კირკიტაძის კარზე  მუსულმანთა სასულიერო პირები დაიბარეს

კირკიტაძის კარზე მუსულმანთა სასულიერო პირები დაიბარეს

ამომრჩევლების  ყურანზე დაფიცების შემდეგ, კვლავ, გრძელდება საუბრები რელიგიის არჩევნების სამსახურში ჩაყენებაზე.

ბოლო რამდენიმე დღეა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქვემო ქართლის გუბერნატორი რეგიონში მუსულმანთა სასულიერო პირებს ხვდება. მათ გუბერნატორის ადმინისტრაციაში იბარებენ და არჩევნებში დახმარებას სთხოვენ.

„სოფელ ირგანჩაიში რაც მოხდა ყველამ კარგად დაინახა. ტელევიზიითაც  მოვისმინეთ იმ ადამიანების კომენტარები, რომლებსაც ყურანზე დაფიცებას აიძულებდნენ. ფიცით ავალდებულებდნენ, რომ არჩევნეზბე ხმა ნაციონალებისთვის მიეცათ. მე არაერთხელ ვთქვი და ვიმეორებ, რომ როდესაც ხელისუფლება ყურანს და სხვა რელიგიის წმინდა წიგნებს ასე შეურაცხოფს, უკვე, დასრულებულია მისი საქმე.

რაც შეეხება სასაულიერო პირებთან შეხვედრას. ჩვენი ინფორმაციით, ასეთი შეხვედრა ბოლოს რუსთავში შედგა. კირკიტაძის მოადგილე, ჰუსეინ იუსუპოვი გარდაბნის სასულერო პირებს, მოლებს შეხვდა. მათ  დაავალა მიიღონ ქმედითი ღონისძიებები, რათა მორწმუნეებმა ხმა „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცენ.

ჩემთვის, როგორც მორწმუნე  ადამინისთვის ეს ყოვლად მიუღებელია. ასეთი რამ დემოკრატიულ ქვეყანაში არასოდეს  მოხდებოდა“, - საუბრობს, ალი ბაბაევი.

მისი თქმით, კირკიტაძის მოადგილე, დღეს 3 თანამდებობას ითავსებს. ის გუნერნატორის მოადგილეობასთან ერთად, აზერბაიჯანელთა კონგრესის და მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელია. 

ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია არ უარყოფს იუსუპოვსა და მუსულმანთა სასულიერო პირებს შორის შემდგარ შეხვედრას.

„გუბერნატორის მოადგილეს ჰქონდა შეხვედრა მუსულმანთ სასაულიერო პირებთან. მათ სხვადასხვა საკითხებზე იმსჯელეს. საუბარი არ შეხებია არჩევნების თემას. ძირითადად, სოფლის პრობლემებზე და კონკრეტულ სახელმწიფო პროგრამებზე იყო საუბარი. გუბერნატორის ადმინისრაცია სისტემატიურად ხვდება საზოგადების სხვადასხვა ჯგუფებს“, - ამბობს, ქვემო ქართლის გუბერნატორის პრესმდივანი, ნატა ციცვიძე.

რეგიონში მომუშავე  ჟურნალისტებისთვის რთული გასახსენებელია გასულ წლებში, როდის იხილეს გუბერნატორის ადმინისტრაციაში მისული სასაულიერო პირები.

ბაბაევი ამბობს, რომ ხელისუფლების და გარდაბნის სასულიერო პირების საუბრისას აქცენტი გარდაბანში მშენებარე მეჩეთზე გაკეთდა.

იქმნება შთაბეჭდილება, რომ მეჩეთის მშენებლობა ხელისუფლების გათვლით არის გარკვეული, ავანსი აზერბაიჯანულის საზოგადოებისთვის, რათა მათ  სანაცვლოდაც არჩევნებზე ხმა მმართველ პარტიას მისცენ.

ალი ბაბაევი, რომელიც ამ თემაზე საჯაროდ  საუბრობს, ამბობს, რომ მსგავსი განცხადებების გამო შესაძლოა კვლავ, გახდეს ხელისუფლების ტერორის მსხვერპლი.

„რაც შეეძლოთ ჩემთვის დაეშავებინათ, დამიშავეს. კონგრესი აბსოლტურად უკანონოდ წამართვეს, რომელიც მთელ აზრერბაიჯანულ სამყაროში ავტორიტეტით სარგებლობდა. არა ერთხელ განახორციელეს ჩემზე ტერორი. ახლაც მაქვს ინფორმაცია, რომ გარკვეული ჯგუფები ჩემს დაჭერას გეგმავენ, მაგრამ მე გაჩუმება არ შემიძლია. არასოდეს გამოვსულვარ ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ. ერთდერთი, რაც მინდა ისაა, რომ საქართველო  ნამდვილ დემოკრატიულ ქვეყნად  იქცეს, სადაც პატივს სცემენ ადამიანის რწმენას და სხვა ფუნდამენტურ ღირებულებებს“, - ამბობს ბაბაევი.