უკანასკნელ პერიოდში განსაკუთრებით გახშირდა შემთხვევები, როდესაც მოსახლეობასთან შესახვედრად მისულ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ადგილზე აგერსიულად განწყობილი ადამიანები ხვდებიან, რომლებიც თითქოსდა ადგილობრივ მოსახლეობას წარმოადგენენ და ხშირად საქმე მათსა და კოალიციის წევრებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებამდე მიდის. პირველი ასეთი ინცინდენტი გორის რაიონის სოფელ მერეთში მოხდა, უკანასკნელი კი 4 აგვისტოს ხულოს რაიონის კურორტ ბეშუმში დაფიქსირდა, როდესაც შუამთობის დღესასწაულზე მისულ კოალიციის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებმა ხალხთან მისვლის საშუალება არ მისცეს, რადგან იქ მიხეილ სააკაშვილის იმყოფებოდა და, რომელმაც ბეშუმი ივანიშვილის გამოჩენისთანავე სასწრაფოდ დატოვა.
ამ ინცინდენტის შეფასებისას ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი მოწოდებულია, ხალხი დააპირისპიროს. საერთოდაც „ქართული ოცნების“ წევრები ხელისუფლებას მათი მოსახლეობასთან შეხვედრების ჩაშლაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ხალხში გააჩინოს განცდა, თითქოს კოალიციის წევრებს მოსახლეობა მხარს არ უჭერს და რეგიონებშიც ცუდად ხვდებიან. კოალიციის წევრები აცხადებენ, რომ აგრესიულად განწყობილი პირები, რომლებიც მათ ამა თუ იმ რეგიონში ხვდებიან, რეალურად ადგილობრივი მოსახლეობა კი არა, არამედ ხელისუფლების ზონდერები არიან.
ხელისუფლება კი პროვოკაციებში „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებს. მათი არგუმენტი ის არის, რომ კოალიციამ ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულ პარტიების ქცევის წესების ერთობლივ დეკლარაციას ხელი არ მოაწერა და არც უწყებათშორის კომისიასთან თანამშრომლობს. ამის შესახებ for.ge-სთან საუბარში საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით დარჩიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, როდესაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას ყველა წარმოსადგენ და წარმოუდგენელ ცოდვას აბრალებს, ეს ყველაფერი მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში სერიოზულ გაღიზიანებას იწვევს. დარჩიაშვილი ამბობს, რომ ამგვარი რაღაცეების აღსაკვეთად და პრევენციისთვის ხელისუფლებამ სპეციალური სტრუქტურები შექმნა.
„მრჩება შთაბეჭდილება, რომ „ქართულ ოცნებას“ ინტერსააგენტო ჯგუფთან თანამშრომლობა არ სურს. მეორეც, ბეშუმის ინცინდენტს რაც შეეხება, როდესაც ადგილზე ხელისუფლების მხარდამჭერთა ამხელა ოდენობა არის შეკრებილი, იქ მისვლა ვისი მხრიდან იყო პროვოკაცია, ეს კიდევ საკითხავია. მესამეც, საჩხერეში ვიყავი ჩასული და იქ მოსულები იყვნენ ადამიანები, რომლებიც მოსახლეობასთან ნორმალურ დიალოგში ხელს გვიშლიდნენ. აქ იმაზე არ არის საუბარი, რომ ვიღაცას შეიძლება კრიტიკული აზრი ჰქონდეს, მაგრამ სპეციფიურად მოსვლა, „ქართული ოცნების“ მაისურებით და წამოძახილები, - თქვენ არაფერს აკეთებთ და ა.შ. ეს ყველაფერი მე მათი მხრიდან მინახავს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძალიან ცუდია“, - აცხადებს დავით დარჩიაშვილი.
მისი თქმით, „ქართული ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შემუშავებულ დეკლარაციაზე ხელის მოწერა არ იკადრა. რაც შეეხება 3 აგვისტოს ფოთში მომხდარ ინცინდენტს, როდესაც „ქართული ოცნების“ ახალგაზრდებს ნაცმოძრაობის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელმა შეურაცხყოფა მიაყენა, დავით დარჩიაშვილი ამბობს, რომ გასაკვირი არ არის, როდესაც ასეთ დაძაბულ წინასაარჩევნო პერიოდში ემოციები სჭარბობს, განსაკუთრებით, ახალგაზრდებში, მაგრამ აღნიშნავს, რომ როდესაც ხელისუფლებას ასეთი დაპირისპირებების ძირეულ მიზეზებთან ბრძოლა სურდა, ოპონენტებმა ამას მხარი არ დაუჭირეს.
„მაშინ ამჟამინდელი „ქართული ოცნების“ წევრები, სხვადასხვა პარტიებში მყოფები, თუ უპარტიოდ, ყველაფერ ამას უპირისპირებოდნენ, ქართული ტრადიციების წინააღმდეგ ბრძოლად ნათლავდნენ, იქნებოდა ეს ქურდული მენტალიტეტის წინააღმდეგ კამპანია თუ სხვა. ახლა კი თუ რამ ხდება, ოღონდ მათ პირადად დისკომფორტი არ შეექმნათ და სისტემურად ამ პრობლემებთან ბრძოლა მათ არ სურთ. ამიტომაც ჩვენსა და „ქართულ ოცნებას“ შორის ძალიან სერიოზული ფუნდამენტური შეუთავსებლობაა. ისევ ვიმეორებ, ამ ყველაფერს ძალიან ღრმა მიზეზები აქვს და კონკრეტულ გამოვლინებებთან საბრძოლველად თანამშრომლობაა საჭირო და არა იმის თქმა, რომ ოპონენტი საქართველოს გადამგვარებელია. რეალურად წარსულს ვინ ემსახურება, გასაგებია“, - ამბობს დარჩიაშვილი.
