„საქართველოს პრეზიდენტისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტები სწორედ რუსული კომპანიები არიან,“ - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი.
მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტი პოლიტიკურ ოპონენტებს რუსეთთან ურთიერთობის გამო ხშირად ადანაშაულებს, თუმცა, პირიქითაა, რადგან დღეს საქართველოში ყველა მსხვილი ბიზნესის უკან რუსეთი და რუსი ბიზნესმენები დგანან.
შაშიაშვილის თქმით, ამის მაგალიათი თუნდაც ის ფაქტია, რომ სააქციო საზოგადოება „თელასის“ ტექნიკურ დირექტორად „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი სახე ზურაბ არსოშვილი დაინიშნა, ასევე, „რაოესში“ მუშაობენ გიგა ბოკერიას სიდედრი, ენერგეტიკის მინისტრის 12-მდე ახლობელი და „ნაცმოძრაობასთან“ დაახლოებული პირები. მისივე თქმით, გენერალი გენერალოვი, რომელიც დაახლოებულია ჩვენს ხელისუფლებასთან, გავლენას ახდენს რუსული ბიზნესის განვითარებაზე საქართველოში. სწორედ რუსული კომპანიებისგან იღებს ხელფასის სახით ნახევარ მილიონ ლარს ბოლნისის დეპუტატის კობა ნაყოფიას ვაჟი.
For.ge თემურ შაშიაშვილს ესაუბრა.
- დღევანდელ საქართველოში, აბსოლუტურად ყველა ადამიანი, ვისაც სააკაშვილის ბიზნესმენი ჰქვიათ, რუსეთიდან არის ჩამოსული. მათ ქვეყნისთვის სასიცოცხლო არტერიები ჩააბარეს. ბენდუქიძესა და მისთანებს დღემდე შენარჩუნებული აქვთ კავშირები და გამდიდრებულნი არიან რუსეთში. საქართველოში გაძლიერდა რუსული ბიზნესი. ვერ იოცნებებდა ამაზე რუსეთის ვერცერთი ხელისუფალი, რადგან სააკაშვილმა მათ ამის საშუალება მისცა. ვითომ იგი „მტრულად“ არის განწყობილი რუსეთის მიმართ, მაგრამ, სინამდვილეში, ამ სიტყვას ბრჭყალებიც არ ჰყოფნის. ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე დღეს არის მთელი ენერგეტიკული სექტორი, თავისი ჰესებიანად, საბადოები, ტყეები, მდინარეები, - ეს ყველაფერი, ძირითადად, რუსული კომპანიების ხელშია. შუქს რუსული კომპანია გვაწვდის, წყალსაც ისინი გვაწვდიან, ასევეა გაზის შემთხვევაში. ამას ემატება დასუფთავების გადასახადი, რომელსაც ისევ რუსული კომპანია იღებს. ვერ გეტყვით, მსოფლიოს რომელიმე ქვეყანაში ასეთი რამ ხდებოდეს. რუსეთიდან ჩამოსული ბისზნესმენები სააკაშვილს აფინანსებენ და პოლიტიკურად აძლიერებენ. ამაზე უარესი რა უნდა იყოს?! საქართველოში არიან რუსეთის სახელმწიფო კომპანიები (და არა კერძო კომპანიები), მათ შორის, „ბილაინი“, „ინტერრაო“.
თქვენ განაცხადეთ, რომ რუსებს გარდა, „რაოესის“ აღმასრულებელ პოტსებზე სომხებიც ინიშნებიან.
- ეს შეთანხმებითაა განპირობებული. თავის დროზე რუსეთის, საქართველოსა და სომხეთის სამი მინისტრი შეხვდა ერთმანეთს ერევანში. იმ დროს თბილისის მერის არჩევნები იყო. მაგალითად, ირაკლი ალასანია პირდაპირ ამბობდა, ყველაფერი გადაწყვეტილია, ნაციონალური მოძრაობა ვერ მოიგებსო. თუმცა, მას შემდეგ, რაც ეს სამი მინისტრი შეხვდა ერთმანეთს, ყველაფერი პირიქით შებრუნდა - თბილისის მერად გიგი უგულავა აირჩიეს, „ხრამი 1“ და „ხრამი 2“ რუსებს გადასცეს. პრაქტიკულად, ენერგოკომპანიების საკითხი დამთავრდა. ენერგეტიკული რესურსებით და ერთ კაცზე დაანგარიშებით, საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა, ეს ღმერთისა და ბუნების საჩუქარია. ამ დროს კი ეს სისტემა რუსულ კომპანიებს გადაეცა.
