ბიძინა ივანიშვილის მიმართვა აჭარლებს

ბიძინა ივანიშვილის მიმართვა აჭარლებს

მოგესალმებით, ჩემო ბათუმელებო! მოგესალმები, ჩემო აჭარა!

მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ აქ შეკრებისთვის.

მივესალმები ქედას, ხულოს, შუახევს, ქობულეთს, ხელვაჩაურს, ბათუმს!

მივესალმები მთელ საქართველოს!

დღეს ჩვენ საქართველოს კარიბჭედ ქცულ მიწაზე ვდაგავართ, რომელსაც ვინ მოსთვლის რამდენი ჭირ-ვარამი გადახდენია თავს!

დიდი იმპერიების ჭიდილში აჭარა ყოველთვის სამშობლოს, საქართველოს  ერთგული იყო;  ხშირად საკუთარ ქვეყანას მოწყვეტილი, ჩუმად გულში ქართველობას ინახავდა და უცხოელების ქვეშვევრდომობას არასოდეს შეჰგუებია.
აქ ეროვნულ ცნობიერებას ისე ღრმად ჰქონდა ფესვები გადგმული, რომ სამშობლოს  ერთგულება და სიყვარული ერთი წუთითაც არ განელებულა.

აი, ამიტომაა, რომ აქ, აჭარაში, განსაკუთრებული სიმძაფრით იგრძნობა ქართველობა, საქართველოს სიყვარული და ერთგულება!
აჭარა ისეთ დროსაც მოესწრო, როდესაც სახელმწიფო საზღვრები ისე გაუვლეს, რომ ერთ სოფელში მოსახლე ძმებიდან ერთი საქართველოში დარჩა, მეორე კი საზღვრის გადაღმა აღმოჩნდა. ისინი სიმღერით ეხმიანებოდნენ და ისე ატყობინებდნენ თავის სათქმელს ერთმანეთს. აჭარამ ამ განსაცდელსაც ღირსეულად გაუძლო!

განსაკუთრებულია ამ კუთხის ღვაწლი ჩვენი ქვეყნის,  საქრისტიანო და სამუსლიმანო საქართველოს, მთლიანობის შენარჩუნებასა და საბოლოო გაერთიანებაში.

როდესაც საქართველოს მთლიანობა იყო გადასარჩენი, არავინ არჩევდა, ვინ იყო  ქრისტიანი და ვინ  - მუსლიმანი.
მე კარგად ვიცი, ახლა თქვენს გულში რა ცეცხლიც ტრიალებს. ეს ცეცხლი სახიფათოც არის და სამართლიანიც. სწორედ სამართლიანობის გამოა ის განსაკუთრებულად საშიში. ტყუილის, უსამართლობისა და უკანონობის გამოა ის დანთებული თქვენს გულში.  

თქვენ ტყუილისგან თავისუფალ, სიმართლესა და კანონიერებაზე აშენებულ ქვეყანას იმსახურებთ. და ახლა, საქართველოში სიმართლის, სამართლიანობის დრო მოდის!

არადა, სწორედ სიმართლეს უპირისპირდება ეს ხელისუფლება და ყველგან ტყუილს თესავს. ტყუილი და ცილისწამება მათი ყველაზე საყვარელი იარაღია. მეც რამდენი რამ დამაბრალეს, რაც პოლიტიკაში შემოვდგი ფეხი. ისიც კი დამაბრალეს, რომ მე, თურმე,  საბჭოთა კავშირი მენატრება.
მე კარგად მახსოვს საბჭოთა კავშირი, რომელიც საყოველთაო, ტოტალური ტყუილის იმპერია იყო - ეს იყო მექრთამეობისა და დახლს ქვემოთ გადანახული სინდისის ქვეყანა, ქვეყანა, სადაც კარგად ცხოვრება მხოლოდ კომპრომისებს და გაიძვერობას მოჰქონდა.

საბჭოური აზროვნება დღემდე ცოცხალია და საზოგადოების განვითარებასაც სწორედ ეს აბრკოლებს. დიახ, სწორედ ტყუილი, თვალთმაქცობა და ფარისევლობა იყო საბჭოეთის ნამდვილი, რეალური იდეოლოგია, რომელიც ადამიანებს აიძულებდა, ერთი ეფიქრათ, მეორე ელაპარაკათ და მესამე ეკეთებინათ.

ნაციონალური ხელისუფლება გაჭრილი ვაშლივით ჰგავს თავის საბჭოთა წინამორბედს, უფრო ზუსტად, წინაპარს.
დააკვირდით სააკაშვილს, დააკვირდით სააკაშვილის ხელისუფლებას და უზუსტეს მსგავსებას იპოვით საბჭოთა ხელისუფლებასთან.

სააკაშვილი გააფთრებით გაჰკივის ყველგან, მეტი საქმე არ მაქვს, ეს ქვეყანა ვინმე სხვას გადავაბარო და დავანგრევინოო.
მე არ ვიცი არც ერთი სხვა ქვეყნის ხელისუფლება, რომელიც ასე დაუფარავად გაბედავდა იმის საჯაროდ გაცხადებას, რომ არსად არ აპირებს წასვლას,  არ აპირებს თავისი ნებით ხელისუფლების ხალხისთვის გადაბარებას. მე არ ვიცი ამის საჯაროდ მთქმელი არც ერთი ხელისუფლება, საბჭოთა ხელისუფლების გარდა.

თავისი წინაპარივით ამ ხელისუფლების იდეოლოგიაც  ტყუილზეა აგებული, ხოლო საბჭოური მექრთამეობა ელიტარული კორუფციით არის ჩანაცვლებული.

