მშენებლობებზე უსაფრთხოების ზომები საერთოდ გაუქმებულია

მშენებლობებზე უსაფრთხოების ზომები საერთოდ გაუქმებულია

მშენებლობებსა და სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო პროექტებზე დასაქმებულთა დაშავების ფაქტები გახშირდა. ბოლო დღეების განმავლობაში მხოლოდ თელავში 9 მუშა დაშავდა, ზოგიერთი მათგანი ძალიან მძიმედ. უფრო ადრე ანალოგიური ფაქტები ხშირი იყო იმერეთში, სადაც რამდენიმე შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

პრობლემები არ აკლია დედაქალაქსაც. კვირა ისე არ გავა, რომ ამა თუ იმ მშენებლობაზე ადამიანი სერიოზულად არ დაშავდეს. მიზეზი მხოლოდ ერთადერთია - არ ხდება უსაფრთხოების ზომების დაცვა, რაც, ხშირ შემთხვევაში, სავალალო შედეგით მთავრდება.

„საუბედუროდ, საქართველოში უსაფრთხოების ზომებს არ იცავენ. სანამ ნანგრევების ქვეშ ვინმე არ მოჰყვება ან ხარაჩოდან არ გადმოვარდება, საუბარი ამ თემაზე არც კი მიმდინარეობს. არსებობს სპეციალური ნორმა, რომელიც მშენებლობის დროს ყოველთვის უნდა მოქმედებდეს.

ბევრს სცოდავენ ის კომპანიებიც, რომლებსაც სახელმწიფო სხვადსახვა პროექტების შესასრულებლად ქირაობს.  გამონაკლისი შემთხვევის გარდა, მათგან უსაფრთხოების წესებს არ იცავენ, თუმცა კანონი ამას ავალდებულებს. მშენებლობის ნორმა აუცილებლად მოითხოვს, რომ ნებისმიერი სამუშაოს შესრულებისას მუშა იყოს დაცული და სპეციალური ჩაცმულობით აღიჭურვოს. დაუშვებელია აგრეთვე სიმაღლეზე სამუშაოს შესრულებისას მუშა თოკით არ იყოს მიბმული. ადგილი, სადაც მშენებლობა მიმდინარეობს, მკვეთრი ფერის ლენტით უნდა შემოისარტყოს. ეს არის ნორმა, რომელიც უძველესი დროიდან მოქმედებს და ყველა ქვეყანაში არსებობს, სადაც კი რამე აშენებულა”, - აცხადებს გიორგი ბარვენაშვილი, უძრავი ქონების სფეროს ექსპერტი.

საინტერესოა, ეს ყველაფერი რეალობაში როგორ ჩანს.  უსაფრთხოების ნორმების დაცვა ხარჯებს უკავშირდება და რა გასაკვირია, რომ ქართული კომპანიები ამაზე თავს არ იწუხებდნენ, მაგრამ არც უცხოური დაფინანსებით მიმდინარე მშენებლობების დროს არის უკეთესი სიტუაცია.

ამ გაზაფხულხე ფოთში, ყოფილი სასტუმრო „აიეტის“ შენობაში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის დაფინანსებით შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობდა. ჟურნალისტები დაინტერესდნენ ამ მშენებლობით და ასეთი რამ აღმოაჩინეს:

„ფორმისა და ყველანაირი უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე ვმუშაობთ და იმაზე ნაკლებს მინაზღაურებენ, ვიდრე ხელშეკრულებით მაქვს გათვალისწინებული“, - ამბობდა მშენებლობაზე დასაქმებული. იგი ინფორმირებული იყო, რომ უბედური შემთხვევისას დახმარებას გაუწევდნენ, თუმცა რა სახის, ეს უკვე აღარ იცოდა.

სტანდარტის მოთხოვნით, მრავალსართულიანი შენობა ისე უნდა იყოს დაცული, რომ მუშის გადმოვარდნის ან მისი სხვა სახის დაზიანების საფრთხე არ არსებობდეს. მშენებლობაზე კი შრომითი უსაფრთხოება დაცული არ იყო: ტერიტორია დაბალი ღობით იყო შემოღობილი; აბრა, რომ იქ სარემონტო-სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა განთავსებული არსად ჩანდა.

ღიად დატოვებული ამოსაშენებელი კედლების, აივნების, ფანჯრებისა და კარების ადგილები მუშის გადმოვარდნის საფრთხეს ქმნიდა. შენობის შიგნით კი, სართულებს შორის, ღია სივრცე და ლიფტის ე.წ. შახტა გადაღობილი არ იყო. მშენებლობაზე დასაქმებულებს მუშაობა სპეციალური ფორმებისა და ჩაფხუტების გარეშე უწევდათ.

აი, ასეთი ვითარებაა ხოლმე უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებით მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს და ადგილობრივი კომპანიები ხომ საერთოდ თავს არ იწუხებენ ელემენტარული ზომების მიღებით.

გიორგი ბარვენაშვილი პრობლემის მოგვარებას სახელმწიფოს პრეროგატივად მიიჩნევს. იგი თვლის, რომ სწორედ ცენტრალურმა სტრუქტურამ უნდა უზრუნველყოს კომპანიების ვალდებულება მშენებლობის უსაფრთხოების ნორმების დაცვის თვალსაზრისით.

„ყველამ იცის საკუთარი პასუხისმგებლობის შესახებ, მაგრამ ხარჯის გაღებას ერიდებიან. უსაფრთხო მშენებლობას, როგორც წესი, სჭირდება კარგი მუშახელი, სამაშველო და დამცავი ატრიბუტები, რაც ძვირი ღირს. უბედური შემთხვევაც სწორედ სამშენებლო ნორმების გაუთვალისწინებლობის გამო ხდება. მიუხედავად იმისა, რომ დარღვევებზე მაღალი ჯარიმებია, დაუდევრობას მაინც იჩენენ“, - აღნიშნავს ბარვენაშვილი.