მამუკა კაციტაძის კომისიის მუშაობას სკეპტიკურად აფასებენ არა მხოლოდ პოლიტიკოსები, არამედ - დემოგრაფები და სტატისტიკოსებიც. მათი გათვლით, კაციტაძის დაანგარიშებული სიებით, სულ მცირე, ნახევარ მილიონ ხმას „იპარავს“ ჩვენი ხელისუფლება და ისევე შეეცდება არჩევნების გაყალბებას, როგორც ადრე არაერთგზის გაუყალბებია.
ზოგიერთები უფრო შორს მიდიან და აცხადებენ, რომ კაციტაძის კომისიას კიდევ უფრო ნაკლებად ენდობა მოსახლეობა, ვიდრე მთავარ გამყალბებელს - ცესკოს.
კაციტაძის კომისიის თანახმად, ამომრჩეველთა 99.2% გადამოწმდა, რაც დაახლოებით საქართველოს სამ მილიონ-ნახევარი მოქალაქეა. ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა 27 ათასი მოქალაქის გადამოწმება. კაციტაძის თქმით, ამომრჩეველთა სიებიდან ამოღებულია 16,000 გარდაცვლილი, 300 ათას მოქალაქეს გაუკეთდა მინაწერი, რომ იგი „იმყოფება საზღვარგარეთ”. რაც შეეხება დაუდგენელ პიროვნებებს, ე.წ. „მიწერილებს”, მათმა რაოდენობამ 135 ათასი შეადგინა.
დემოგრაფი თომა გუგუშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მამუკა კაციტაძის სიებში დიდი ცდომილებაა, რადგან საარჩევნო ხმების მიმცემთა რაოდენობა საქართველოში კიდევ უფრო ნაკლები უნდა იყოს, ვიდრე ამას კაციტაძის კომისია აფიქსირებს.
„თუ არ ვცდები, მან გამოაცხადა 2 მილიონ 800 ათასი ამომრჩეველი. დაახლოებით 20% აქედან გაზრდილია. თავისთავად, ეს პოლიტიკური მოსაზრებითაა გაზრდილი. წინა არჩევნების დროს 3 მილიონ რვაასი ათასს აცხადებდნენ, ახლა კი ერთმა მილიონმა დაიკლო, მაგრამ მაინც კიდევ შეცდომაა. ადვილად შეგიძლიათ გადაიანგარიშოთ, რადგან საარჩევნო ხმები არის მთელი მოსახლეობის რაოდენობის 56-დან 60 %-მდე, მაშინ გამოდის, რომ საქართველოში მცხოვრებთა რაოდენობა დღეს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე, 4 მილიონ ნახევარი უნდა იყოს. ჩემი გაანგარიშებით კი, 3 მილიონ ნახევარი თუ არის, ესეც კარგია. ე.ი. სადღაც 700 ათასი არის ზედმეტი ხმა“, - მიიჩნევს თომა გუგუშვილი.
მისი თქმით, ხელისუფლებამ ხმების დათვლის სამზარეულო ძალიან კარგად იცის, ამიტომაც ფასადი შექმნეს და ამომრჩევლები 3 მილიონ რვაასი ათასიდან ჩამოიყვანეს 2 მილიონ 800 ათასამდე. თან გვარწმუნებენ, რა გინდათ, 2 მილიონ 800 ათასამდე დავიყვანეთო, მაგრამ არ დაუკვირდნენ, რომ თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ საქართველოს მოსახლეობა 4 მილიონ ნახევარი უნდა იყოს, რაც ასე არაა. ეს ზღაპარია. ჩვენი მოსახლეობა მაქსიმუმ 3 მილიონ ნახევარი იქნება.
რაც შეეხება საზღვარგარეთ წასულ ადამიანებს, თომა გუგუშვილი აცხადებს, რომ ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ, თუმცა ორმაგი მოქალაქეობა ძალიან ცოტას აქვს.
„უცხოეთში წასულ 800 ათასამდე ადამიანიდან თუ გამოვაკლებთ ბავშვებსა და ხმის არმქონე პირებს, 400-500 ათასამდე ხმა უნდა მივიღოთ. ამ დროს კი, როგორც მახსოვს, კაციტაძემ უცხოეთში წასულ ხმის მიმცემ პირებად სადღაც 300 ათასამდე ადამიანი გამოაცხადა. აქაც ერთი 150 ათასით დაბალი რაოდენობა დააფიქსირა. არადა, წინა არჩევნების დროს ხელისუფლება ყოველთვის უმატებდა საზღვარგარეთ მყოფთა რიცხვს, რადგან იმედი ჰქონდათ, რომ მათ ხმებს მიიწერდნენ. მოგეხსენებათ, იქ არ კონტროლდებოდა საარჩევნო უბნები. ახლა კი ეშინიათ, რომ საზღვარგარეთ საარჩევნო პროცედურა გაკონტროლდება და ხმები ამათკენ არ წამოვა, ამიტომ დასწიეს გარე მიგრაციის რიცხვი. სხვანაირი ახსნა ამ ფაქტს მე ვერ მოვუძებნე,“ - აღნიშნა თომა გუგუშვილმა.
