ივანიშვილი ბეშუმში ხალხთან „გერაინამ“, კუდმა და გამგებლებმა არ მიუშვეს

ივანიშვილი ბეშუმში ხალხთან „გერაინამ“, კუდმა და გამგებლებმა არ მიუშვეს

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ტრადიციულ სახალხო დღესასწაულ შუამთობაზე ხალხთან არ მიუშვეს: „გერაინამ“, გამგებლებმა და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის, იგივე კუდის წარმომადგენლებმა, რომელთა ვინაობა მასალის ბოლოს შეგიძლიათ გაეცნოთ.

სახალხო დღესასწაულზე, დოღში მონაწილე ცხენების ნაცვლად მინდორში „ნაცმოძრაობის“ ზონდერბრიგადები დარბოდნენ, ოღონდ ხალხს ერჩოდნენ - გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ და თან „მიშა, მიშა“-ს და „წადი,წადი“-ს სკანდირებდნენ. წითელ მაისურებზე ეწერათ - „მე მიყვარს საქართველო“, მაგრამ ბეშუმში ერთგულებას სააკაშვილს უმტკიცებდნენ. იყვნენ ისეთებიც (ოღონდ თითზე ჩამოსათვლელები), რომლებმაც კამერის და ფოტოაპარატის წინ გაიხადეს წითელი მაისურები და „ქართული ოცნების“ მაისურები გადაიცვეს.  

ბათუმიდან კურორტ ბეშუმისკენ, რომელიც ხულოს რაიონშია, ცხრის ნახევარზე გავემართეთ. ხულომდე ასფალტია დაგებული, მაგრამ ხულოდან ბეშუმამდე გზაზე ასფალტის ნასახს ვერ ნახავთ. მანქანის გავლის შემდეგ უკან ისეთი მტვრის ნისლი რჩება, რომ აღარაფერი ჩანს. საქმე იმაშია, რომ მიხეილ სააკაშვილი ბეშუმში ამ გზით არ დაბრძანდება - როცა უნდა ვერტმფრენით ჩადის და ამჯერადაც ასე მოხდა.

ზუსტად 12 საათი იყო ჩვენს მანქანას სააკაშვილის ვერტმფრენმა, რომ გადაუფრინა.

ხულოდან ბეშუმისკენ მიმავალ გზაზე რამდენიმე წუთით შევჩერდით. ერთ-ერთი ოჯახის უფროსმა, დაახლოებით 70 წლის კაცმა გვითხრა, რომ ღამით მანქანების ხმამ გააღვიძა:

„ამ ხნის კაცი ვარ და ბეშუმისკენ შუამთობის დროს ამდენი მანქანა არასდროს ასულა. ღამის ოთხ საათზე გამეღვიძა, სამასი მანქანა დავთვალე. აქედან 200 „მარშუტკა“ იყო და 100 მსუბუქი მანქანა“.

ხულოდან ბეშუმისკენ ძალიან ნელი სვლით თუ არ ივლი, შეიძლება კისერი მოიტეხო. ჰოდა, ჩვენც ასე ნელა მივდიოდით. პირველი საათი იყო დაწყებული ბეშუმში რომ შევედით. ე.წ. იაილებთან, გზის ნაპირას გამოსული ხალხი, განსაკუთრებით ახალგაზრდები, „ქართული ოცნების“ მაისურებიანებს ხელის დაქნევით ესალმებოდნენ. დაახლოებით 15 წლის ბიჭს თავზე „ნაცმოძრაობის“ წითელი კეპი ეხურა. „ქართული ოცნების“ მაისურებიანები, რომ დაინახა, კეპი მოიხადა, უკან დამალა და სტუმრებს ხელის ქნევით მიესალმა. სამწუხაროდ, ამ ფაქტის გადაღება ვერ მოვასწარი, მაგრამ შესაძლებელია ეს სხვამ გააკეთა.

ბეშუმში მიკროავტობუსების მძღოლებისგან შევიტყვე, რომ ბეშუმში წამოსვლის სანაცვლოდ „ნაცმოძრაობამ“ მათ თავიდან 130 ლარი შესთავაზა, მაგრამ კატეგორიული უარი მიიღეს. ბოლოს 200 ლარზე შეთანხმდნენ, ოღონდ „პოსლეზე“.

როგორც აჭარლებმა ამიხსნეს, შუამთობის დღესასწაულის დროს გოდერძის უღელტეხილზე ნეფე-დედოფალი მიდის. დედოფალს ცხენზე გადასვამენ და ასე მიიყვანენ იმ ადგილამდე, სადაც ძალიან ბევრი ადამიანია შეკრებილი და სადაც მღერიან, ერთმანეთს ჭიდაობაში ეჯიბრებიან. ბოლოს დოღი იმართება, რის შემდეგაც ბუნებაში, ოჯახებში სუფრები იშლება და მოილხენენ. ამჯერად ბეშუმში დოღი არ გამართულა, არც მოჭიდავეები და ნეფე-დედოფალი დაგვინახავს.