ორი-სამი კაცი თავისი ნება-სურვილით განკარგავს სახელმწიფო ბიუჯეტს და არა მარტო ბიუჯეტს. სააკაშვილის, მერაბიშვილის, ადეიშვილის ხელშია ყველა საფინანსო ნაკადი, რაც კი ქვეყანაში ტრიალებს.  
აი, ასეთი ხელისუფლება მდებს მე ბრალს საბჭოური ცხოვრების ნოსტალგიაში. არც ეს ტყუილი გაუვა, რადგან ყველამ კარგად იცის, რომ ჩემი წარმატება სწორედ იმან განაპირობა, რომ საბჭოეთს მოეღო ბოლო.  

ეს ხელისუფლება მდებს ბრალს იმაში, რომ მე რუსეთის  შემოყვანა მინდა. აი, ამას მაბრალებს მე ხელისუფლება და ამას გაჰკივიან მის მიერ დაგეშილი ადამიანები. მაგრამ სწორედ ამ ხელისუფლების მეთაურმა, სააკაშვილმა, თავის უგუნური პოლიტიკით, უკვე შემოიყვანა რუსის ჯარი საქართველოს ტერიტორიაზე, და ეს რომ ასეა, ამის დასტურია ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები, იქ მდგარი რუსეთის ჯარი და  ასობით დაკარგული ქართული სოფელი.

ჩვენ დავასრულებთ  საქართველოში საბჭოეთის ეპოქას, ტყუილის ეპოქას! ელიტარული კორუფციის ეპოქას! უსამართლობისა და უნამუსობის ეპოქას! საქართველოში პატიოსნების დრო მოდის!
ჩვენს ქვეყანას დღეს ბევრი რამ სჭირდება, თუმცა არც იმდენი, რომ მისი წელში გამართვა ვერ შევძლოთ. პირველ რიგში, უნდა აღვადგინოთ წონასწორობა, რომელიც უკიდურესად დარღვეულია დღეს საქართველოს სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში. 

ჩემო ქართველებო! ყველანი ვხედავთ, რომ ჩვენი ქვეყანა სადაცაა თავზე დაგვექცევა. განსაკუთრებით აშკარაა ეს საფრთხე აქ, აჭარაში, და მე მიმაჩნია, რომ საქართველოს ბედი დღეს სწორედ აქ, აჭარაში, ბათუმში წყდება.
ბათუმი ყოველთვის  განსაკუთრებული ქალაქი იყო ყველა ჩვენგანისათვის, განსაკუთრებული კულტურის მქონე, ბათუმს თავისებური სული  და განუმეორებელი ხიბლი ჰქონდა. ყველას ასეთი გვიყვარდა, თავისი არქიტექტურით, თავისი სისადავით.

დასანანია, რომ უდიდესი თანხა, რომელიც ხელისუფლებამ ბათუმში  ახალ მშენებლობებზე დახარჯა, საბოლოოდ, არა იმდენად მოსახლეობის კეთილდღეობას ემსახურება, რამდენადაც ერთი კაცის კომფორტსა და პატივმოყვარეობას.

განა არ შეიძლება  აშენო ისე, რომ ქალაქის მოსახლეობა არ დააზარალო, არ დააზიანო ბათუმის ისტორიული იერ-სახე და განუმეორებელი კოლორიტი, ტლანქად არ ჩაერიო ურბანულ სტრუქტურაში და  პრიმიტიული, უგემოვნო მიმბაძველობის მაგალითები არ დაუტოვო შთამომავლობას?! განა არ შეიძლებოდა ეს საქმე მიგვენდო პროფესიონალებისთვის და ბათუმი ერთი კაცის ამბიციებისა და ფანტაზიების პოლიგონად არ გადაქცეულიყო?!

კარგია, თუ სადმე დაიგო გზები, მაგრამ წყალგაყვანილობა და კანალიზაცია რომ კვლავ მოუწესრიგებელია, წუხანდელმა წვიმამაც დაგვანახა.

დასანანია, რომ უკონტროლოდ დახარჯულმა მილიონებმა, რომელიც  ასეთ გაუაზრებელ და უსისტემო განაშენიანებას მოხმარდა, მოსახლეობას, თითოეულ თქვენგანს, ვერანაირი სარგებელი ვერ მოუტანა.
დანაშაულია, რომ საქართველოს ამ უძველესი და ულამაზესი კუთხისათვის ხელისუფლებამ ვერ მოიფიქრა სხვა ფუნქცია, კაზინოებისა და ნახევრად ლეგალური საროსკიპოების გარდა.

ბათუმში, როგორც ყველა ზღვისპირა ქალაქში, მრავალი ეროვნებისა და სარწმუნოების ადამიანი ცხოვრობს; ასეა უკვე მრავალი წელი და არ ყოფილა მათ შორის არც ერთი დაპირისპირება, ან თუნდაც სულ მცირე გაუგებრობა ნაციონალურ ან რელიგიურ ნიადაგზე.  ჩვენ ხომ ტოლერანტობას და მეგობრობას ვერავინ გვასწავლის.

მეგობრობის გარდა, ჩვენ კარგი მეზობლობაც ვიცით. თურქეთი ჩვენი მეზობელია, ნატოს წევრი ქვეყანაა. მასთან ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობა, კეთილმეზობლური ურთიერთობა გვაკავშირებს. ყველას გვახსოვს ის სიკეთე, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისში თურქეთთან საზღვრის გახსნამ მოგვიტანა. 
ამ ხელისუფლებამ, რომელიც თავისი ძალაუფლებისა და კეთილდღეობისთვის უკან არაფერზე იხევს, გაუგონარი ვითარება შექმნა ქვეყანაში, განსაკუთრებით კი, აჭარაში. ხელისუფლება თავისი მოქალაქეების მიმართ აშკარად დისკრიმინაციულად მოქმედებს.