ამასთან, ექსპერტის თქმით, ახლანდელი არჩევნების გაყალბების მაჩვენებელი, წინა არჩევნებთან შედარებით უფრო ნაკლები იქნება. თუმცა, შეიძლება, 30-40 %-ით გაყალბდეს. წინა არჩევნებში გაყალბების მაჩვენებელი კი უზარმაზარი იყო.
For.ge-სთან საუბრისას დემოგრაფი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი ანზორ თოთაძე აცხადებს, რომ ხელისუფლებამ რაც არ უნდა გაბეროს მონაცემები, სამ მილიონზე მეტი ამომრჩეველი საქართველოში მაინც არ იქნება, თუ უფრო ნაკლები არა. ამას ადასტურებს დამოუკიდებელ ექსპერტთა მონაცემები და ის ფაქტიც, რომ ბოლო წლებში მიგრაცია ძალიან გაიზარდა. თოთაძის განმარტებით, მიგრაციის ზრდას ისიც მოწმობს, რომ 2012 წელს საზღვარგარეთიდან გზავნილებმა იმატა. წესით, გზავნილები, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაზრდილიყო, რადგან საზღვარგარეთ კრიზისია, ქართველ მიგრანტებსაც უჭირთ, მაგრამ გზავნილები მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ გაიზარდა, რომ ჩვენში გარე მიგრაციის რიცხვმა იმატა და საქართველოს მოსახლეობა სამშობლოს ტოვებს.
„ბოლო 20 წლის მანძილზე, 1990-2009 წლებში, მიგრაციაში წავიდა მილიონ ორასი ათასით მეტი, ვიდრე ჩამოვიდა. ბოლო წლებშიც მიგრაცია გაიზარდა. მიგრაციაში ლეგალურად წასულთა გარდა, ბევრი არალეგალია. საბერძნეთში, თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები აცხადებენ, ისე ვართ ჩამოსულები, რომ ხმას ვერ მივცემთო. გახსოვთ ალბათ, კანადაშიც არალეგალურად მიდიოდნენ და დაიღუპა ხალხი. ჩვენი გამოანგარიშებით, არალეგალურად წასული დაახლოებით 400 ათასი ადამიანია. ხოლო, ვინც ლეგალურად მიდის და სახელმწიფო აღრიცხავს, მისი გამგზავრება მონაცემებში შეტანილია, მაგრამ არალეგალები არ არიან შეტანილნი“.
ანზორ თოთაძის განმარტებით, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, 2011 წლის 1 იანვრისთვის საქართველოს მოსახლეობის რიცხვი 4 მილიონ 469 ათასი იყო. თუ ჩვენ ამას გამოვაკლებთ იმ მილიონ ადამიანს, რომელიც 18 წლამდე ასაკისაა, დაგვრჩება 3 მილიონ 449 ათასი, ვინც ხმა უნდა მისცეს. მაგრამ თოთაძე აცხადებს, რომ არალეგალური მოსახლეობა ძალიან ბევრია, და, თუ ამ 400 ათას არალეგალსაც მხედველობაში მივიღებთ, საქართველოში ხმის მიმცემთა რაოდენობა, რაც არ უნდა გაჭიმონ, 3 მილიონზე მეტი არ იქნება. პირიქით, ნაკლებიცაა.
ამდენად, ექსპერტი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ხელისუფლება მიგრაციაში წასულთა ხმებს თავის სასარგებლოდ ისევე წარმატებით გამოიყენებს, როგორც ადრე იყენებდა.
„კაციტაძის კომისიას ვერ ვენდობი. მანდ უნდა ყოფილიყვნენ ჩართულნი ის სპეციალისტები, ვინც დარგი იცის - სტატისტიკოსები, დემოგრაფები და სხვა. ასე ჰაიჰარად აღწერა არ შეიძლება. მე მგონი, ეს მაინც ქარს გატანებული საქმე იყო, რაც კაციტაძემ მოახმარა ამ კონტიგენტის აღწერას. თუკი მამუკა კაციტაძე ამბობს, რომ ხმის მიმცემთა რაოდენობა სამ მილიონ ნახევარია, ეს ნიშნავს, რომ, თუ არჩევნები გააყალბეს (რასაც არ მოერიდებიან), ნახევარი მილიონი ხმა ჯიბეში უდევს მმართველ პარტიას.“