ბეშუმში შესვლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი კურორტის ცენტრალურ ადგილას, ბაზართან მივიდა და იქ მყოფ ადგილობრივ მოსახლეობას შუამთობა მიულოცა.

სავალი გზა ხელოვნურად, ძალიან დიდი სატვირთო მანქანებით იყო ჩახერგილი. შუა გზაზე იდგა აჭარის სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი ვახტანგ კაზაზიშვილი და მანქანებს გზის გაგრძელების საშუალებას აღარ აძლევდა. ამიტომ, კილომეტრზე მეტი ფეხით გავიარეთ. ივანიშვილს და მის თანხმლებ პირებს უკან მივყვებოდით. გზის ორივე მხარეს კამერებმომარჯვებული ახალგაზრდა კაცები მოჰყვებოდნენ და შემაღლებული ადგილებიდან ივანიშვილსა და მის თანმხლებ პირებს უღებდნენ. ორი მათგანი ვიცანი - ისინი თბილისში პოლიციელებთან ერთად დადიან ხოლმე და საპროტესტო აქციების მონაწილეების პორტრეტებს იღებენ.

ყოველ 10-20 მეტრში სპეცსამსახურების წარმომადგენლები იდგნენ - ზოგი ტელეფონით, ზოგი რაციით და ზოგიც მაისურზე მიმაგრებული მიკროფონით ატყობინებდა ივანიშვილის გადაადგილების მარშრუტს.

ერთ-ერთ აღმართს რომ ავუყევით, მაღალი და ჩაფსკვნილი ახალგაზრდა კაცები შუა გზაზე დადგნენ და ხალხს მარჯვენა მხარეს გადაწევა სთხოვეს. მათი სიმრავლის და იმ კორტეჟის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რომელმაც დაღმართზე ბიძინა ივანიშვილს გვერდით ჩაუარა, დიდწილად სავარაუდოა, რომ ეს იყო მიხეილ სააკაშვილის კორტეჟის მანქანები, მაგრამ ვერ გეტყვით რომელიმე მანქანაში თავად იჯდა თუ არა. მანქანების ჩავლიდან რამდენიმე წუთის შემდეგ იქ, სადაც სახელდახელო სცენა იყო მოწყობილი, ორი ვერტმფრენი აფრინდა. ანუ სააკაშვილმა ივანიშვილის მიახლოვებისას იქაურობა დატოვა, მაგრამ დაზუსტებით ვერ გეტყვით ვერტმფრენით გაერიდა იქაურობას, თუ მანქანებით.

პირადად მე ბეშუმში პირველად ვიყავი და როცა მინდორში სამ ადგილას, ბრონირებული ჟილეტებით ავტომატიანების დანახვისას გაოცება გამოვხატე, ახლოს მყოფებმა მითხრეს, რომ ისინი ბეშუმში პირველად არ არიან, მაგრამ აქამდე შუამთობის დღესასწაულზე ავტომატმომარჯვებული ხალხი არასდროს უნახავთ.       

იმ ფერდობის მისასვლელებთან, სადაც სცენა იყო მოწყობილი და კონცერტის ჩატარებას აპირებდნენ, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიციელები იდგნენ და ხალხს ხელებს აქეთ-იქით უფათურებდნენ. ამის დანახვაზე პროტესტი ვინც გამოვხატეთ, მხოლოდ ჩანთებში ჩაიხედეს და ისე გაგვატარეს.

ბეშუმში ძალიან ბევრი წარწერებიანი მანქანები ვნახე - ქობულეთის სატყეო დეპარტამენტი, სამაშველო სამსახური, ხელვაჩაურის სატყეო დეპარტამენტი. ამ მანქანებში წითელ მაისურიანები და წითელკეპიანები, პირობითად „წითლები“ ისხდნენ.

იმ ფერდობზე, სადაც დოღი და ჭიდაობა უნდა გამართულიყო, საკმაოდ ბევრი ხალხი ჩანდა - ისინი, ვინც ბათუმიდან, ქობულეთიდან და ხელვაჩაურიდან ჩაიყვანეს. დაახლოებით სამასი მეტრით ვიყავით დაცილებულები მათგან, როცა წითელმაისურიანები და წითელ კეპიანები გამოვარდნენ და ცოცხალი კორდონი აღმართეს. თან ხმის ჩახლეჩვამდე სკანდირებდნენ - „მიშა, მიშა“. მათთან ერთად იდგნენ ის პოლიციელებიც, ვინც ჩვენი ჩანთები შეამოწმა და ვინც შუამთობაზე მისულ ადამიანებს მინიდეტექტორის გარეშე ამოწმებდა.