ინვესტიციების ხელშეწყობა ძალიან კარგია, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა ხდებოდეს საკუთარი მოქალაქეების ხარჯზე. არც ერთი თავმოყვარე სახელმწიფო ასე არ იქცევა, არც დასავლეთში და არც აღმოსავლეთში.  
სამარცხვინოა ნებისმიერი  ქვეყნისთვის, რომ მისი მაღალკვალიფიციური  მოქალაქეები მეზობელ ქვეყანაში ლუკმა-პურისთვის გადახვეწილები, მათთვის შეუფერებელ, შავ სამუშაოს ასრულებენ წარმოუდგენლად მცირე  ანაზღაურების ფასად.

მაგრამ, კიდევ უფრო სამარცხვინოა, როდესაც შენი ქვეყნის მოქალაქეები სრულიად დაუმსახურებელად დისკრიმინაციულ მდგომარეობაში არიან  აქ, მშობლიურ მიწაზე! 

ჩვენ შევცვლით შრომის კოდექსს ისე, რომ არც ერთ დამქირავებელს აღარ შეეძლოს დაქირავებულის უფლებების შელახვა. ჩვენ აღვადგენთ სამართლებრივ და უფლებრივ წონასწორობას დამქირავებელსა და დაქირავებულს შორის. ვეღარავინ გაბედავს ჩვენი მოქალაქის ან სტუმრის დაჩაგვრას და შეურაცხყოფას! ეს  დამთავრდება!  ამის სიტყვას მე გაძლევთ!
მე თავიდანვე გითხარით, რომ ამ უმსგავსობას ჩვენ უსათუოდ მოვუვლით, და რაც შეიძლება სწრაფად! გპირდებით!

უცნაური ქალაქია ბათუმი. ბათუმი წვიმას უყვარს. ასევე უყვარს ბათუმი მთელ საქართველოს... ეს არცაა გასაკვირი, საქართველო ხომ ზღვისპირა ქვეყანაა. ხოლო შავი ყავის სურნელით მთვრალი ბათუმი ჩვენი ზღვისპირეთის მთავარი ქალაქია. იგი ცრემლნარევი ღიმილია საქართველოს პირისახეზე!
თქვენ, ბათუმელებო, ამაყად და თავისუფლად ივლით ბათუმის ქუჩებში და თქვენ იქნებით ამ ქალაქის ბატონ-პატრონი, და არავინ იქნება თქვენი მეტოქე წვიმის  გარდა...

აქვე ვახსენებ კიდევ ერთ გაუგებრობას, რომელშიც თქვენ ხელისუფლებამ გაგხვიათ. ხალხო, ჩვენ ხომ ვიცით, რომ რელიგიური შემწყნარებლობა ქართული ტრადიციის ერთ-ერთი საუკეთესო და უძველესი ნაწილია.
ვიცით ისიც, რომ აღმსარებლობის თავისუფლება ხელშეუხებელი უნდა იყოს სამართლიან და დემოკრატიულ სახელმწიფოში. ამიტომ მხოლოდ უნდა გვეამაყებოდეს ის, რომ ქრისტიანული ეკლესიების გვერდით საქართველოში დღეს   მუსლიმანური მეჩეთები მოქმედებს.

ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანებმა  და მუსლიმანებმა ერთმანეთის გვერდით თანასწორად და ღირსეულად უნდა იცხოვრონ. მე ვიცი, რომ თქვენ არა მორიგი მეჩეთის აშენება გაშფოთებთ, არამედ თქვენ გაშფოთებთ ჩვენი ხელისფულების ძალიან საეჭვო ნაბიჯები. თორემ უცხო ქვეყნის მიწაზე მდებარე ძველი ქართული ხუროთმოძღვრების შედევრებს, თუ რა ბედი ეწევა, ჩვენ, ამ ხელისუფლებისგან განსხვავებით, მართლაც გვადარდებს.
ამიტომ გპირდებით, რომ როცა ოქტომბერში არჩევნებში გავიმარჯვებთ, დაუყოვნებლად გამოვარკვევთ და სააშკარაოზე გამოვიტანთ ყველაფერს, რაც ამ მტკივნეულ და საჩოთირო საკითხთანაა დაკავშირებული. შემდეგ კი თქვენთან ერთად გადავწყვეტთ საქმეს ისე, რომ ჩვენს ისტორიულ საგანძურსაც მიეხედოს და არც ჩვენი მოქალაქეების რეალური და კანონიერი მოთხოვნები დარჩეს უგულებელყოფილი.

ჩემო მეგობრებო!

ოფიციალური მონაცემებით 2003 წლიდან დღემდე საქართველოში რვა-ნახევარი მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. ეს ცოტა  არ არის ჩვენისთანა ქვეყნისთვის.

ამ ინვესტიციას, წესით და კანონით, სულ მცირე 170 ათასი ახალი სამუშაო ადგილი უნდა შეექმნა 170 ათასი ჩვენი მოქალაქისთვის. დაუჯერებელია, მაგრამ პირიქით მოხდა!

ხალხო, თურმე, დღეს საქართველოში, საჯარო, ოფიციალური მონაცემებით, 150 ათასი ადამიანით ნაკლებია დასაქმებული, 150 ათასი ადამიანით ნაკლებს აქვს სამუშაო და სამსახური, ვიდრე 2003 წლის მიწურულს!