წლების მანძილზე ოპოზიციის ნაწილი აცხადებდა, რომ სტრატეგიული ობიექტები რუსეთს არ უნდა გადასცემოდა. რამდენად საშიშია რუსული ფული საქართველოში?
- ფული არც რუსული არსებობს და არც - ქართული. მაგრამ, როდესაც ეს ფული პოლიტიზებულია, ესაა საშიში. სახელმწიფოს ფუნქცია არ არის ის, რასაც ეს ხელისუფლება აკეთებს, როცა თავად იღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელი ბიზნესმენი შემოუშვას საქართველოში და რომელი - არა. ამ დროს კი ჩვენთან ძირითადად რუსული კომპანიები შემოდიან. თუმცა საქართველოში დღეს არის არაბული, თურქული, რუსული, აზერბაიჯანული, სომხური კომპანიებიც. მითხარით, ერთი რომელიმე ევროპული ან ამერიკული სერიოზული კომპანია საქართველოში? ასეთი კომპანია არ არსებობს, რადგან აქ ისეთი კორუფციაა, რომ, რაზეც არაბებთან და თურქებთან შეიძლება ლაპარაკი, ამას ევროპელები ვერ მოითმენენ. ახლახანს თურქეთში გახლდით და იქაურები მეუბნებიან, ხომ არ გგონიათ, რომ მართლა ერთ ლარად რაღაცას ვყიდულობთ საქართველოში, გაგყვლიფა თქვენმა ხელისუფლებამო. ერთადერთი სამინისტრო, რომელიც არ გაკრიტიკებულა, არ შემოწმებულა, არავინ დაუჭერიათ და ყველა თანამშრომელი წინაურდება, არის პრივატიზაციის სამინისტრო. სხვადასხვა ფორმით იგი ხან ეკონომიკის სამინისტროშია, ხან ცალკე, დამოუკიდებელი სტრუქტურაა, ხანაც დეპარტამენტია, მაგრამ, ვინც კი პრივატიზებასთან იყო დაკავშირებული, ეს ხალხი საქართველოში ყველაზე პრივილეგირებულ მდგომარეობაში არიან. ვინც საქართველოში ნულოვანი აუქციონი ჩაატარა, ვისაც მაშინ მინისტრისა და მოადგილეების პოსტები ეკავათ, დღეს ყველანი, მაღალ თანამდებობებზე მოკალათებულან. ვინც საქართველოში ვაუჩერი დაარიგა, დღეს ეს ხალხი წარმატებულია. ვინც ქონების გაყიდვის დროს რუსეთთან ნულოვან ვარიანტს მოაწერა ხელი, კარგ მდგომარეობაშია.
2004 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ნულოვან აუქციონზე კაპიკებად ნაყიდი ქონება გადაიბარა. ასე რომ, დანიშნული ბიზნესმენებია ქვეყანაში. ნაყოფიაზე რომ ამბობენ, ბიზნესის თვალსაზრისით, ახალი სტანდარტები შემოიღოო, სინამდვილეში მისი გონებრივი შესაძლებლობები საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც სასაცილოდ არ ჰყოფნით. ბეჟუაშვილები კი ქვესადგურებს ნულოვან აუქციონზე ათას დოლარად ყიდულობდნენ და მილიონებად ყიდდნენ და ასე გახდნენ მილიონრები. ასეთ ფაქტებს გამოვიტანთ და ვაჩვენებთ მსოფლიოს, სინამდვილეში, როგორ სიბნელეში აცხოვრებს ეს ხელისუფლება ხალხს. ელექტრონული მედია უჭირავთ ხელში, ინტერნეტი მათ ხელთაა, აკონტროლებენ ყველაფერს, რამაც ადამიანებამდე ელექტრონული ფორმით, ინფორმაცია უნდა მიიტანოს. ამათ შექმნეს ილუზორული ქვეყანა. მოჩვენებითი სამართლიანობა უსამართლობაზე უარესია, მოჩვენებით დემოკრატიასა და ყალბ ეროვნულ პათოსს სჯობს, საერთოდ არ გქონდეს ეროვნული პათოსი.