მე გადავედი და მაღლობზე „წითლებს“ შორის დავდექი. 15-16 წლის ბიჭები, წითელი მაისურებით და კეპებით, რომელზეც ეწერა ციფრი ხუთიანი და „მე მიყვარს საქართველო“, უშვერი სიტყვებით იგინებოდნენ და ასაკით უფროსს „წითლებს“ უყვიროდნენ - „მიდით, მიაწექით, დალეწეთ, მაგათი დედა“. თან პერიოდულად „მიშა, მიშას“ სკანდირებდნენ. არ გრცხვენიათ, თუ რამის დაძახება გინდათ, საქართველო მაინც დაიყვირეთ-მეთქი ვუთხარი და ამაზე შუახნის მამაკაცი გამომეპასუხა - შენ ვინ გკითხავს ესენი რას დაიძახებენო.

აღსანიშნავი ისაა, რომ ფერდობზე მყოფი ადამიანების ძალიან მცირე ნაწილმა მიიღო მონაწილეობა ცოცხალი კორდონის აღმართვაში, ივანიშვილის თანმხლები პირებისთვის შეურაცხყოფის მიეყენებაში და „მიშა, მიშას“ სკანდირებაში. აგრესიულად განწყობილი დაახლოებით 70 ადამიანი იყო. ხალხი შორს იდგა. მათ იქიდან ფეხი რა მოუცვლიათ.

ქვემოდან ასვლის მსურველებს, განურჩევლად ყველას გვიყვიროდნენ, რომ მათ აღმართულ კორდონს ვერ გავცდებოდით. შუახნის ქალბატონს, რომელსაც „ქართული ოცნების“ მაისური ეცვა, დავინახე „წითლებმა“ როგორ დაარტყეს. მე არ მინახავს, მაგრამ თქვეს, რომ ჟურნალისტსაც მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა.

შეხლა-შემოხლა ახალი დაწყებული იყო, ლურჯფორმიანი პოლიციელები რომ გამოჩდნენ. იცით როგორ აშოშმინდებდნენ პოლიციელები გავეშებულ წითლებს?!  - „საკმარისია, საკმარისია, გეყოფათ“. დაახლოებით ორი ათეული პოლიციელი ქედიდან და შუახევიდან ჰყავდათ ამოყვანილი. ისინი შუაში ჩადგნენ და შემდეგ, როცა ივანიშვილმა და მისმა თანხლებმა პირებმა უკან დაიხიეს, ისინიც დაბლა ჩამოვიდნენ.

ქვემოთ, ე.წ. იაილებთან ხულოელებმა თქვეს - „ჩვენ ნუ დაგვძრახავთ, სტუმართ-მასპინძლობა არ გვეშლება. ამ დაპირისპირებაში ხულოელებს მონაწილეობა არ მიუღიათ, ამოყვანილი ხალხი აქტიურობდაო“.

ახლა რაც შეეხებათ იმათ ვინაობას, ვინც ცოცხალი კორდონი აღმართა და აგრესიული ქმედებებით გამოირჩეოდა, იგინებოდა, ხალხს ფეხებს ურტყამდა და დროდადრო ფიზიკურ შეურაცყოფასაც აყენებდა - მათი ნაწილის ვინაობა ბეშუმში ყოფნისას გავიგე და ნაწილის შესახებ „ქართული ოცნებიდან“ ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატმა მურმან დუმბაძემ მითხრა:

აჭარის კუდის მთავარი სამმართველის უფროსი თემურ პატარიძე; ხელვაჩაურის გამგებელი თეიმურაზ დუმბაძე; ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ ფარტენაძე; ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კახაბერ სირაბიძე, მეტსახელად გერაინა; აჭარის კუდის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე ალეკო ბალაძე; ხულოს გამგებელი თემურ ბოლქვაძე; კუდის სპეცდანიშნულების რაზმი და შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს სპეცდანიშნულების რაზმი (სამოქალაქო ტანსაცმლით); კუდის ხულოს სამმართველოს უფროსი მინდია ყურშუბაძე;

ხელვაჩაურის საკრებულოს ფრაქცია „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე ნუგზარ ბოლქვაძე; ხელვაჩაურის საკრებულოს საფინანსო კომისიის თავმჯდომარე თამაზ ლორთქიფანიძე; ამავე საკრებულოს კულტურისა და განათლების კომისიის 23 წლის თავმჯდომარე მიშა ბოლქვაძე; ხელვაჩაურის საკრებულოს სამაშველო-სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელი გია ცისკარიძე და ხელვაჩაურის სატყეო და სახანძრო სამსახურების თანამშრომლები.

ბეშუმში ბიძინა ივანიშვილთან ერთად იყვნენ: გია აბესალაშვილი, ქეთი დოლიძე, სოზარ სუბარი, თემურ ნერგაძე, ფრიდონ საყვარელიძე, რომან კუსიანი, მურმან დუმბაძე, ავთანდილ ბერიძე, დიმა ჯაიანი, ბიძინა გუჯაბიძე, დათო ბაციკაძე... 

ბათუმში დაბრუნების შემდეგ for.ge-სთვის ცნობილი გახდა, რომ უახლოეს პერიოდში ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენელი „ქართულ ოცნებაში“ გადაინაცვლებს, რაზეც განცხადების გაკეთებას თავად აპირებს.