"პროკრედიტ ბანკის" 14 000 მომხმარებელს "ქართულ ოცნებასთან" კავშირის გამო, ანგარიშები დაუყადაღეს

"პროკრედიტ ბანკის" 14 ათას ფიზიკურ და იურიდულ მომხმარებელს გაურკვეველი მიზეზები გამო აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ყადაღა დაადო.

ამის შესახებ "ივერონს" ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, რომელმაც ვინაობის დამალვა კატეგორიულად გვთხოვა და განგვიმარტა, რომ თავად ბანკის თანამშრომლებისთვისაც აღნიშნული ფაქტი გაუკრკვეველია.

"14 ათასი ფიზიკური და იურიდული პირის ანგარიშს "პროკრედიტ ბანკში" ერთდროულად დაედო ყადაღა, შესაბამისად მომხმარებლები საკუთარ ანგარიშებს ვერ იყენებდნენ. სიტუაციის გასარკვევად მოსულებს კი ბანკის თანამშრომლები უხსნიდნენ, რომ შეფერხება ტექნიკურ ხარვეზებს უკავშირდებოდა, რადგან მათ არ ჰქონდათ უფლება მომხმარებლებისთვის რეალური მიზეზი, ანუ აღსრულების ბიუროსგან ანგარიშების დაყადაღების შესახებ ეთქვათ. შემდეგ გაირკვა, რომ ამ 14 ათას ადამიანთა შორის მოხვდა ყველა ის პირი ვისაც "ქართუსთან" და "ქართულ ოცნებასთან" რამენაირი შეხება ჰქონია, თუნდაც ერთჯერადი გადარიცხვის ფაქტიც კი," - განუცხადა "ივერონს" წყარომ.

მისივე განმარტებით, იმ შემთხვევაში როდესაც პირს ერთ-ერთ ბანკში ანგარიშზე ყადაღა აქვს დადებული, ეს ყადაღა მას სხვა ბანკებში არსებულ ანგარიშებზეც ვრცელდება.

"გერმანიიდან ჩამოვიდნენ პროკრედიტ ბანკის ჰოლდინგის ხელმძღვანელები, რომლებიც აღშფოთებულები იყვნენ აღნიშნული ფაქტით და ვერ გაეგოთ თუ რატომ ერეოდა ხელისუფლება ბანკის მმართველობაში და მომხმარებლებთან ურთიერთობებში. მათ სთხოვეს სხვა ბანკების ხელმძღვანელებს ერთობლივად მიემართათ მთავრობისთვის ამ პრობლემის მოსაგვარებლად, მაგრამ არცერთი ბანკი მათ გვერდით არ დაუდგა," - აღნიშნა "ივერონის" წყარომ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ბანკის გერმანულმა მმართველობამ მთავრობასთან მიაღწია შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც ბანკის თანამშრომლები უკვე ეუბნებიან მომხმარებლებს რომ მათ ანგარიშებს ყადაღა ადევთ და პრობლემის მოსაგვარებლად აღსრულების ბიუროს უნდა მიმართონ. აღსანიშნავია, რომ 14 ათასი პირის ანგარიშს ყადაღა "პროკრდიტ ბანკში" ამ დრომდე ადევს.