ბიძინა ივანიშვილი: როგორ ავაშენებდი მშვიდობას კავკასიაში

ბიძინა ივანიშვილი: როგორ ავაშენებდი მშვიდობას კავკასიაში

8 აგვისტოს მეოთხე წლისთავი სრულდება იმ ხანმოკლე, მაგრამ სისხლიანი ომის დაწყების დღიდან რუსეთს და საქართველოს შორის, რომელსაც რუსების მიერ ჩემი ქვეყნის, საქართველოს, ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია მოჰყვა. საუბედუროდ, გასულმა წლებმა მშვიდობის მიღწევა უფრო რეალურ პერსპექტივად ვერ აქცია. რეგიონში, რომელიც ცდილობს 21-ე საუკუნის გამოწვევებთან გამკლავებას მე-19 საუკუნის ინსტიტუტებით, რომლის ფესვებიც მე-16 საუკუნის კონფლიქტებშია, დაძაბულობა იზრდება.

რატომ უნდა აღელვებდეს ეს ვინმეს რეგიონს მიღმა? ეს კონფლიქტი ემუქრება ევროპისა და შეერთებული შტატების მზარდ ინტერესებს კავკასიასა და შუა აზიაში. ჩვენ დიდი ხანია, რაც აღარ ვართ იზოლირებული მთიანი ფორპოსტი. ჩვენი სტრატეგიული მდებარეობა გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ცენტრალური როლი ვითამაშოთ რუსეთის და შუა აზიის ახალ ურთიერთობებში ირანთან, თურქეთთან და დასავლეთთან. სერიოზული რყევები რეგიონში შეიძლება აისახოს ენერგომომარაგებაზე და არამხოლოდ მასზე.

რუსეთი განაგრძობს ისტორიული წინააღმდეგობების გამწვავებას, ცდილობს რა წონასწორობა დააკარგვინოს ისეთ ქვეყნებს, როგორიც საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანია. სამწუხაროდ, საქართველოს დღევანდელი მთავრობა ვლადიმერ პუტინის წისქვილზე ასხამს წყალს. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამწვავებს სიტუაციას, როდესაც უსაფრთხოების პრობლემებზე წარსულის ტერმინებით ლაპარაკობს – მაგალითად, მან განაცხადა, რომ დაანგრევს „ახალ ბერლინის კედელს“ საქართველოს და რუსეთს შორის.

საბედნიეროდ, 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველო შეძლებს მთავრობის შეცვლას. თუკი ჩემს კოალიციას „ქართულ ოცნებას“ აირჩევენ, ის უარს იტყვის ცივი ომის რიტორიკაზე და ყველაფერს გააკეთებს ჩვენს რეგიონში ფეთქებადსაშიში სიტუაციის რეალური მიზეზების აღმოსაფხვრელად.

პირველ რიგში, ჩვენ კონცენტრაციას მოვახდენთ დემოკრატიაზე. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა შესანიშნავად აღნიშნა ივნისში ჩემს ქვეყანაში ვიზიტის დროს: „კეთილდღეობა და უსაფრთხოება საქართველოში გრძელვადიან პესპექტივაში დიდწილად დამოკიდებული იქნება თქვენი დემოკრატიის ხარისხზე“.

საქართველოში არ არის ქმედითი სამოქალაქო საზოგადოება. ჩვენ სიმძიმედ გვაწევს სწორედ ის ერთპარტიული ავტორიტარული მოდელი, რომელმაც ასეთი დამღუპველი როლი ითამაშა სხვა პოსტსაბჭოთა საზოგადობებისთვის. წარსულში, სუსტ და დანაწევრებულ ოპოზიციურ მოძრაობებს სასტიკად ახშობდნენ. ამიტომ, მე, როგორც კერძო მოქალაქე დავეხმარე ექვს პარტიას ძალების გაერთიანებაში კოალიცია „ქართული ოცნების“ ფარგლებში. როგორც უკანასკნელი კვლევები ცხადყოფს, ოქტომბრის არჩევნებში ჩვენი კოალიცია შეძლებს თანაბარი კონკურენციის გაწევას მთავრობისთვის. თუკი არჩევნები სამართლიანი იქნება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ. დემოკრატია იზეიმებს.

