რატომ სცემა გუბერნატორი ცეზარ ჩოჩელი სააკაშვილის დაცვამ?

რატომ სცემა გუბერნატორი ცეზარ ჩოჩელი სააკაშვილის დაცვამ?

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაცვის მუშტი გუბერნატორ ცეზარ ჩოჩელსაც მოხვდა. ამ დღეებში მცხეთაში აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის დაცვამ ცეზარ ჩოჩელი სცემა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მცხეთაში „ქართული ოცნების“ ხალხმრავალი აქცია გაიმართა.

როგორც მცხეთაში საუბრობენ, სააკაშვილი მას შემდეგ აღშფოთდა, რაც ბიძინა ივანიშვილს მთიულებმა, მოხევეებმა, ფშავლებმა, ხევსურებმა, თიანელებმა და ახალგორელებმა არნახული დახვედრა მოუწყვეს. მცხეთაში გამართულ  აქციას რამდენიმე ათასი ადამიანი ესწრებოდა. როგორც ამბობენ, სწორედ ამ ხალხმრავალი აქციის დანახვამ აღაშფოთა  პრეზიდენტი.

ჯავრი, რა თქმა უნდა, გუბერნატორ ჩოჩელზე იყარეს, რომელიც კარგა ხანია  პრეზიდენტს არწმუნებს, რომ მცხეთა-მთიანეთში  „ნაციონალების მზეს“ ფიცულობენ.

მცხეთა-მთიანეთში მსგავსი ხალხმრავალი აქცია თითქმის არავის ახსოვდა. მას შემდეგ რაც მთის დინჯი მოსახლეობა მცხეთაში ჩავიდა და საკუთარი პოზიცია გამოხატა, ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები მიხვდნენ, რომ მათი საქმე მაინც და მაინც კარგად არ არის.

როგორც მცხეთაში საუბრობენ, „ქართული ოცნების“ მრავალათასკაციანი აქციის დანახვაზე სააკაშვილს უკითხავს: სად არის ცეზარ ჩოჩელი? სძინავსო?

მცხეთაში ხუმრობენ რომ სწორედ ამ დღის შემდეგ აღარ სძინავს ცეზარ ჩოჩელს და აქტიურად ცდილობს მოსახლეობის გულის მოგებას. წინასაარჩევნო პერიოდში ხომ ყველა გუბერნატორი ხალხზე მზრუნველი და „მეტი სარგებლის მომტანია“.

პოლიტიკურ კულუარებში იმასაც საუბრობენ, რომ ცეზარ ჩოჩელს იმ ბიზნესის გაყიდვაც მოსთხოვეს, რომელიც მის სახელთან ასოცირდება. საუბარია ლუდსახარშზე „ზედაზენი“, რომლის ბიზნესი საქართველოში საკმაოდ სარფიანი და მაღალშემოსავლიანია. რამდენად მართალია ლუდის ბიზნესის გაყიდვასთან დაკავშირებული ეს ინფორმაცია სულ მალე გამოჩნდება. 

იმასაც ამბობენ, რომ გუბერნატორ ცეზარ ჩოჩელი ვანო მერაბიშვილის  კადრია და სწორედ ის მფარველობდა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორს. თუმცა, იმაზეც მიუთითებენ, რომ თუ სააკაშვილმა გუბერნატორი ჩოჩელი თვალში ამოიღო, მას ვეღარც ვანო მერაბიშვილი ვეღარ უშველის.