1 ოქტომბერი „საოცნებო“ საარჩევნო თარიღია ქართული ოპოზიციისთვის

1 ოქტომბერი „საოცნებო“ საარჩევნო თარიღია ქართული ოპოზიციისთვის

ოპოზიციურ „ქართულ ოცნებას“ ალბათ წლევანდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებული ვერცერთი სხვა თარიღი ვერ აღაფრთოვანებდა ისე, როგორც 1 ოქტომბერი, როდესაც ეს არჩევნები დაინიშნა.

რა არის განსაკუთრებული 1 ოქტომბერში? ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის კალენდრის მიხედვით ეს წმინდა ბიძინას დღეა. ხოლო „ქართული ოცნების“ ლიდერი სხვა არავინაა, თუ არა ბიძინა ივანიშვილი. მათთვის, ვინც „ქართული ოცნების“ კამპანიის რეკლამაზე მუშაობს, ეს საოცნებო თარიღია. და ოპოზიციური ჯგუფი უკვე აპირებს მის გამოყენებას იმ გადამწყვეტ არჩევნებში, რომელიც ნიადაგს მოამზადებს მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, როდესაც პრეზიდენტ მიხეილ სააკშვილის მემკვიდრე უნდა აირჩიონ.

„ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ არჩევნები პირველ ოქტომბერს ჩატარდება. როგორც ჩანს სააკაშვილს მარცხის მოლოდინი აქვს, ჩვენ კი ამ არჩევნებში გამარჯვებას ველით“, უთხრა საინფორმაციო ვებგვერდ Civil Georgia-ს „ქართული ოცნების“ სპიკერმა მაია ფანჯიკიძემ.

ბიძინა ჩოლოყაშვილი 17 საუკუნეში სპარსეთის არმიის წინააღმდეგ ბახტრიონის აჯანყებას მეთაურობდა. ის 1660 წელს მოკლეს, მოგვიანებით კი საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

სააკაშვილი, რომლის მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაშია 2004 წლიდან, მუდმივად განსაკუთრებულად უსვამდა ხაზს ქართულ კულტურაში წმინდანების მნიშვნელობას. მან 6 მაისი, როდესაც ქვეყნის მფარველი წმინდანის წმინდა გიორგის დღეა, პოლიციის დღედ გამოაცხადა. მაშ, რატომ გაუკეთეს ასეთი საჩუქარი სასტიკ მეტოქეს სააკაშვილმა და მისმა პარტიამ, რომელიც საქართველოს პარლამენტში დომინირებს? დღის არჩევა კიდევ უფრო უცნაურია, რადგან 1 ოქტომბერი ორშაბათია, მაშინ როდესაც არჩევნები საქართველოში ტრადიციულად კვირა დღეს იმართება.

ეს ძალიან გაურკვეველია. თუმცა გარკვეულია ის, რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად საპარლამენტო არჩევნები ოქტომბრის რომელიმე დღეს უნდა ჩატარებულიყო. საქართველოში იმისიც ბევრს სჯერა, რომ ხელისუფლებას არჩევნების ჩატარება რაც შეიძლება სწრაფად სურს, რადგან მიჩნეულია, რომ კამპანიის მოკლევადიანი სეზონი მმართველ პარტიას აწყობს. ამ მიზეზების გათვალისწინებით, ბევრს მოლოდინი ჰქონდა, რომ კენჭისყრა კვირას, 7 ოქტომბერს დაინიშნებოდა. თუმცა აქ ერთი პრობლემა იყო. ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნება“ საარჩევნო ბიულეტენში მეშვიდე პოზიციაზეა და მისი ნომერი მკაფიოდ 7-ია.

ეს ოპოზიციას უტყუარ მარკეტინგულ უპირატესობას მიანიჭებდა: „7 ოქტომბერს შემოხაზეთ 7-იანი ქართული ოცნების სასარგებლოდ“.
foreignpress.ge