გარემოსდამცველთა მტკიცებით, შავი ზღვა დაბინძურებულია. “ადლიის გამწმენდი ნაგებობა, რომელმაც ზღვის წყლის სისუფთავე უნდა უზრუნველყოს, სრული დატვირთვით 2017 წელს ამუშავდება. მანამდე კი, კოლექტორებიდან კანალიზაციის წყალი შავ ზღვაში ჩაედინება,” _ აცხადებს “ეკოლოგიური სამართლის ცენტრის” ხელმძღვანელი ნიკოლოზ მჟავანაძე:
_ დღეს გარემოს დაცვა საქართველოში პრიორიტეტული არაა. ამ ფონზე, ფუნქციებს ნელ-ნელა გარემოს დაცვის სამინისტროც კარგავს და როგორც სახელმწიფო სტრუქტურა, სუსტდება. ბათუმის ზღვის სანაპირო, თავისი საპორტო აკვატორიით, ძველი და ახალი ბულვარით, რომელიც სასტუმროებითა და პარკებითაა დატვირთული, ქალაქის ერთ-ერთი განსაკუთრებული და უმნიშვნელოვანესი ნაწილია. სახელმწიფოსა თუ კერძო ინვესტორების მხრიდან, ტურიზმის განვითარებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნით, ბათუმში ტურისტების ნაკადის ზრდას, ერთის მხრივ, ხელი ეწყობა, მეორეს მხრივ კი, ბათუმის სანაპირო ზოლის მაქსიმალურად ათვისება ეკოლოგიურ მდგომარეობას ამძიმებს.
_ ბატონო ნიკა, ამ არასახარბიელო ეკოლოგიური მდგომარეობის გამო, შავ ზღვაში ბანაობა სარისკოა?
_ ხელისუფლება ბათუმში ძვირადღირებული მეგა-ვარსკვლავების ჩამოყვანაზე უამრავ თანხას ხარჯავს. კონცერტები ცუდი ნამდვილად არაა, მაგრამ ჯერ პრობლემებს უნდა მიხედონ, რადგან ბათუმისა და ადლიიის სანაპიროებზე, მართლაც, საგანგაშო მდგომარეობაა და ამის თქმის საფუძველს ასოციაცია “ფლორა და ფაუნის” მიერ ჩატარებული კვლევა იძლევა, რომლის მიხედვითაც, შავი ზღვის სანაპიროზე მძიმე ეკოლოგიური პრობლემებიას. ივლისში, ზღვის წყლის ხარისხობრივი მაჩვენებლების შესწავლის მიზნით, ზემოხსენებულმა ასოციაციამ ბათუმი-ადლიის აკვატორიის 14 წერტილში ზღვის წყლის სინჯები აიღო და დადგინდა, რომ ზღვის წყლის ხარისხობრივი მაჩვენებელი დასაშვებ კონცენტრაციას აღემატება.
_ როგორც ვიცი, გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა უკვე დაწყებულია...
_ 2007 წელს საქართველოს ხელისუფლებამ 120 მილიონი ევროს სესხით ადლიის გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა დაიწყო, რომელსაც უნდა გადაეჭრა შავ ზღვაში კანალიზაციის წყლის ჩადინების საკითხი. მას შემდეგ ხუთი წელი გავიდა, მაგრამ ეს საკითხი ისევ მოუგვარებელია და ბათუმის კანალიზაცია, ყოველგვარი ბიოლოგიური და მექანიკური გაწმენდის გარეშე, მთლიანად ზღვაში ჩაედინება. ყოველივე ეს იმის საფუძველია, რომ ბათუმისა და ადლიის აკვატორიაში დამსვენებლები ინფექციური, პარაზიტული, კანის და კუჭ-ნაწლავის დაავადებებით, ამასთან, ვირუსული ჰეპატიტით დაავადდებიან. ზღვაში ქრომისა და სპილენძის მაჩვენებელიც მაღალია, რასაც ონკოლოგიური დაავადებების გამოწვევა შეუძლია. ის ტურისტი, რომელიც შავ ზღვაზე გადაწყვეტს დასვენებას და ამ სურათის შემსწრე გახდება, ან ჯანმრთელობა შეერყევა, მეორედ ბათუმში, რა თქმა უნდა, აღარ ჩამოვა. ამ ფონზე, ფული, რომელიც ინფრასტრუქტურაზე იხარჯება, წყალში გადაყრილია, რადგან ჯერ ზღვას უნდა მიხედონ და კაფე-ბარებისა და სასტუმროების მშენებლობით თავი მერე მოიწონონ.
_ დასვენება ჯანმრთელობისთვის საშიში მხოლოდ ბათუმშია თუ მთელ აჭარაში?
_ შედარებით უკეთესი მდგომარეობაა სარფში, გონიოსა და მწვანე კონცხზე. რაც შეეხება ქობულეთს, იქ კვლევები ჯერ არ ჩატარებულა. პრეზიდენტი ბათუმს ნიცას რომ ადარებს, “შლოპანცებისა” და კვერცხების ბიუსტის დადგმაში ფულს ფლანგავს, აჯობებს, იმას მიხედოს, რაც რეალურადაა გასაკეთებელი. სხვადასხვა სახის გასართობი და სავაჭრო ობიექტები ზღვის სანაპირო ზოლის მიღმა უნდა არსებობდეს, პლაჟზე კი, შეიძლება, მხოლოდ მსუბუქი კონსტრუქციის სეზონური ნაგებობები იყოს. დღეს მხოლოდ ბათუმის ბულვარის გასწვრივ კი არა, სარფიდან ანაკლიამდე, ზღვის სანაპირო ზოლში, პლაჟზე კაპიტალური ნაგებობებია, რაც ყოვლად დაუშვებელია. ძლიერი ღელვისას მსგავსი ნაგებობები ინგრევა და პლაჟი ეკოლოგიურად ბინძურდება. საქართველოს ხელისუფლებას “ეკოლოგიური სამართლის ცენტრი” მოუწოდებს, რომ ბათუმში ზღვის წყლის ხარისხობრივ მდგომარეობაზე ხალხს სიმართლე უთხრას, რათა შარშანდელი მდგომარეობა არ განმეორდეს, როცა ბათუმის საავადმყოფოები სხვადასხვა ინფექციური და პარაზიტული დაავადებებით დასნებოვნებული ადამიანებით გაივსო. დადგენელია: როცა ადამიანი ზღვაში საბანაოდ შედის, რაც უნდა კარგად ცურავდეს, 200 მილილიტრ წყალს მაინც ყლაპავს და, წარმოიდგინეთ, ეს დაბინძურებული წყალი ადამიანს რას უზამს?! შე კაი კაცო, თუ გინდა, რომ ბიზნესი ააწყო და ფული იშოვო, დამსვენებლს კარგი პირობები ხომ უნდა შეუქმნა? გაქსუებული ჩინოვნიკები ან ვერ ხვდებიან რას სჩადიან, ან იციან და ხმას არ იღებენ. საბოლოოდ კი, ბიზნესი ჩაუვარდებათ, რადგან უკმაყოფილო ტურისტების რისცხვი გაიზრდება!