სასწრაფო დახმარებას სასწრაფო რეანიმაცია სჭირდება

სასწრაფო დახმარებას სასწრაფო რეანიმაცია სჭირდება

სასწრაფო დახმარება უკვე იმდენად ნელა მოქმედებს, რომ ვეღარც დახმარებას ახერხებს და სისწრაფეზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. სასწრაფო დახმარების ბრიგადების დაგვიანების შედეგმა საბედისწერო შედეგი მოიტანა ქობულეთში. აღმაშენებლის ქუჩაზე მომხდარ ავტოავარიას ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქობულეთელები ყვებიან, რომ სასწრაფოს ბრიგადა გამოძახებიდან ერთი საათის დაგვიანებით მივიდა.

ავტოავარიის შესწრე ადამიანებმა სასწრაფო დახმარების ბრიგადა შემთხვევიდან რამდენიმე წუთში გამოიძახეს და გადაცემული იყო ინფორმაცია, რომ ორი სასწრაფო იყო საჭირო, ვინაიდან, ადგილზე ორი დაშავებული ადამიანი იმყოფებოდა.

პირველი სასწრაფო დახმარების მანქანა ადილზე დაახლოებით, 40 წუთის შემდეგ მივიდა, რომელმაც დაშავებული ქალის ტრანსპორტირება მოახდინა, კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი მეორე ტურისტი კი ადგილზე დატოვა. მეორედ გამოძახების შემდეგ კი, სასწრაფო დახმარების ბრიგადას ადგილზე მისასვლელად ისევ ნახევარი საათი დასჭირდა.

როგორც ადგილობრივები ყვებიან, დაშავებულ მამაკაცს მძიმე დაზიანებების მიუხედავად, პულსი ჯერ კიდევ ესინჯებოდა, თუმცა სასწრაფო დახმარების მოსვლის შემდეგ გულისცემა უკვე შესუსტებული ჰქონდა.

ანალოგიური შემთხვევა ქობულეთისთვის პირველი არ არის.  ადგილობრივების თქმით, სასწრაფო დახმარების ბრიგადის დაგვიანების ფაქტი ბევრჯერ დაფიქსირდა. ერთ-ერთი დაზარალებული ამბობს, რომ 2012 წლის იანვარში, როცა ქობულეთის გზები პრაქტიკულად ცარიელია, სასწრაფოს 45-წუთიან დაგვიანებას მისი მეუღლის სიცოცხლე ემსხვერპლა.

თავის მხრივ, მოსახლეობა ახალი და გამართული სასწრაფო ბრიგადების დანიშვნას და კვალიფიციურ ექიმებს ითხოვს.

„ქობულეთი ტურისტული ადგილია, მაგრამ მიუხედავად ამისა, რაიონს მხოლოდ სასწრაფო დახმარების სამი მანქანა ემსახურება, ისიც გაუმართავი და საბჭოთა დროინდელი მანქანებია. ამას ემატება ექიმების არაკვალიფიციურობა, რის გამოც ხშირია შემთხვევა, როცა დაგვიანებით მოსული სასწრაფოს შემდეგაც ექიმებს პაციენტისთვის საჭირო დახმარებაც ვერ აღმოუჩენიათ. მოვითხოვთ, ჯანდაცვის სამინისტროსგან ყურადღება მოგვაქციოს და ახალი ბრიგადები დაგვინიშნოს, მით უმეტეს ტურისტულ სეზონზე, როცა ქობულეთში ხალხმრავლობაა“, - აცხადებენ ქობულეთელები სააგენტო „პირველთან“ საუბრისას.

ეს პრობლემა, როგორც პირველი არ არის და არც უკანასკნელი იქნება, რადგან ასეთმა შემთხვევებმა თვალშისაცემად იმატა. შესაბამისად, იმატა სასწრაფო დახმარების თანამშრომელთა წინააღმდეგ მიმართულმა ფიზიკურმა ქმედებებმა.

რამდენიმე კვირის წინათ, ქუთაისის ინციდენტს პაციენტის სიცოცხლე და ექიმის ჯამრთელობა შეეწირა. გამოძიება ჯერჯერობით კიდევ მიმდინარეობს. ხშირია შემთხვევები, როდესაც სასწრაფოს ბრიგადები იგვიანებენ დედაქალაქშიც. მიუხედავიად იმისა, რომ თბილისში სასწრაფო დახმარება ტექნიკურად ძალზედ გამართულია და ქალაქის მასშტაბით მრავალი ეკიპაჟიც მოძრაობს, 30-40 წუთის დაგვიანება, აქ ჩვეულებრივ ამბად იქცა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის არაოპერატიულობაზე საუბრობენ ექიმთა პროფკავშირებშიც.

„დაგვიანების ფაქტები არ შეგვისწავლია, თუმცა ასეთი შემთხვევა საქართველოს მასშტაბით მრავლად ხდება. სასწრაფო დახმარების ბრიგადებში მომუშავე მედპერსონალს ამაში ბრალი არ მიუძღვის. ცხადია, დამნაშავეა სისტემა, რომლის დაუდევრობითაც უბედური შემთხვევა ხდება. ნებისმიერ ასეთ ფაქტზე პასუხისმგებლობა თავად ამ სისტემის წარმომადგენლებმა უნდა იკისრონ, რომელთაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხარისხიანი მუშაობა და ოპერატიული ღონისძიებების გატარება ევალებათ“, - აცხადებენ ექიმთა პროფკავშირებში.

ჯერჯერობით ჯანდაცვის სამინისტრო დუმს. ახალ მინისტრს ზურაბ ჭიაბერაშვილს სისტემაში იმდენი პრობლემა დახვდა, რომ პრობლემების გადასაჭრელად თვითონ სჭირდება დახმარება და თანაც სასწრაფოდ.