კობა ნაყოფია და ბეჟუაშვილებიც რუსეთთან კონტექტსში ახსენეთ? ნაყოფიას სახელთან ერთდ, კგბ-ს გენერალ გენერალოვის გახსენება რას ნიშნავს?
- მაშინ ქუთაისის გუბერნატორი გახლდით და იმ დროს ნაყოფია დადიოდა, როგორც გენერალოვის წარმომადგენელი. კალოშებოთ დადიოდა, დღეს მას უდიდესი სიმდიდრე აქვს, ჩახედეთ მის დეკლარაციას, რა ქონების მფლობელია და რას ფლობს ახლა მოსკოვში?! ომის შემდეგ აფხაზეთიდან ჩასულმა კაცმა რუსეთში იშოვა ქონება. ნახევარი მილიონი ლარი აქვს მის შვილს ხელფასი, დირექტორის მრჩეველია ბოლნისში. მთელი ბოლნისის პენსიონრები არ იღებენ ნახევარ მილიონს თვის განმავლობაში და ამდენი ხელფასი არ რიგდება ბოლნისში. ამ დროს კი ეს 20-22 წლის ბიჭი ნახევარ მილიონს თვეში იღებს. დიახ, გენერალოვის წარმომადგენელი იყო ნაყოფია. თავის დროზე შევარდნაძის მთავრობის წარმომადგენლები რუსეთში გენერალოვს შეხვდნენ. როდესაც შევიტყვე, რომ ისინი უკვე ყიდულობდნენ ჭიათურას, ზესტაფონს, მივედი შევარდნაძესთან და ვუთხარი, თუ კგბ-ს გენერალი გენერალოვი ამ ყველაფერს იყიდის, მე ამაზე მთელ ამბავს ავტეხ-მეთქი და ჩავშალე ეს საქმე. მაგრამ იმ გენერალოვმა, სხვადასხვა ფორმით, მერე შემოთვალა, რომ შაშიაშვილები წავლენ და საქართველოში მე ყველაფერს ხელში ჩავიგდებო. ასე მოხდა კიდეც, გენერალოვმა გააკეთა ასეთი რამ, ეს ხელისუფლება ივანოვმა მოიყვანა ამერიკისა და რუსეთის შეთანხმებით და ქართველი ხალხის არჩეული სააკაშვილი არ არის. ამ შეურაცხყოფას ნუ მიაყენებენ ქრთველ ერს. ამათ უნდათ, ქართული ცნობიერების მოსპობა და ღვთით ბოძებულის სხვებისთვის გადაცემა. ყველაზე დიდი კონტაქტი რუსეთთან კი აქვთ და დღემდე ინარჩუნებენ ბეჟუაშვილები. რუსული გაზის წარმომადგენლები საქართველოში სწორედ ბეჟუაშვილები იყვნენ. მათ ყველაფერი ნეიტრალურ, ობშორულ ზონებშია აქვთ გატანილი. გინახავთ, ბეჟუაშვილებს რაიმე შეხებოდათ? არა, რადგან ბეჟუაშვილები კიევში სააკაშვილთან ერთად სწავლობდნენ. ვინც კი კიევში სააკაშვილთან ერთად სწავლობდა, აჭარის პრემიერ-მინისტრის ჩათვლით, მასზე „უკეთესი“ საქართველოში არ არის. მე ბეჟუაშვილების მამას ვიცნობდი და მარტიროსიანი იყო, დედა ბერძენი ჰყავს. სომხების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ გვარებს რომ იცვლიან იმისთვის, რომ საქართველოს თავზე დაასხდნენ, ეს კატასტროფაა. ეს ძმები ყველაფერს განკარგავენ. წარმოიდგინეთ, საკუთარი თვითმფრინავი იყიდა პარლამენტარმა. ეს რომ ვინმეს გაეკეთებინა ოპოზიციაში, რა ამბებს ატეხდა სააკაშვილი?! გაყარეს ყველა, აფხაზი იყო თუ ოსი იყო, ვინც კი თითო-ოროლა მეწარმე იყო საქართველოში. ქართველი მეწარმეები გაყრილები არიან, თურქები რაღაცას ააშენებენ ბათუმში და დიდი ამბით ხსნიან ამას, ქართველებს არაფერს აკეთებინებენ, თუკი ფეხქვეშ არ გაეგებიან.
