კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატის ეკა ბესელიას შტაბის იურიდიულმა სამსახურმა 3 აგვისტოს ქ. ფოთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ფოთის პოლიციასა და პროკურატურაში საჩივარი შეიტანა.
საჩივარი ეხება 3 აგვისტოს ფოთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტს, როდესაც „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის აქტივისტ გოგონებს, რომლებიც 6 აგვისტოს დაგეგმილ მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენასთან დაკავშირებით ქალაქის ქუჩებში მოსაწვევებს არიგებდნენ, მათი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის წევრმა ირაკლი ნაჭყებიამ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
მომხდართან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ეკა ბესელია ამბობს, რომ 6 აგვისტოს ფოთის მოსახლეობასთან მისი პირველი დიდი შეხვედრაა დაგეგმილი და კოალიციის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები „ქართული ოცნების“ გაზეთებსა და ამ შეხვედრაზე ინფორმაციულ მოსაწვევებს არიგებდნენ. ამ დროს მათთან „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული მოძრაობის წარმომადგენელი ირაკლი ნაჭყებია მივიდა, დაუხია გაზეთები და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ბესელიას თქმით, ადგილზე ასევე მისულები იყვნენ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები, რომლებმაც ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდებს.
„იდენტიფიცირებულია ასევე ავტომანქანა, რომლითაც კუდ-ის ეს თანამშრომლები ადგილზე მივიდნენ. ამიტომ მაჟორიტარული შტაბის იურიდიული სამსახურის უფროსმა ლილი გელაშვილმა ამაზე დაუყოვნებელი რეაგირება მოახდინა და დღეს უკვე ფოთის პროკურორისა და პოლიციის უფროსის სახელზე შეტანილია საჩივრები. საჩივარი ასევე გაეგზავნება მთავარ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას. ჩვენი მოთხოვნა არის ის, რომ ფაქტზე დაიწყოს გამოძიება, რადგან დანაშაულის ნიშნები სახეზეა“, - აცხადებს ეკა ბესელია.
მისი თქმით, კოალიციის წევრების მიმართ განხორციელებული ქმედება სამოხელეო დანაშაულს, საარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლას და სისხლის სამართლის კოდექსის კიდევ რამდენიმე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
რაც შეეხება თავად ფაქტს, ამასთან დაკავშირებით for.ge ბესელიას საარჩევნო შტაბის იურიდიული სამსახურის უფროსს, ლილი გელაშვილს ესაუბრა.
იურისტის თქმით, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ირაკლი ნაჭყებია „ქართული ოცნების“ აქტივისტებს მიუახლოვდა და კოალიციის გაზეთი სთხოვა. მათ ნაჭყებიას მისცეს გაზეთი, რომელიც მან ახალგაზრდების თვალწინ გადახია და გაზეთის ნაჭრები მათ სახეზე მიაყარა. გელაშვილის თქმით, ნაჭყებია ისე იქცეოდა, რომ კოალიციის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლების პროვოკაციაზე წამოგება სურდა, მაგრამ ვინაიდან ისინი წინასწარ გაფრთხილებულები იყვნენ, რომ ნაციონალებისგან ამგვარი პროვოკაციები მოსალოდნელი იყო, ნაჭყებიას არ აჰყვნენ და უბრალოდ გზა განაგრძეს.
ლილი გელაშვილის თქმით, ვინაიდან ახალგაზრდები ამ პროვოკაციას არ აჰყვნენ, ამის შემდეგ მათ აედევნა „ტოიოტას” მარკის შავი ფერის მანქანა სახელმწიფო ნომრით GJG-251, რომელიც ეკუთვნის შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს, რომლის თანამშრომლები ამოცნობილნი არიან.
„როგორც ჩანს, ერთი ვარიანტი რომ ჩაუვარდათ, მეორე აამოქმედეს და ახალგაზრდებს ეს ავტომანქანა აედევნა, დაახლოებით ორი წუთის განმავლობაში უკან მიჰყვებოდა, ხოლო შემდეგ ამ მანქანიდან ჩვენს ახალგაზრდებს გინება დაუწყეს, მაგრამ როგორც მოგახსენეთ, ჩვენი ახალგაზრდები გაფრთხილებულები გვყავდა, რომ პროვოკაციებს არ აჰყოლოდნენ და ისინი მართლაც ასე მოიქცნენ. მათ უბრალოდ გვერდი აუარეს ამ მანქანას და გზა განაგრძეს. მართალია ამ ფაქტს გაგრძელება არ მოჰყოლია, მაგრამ ჩვენ ამ ამბის გახმაურება იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ ამგვარი შემთხვევების პრევენცია მოვახდინოთ. ცხადია, რომ ნაციონალები ასეთ რაღაცეებს ყოველდღე გააკეთებენ, რათა ჩვენი წევრები პროვოკაციაზე წამოაგონ და შემდეგ ეს ყველაფერი ისე შეფუთონ, თითქოს ჩვენი ახალგაზრდები რამეს აშავებენ“, - აცხადებს ლილი გელაშვილი.
მისი თქმით, შემთხვევას ბევრი თვითმხილველი შეესწრო, რომლებმაც გამოძიების დაწყების შემთხვევაში ჩვენების მიცემის სურვილი გამოთქვა და სწორედ ამ ადამიანებმა ამოიცნეს ინცინდენტში მონაწილე ავტომანქანაც. ასევე გელაშვილის თქმით, თვითმხილველებმა, ისევე, როგორც კოალიციის წევრებმა, ავტომანქანაში მსხდომი პირების ამოცნობის მზადყოფნაც გამოთქვეს.