აღსრულების ბიუროს წარმომადგენლები 6 ივნისს შპს „ბურჯის“ ოთხ ობიექტზე შევიდნენ. ესენია შპს „ბურჯის“ ორხევის სასაწყობე მეურნეობა, ნავთლუღში მდებარე მექანიზაციისა და ტრანსპორტის სამსახური, სოლოლაკის ხეივანში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელო სახლი, აგრეთვე საჩხერის რაიონში მდებარე ობიექტი.
ცნობილია, რომ შპს „ბურჯი“ კონტროლის პალატის ოქმის საფუძველზე, 10 მილიონამდე ლარით დააჯარიმეს. აუდიტის სახელმწიფო სამსახურმა მიიჩნია, რომ კომპანიამ კოალიცია „ქართული ოცნებას“ შეღავათიან ფასად მიაქირავა ავტომობილები და კოალიციის ოფისებიც შეღავათიან ფასებში გაარემონტა. კომპანიამ ჯარიმის თანხა არ გადაიხადა, რის შემდეგაც ქონება დააყადაღეს და აუქციონზე გაიტანეს.
2 აგვისტოს შპს „ბურჯის“ ქონება აუქციონზე 8 761 513. 55 ლარად გაიყიდა, თუმცა უცნობია, ვინ იყიდა შპს „ბურჯის“ ქონება.
აუქციონზე გაყიდულია ახვლედიანის №211-ში მდებარე 12 ათასი კვ.მ ფართი, თბილისში, სამგორის ჩიხის №14-ში მდებარე 9 ათას 43 კვ.მ სასაწყობე ფართი, საჩხერეში მდებარე 2300 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 30 კვ.მ შენობა, საჩხერეში - ფეიქართა გორაზე მდებარე 1990 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საჩხერეში - ფეიქართა გორაზე მდებარე 70 კვ.მ მიწის ნაკვეთი, თბილისში, სოლოლაკის ხეივნის №6-ში მდებარე 473 კვ.მ შენობის ფართი, თბილისში, ბოგდან ხმელნიცკის №42-ში მდებარე 10 ათას 482 კვ.მ მიწის ფართობი.
აუქციონზე უძრავ ქონებასთან ერთად შპს „ბურჯის“ 203 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება გაიყიდა. მყიდველმა თანხა 13 აგვისტომდე უნდა გადაიხადოს.
შპს „ბურჯთან“ დაკავშირებით აღსრულების ეროვნულმა ბიურომ განცხადებაც გაავრცელა სადაც „აღსრულების ეროვნული ბიურო აგრძელებს საზოგადოების ინფორმირებას შპს „ბურჯის“ საქმესთან დაკავშირებით სააღსრულებო საქმისწარმოების დეტალებზე“
განცხადებაში ნათქვამია, რომ „ელექტრონული აუქციონი შპს „ბურჯის“ ქონებაზე 2 აგვისტოს დასრულდა. გამოვლინდა გამარჯვებული, რომელმაც აღნიშნული ქონება 8 761 513.55 ლარად შეიძინა.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით აუქციონზე გამარჯვებულმა თანხა 10 დღის განმავლობაში უნდა დაფაროს სრულად, რის შემდეგაც ის გახდება ქონების საბოლოოდ შემძენი, შესაბამისად შემძენს ქონება უნდა გადაეცეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აღსრულების ეროვნული ბიურო ახორციელებს ფართების გამოთავისუფლებასა და მათ მომზადებას ახალი მესაკუთრისათვის გადასაცემად.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული N4/2756-12 და 4/2751-12 სააღსრულებო ფურცლების საფუძველზე შპს „ბურჯს“ ჯარიმის სახით დაეკისრა 11 018 105 ლარის გადახდა, მას ასევე გადასახდელად დაეკისრა აღსრულების საფასური 771 267,35 ლარის ოდენობით. რის საფუძველზეც განხორციელდა შპს „ბურჯის“ ქონების ელექტრონულ აუქციონზე გატანა, სადაც აღნიშნული ქონება 8 761 513.55 ლარად გაიყიდა. საჯარო აუქციონზე „ბურჯის“ ქონების საწყისი ფასი კი 5 153 831.50 ლარს შეადგენდა.
აღსრულების პროცესის გამჭვირვალობის მიზნით, აღსრულების ეროვნული ბიურო შემდგომშიც მიაწვდის საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობის შესახებ“, - აღნიშნულია განცხადებაში.
