მცხეთა-მთიანეთში საშიში დაავადება - თურქულის შემთხვევები დაფიქსირდა, თუმცა სურსათის ეროვნული სააგენტო საქართველოს ტერიტორიაზე დაავადება თურქულის გავრცელებას კატეგორიულად უარყოფს. თურქული ძალიან საშიში დაავადებაა, რომელსაც გლეხები საკუთარი ძალებით ვერაფრით გაუმკლავდებიან.
როგორც სურსათის სააგენტოში განმარტავენ, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის უფასო ვაქცინაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, განსაკუთრებით საშიში დაავადების - თურქულის პროფილაქტიკური ვაქცინაცია 1-ლი აგვისტოდან დაიწყო და იმუნიზაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით 922 330 სულ მსხვილფეხა პირუტყვს ჩაუტარდება.
ვაქცინაციას მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო წეროვანში სააგენტოს უფროსი დავით კობერიძეც დაესწრო.
„აღნიშნული ღონისძიება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაავადებათა პრევენციაზე არის ორიენტირებული, რადგან საქართველოს საზღვრისპირა სოფლები ვირუსული დაავადების მასიური გავრცელების საშიშ ზონებად ითვლება.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 664 კერძო ვეტერინარი დასაქმდა. ისინი 2 თვის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთის, შიდა და ქვემო ქართლის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, იმერეთის, რაჭის, სამეგრელოს, გურიისა და აჭარის რეგიონებში იმუშავებენ. ზემოაღნიშნულ რეგიონებში სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების მიერ უკვე ჩატანილია ფრანგული წარმოების ვაქცინები და სპეც-აღჭურვილობა“, - განმარტეს სააგენტოში.
ამასთან, ვაქცინაციის პარალელურად რქოსანი პირუტყვის იდენტიფიცირება მიმდინარეობს. კერძოდ, საქონელს ყურზე სპეციალური სანომრე ნიშანი უკეთდება (საყურე) და უნიკალური ნომერი ენიჭება. სანომრე ნიშანი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტზე გაყვანის პროცესს გაცილებით გაამარტივებს.
გარდა ამისა, იდენტიფიცირებული ცხოველი ვაქცინაციის სახელმწიფო პროგრამაში მომავალშიც იქნება ჩართული.
სააგენტო „პირველის“ ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტო სექტემბრიდან ჯილეხის საწინააღმდეგო ვაქცინაციასაც გეგმავს.
მეცხოველეობის დარგის სპეციალისტები კი თურქულის შემთხვევებს არ გამორიცხავენ და საუბრობენ რისკებზე. მეცხოველეობის ინსტიტუტის დირექტორი თენგიზ ფირცხალაიშვილი აცხადებს, რომ უნდა მოხდეს კვალიფიციური კადრების მოძიება და დასაქმება, რაც სახელმწიფოს მხრიდან გეგმიური ღონისძიებების ჩატარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
„დაავადების თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა, გეგმიერი აცრა. უამრავი დაავადებაა, რაც შეიძლება პირუტყვს დაემართოს, მათ შორის, ჯილეხი, თურქული, ბრუცელოზი და ტუბერკულოზიც. ვაქცინის დროულ ჩატარებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც პირუტყვის, ასევე ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ამასთან, მნიშვნელოვანია ის პროდუქტის ხარისხისა და მისი უვნებლობის თვალსაზრისითაც. გამოკვლევა დროულად უნდა ჩატარდეს. კომუნისტების დროს ეს რეგულარულად ხდებოდა, 6 თვეში ერთხელ.
საქართველოში ბევრი სპეციალისტია, მაგრამ კადრების უმრავლესობა სამსახურიდან არის გაშვებული. უნდა მოხდეს მათი მოძიება და დასაქმება. ფაქტია, რომ 1 რაიონისთვის 1 ვეტერინარი არასაკმარისია. 2003 წლიდან ვეტერინარული სამსახური დარბეულია და საქმე წინ ვერ წავიდა. ბოლო დროს ამ საკითხს მერაბიშვილმა ყურადღება მიაქცია და მობილიზებას ახდენენ, თუმცა აქ, წესით, უნდა ჩარეულიყო არა პრემიერ-მინისტრი, არამედ სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ქმედითი ღონისძიებისთვის დროულად მიემართათ.
კერძო ფერმერს ვერ დაავალდებულებენ, რომ საქონელი აცრას, მასობრივი ღონისძიება უნდა გატარდეს, რაც სახელმწიფოებრივ მიდგომას საჭიროებს“, - აცხადებს ფირცხალაიშვილი.