ასეთი საგანგაშო ვითარება კი მხოლოდ იმიტომ შეიქმნა, რომ სააკაშვილის ხელისუფლება შემოსულ მილიარდებს არ მოიხმარს დანიშნულების მიხედვით. ამ თანხის დიდი ნაწილი ელიტარული კორუფციის წყარო ხდება.
ჩვენ პირობას გაძლევთ, რომ შევქმნით ისეთ ბიზნესგარემოს, რომელიც რეალურად მიმზიდველს გახდის საქართველოს უცხოელი ინვესტორებისთვის და ინვესტიციები ერთი კაცის ახირებას კი არ მოხმარდება, არამედ თანაბრად და ჭკვიანურად განაწილდება, რათა შეიქმნას, რაც შეიძლება მეტი რეალური სამუშაო ადგილი.

ჩვენ ხელს შევუწყობთ ისეთი ახალი საწარმოების გახსნას,  სადაც დასაქმებული ადამიანები პატიოსანი შრომით შეძლებენ ღირსეულად ცხოვრებას.
ხალხნო, საქართველო ზღვისპირა სახელმწიფოა და ასეთ ბუნებრივ რესურსებს ნებისმიერი ქვეყანა გონივრულად გამოიყენებდა ეკონომიკის განვითარებისთვის.

ჩვენს ქვეყანასაც ჰქონდა საზღვაო ფლოტი, მართალია, არც ისე კარგი, მაგრამ შეიძლებოდა მისი გაუმჯობესება და რეფორმირება.

ამ ხელისუფლებამ მოახერხა და ნაცვლად იმისა, რომ  მდგომარეობა გამოესწორებინა, მთლიანად წყალს გაატანა ქართული სანაოსნო.

15 გემი გაასხვისა მიზერულ ფასად - 90 მილიონ დოლარად, მაშინ როცა მყიდველმა კომპანიამ ამ გემებიდან 2 გემი ერთი წლის შემდეგ 80 მილიონ დოლარად გაყიდა. ანუ სახელმწიფომ თითქმის მთელი ფლოტი - 15 გემი - მხოლოდ 2 გემის ფასად გაყიდა.
ჩვენს მეზღვაურებს არაფერი შეეხებათო, გვპირდებოდა ხელისუფლება და ამის საბუთად მეზღვაურთა დასაქმების 12-წლიანი ვალდებულება მოჰქონდა.

მაგრამ ისე მოხდა, რომ კომპანია 5 წელიწადში გაკოტრდა და ყველა იქ მომუშავე ადამიანი უსამსახუროდ დარჩა.
გარდა იმისა, რომ ხელისუფლება არ დაინტერესებულა თავისი მოქალაქეების ბედით, ჩვენს ქვეყანას ფლოტის გარეშე დარჩენის საფრთხე ემუქრება. ასე ექცევა სააკაშვილის ხელისუფლება თავის ხალხსა და ქვეყანას.

ჩვენ ვიცით, რომ მეზღვაურობა ბათუმელებისთვის პრესტიჟულ, საამაყო, და ამავე დროს შემოსავლიან პროფესიად ითვლება, რადგან ზღვაოსნობას აქ დიდი ტრადიცია აქვს.   ქართველ მეზღვაურებს უცხოეთში ყოველთვის კარგი სახელი ჰქონდათ.
ჩვენ, „ქართული ოცნება“, აუცილებლად აღვადგენთ ნაოსნობის ტრადიციას, ფლოტის გადარჩენითა და განვითარებით გაჩნდება ასეულობით სამუშაო ადგილი და ბევრი ჩვენი მოქალაქე დაიბრუნებს თავის პროფესიას.

უმუშევრობა რომ მძვინვარებს, სოფელი რომ მისახედია, და ადამიანის ჯანმრთელობა რომ მთავარია, ამაზე მხოლოდ ახლა, არჩევნების წინ ალაპარაკდა ხელისუფლება.

თურმე აქამდე სახელმწიფოს აშენებდნენ და ამიტომ არ ეცალათ თქვენთვის, თურმე სახელმწიფოს მშენებლობა ადამიანზე ზრუნვას გამორიცხავს.  
ასე უტიფრად გვატყუებენ, მაგრამ ჩვენს ხალხს მოთმინების ფიალა უკვე აევსო. სწორედ ამას დაადასტურებს ხალხი არჩევნებზე, 1-ელ ოქტომბერს დაადასტურებს, რომ ტყუილს სიმართლე ურჩევნია და გაჭირვებას - კეთილდღეობა! მე მჯერა ამის, მე მჯერა ჩვენი ხალხის და ამიტომ მოვედი პოლიტიკაში!

ქვეყნის წელში გატეხვა, ქვეყნის წაქცევის პირამდე მიყვანა ამ ხელისუფლებამ, პირველ რიგში, სოფლის მეურნეობის სრული უგულებელყოფით მოახერხა. აბა სხვა რა შეიძლება უწოდო, პირდაპირ ვიტყვი - იმ ავკაცობას, რომელიც ხელისუფლებამ ქართული სოფლის მიმართ ჩაიდინა.
სოფლებში არ არის გზა, არ არის სასმელი წყალი, არ არის გაზი. გლეხს არ გააჩნია შრომის  სათანადო იარაღი და, შესაბამისად,  უკიდურეს გაჭირვებაში უწევს ცხოვრება.