შპს „ბურჯის“ ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსის, გიორგი ლილუაშვილის ინფორმაციით, კომპანიის ორხევის საწყობში აღსრულების ბიუროს თანამშრომლები დილის 8 საათზე შევიდნენ, დაცვის პოლიციასთან ერთად, ტერიტორიიდან თანამშრომლების გასვლა მოითხოვეს და შესასვლელის ბლოკირება მოახდინეს და აღსრულების ეროვნული ბიუროს სიტყვიერი განმარტებით, ხდება აღსრულება ახალი მფლობელის სასარგებლოდ.
როგორც ლილუაშვილი განმარტავს, აღნიშნული ტერიტორია ხელშეკრულების საფუძველზე იჯარით აქვს აღებული რამდენიმე იურიდიულ პირს და ხდება მათი საქმიანობის შეზღუდვა.
შპს „ბურჯის“ იურისტის, ალა კახნიაურის განმარტებით აღსრულების ეროვნულ ბიუროს ამისი უფლება არ ჰქონდა, რადგან აუქციონში გამარჯვებული პირი კი გამოვლინდა, მაგრამ მის მიერ არ არის გადახდილი ქონების საფასური.
„ქონების საფასურის გადახდის მერე ის ხდება უფლებამოსილი პირი, რათა მოითხოვოს სააღსრულებო ბიუროს განკარგულება მესაკუთრედ ცნობის შესახებ. აღნიშნული განკარგულება მიიტანოს საჯარო რეესტრში და მესაკუთრედ დარეგისტრირდეს.
საჯარო რეესტრში მესაკუთრედ დარეგისტრირების შემდეგ ახალ მფლობელს შეუძლია, ძველ მესაკუთრეს წაუყენოს პრეტენზია და მოითხოვოს ქონების განთავისუფლება და ასეთ მდგომარეობაში მესაკუთრისთვის ჩაბარება.
პირს ჯერ ქონება ნაყიდი არ აქვს, აქედან გამომდინარე, სააღსულებო ბიუროს მოქმედება კანონსაწინაარმდეგოა და მათ უფლება არ ჰქონდათ „ბურჯის“ ობიექტებზე შესვლის და ქონების დალუქვის“,- აცხადებს ალა კახნიაური.
როგორც კახნიაური ამბობს, მართალია, აღსრულების ეროვნული ბიურო უკანონოდ მოქმედებს, მაგრამ ამ ქვეყანაში სამართლიანი გადაწყვეტილების მიმღები ინსტიტუტიც არ არსებობს.
„სად წავიდე და სად გავასაჩივრო, ჯერ დოკუმენტიც კი არ მინახავს, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რის საფუძველზე განახორციელა მსგავსი ქმედება.
ჩვენ სამართლის ჩარჩოებიდან გასული ქვეყანა ვართ და აღსრულების ეროვნული ბიუროს ქმედება ვერ ჯდება კანონის ფარგლებში, კი ბატონო, წავალთ სასამართლოში ეს ჩვენი საქმეა, მაგრამ სასამართლოც იგივეს აკეთებს, რასაც ესენი ითხოვენ.
მას შემდეგ, რაც მივიღებთ შესაბამის დოკუმენტაციას, შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ, ეს ჩვეულებრივია, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი მიგვიღია.
დღეს დილით შევხვდი აღმასრულებელს და ვითხოვდი დოკუმენტს, თუ რის საფუძველზე ითხოვდნენ შენობების დაცლას, ასეთი დოკუმენტი კი არ ჰქონდათ.
ცოტა ხნის წინ დამირეკა აღმასრულებელმა, როგორც ჩანს, რაღაც დოკუმენტი შექმნეს და ჩაბარება უნდათ. ხვალ დილით ჩავიბარებ და ვნახოთ, რა წერია ამ დოკუმენტში“, - ამბობს ალა კახნიაური.
უფრო მეტიც, ეროვნული აღსრულების ბიურო გარდა იმისა, რომ უკანონოდ შევიდა კომპანიის ტერიტორიაზე, აქეთ უჩივლა შპს „ბურჯს“ იმის გამო, რომ ტერიტორიაზე არ უშვებდნენ.
როგორც ალა კახნიაური ამბობს, შპს „ბურჯის“ წარმომადგენლები პოლიციაში დაიბარეს, სადაც განმარტება მიაცემინეს და ხელწერილიც დააწერინეს, რომ აღმასრულებლებს ხელს არ შეუშლიან.
„მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ისედაც არ ვუშლიდით ხელს მათ კანონიერ ქმედებებს, რაც შეეხება არაკანონიერ ქმედებებს, ბუნებრივია, ამას დღესაც არ დავემორჩილებით“, - აცხადებს ალა კახნიაური.