდა - 350 კვადრატული მეტრი ჰქონდა საკუთრებაში. ახლა 15 ოჯახს აკმაყოფილებს ბინებით... მე ფინანსური მენეჯერი ვარ. 32 წელია მაგ საქმეს ვაკეთებ".

2004 წელს დაფუძნებულ კომპანიაში ნუნუ ბერიძის გადირექტორების მოტივებზე საუბარი "ბათუმელებმა" "ბათმშენი-2007"-ის დამფუძნებელთან, გოჩა ირემაძესთან სცადა. მშენებელისთვის თავის დირექტორზე საუბარი ტაბუირებული თემაა. გოჩა ირემაძემ "ბათუმელებთან" მხოლოდ ის თქვა, რომ მას არ სჭირდება "ბაზრობის მეკაჭკეები" - "მჭირდება ინჟინრები, არქიტექტორები".

კითხვაზე - ნუნუ ბერიძე რაში დაგჭირდათ, გოჩა ირემაძე ამბობს, რომ "ის, სხვათაშორის, კარგი ეკონომისტია".


ბიზნესმენის თქმით, ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ პირობიან აუქციონში მონაწილეობის პირველ ეტაპზე ის ორი გამოწვევის წინაშე იდგა: "მე რა ხელშეკრულებასაც მოვაწერე ხელი, იმას არავინ მოაწერდა, - სახელმწიფომ მხოლოდ იმ პირობით მომყიდა ტერიტორია, თუ გვერდით მცხოვრები 15 ოჯახის საცხოვრებელ პირობებს გავაუმჯობესებდი. დიახ, მთავრობა ზრუნავს იმაზე, რომ ადამიანებმა კარგად იცხოვრონ. ამ ოჯახებისთვის მთლიანობაში 2000 კვადრატული მეტრი მაქვს გამოყოფილი".

მეზობლების სახით არსებული გამოწვევა უკვე დაძლეულია, გოჩა ირემაძეს ამხანაგობის ყველა წევრის თანხმობის წერილი ხელთ აქვს. ახლა ის სხვა გამოწვევის წინაშე დგას: "ვადები მაქვს განსაზღვრული და თუ არ დავამთავრე მშენებლობა, შეიძლება წამართვან და სხვას მისცენ სახლი პირობის შეუსრულებლობისთვის".


პირველი აუქციონი - 700 ათასი დოლარი, მეორე აუქციონი - 490 ათასი ლარი

აჭარის ფინანსთა სამინისტროში არ აკონკრეტებენ ციფრს, თუ რა ფასად გაიყიდა ბათუმში, გორგილაძის ქუჩის #9-11-ში მდებარე სახელმწიფო ქონება. მინისტრის მოადგილე სულხან ჯორთმენაძე ამბობს, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში მოგვაწვდიან ინფორმაციას, თუ წერილობით მივმართავთ. "ბათუმელების" მიერ სხვა საშუალებით მოპოვებული ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით კი, სამინისტრომ ბათუმის ცენტრში 1500 კვადრატული მეტრი ქონება, დადგენილ ნორმატიულ ფასზე ნაკლებადაც კი გაყიდა.

მინისტრ ვაჟა ბოლქვაძის ხელმოწერილი ბრძანება, რომელზე დაყრდნობითაც ნორმატიულ ფასთან დაკავშირებული დარღვევები დასტურდება, მრავალმხრივ არის საინტერესო. მაგალითად, ვაჟა ბოლქვაძის ხელმოწერილ ბრძანებაში დაზუსტებული არ არის, თუ რა ფართობს ყიდის სამინისტრო. ვაჟა ბოლქვაძის ბრძანებაში წერია, რომ გორგილაძის (ყოფილი ერას) ქუჩაზე, #9- 11-ში იყიდება 463,63 კვადრატული მეტრი არასაცხოვრებელი ფართობი მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთით. ანუ სამინისტრო არ აკონკრეტებს რამდენია "დამაგრებული მიწის ფართობი". 