აჭარაში შემოსავლის ერთ-ერთი ძირითადი წყარო ციტრუსია. თქვენ თავდაუზოგავად შრომობთ, მაგრამ ამ შრომის შესატყვისი შემოსავალი არ გაქვთ. ჩვენ დავკარგეთ გასაღების ბაზარი და არაფერი ვიღონეთ იმისთვის, რომ ახალი ბაზარი გამოგვენახა.  
აჭარაში ციტრუსის მოსავალი გაუსაღებელი რჩება, ან ისეთ ფასად იყიდება, ტრანსპორტირების ხარჯსაც რომ ვერ ანაზღაურებს.  

ჩვენ გამოვნახავთ ახალ ბაზრებს და რუსულ ბაზარსაც დავიბრუნებთ.

სოფლებში გლეხების უმეტესობა გაღატაკდა და ამიტომ ყველა გაქცევაზეა. უცხოეთში გადადიან და იქ მუშაობენ კაპიკებად, რათა ოჯახი როგორმე გამოკვებონ.

აი, ამ დღეში ჩააგდო ხელისუფლებამ ჩვენი ამაყი ხალხი, ასე დააბეჩავა! კაცს თავისი ნაყოფიერი მიწა-წყალი მოუვლელი აქვს და უცხოეთში ლამის ყმად უდგება დამქირავებელს. ეს უნდა შეწყდეს! ჩვენ დავასრულებთ ასეთ ყოფას!
სწორედ ამიტომ, „ქართულ ოცნებას“ დაგეგმილი აქვს ააღორძინოს ქართული სოფელი და ამისათვის შექმნას ერთმილიარდიანი ფონდი

ჩვენ შევცვლით ახლანდელ პოლიტიკას და ქართულ სოფელს მის მთავარ ფუნქციას დავუბრუნებთ - სოფელმა ქვეყანა უნდა გამოკვებოს. ქართულ ბაზარზე  დაბრუნდება ჩვენს მიწაზე მოყვანილი მოსავალი.
ჩვენ ხელს შევუწყობთ ხულოში, შუახევსა და ქედაში ისეთი ტრადიციული დარგების აღორძინებას, როგორიცაა მეთამბაქოეობა, მეფუტკრეობა, მეხილეობა და მესაქონლეობა.

ხელისუფლების დანაშაულებრივი პოლიტიკის გამო ზღვის ქვეყანაში თევზის რეწვა ჩვენი მოქალაქეებისთვის ხელმიუწვდომელია. დღეს ეს დარგი მთლიანად მონოპოლიზებულია.

ჩვენ დავამყარებთ სამართლიან და კონკურენტულ გარემოს, რითაც ხელს შევუწყობთ ამ მომგებიანი დარგის განვითარებას, სრულ ციკლს ავაწყობთ თევზის ჭერიდან მის საბოლოო გადამუშავებამდე და ამით შეიქმნება რეალური სამუშაო ადგილები.

ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტზე ახლა მთელ მსოფლიოში უდიდესი მოთხოვნილებაა. ამიტომ ჩვენ დავნერგავთ თანამედროვე ტექნოლოგიებს და ჩვენი სურსათით უცხოურ ბაზარზეც თამამად და წარმატებით გავალთ.

ჩვენ გვჯერა და გპირდებით, რომ სოფლის მეურნეობის აღორძინება შვებას მოუტანს ყოველ ადამიანს, ყოველ ოჯახს, შეიქმნება გადამმუშავებელი საწარმოები და გაჩნდება ათეულობით ათასი სამუშაო ადგილი.
ერთ ჩემს შეხედულებას მოგახსენებთ, რომელსაც, იმედი მაქვს, უმრავლესობა იზიარებს. თუ მართლაც განვითარებულ და არა ჩამორჩენილ ქვეყნად გვინდა ჩამოვყალიბდეთ,  ჩვენ უნდა შევქმნათ და განვავითაროთ უმაღლესი რანგის საგანმანათლებლო დაწესებულებები, სკოლები, ინსტიტუტები და უნივერსიტეტები, და, ამასთანავე, მოწინავე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმოები, სადაც თქვენ და თქვენი შვილები სიამოვნებით იმუშავებთ.

ჩვენ ხომ სწორედ ამ, 21-ე, საუკუნეში ვაპირებთ  ღირსეული ადგილის მოპოვებას და დამკვიდრებას.

გახსოვთ ალბათ, ამას წინათ, ბათუმელებს სააკაშვილი ევროპაში ყველაზე მაღალ - 40-სართულიან უნივერსიტეტს დაჰპირდა - 35-ე სართულზე ეშმაკის ბორბლით, კაფე-ბარებით და ბიბლიოთეკით. ტელეკამერების წინ სპეციალურად შექმნილი დეკორაციიდან ახალგაზრდებს მოუწოდა, ყავის ჭიქით და წიგნით ეშმაკის ბორბალზე მოკალათებულებმა იმეცადინეთო.

აი, ასე დასცინის სააკაშვილი ახალგაზრდებს, რომელთა უმრავლესობისთვის უმაღლესი განათლების მიღება ფინანსურად მიუწვდომელია, მრავალ სტუდენტს კი სტუდენტის სტატუსი აქვს შეჩერებული, რადგან გადასახადებს ვერ იხდის.

სააკაშვილს ისე უჭირავს თავი, თითქოს ბათუმში არ იყო, ხელისუფლება რომ დაერია ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტებს,  როცა აუდიტორიებში ცრემლსადენი გაზი გაუშვეს.
2007 წლის 8 ნოემბრიდან უკვე 5 წელი გადის, მაგრამ ამ   ახალგაზრდებისთვის ბოდიშიც კი არავის მოუხდია, ვითომც არაფერი მომხდარა,  და ახლა ეშმაკის ბორბლით უნდათ თავბრუ დაახვიონ.