„ქართული ოცნება“ დასავლეთთან მჭიდრო პარტნიორობის მიღწევას გეგმავს. ჩვენ ვაღიარებთ დასავლური ფასეულობების მნიშვნელობას. ჩვენ ვაპირებთ გავხდეთ ევროპული და ატლანტიკური სტრუქტურების განუყოფელი ნაწილი. მოქმედი ხელისუფლება ამტკიცბს, რომ მას სურს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება, ჩვენს ამისკენ მივისწრაფვით. ჩვენ ვაპირებთ ჩვენს მეგობრებთან თანამშრომლობას საქართველოს ძლიერი თავდაცვითი ძალების მშენებლობის საქმეში.

თუმცა, ამ მთავრობასთან საერთო სხვა არაფერი გვაქვს. ჩვენ რეალურად ვაფასებთ საქართველოს შესაძლებლობებს; არ დავიწყებთ იარაღის ჟღარუნს და ვაღიარებთ, რომ საქართველო – პატარა რეგიონალური სახელმწიფოა, რომელიც ძალიან სახიფათო გარემოში ცხოვრობს. ჩვენ ვერ შევძლებთ სტაბილური მომავლის აშენებას სამხედრო სიმძლავრეში შეჯიბრით რუსეთთან, ან ნებისმიერ სხვასთან. თუკი ჩვენ კავკასიურ კუბად გარდავიქმნებით, შეგვიძლია სამუდამოდ დავემშვიდობოთ დასავლეთთან გაერთიანების იმედებს.

პირველ რიგში, ჩვენ ვაპირებთ მტკიცე და შეუპოვარ მოქმედებას. ჩვენ ახალ საფუძველს ჩავუყრით მშვიდობას ისევე შეუპოვრად, როგორც ეს ამერიკამ გააკეთა, როდესაც ბოლო მოუღო ომს ბალკანეთში. ისტორიულ მტრობასთან ბრძოლის გრძელვადიანი მოდელების ძიებაში ჩვენ მივმართავთ სამხრეთ აფრიკის გამოცდილებას, დიალოგს პოლონეთს და რუსეთს შორის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მთლიანდ ევროკავშირისას. შევისწავლით დემოკრატიის მშენებლობის გერმანულ მოდელს, რომელიც დაეფუძნება დახმარებას განვითარების მიზნით.

ჩვენი დიალოგი რუსეთთან იქნება მტკიცე და პრინციპული. რუსეთი და საქართველო დღესაც კამათობენ იმაზე, თუ ვინ არის პასუხისმგებელი 2008 წლის ომზე. ეს კონფლიქტი წარმოიშვა ქსენოფობიური და კონფრონტაციული მიდგომით, რაც ორივე ქვეყნის მთავრობისთვისაა დამახასიათებელი. თუკი ჩვენ შევძლებთ იმის აღიარებას, რომ შეცდომები ორივე მხრიდან იქნა დაშვებული, ეს უკვე გარკვეული პროგრესი იქნება.

ზოგიერთი დამკვირვებელი საქართველოს გარეთ, როგორც ჩანს მოსკოვს და თბილისს შორის დემოკრატიული დიალოგის გაურკვევლობას ნაცნობ სამხედრო დაპირისპირებას ამჯობინებს. ამიტომ, მე მინდა დავარწმუნო ჩვენი მეგობრები: ჩვენ არ ვაპირებთ ჩვენი თავდაცვის დემონტაჟს, არამედ გონივრულად ვაპირებთ მის გამოყენებას. საბჭოთა კავშირში და რუსეთში 20 წლის ცხოვრებამ მასწავლა, რომ რთული პოლიტიკური საკითხები შერჩევის მეთოდით უნდა მოაგვარო, ილუზიების გარეშე.

რაც შეეხება მათ, ვისაც ჩვენი გეგმები რუსული შეთქმულების ნაწილად მიაჩნია, რომელიც საქართველოს სიმტკიცის შესუსტებისკენაა მიმართული, მე მინდა მათი ყურადღება მივაპყრო კონფლიქტებს, რომელიც მსოფლიოს სხვა წერტილებშია გაჩაღებული. თავისუფლებასა და დემოკრატიაზე იმედის გარეშე ჩვენი საზოგადოება საბოლოოდ აფეთქდება შიდა წინააღმდეგობებისგან. ეს ქვაბი უკვე დუღს. კავკასიას შეიძლება ემუქრებოდეს რელიგიათშორისი კონფლიქტი, როგორიც სირიაშია. ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენს გვერდით რუსეთი და ირანი არიან, ეს არ არის ის რისკი, რომელზე წასვლისთვისაც ჩვენ მზად ვართ.

ბ-ნი ივანიშვილი – ბიზნესმენი და კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი
foreignpress.ge