საქართველოში მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების კონტრაბანდული საქონელი შემოვიდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, - ამბობს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი შალვა მექვაბიშვილი და სკანდალურ ინფორმაციას გვაწვდის: - ამ საკითხზე კვლევა ჩავატარე და შედეგი მართლაც საგანგაშოა: კონტრაბანდული ტვირთი საქართველოში საბაჟო კონტროლის გარეშე ხვდება; საქმე ის არის, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სტატისტიკის დეპარტამენტების გამოქვეყნებულ ციფრებს შორის უზარმაზარი სხვაობაა - ზოგან 100 პროცენტიც კი. 2011 წელს ამერიკის შეერთებული შტატებიდან 101 მილიონ 300 ათასი დოლარის ხორცის პროდუქტია საქართველოში შემოტანილი, სტატისტიკის დეპარტამენტის ოფიციალური მონაცემით კი - 33 მილიონ 900 ათასი დოლარის. რაც შეეხება ნავთობპროდუქტებს, "საქსტატის" მონაცემებით საქართველოში 771 ათასი დოლარის ძვირად ღირებული ზეთებია შემოტანილი, ამერიკელები კი 56 მილიონ 685 ათასი დოლარის გამოგზავნილ პროდუქციას მიუთითებენ! სხვაობა მართლაც შთამბეჭდავია! ეს პროდუქცია შემოაქვთ კომპანიებს, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან დიდი შეღავათებით სარგებლობენ. ერთ მაგალითს მოვიყვან: იმ კომპანიების მიერ შემოტანილი ტვირთი, რომლებსაც ძაღლისა და კატის საკვები შემოაქვთ, 100 პროცენტით არის განბაჟებული, ანუ ამ ბიზნესს "პატრონი" არ ჰყავს და ამიტომ 100 პროცენტით განბაჟდება, კერძოდ, 4 მილიონ 877 ათასი დოლარის ღირებულების საქონელია წამოსული ამერიკიდან და ზუსტად 4 მილიონ 871 ათასი დოლარის ცხოველის საკვებია მიღებული საქართველოში, მაშინ, როცა იმ სფეროებში, სადაც მონოპოლიები არსებობს (ალკოჰოლური სასმელი, ნავთობპროდუქტები, ხორცპროდუქტები) სრულიად სხვა მდგომარეობაა. ხელისუფლება, ცხადია, თუ მოინდომებს, ადვილად დაადგენს, რომელმა კომპანიებმა წამოიღეს ეს პროდუქცია აშშ-დან, რადგან დოკუმენტაციაში მითითებულია მიმღები კომპანიის დასახელება, მისამართი და ა.შ. - ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ცდომილება, შესაძლოა, განსხვავებული მეთოდოლოგიის ბრალი იყოს. - ეს უსუსური არგუმენტია. მეთოდოლოგიის ბრალი რომ იყოს, ქართული და ამერიკული მხარის ციფრები ყველა შემთხვევაში განსხვავებული იქნებოდა. როცა შემოტანილი პროდუქციის 89 პროცენტი, მაგალითად, ალკოჰოლური სასმელი, განბაჟებული არ არის, რა მეთოდოლოგიურ სახესხვაობაზეა ლაპარაკი? - ცნობილია, რომ ამ კვლევის შედეგები ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსაც გადაეცით. თუ მოჰყვა რაიმე რეაგირება? - ჯერჯერობით არა. როგორც ჩანს, ახალი ელჩის, ნორლანდის ჩამოსვლას ელოდებიან. - ამერიკის შეერთებული შტატების სტატისტიკის დეპარტამენტის რეაქცია როგორი იყო? - ამერიკის კი არა, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უნდა მოჰყოლოდა ამ ყველაფერს მწვავე რეაგირება. ამერიკის შეერთებული შტატები ზუსტ ციფრებს აქვეყნებს, მათი ინფორმაცია გამჭვირვალეა, ეს ჩვენთან არის ციფრებში სრული ანარქია. ამჟამად ახალ კვლევას ვატარებთ იმაზე, რომ გასულ წელს აშშ-ის სტატისტიკის სამსახურის მონაცემით, საქართველოში 246 მლნ დოლარის იმპორტირებული პროდუქცია შემოვიდა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით კი, რომლის ციფრებსაც სტატისტიკის დეპარტამენტი უნდა ეყრდნობოდეს - მხოლოდ 126 მლნ დოლარის, ანუ თითქმის 2-ჯერ ნაკლები. რომელ ნორმალურ ქვეყანაში ხდება ასეთი რამ? - ორ თვეში საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, როგორი იქნება ის ფინანსური თვალსაზრისით? - ეს იქნება ყველაზე ძვირად ღირებული არჩევნები ქვეყნის ისტორიაში, ის ხელისუფლებას 3-4-ჯერ მეტი დაუჯდება, ვიდრე ნებისმიერი წინა არჩევნები. ამ ეტაპზე "ნაციონალურ მოძრაობას" ფინანსურად უპრეცედენტოდ ძლიერი მეტოქე ჰყავს "ქართული ოცნების" სახით, მაგრამ ყველაფერი კეთდება იმისათვის, "ქართული ოცნების" საკუთარი წინასაარჩევნო კამპანიის საწარმოებლად ფულის ხარჯვის საშუალება არ მიეცეს.