ჩვენ განათლება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად გვაქვს გამოცხადებული. ამ ხელისუფლებამ ბევრ სოფელში დახურა სკოლა და საბავშვო ბაღი, ეს განსაკუთრებით  მწვავედ მაღალმთიან რაიონებში იგრძნობა.
ჩვენ ყველა სოფელში აღვადგენთ სკოლას, ყველა ბავშვს მიეცემა  განათლების მიღების საშუალება და აღარ მოუწევთ სკოლამდე სოფელ-სოფელი სიარული. მშობლებს კი აღარ გაუჭირდებათ სახელმძღვანელოების შეძენა.

დღეს ყველაზე უუფლობო და დამცირებული მასწავლებლები არიან. გარდა იმისა, რომ მათგან ხელისუფლება, არჩევნებში თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, სრულ მორჩილებას და  მსახურებას მოითხოვს, მათი უფროსია ყველა - სამინისტრო, დირექტორი, მანდატური, და ხშირად, მშობელიც კი. მასწავლებლის ავტორიტეტი მთლიანად   დაკნინებულია.
მასწავლებლებო, ქედს ვიხრი თქვენ წინაშე. თქვენმა უმრავლესობამ მაინც მოახერხა და ამ მძიმე დროს არაფერი დაიშურა, რათა სათანადო ცოდნა მიეცა ბავშვებისთვის. მაგრამ მასწავლებლის უპირველესი დანიშნულება ხომ ისაა, რომ თავისუფალი პიროვნება აღზარდოს, თავისუფალი მოქალაქეები აღუზარდოს თავისუფალ ქვეყანას.

დღევანდელი ხელისუფლება კი თქვენგან სხვას მოითხოვს - მორჩილებას! დაშინებული მასწავლებელი  თავისუფალ მოქალაქეს ვერ აღზრდის. მასწავლებლებო,  შეასრულეთ თქვენი მთავარი მოვალეობა და ნუღარ ჩაუდგებით  ხელისუფლებას დამამცირებელ სამსახურში, ნუ მისცემთ არჩევნების გაყალბებაში თქვენი გამოყენების საშუალებას, ნუ მისცემთ უფლებას თქვენზე იბატონოს!!!  მასწალებლებო, გათავისუფლდით!
ჩვენ დაგიცავთ, დაგიცავთ ყველას, თითოეულ თქვენგანს. ნუ შეგეშინდებათ! თქვენი სინდისის კარნახს მიჰყევით და აჩვენეთ თქვენს მოსწავლეებს, რომ  თავისუფლება და ღირსება უმთავრესია ადამიანის ცხოვრებაში!

დამეთანხმებით, რომ ჯანდაცვის საქმე თუ არ მოგვარდა, აღარაფერს აზრი არ ექნება. 
ყველამ ვიცით, რა მძიმე მდგომარეობაა ამ მხრივ. თუმცა სააკაშვილი სპექტაკლებს დგამს და  საავადმყოფოებს საზეიმოდ ხსნის. ჩაქვშიც ხომ გახსნა ასეთი საავადმყოფო, რომელსაც, როგორც აღმოჩნდა, ამ დრომდე არა აქვს ლიცენზია და ვერც ერთ პაციენტს ვერ იღებს. ბათუმში გადაყვანისას კი არაერთი ავადმყოფი გზაში გარდაეცვალათ. ეს  უნდა დამთავრდეს! 

ჩვენ ნამდვილად ვიზრუნებთ ყველა მოქალაქის ჯანმრთელობაზე. სახელმწიფო აიღებს თავის თავზე ვალდებულებას და  ყოველი მოქალაქის ჯანმრთელობას დაიცავს.  ოქტომბერში, საპარლამენტო არჩევნებში ჩვენი გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ყოველ მოქალაქეს ექნება ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისი!

ჩვენ მივხედავთ თქვენს ჯანდაცვას!

შუა ზაფხულში, თანაც აჭარაში, აუცილებლად უნდა შევეხო თქვენთვის უაღრესად მნიშვნელოვან -  ტურიზმის  თემას.

ტურიზმი აჭარის მოსახლეობის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა.

რამდენიმე წლის წინ სანაპირო ზოლში მცხოვრები მოსახლეობა  ენდო  ხელისუფლებას და დაიჯერა, რომ საქართველოში მილიონობით ტურისტი ჩამოვიდოდა. ადამიანებმა კერძო სასტუმროებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ბანკებიდან მაშინვე აიღეს სესხი, რომლისთვისაც იპოთეკით დატვირთეს თავიანთი სახლები.

დღეს აქ,  ალბათ, ისინიც არიან, ვინც ამ სფეროში ხელისუფლების უგუნური, ზერელე პოლიტიკის გამო უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. როგორც ყოველთვის, ხელისუფლებამ, მაშინაც მოატყუა ხალხი. მილიონობით ტურისტი არსად ჩანდა, და ჩვენი მოქალაქეებიც მალე მევალე ბანკების პირისპირ დარჩნენ. იპოთეკით დატვირთული მაშინდელი სესხების გამო ბევრმა უკვე დაკარგა სახლ-კარი, ბევრსაც ახლა ემუქრება სახლებიდან გამოყრა.

ჩვენ სწორი ეკონომიკური პოლიტიკით, ნამდვილად შევძლებთ იმას, რომ საბანკო პროცენტი მკვეთრად შემცირდება, შესაბამისად, ადამიანებს კიდევ ექნებათ შანსი, რათა ხელი მიჰყონ პერსპექტიულ ბიზნესს, რომელიც მათ საშუალებას მისცემს ბანკთანაც გაასწორონ ანგარიში, ბიზნესიც განავითარონ და დამოუკიდებელი, ღირსეული ცხოვრების საშუალებაც მოიპოვონ.