ცნობილია, რომ საქართველოდან უცხოელი ბიზნესმენები გარბიან, რადგან მათ საამისო პირობებს არ უქმნიან. ამ ფონზე რუსეთიდან ჩამოსულ ბიზნესმენთა მოღვაწეობა რამდენად საშიშია წინასაარჩევნო პროცესისთვის და ეს ხომ არ ნიშნავს, რომ რუსეთს სააკაშვილის ხელისუფლებაში დარჩენა აწყობს?
- იმაზე უკეთეს პიროვნებას, როგორიც სააკაშვილია, რუსეთი ვერ მოძებნის. რუსეთს აწყობს პიროვნება, რომელთანაც არ ლაპარაკობს, მაგრამ დაჩოქებული ჰყავს. ასეთია სააკაშვილი. ნებისმიერი, ვინც არ უნდა მოსულიყო ხელისუფლებაში, თუნდაც ჩემი მოწინააღმდეგე ყოფილიყო, ორ-სამჯერ მეტს გააკეთებდა. 2008 წელს სოხუმამდე და ბათუმამდე ექვსგანყოფილებიანი ავტობანი უნდა გაეყვანათ, მაგრამ გორს ვერ გასცდნენ. ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იტალიელი ბიზნესმენი ვალენი თავის თავზე იღებდა ამას. მასთან ხელშეკრულება ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს იყო ხელმოწერილი. მას უნდა გაეკეთებინა ეს ყველაფერი, არჩევნები რომ დამთავრდება, სოხუმში არ დამრჩება გზა დაუგებელიო, 5 მილიარდს ჩავდებ გზებშიო, მაგრამ პროექტი არ შედგა. ეს კაცი აქედან გააგდეს და ბეჟუაშვილებმა აიღეს ხელში ეს საქმე, მათი ცემენტით აგებენ ამ გზებს. მოკლედ, საშინელება ხდება. ეს ხელისუფლება როცა არ იქნება, ხალხი ისეთ ფაქტებს გაიგებს, რაც საერთაშორისო ექსპერტებმა უნდა გამოიკვლიონ. რატომ არ არის ევროპული ინვესტიციები საქართველოში, რატომ შემოდის მაინცდამაინც არაბული, თურქული? თურქეთის ეშინია მთელ მსოფლიოს, მათთვის გადაკეტილია ყველა გზა. ძლიერი სახელმწიფოა თურქეთი და ძლიერი პრემიერი ჰყავს, - ერდოღანი. ამ ხალხს გზას არავინ უხსნის და ამ დროს ჩვენ ირანთან, თურქეთთან, რაც ყველაზე საშიშია, გზები გავხსენით. ერდოღანის არჩევნების წინ გამოაცხადეს თურქებმა, აჭარა ჩვენიაო, რადგან უვიზო რეჟიმი დაწესდა. ამას ვერსად მიაღწია თურქეთმა და ეს პატარა საქართველოში გაკეთდა. დღეს თურქებზე მეტი ირანელი შემოვიდა ქვეყანაში, ისინი ქართული გვარებით ეწერებიან და ამომრჩევლები ხდებიან.
რაც შეეხება ინტერნეტსივრცის გაკონტროლებას?
- შარანგიებმა ხელში ჩაიგდეს „კავკასუს ონლაინი“, გააქციეს პატიოსანი ადამიანები. რეალურად კი შარანგიები აქ არაფერ შუაშია, სააკაშვილისაა ყველაფერი. მარტივი სიტუაცია არ არის, როდესაც ხელისუფლებამ ინტერნეტსივრცე კონტროლქვეშ აიყვანა, საქართველოს განვითარებაზე დამთავრდა საუბარი. ადამიანები ისე დაამშიეს, რომ საკუთარი პრეზიდენტობის მეცხრე წლისთავზე, პრეზიდენტი გეუბნება, პენსიას გაგიზრდით, ვაუჩერებს და პოლისს მოგცემთო. განა შეიძლება, ერთი ტომარა ფქვილით მთელი ოჯახი მოისყიდო?!