„ქართული ოცნების“ წევრი თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ აგრესიულობით მხოლოდ ნაცმოძრაობის წევრები გამოირჩევიან, რადგან შუამთობის დღესასწაულზე მისულ სააკაშვილს „ქართული ოცნების“ წევრებმა სიტყვაც კი არ უთხრეს, ბიძინა ივანიშვილის მიმართ კი ნაციონალები აგრესიულად იქცეოდნენ.
„მიხეილ სააკაშვილმა ძალიან ადვილი და სახიფათო პოლიტიკა აირჩია. მისი ამოცანა საზოგადოების დაპირისპირება და კონფლიქტის გამოწვევაა. მთელი ამ ხნის განმავლობაში იგი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ როგორმე სიტუაცია უმართავ მოვლენებამდე მიიყვანოს. ამ ქმედებებს, როგორიც არის გინება, ჩხუბი, ქვების სროლა, მივარდნები და შეხვედრების ჩაშლა, ეს პატარა გოგო-ბიჭები ვერ გაბედავდნენ, ეს ყველაფერი ხელისუფლების მიერ წახალისებული რომ არ იყოს. პოლიციის მიერ ამ ყველაფრის მიმართ გულგრილობა და ამ ადამიანების დაუსჯელობა, ძალიან კარგი მაგალითია იმისა, როგორ არ შეიძლება იქცეოდეს ხელისუფლება“, - აცხადებს თინა ხიდაშელი.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი დარწმუნდა, რომ არჩევნებს წააგებს და ამიტომ ახლა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რაღაც განსაკუთრებული, სადამსჯელო ქმედებები განახორციელოს. ხიდაშელი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ სიმშვიდე მიხეილ სააკაშვილის მთავარი მტერია და ამიტომ იგი კოალიციის პროვოკაციაზე წამოგებას ცდილობს, თუმცა ვინაიდან ამდენი ხნის განმავლობაში ეს ვერ მოახერხა, უნდა მიმხვდარიყო, რომ არაფერი გამოსდის.
რაც შეეხება for.ge-სთვის დავით დარჩიაშვილის მიერ მიცემულ კომენტარს, სადაც ის პროვოკაციებში „ქართულ ოცნებას“ სდებს ბრალს, თინა ხიდაშელი ამბობს, რომ დეპუტატის ბოლოდროინდელი განცხადებები სულ უფრო აგონებს ვიტალი ხაზარაძეს.
„ძალიან ვწუხვარ, მაგრამ დარჩიაშვილის ყოველი მორიგი კომენტარი ვიტალი ხაზარაძის საუკეთესო სტილშია გაკეთებული, თან დარჩიაშვილს ბოლო დროს უზრდელობაც უსწავლია. ამის თქმის საფუძველს მისი ბოლოდროინდელი კომენტარები მაძლევს. რაც შეეხება უწყებათშორის კომისიასთან თანამშრომლობას, ჩვენ მასთან აქტიურად ვთანამშრომლობთ, ჩვენი ორი წარმომადგენელი კომისიის სხდომებს მუდმივად ესწრება და ასევე ამ უწყებას თეა წულუკიანი ჩვენი შეხვედრების განრიგს მუდმივად უგზავნის, მათ შორის ბეშუმის შეხვედრის შესახებაც ინფორმირებულები იყვნენ. არ მგონია, რომელიც სხვა პოლიტიკური ძალა ამას აკეთებდეს“, - აღნიშნავს ხიდაშელი.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მიზანი კონფლიქტი არ არის და ხელისუფლებამ რაც არ უნდა ილაპარაკოს, არ არსებობს დეკლარაცია, რომელიც კანონზე მაღლა დგას. კანონებში კი წერია, რომ ის ქმედებები, რომლებითაც ხელისუფლება არის დაკავებული, დასჯადია.
პოლიტიკური ექსპერტი რამაზ საყვარელიძე უკანასკნელი მოვლენების შეფასებისას ქართულ ანდაზას იშველიებს - სახელის გატეხვას თავის გატეხვა სჯობიაო.
„ეს რომ ხელისუფლების მიერ ძალადობის გამოვლენის პირველი შემთხვევა იყოს, კიდე დაეჭვდებოდი კაცი, მაგრამ არაერთი მშვიდობიანი თავყრილობა გვინახავს, რომელიც ხელისუფლებას ძალადობის გამოყენებით დაურბევია. ასე რომ, სახელის გატეხვას თავის გატეხვა სჯობიაო და ამ მხრივ, ხელისუფლების მსჯელობა უფრო საბაბს ჰგავს, ვიდრე მიზეზს და ხელისუფლების წარმომადგენლების პოზიცია ამიტომ ნდობას ვერ იმსახურებს“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
რაც შეეხება „ქართული ოცნების“ მიერ ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულ დეკლარაციაზე ხელის მოწერაზე უარის თქმას, რამაზ საყვარელიძე ხაზს უსვამს აღნიშნული დოკუმენტის ბოლო პუნქტს, სადაც აღნიშნულია, რომ ყველა პოლიტიკური სუბიექტის მიერ არჩევნების შედეგების აღიარება უნდა მოხდეს. ექსპერტი ამბობს, რომ აქაც სახელის გატეხვის შესახებ ანდაზა გამოგვადგება და ამ შემთხვევაშიც ხელისუფლების ეს მოთხოვნა ნდობას არ იმსახურებს.
„ძალის გამოყენებით მიზნის მიღწევა უფრო დამახასიათებელია ხელისუფლებისთვის, ვიდრე მისი ოპონენტებისთვის“, - ამბობს საყვარელიძე.