სიტყვა „გაზსადენი“ მეზობლებზე მაგიურად მოქმედებს

სიტყვა „გაზსადენი“ მეზობლებზე მაგიურად მოქმედებს

როგორც მთავრობის რომელიმე წარმომადგენელს სიტყვა „მაგისტრალური“ პირიდან დასცდება, ჩვენი ყველა მეზობელი უმალ გააქტიურდება და გაზსადენის ქართული მონაკვეთის შეძენის თაობაზე ცხელ-ცხელ განცხადებებს აკეთებს. ეს ყველაფერი თითქოს იმას ჰგავს, რომ საქართველოს მთავრობა მაგისტრალური გაზსადენზე მაზანდის გაზრდის მიზნით დრო და დრო ოსტატურად მანიპულირებს.

 

მაგისტრალური გაზსადენის აქციების გაყიდვის შესახებ საქართველოს მთავრობის განცხადებას უმალ აზერბაიჯანული ენერგოგიგანტი „სოკარი“ ეხმაურება. ოფიციალური თბილისი გაზსადენის მფლობელი ნავთობის და გაზის კორპორაციის აქციების ნაწილის გატანას საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე გეგმავს.

 

„სოკარის“ წარმომადგენლის განცხადებით, მაგისტრალური გაზსადენი მათთვის სტრატეგიული ინტერესის სფეროა და ნებისმიერ შემთხვევაში მისი გაყიდვის ან თუნდაც აქციების ნაწილის გასხვისების შემთხვევაში მყიდველი „სოკარი“ იქნება. სოკარს გაზსადენთან დაკავშირებული საკითხი მუდმივ კონტროლზე გვაქვს, - აცხადებენ კომპანიაში.

 

აზერბაიჯანულმა კომპანიამ მაგისტრალური გაზსადენით დაინტერესება ზაფხულში გამოხატა და საქართველოს შესაბამის უწყებებს მიმართა. აგვისტოს ბოლოს აზერბაიჯანულმა ენერგოგიგანტმა საქართველოს მთავრობას ოფიციალურად აცნობა. როგორც „სოკარში“ განაცხადეს, ისინი საქართველოს მთავრობის გეგმებზეა არიან დამოკიდებული. 

 

„მათგან გეგმების კონკრეტიზაციას ველოდებით. იმ შემთხვევაში, თუ გაზსადენების პრივატიზება გადაწყდა, მასში მონაწილეობას მივიღებთ“, - განაცხადეს „სოკარში“, რომელსაც საქართველოში 30 რეგიონალური გაზგამანაწილებელი ქსელი ეკუთვნის.

 

მაგისტრალური გაზსადენით მარტოოდენ აზერბაიჯანელები არ არიან დაინტერესებულნი. ჩვენს ირგვლივ სახელწიფო არ დარჩენილა, გაზსადენის მიმართ ცხოველი ინტერესი არ გამოეჩინა.

 

რუსული ოცნებების შესახებ ყველასათვის ცნობილია, მაგრამ რამდენადაც „გაზპრომი“ გაზსადენის პირდაპირ ხელში ჩაგდებას ვერ ახერხებს, ამიტომაც საქმეში შვილობილი კომპანიები ჩართო. ერთ-ერთი ასეთი სომხური დახურული სააქციო საზოგადოება „არმროსგაზპრომია“, რომელიც რუსული „გაზპრომის“ შვილობილია.

 

სომხური მედიის მტკიცებით, „არმროსგაზპრომმა“ გაზსადენის შეძენის შესაძლებლობა ქართველ კოლეგებთან განიხილა, თუმცა მათ განემარტათ, რომ გაზსადენის აქციების მხოლოდ ნაწილი გაიყიდება.

 

„მაგისტრალურის“ ქართული მონაკვეთით ყაზახებიც დაინტერესდნენ. აქციების პაკეტი, შესაძლოა, „ყაზმუნაიგაზმა“ შეიძინოს, რომელიც ბათუმში ნავთობტერმინალს ფლობს. მეორე ვერსიით კი, გაზსადენით ყაზახურ-რუსული კომპანია „ყაზროსგაზი“ დაინტერესდა, რომელიც საქართველოსთვის ყაზახური გაზის მიწოდების პროექტზე მუშაობს.

 

მაგისტრალური გაზსადენის შეძენის თაობაზე ინფორმაციას უკვე ეხმაურებიან „გაზპრომშიც“. იქ ადასტურებენ, რომ საქართველოს მაგისტრალური გაზსადენისადმი ინტერესი არ დაუკარგავთ. იმ შემთხვევაში თუ საქართველო გაზსადენს საპრივატიზაციო ნუსხაში შეიტანს, რუსული ენერგოგიგანტის ექსპერტები მისი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების შესწავლას დაიწყებენ.

 

საქართველოს პრემიერის აპარტი ჯერჯერობით თავგამოდებით უარყოფს ინფორმაციას, რომ მთავრობა მაგისტრალური გაზსადენის აქციების 50 პროცენტის საერთაშორისო ბირჟაზე გატანას გეგმავს. ნიკა გილაურის მტკიცებით, საუბარია მაგისტრალური გაზსადენის მფლობელი ნავთობისა და გაზის კომპანიის აქციების მხოლოდ 10-15 პროცენტის გატანაზე შანხაის, ლონდონის თუ სხვა საფონდო ბირჟებზე.