ჩვენ, „ქართული ოცნება“, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, აუცილებლად შევუწყობთ ხელს ტურიზმის მატერიალური ბაზის გაუმჯობესებას და აუცილებლად დავეხმარებით ჩვენს მოქალაქეებს მომსახურების ხარისხის ამაღლებაში.

რა თქმა უნდა, ზღვის სეზონი საქართველოში 12-თვიანი  ვერასოდეს იქნება, მაგრამ ისტორიისა და კულტურის ძეგლები და ბუნებრივი ლანდშაფტი იმის შესაძლებლობას ნამდვილად იძლევა, რომ სწორად წარმართული ტურიზმი არა მარტო ზაფხულის 2 თვის, არამედ მთელი წლის განმავლობაში ხალხის და სახელმწიფოს შემოსავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო იყოს.

აჭარაში მიწის მფლობელობის საკითხი რომ მოსაგვარებელია, ამ ხელისუფლებას მარტო არჩევნების წინ ახსენდება. წინასაარჩევნოდ ხალხს გულუხვად ურიგებს მიწებს საკუთრებაში, ხოლო, როგორც კი არჩევნები ჩაივლის, - უტიფრად ართმევს.

ახლაც დაიწყეს მიწების ჩამორიგება, მაგრამ ამ ანკესს უკვე აღარავინ წამოეგება. ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში და მიწის სამართლიან რეფორმას ჩავატარებთ. ერთხელ და სამუდამოდ მიწა დაუკანონდება ჩვენს მოქალაქეებს და მათ საკუთრებას ვეღარავინ შეეხება. ხელისუფლება მდინარე ჭოროხზე, მაჭახელასა და აჭარისწყალზე   გიგანტური ჰესების მშენებლობას გეგმავს და ეს გადაწყვეტილებაც ისევე ნაჩქარევად და გაუაზრებლად აქვს მიღებული, როგორც საერთოდ სჩვევია.

ჰესების მშენებლობის წინააღმდეგი არავინაა, მაგრამ ეს მოსახლეობამ სპეციალისტებთან ერთად უნდა გადაწყვიტოს, რადგან ასეთი ჰესების მშენებლობას უამრავი პრობლემა და რისკი სდევს თან, იქნება ეს  ეკოლოგიური თუ მიგრაციული.

ეკოლოგიური ვითარება მთიან აჭარაში უამისოდაც უმძიმესია. სულ უფრო იზრდება ეკომიგრანტთა რაოდენობა, რომელთა ბედს ხელისუფლება ისე სახელდახელოდ და ნაუცბათევად წყვეტს, აზრადაც არ მოსდის, რომ ადამიანები კი არ უნდა მოწყვიტოს საკუთარ ფესვებს და გადაასახლოს, არამედ მშობლიურ კუთხეში დაასახლოს.

ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ და გამოვნახავთ საშუალებას, რომ აჭარის მკვიდრი აჭარაშივე დარჩეს. მე ამას გპირდებით!!!

დღეს ერთი ადამიანი წყვეტს ყველაფერს ჩვენი ქვეყანის ყველა სოფელში, ყველა ქალაქში, ყველა რეგიონში, ავტონომიურ რესპუბლიკაშიც კი. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ყველგან ერთი კაცის - სააკაშვილის სურვილებს ემორჩილებიან და მისი ახირებების უსიტყვო შემსრულებლები არიან.

ჩვენ, „ქართული ოცნება“, გპირდებით თქვენ, აჭარის მკვიდრნო, რომ თქვენ თბილისიდან ვეღარავინ მოგახვევთ თავს თავის ნება-სურვილს, თქვენ თავად გადაწყვეტთ ყველა საკითხს თქვენსავე ქალაქში, რაიონში, სოფელში. ჩვენ ამას გპირდებით!

ახლა მინდა შევეხო ჯარიმების თემას. ვიცი, რომ ბევრ ჩვენს მოქალაქეს დაკისრებული ჯარიმები დიდ თავსატეხად ექცა. ეს ხელისუფლება სულ იმას გვაყვედრის, რომ ევროპულ სტანდარტებს ვართ მიახლოებული. ამ შემთხვევაში დავეთანხმები მათ, დიახ, რაც ნამდვილად ევროპული გვაქვს, ეს გადასახადები და ჯარიმებია. მაგრამ, ვის სთხოვენ ასეთ გადასახადებს და ჯარიმებს? სთხოვენ იმ მოსახლეობას, რომელიც უგუნური და მტაცებლური პოლიტიკით გააღატაკეს და წელში გატეხეს, უზომოდ დიდ ჯარიმებს ახდევინებენ ადამიანს, რომელიც დილით ლუკმაპურის საშოვნელად გამოსული, საღამოს ხშირად ხელცარიელი და სასოწარკვეთილი  ბრუნდება შინ.

მეტიც, ადამიანს იმის საშულებაც კი მოუსპეს, რომ, თუ დაკისრებული ჯარიმა უსამართლოდ მიაჩნია, სასამართლოში გაასაჩივროს.  გასაჩივრება მომჩივანს კიდევ უფრო ძვირი უჯდება. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ სამართლის პოვნის იმედი უკვე აღარავის აქვს.

ხშირად ადამიანი დროულად ვერ იხდის ჯარიმას, ამიტომ ჯარიმას გადაუხდელობის პროცენტები ემატება  და საბოლოოდ ისეთ თანხას აღწევს, სახლ-კარის გაყიდვაც აღარ შველის საქმეს. აღარაფერს ვამბობ იმ ჯარიმებზე, რომლებიც ჩვენს მხარდამჭერებს დააკისრეს ამ რამდენიმე დღის წინ. ეს აბსურდი უნდა დამთავრდეს! 