"ბათუმელების" ხელთ არსებული დოკუმენტებით კი ირკვევა, რომ "დამაგრებული მიწის ფართობი" გაცილებით დიდი - 1109 კვადრატული მეტრია.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ განმეორებით აუქციონზე გასაყიდად ქონება ბათუმის ცენტრში 2011 წელს გაიტანა. ვაჟა ბოლქვაძის ბრძანებით, აუქციონის საწყის ფასად განისაზღვრა 464 ათასი ლარი, ანუ ბათუმის ცენტრში ერთი კვადრატული მეტრი მიწის გაყიდვას 295 ლარად გეგმავდნენ.

საბოლოო ჯამში, აუქციონში გამარჯვებულმა "ბათმშენი-2007"-მა ტერიტორია 479 ათას ლარად იყიდა. შესაბამისად, ერთ კვადრატულ მეტრში 304 ლარი გადაიხადა, რაც 11 ლარით ნაკლებია დადგენილ ნორმატიულ ფასზე. საკრებულოს დადგენილებით, ბათუმის მერიის მიმდებარე ტერიტორია მიეკუთვნება პირველი ზონის მეორე ქვეზონას, სადაც ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთი 315 ლარი ღირს. სახელმწიფო ქონების გაყიდვა ნორმატიულ ფასზე ნაკლებად, დაუშვებელია.

ვაჟა ბოლქვაძემ მერიის გვერდით ტერიტორია არამხოლოდ საბაზრო ფასზე, არამედ თავისივე სამინისტროს მიერ დადგენილ ფასზეც საგრძნობლად იაფად გაყიდა. ვაჟა ბოლქვაძემდე ბათუმის ცენტრში სახელმწიფო ქონების გაყიდვას მისი წინამორბედი ცდილობდა 2006 წელს. ნათელა წიკლაშვილის მაშინდელი ბრძანებით, ქონების გასაყიდი საწყისი ფასი იყო არა 464 ათასი ლარი, არამედ 700 ათასი დოლარი. წიკლაშვილი ერთ კვადრატულ მეტრს 445 დოლარად ყიდდა და არა - 304 ლარად. გარდა ამისა, ნათელა წიკლაშვილის მიერ გამოცემულ ბრძანებაში დეტალურად იყო გაწერილი, თუ რა ქონება იყიდებოდა.

"ბათუმელებმა" სწორედ წიკლაშვილის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით დაადგინა, რომ მერიის გვერდით 1572 კვადრატული მეტრი მიწა გაიყიდა და არა - 463,63, ისე როგორც, ვაჟა ბოლქვაძის ბრძანებაშია მითითებული. გაყიდული ფართობის ოდენობის დადგენა, მოქმედი მინისტრის მიერ გამოცემული ბრძანებით, შეუძლებელია.

კომპანია "ბათმშენი-2007"

"ბათმშენი-2007" ანუ კომპანია, რომელშიც რობერტ ჩხაიძის დეიდა, ნუნუ ბერიძე სამი წლის წინ გახდა დირექტორი, 2004 წელს დაარსდა. ამ კომპანიის ვებგვერდის ცნობით, შვიდსართულიანი ელიტარული სახლის მშენებლობა კომპანიამ ბათუმის ცენტრში 2011 წლის მაისში დაიწყო. ამ სახლის 8000 კვადრატული მეტრიდან 1200 კვ.მ იქნება კომერციული ფართობი, დანარჩენი - საცხოვრებელი. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ერთი კვადრატული კომერციული ფართობი 1500 დოლარი ღირს, საცხოვრებელი ფართობი კი - 1000 დოლარი.

მერიის წინ ელიტარული ბინის აშენება კომპანიის ისტორიაში მეორე კომპლექსური მშენებლობაა - აქამდე "ბათმშენ-2007"-ს ერთი დასრულებული სახლი აქვს აშენებული ბათუმში, ყაზბეგის ქუჩაზე - საცხოვრებელი კომპლექსი ტყუპები. სამომავლო პროექტებიც ყაზბეგის ქუჩაზე "ტყუპების ჟანრის" გაგრძელებაა. ფასები და ფართობი ამ შემთხვევაშიც განსაზღვრულია - აშენდება 4000 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი სახლი, რომელშიც ერთი კვადრატული მეტრი 500-700 დოლარი ეღირება.
netgazeTi.ge