"იცით თუ არა ათას ლარიანი ვაუჩერის შესახებ?" _ ამ კითხვით იწყებენ მოსახლეობასთან საუბარს "ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორები.
შემდეგი კითხვა კი ასეთია: "რაში დახარჯავთ ათას ლარს?"
არადა, დოკუმენტში, რომელსაც იგივე კოორდინატორები არიგებენ, გარკვევით წერია, რომ 1000 ლარის დახარჯვა დენის, გაზის, წყლის ან სხვა კომუნალური ხარჯების დასაფარად, მედიკამენტების და სასკოლო სახელმძღვანელოების შესაძენად და სასოფლო სამეურნეო ტექნიკის დაქირავებისთვის, საწვავისა და სასუქის ხარჯის გასტუმრებისთვის არის შესაძლებელი.
ეს ყველაფერი, როგორც მმართველი პარტიის კოორდინატორები ამბობენ, იანვრიდან დაიწყება. ამ დეტალსაც იმ შემთხვევაში გაიგებთ, თუ კოორდინატორებს ჩაეკითხებით, წინააღმდეგ შემთხვევაში კი იფიქრებთ, რომ 1000 ლარს კითხვაზე პასუხის გაცემისთანავე მიიღებთ.
"გურია ნიუსის" კითხვაზე, რატომ იწყება საუბარი მაინცდამაინც ათასლარიანი ვაუჩერით, რომელიც მომავლის საქმეა, კოორდინატორებს პასუხი არ აქვთ. არც იმას გვიხსნიან, რა უნდა ვიცოდეთ 1000-ლარიანი ვაუჩერის შესახებ:
_ ბუკლეტი მოგიტანეთ, წაიკითხეთ და იქ ყველაფერი წერია, _ გვიხსნის კოორდინატორი.
_ გასაგებია რომ წერია, მაგრამ სანამ წავიკითხავთ, იქნებ, აგვიხსნათ. თქვენი საუბრის მთავარი თემაც ხომ სწორედ 1000-ლარიანი ვაუჩერია?
_ ჩვენ ის გვაინტერესებს, რაში გამოიყენებთ...
_ და რაში უნდა გამოვიყენოთ? მით უმეტეს, რომ თავად გვირჩევთ, როგორ გამოვიყენოთ ეს ე.წ. საჩუქარი, რომელიც ხალხის ფულით უნდა დაფინანსდეს...
_ მაშინ ჩავწერთ, რომ არ გადაგიწყვეტიათ, _ გვეუბნება კოორდინატორი და ფურცლებზე რაღაცას ინიშნავს.
ეს ფურცლები კი მართლაც საინტერესო დოკუმენტია. როგორც გავარკვიეთ, მმართველი გუნდის კოორდინატორებს ხელთ აქვთ მოსახლეობის სია, სადაც კონკრეტული ადამიანის სრული მონაცემები წერია, დაბადების თარიღით დაწყებული, ოჯახის წევრების ვინაობით და სამუშაო ადგილით დამთავრებული.
კითხვაზე, საიდან მოიპოვეს პერსონალური მონაცემები, პასუხს ვერ გვცემენ. გვეუბნებიან, რომ სიები პარტიის შტაბში მიაწოდეს, თუმცა მომწოდებლის ვინაობა არ იციან(?!).
საუბარს იმის გარკვევით ასრულებენ, რომელი პარტიის მხარდამჭერი ხარ. პასუხის დასტურად კი პირადობის ნომერს და ხელმოწერას ითხოვენ.
_ პირადობის ნომერი იმისთვის გვჭირდება, რომ ვინმეს ეჭვი არ შეეპაროს გამოკითხვაში(?!) ნამდვილად რომ ვიყავით თქვენთან, იმის დასამტკიცებლად, _ ასე პასუხობენ კითხვას, თუ რატომ არის აუცილებელი პირადობის მოწმობის ნომერი, რომელიც ასევე პერსონალური ინფორმაციაა.
გარდა ამისა, საინტერესოა ისიც, რომ, როგორც ამ ვიზიტებიდან ირკვევა, ათასლარიანი ვაუჩერი ნაცმოძრაობის საჩუქარია და არა ხელისუფლების. ეს კი ამომრჩევლის აშკარა მოსყიდვაა!