ჩვენ სასწაულს ვერ მოვახდენთ, მაგრამ დავამყარებთ სამართლიანობას  ჯარიმებსა და  გადახდის რეალურ შესაძლებლობას შორის.  სამართლიანობის აღდგენას დავიწყებთ ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღეებიდან, გპირდებით!

ჩვენ პენსიებსაც გადავხედავთ და საარსებო მინიმუმსაც და ეს ციფრები ხალხის სასარგებლოდ შეიცვლება.

ჩვენ ყველა დანაპირებს შევასრულებთ,  სიტყვას გაძლევთ!

ბოლოს მინდა შევეხო იმ სტიქიურ უბედურებას, რომელიც ამ რამდენიმე დღის წინ დაატყდა თავს კახეთს, სამცხე-ჯავახეთსა და მცხეთა-მთიანეთს.

მე მინდოდა დავხმარებოდი ჩემს ხალხს, მაგრამ როგორც იცით, ამ ხელისუფლებამ ყველა გზა მომიჭრა ადამიანების დახმარებისთვის. არადა, ახლა ხალხს რეალური და სასწრაფო დახმარება სჭირდება.

ამიტომ მე გამოვნახე კანონიერი გზა დაზარალებულთა დახმარებისთვის. ის მრავალმილიონიანი ჯარიმა, რომელიც სახელმწიფომ უკანონოდ დამაკისრა - 80 მილიონი ლარი - გადავრიცხე სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად.

ჩვენ შევამოწმებთ ხელისუფლების ყველა ნაბიჯს, აღვწერთ ზარალს და ვპირდებით ყველას, რომ ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ არც ერთი ადამიანი არ დარჩება რეალური დახმარების გარეშე.

შემოდგომიდან ჩვენ ვიქნებით ის ხელისუფლება, რომელიც რეალურად  იზრუნებს ხალხზე, საქმეს გააკეთებს და არაფერს დააყვედრებს თავის მოქალაქეებს, რადგან ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული, რომ ხელისუფლება ხალხს უნდა ემსახუროს და არა - ხალხი ხელისუფლებას.

ჩვენი ხელისუფლება ისე იცხოვრებს, როგორც ჩვენი ხალხი ცხოვრობს, მე ამას გპირდებით! ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდება გათავხედებული ჩინოვნიკების თარეში, ხელისუფლება ხალხს უნდა ემსახუროს და არა - ხალხი ხელისუფლებას.

ჩვენი ხელისუფლება ისე იცხოვრებს, როგორც ჩვენი ხალხი ცხოვრობს, მე ამას გპირდებით! ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდება გათავხედებული ჩინოვნიკების თარეში, ხელისუფლებაში ყოფნა უდიდესი პასუხისმგებლობა იქნება და არა თანამდებობითა და ძალაუფლებით ტკბობა! მე ამას გპირდებით,  და სიტყვას გაძლევთ , რომ შევძლებთ!

მე და თქვენ ერთად შევძლებთ და, ღირსებას დავუბრუნებთ ჩვენს ქვეყანას!!!

ღირსებას დავუბრუნებთ ჩვენს ხალხს!!!

ჩვენი ქვეყანა თავს დააღწევს გაჭირვებას!!!

ისეთ ქვეყანას ავაშენებთ, სადაც არავის დასჭირდება ლუკმაპურის საშოვნელად სამშობლოდან გადახვეწა.

საქართველოში დაცული იქნება ადამიანის ყველა უფლება, აზრისა და სიტყვის თავისუფლება; სასამართლო იქნება სამართლიანი, მედია - დამოუკიდებელი, ბიზნესი - ხელშეუხებელი!

ისეთ ქვეყანას ავაშენებთ, სადაც ჩვენს საამაყო ჯარისკაცებსა და პოლიციელებს მიეცემათ იმის  შესაძლებლობა, რომ ღირსეულად ემსახურონ სახელმწიფოს და არა რომელიმე ხელისუფალს!!!

თავისუფალ საქართველოში თავისუფალი ხალხი იცხოვრებს, რომელსაც აღარ ექნება პოლიტიკური დევნის შიში! მე ამას გპირდებით!!!

ქართველები, ოსები, აფხაზები,  ებრაელები,  აზერბაიჯანელები, სომხები, რუსები,  ბერძენები და სხვები ისეთ ქვეყანას ავაშენებთ, რომელიც სამშობლო იქნება ყველასთვის!

საქართველო გახდება თავისუფალი, დემოკრატიული ქვეყანა, ევროპული თანამეგობრობის ღირსეული წევრი!

მე და თქვენ ერთად, შევძლებთ და, არჩევნებით შევცვლით ამ ხელისუფლებას!!!

და ამას ყველაფერს თქვენ შეძლებთ, მე და თქვენ ერთად შევძლებთ, და წინ ჩვენ ვერაფერი დაგვიდგება! ძალა ჩვენს ერთობაშია!!!

ამ ბრძოლაში ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით! მხოლოდ ერთად დგომით მოვიგებთ ამ ბრძოლას!

ჩვენ გვწამს და მტკიცედ გვჯერარომ გავიმარჯვებთ არჩევნებშიქართველიხალხი გაიმარჯვებსსაქართველო გაიმარჯვებსჩვენ ერთად შევქმნით უკეთესმომავალს და ერთად ავისრულებთ ქართულ ოცნებას!