მსოფლიოში და საქართველოშიც საკვებ პროდუქტებზე გაიაფების ტენდენციამ დიდხანს ვერ გასტანა. საერთაშორისო ექსპერტები ვარაუდობენ, რომ წლის ბოლოდან სურსათის გაძვირება დაიწყება. თუმცა, რაღა წლის ბოლოდან, როცა მთელ რიგ პირველადი მოთხოვნილების პროდუქციაზე ფასები უკვე მკვეთრად მომატებულია.
მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, უკრაინაში, რუსეთში, ყაზახეთსა და ამერიკაში არსებული გვალვები, ასევე ევროპის რიგ ქვეყნებში გადაუღებელი წვიმა ფასების ზრდის საფუძველი გახდება.
გავლენიანი ორგანიზაციის წარმომადგენელთა განცხადებით, რუსეთში, უკრაინასა და ყაზახეთში, არახელსაყრელი ამინდების გამო, მარცვლეულის მოსავალი შემცირდა, რის შედეგადაც ხორბალი წლევანდელ ზაფხულში 50%–ით, ხოლო სიმინდი 45%–ით გაძვირდა.
საერთაშორისო ბირჟებზე ასევე სწრაფად იზრდება შაქრის ფასიც. ერთი თვის განმავლობაში არარაფინირებული შაქრის (ე.წ. ნედლი შაქრის) ფასი 20.7%-ით, ხოლო რაფინირებული შაქარის ფასი კი 11,4%-ით გაიზარდა. მსოფლიო ბაზრებზე შაქრის ფასის ზრდა გამოწვეულია ბრაზილიაში ჭარბი ნალექის, ხოლო ინდოეთში გვალვების გამო, რამაც შაქრის მოსავლის მოცულობა მნიშვნელოვნად შეამცირა.
31 ივლისის მდგომარეობით, ნიუ იორკის ბირჟაზე არარაფინირებული შაქრის ფასი ერთ ტონაზე 502 აშშ დოლარით განისაზღვრა, თვის დასაწყისში კი მისი ფასი მხოლოდ 415.8 დოლარი იყო. რაც შეეხება, რაფინირებული შაქრის ფასს, მისმა ღირებულებამ ერთ ტონაზე 614 აშშ დოლარი შეადგინა, თვის დასაწყისში კი მისი ფასი 552.2 აშშ დოლარზე ფიქსირდებოდა.
შაქარი გაძვირდა ქართულ ბაზარზეც. საბითუმო ბაზარზე ბოლო ერთი კვირის განმავლობაში შაქრის ფასმა 5%-ით მოიმატა და სხვათა შორის, 2-3 დღეში ერთხელ 1 ტომრის ფასი თითო ლარით იმატებს. თუკი რამდენიმე დღის წინათ 1 ტომარა შაქარი 79 ლარი ღირდა, ამჟამად მისი ფასი 83 ლარია და თანდათან მაღლა მიცოცავს.
მსოფლიო ბანკის ანალიტიკოსების აზრით, სურსათის მსოფლიო ბაზარზე არსებული რყევები ინვესტორებს აფრთხობს და სოფლის მეურნეობაში კაპიტალის ჩადებისგან თავს იკავებენ. ეს კი დარგის განვითარებას აფერხებს, ხოლო მოსავლიანობას კი ამცირებს. სწორედ ამიტომ, ამერიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უკვე განაცხადა, რომ წლევანდელი გვალვები 2013 წლიდან სურსათის მსოფლიო ფასებს გაზრდის.
რაც შეეხება საქართველოს, აქ საკვები პროდუქტების გაძვირებას თავისი მიზეზები აქვს. გარდა საერთაშორისო ტენდენციებისა, ადგილობრივ ბაზარზე მკვეთრად უარყოფითი გავლენა მოახდინა კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში მომხდარმა უპრეცედენტო სტიქიამ, რის შემდეგ ხილ–ბოსტნეულზე ფასები გაიზარდა და დღემდე ასე რჩება.
მაგალითად, 19 ივლისიდან მოყოლებული, სტიქიიდან ერთ დღეში, ატმის და ნესვის საბითუმო ფასი 20-40 თეთრით გაიზარდა, ხოლო საზამთროს საბითუმო ფასმა 15 თეთრით მოიმატა. მოვაჭრეების ინფორმაციით, საფასო ცლილება პომიდორსაც შეეხო, თუმცა ახლო მოავალში ფასების მატება აღარ იგეგმება და ბაზარი არსებული ფასის შენარჩუნებას შეეცდება.
ერთადერთი რაც ჯერჯერობით არ გაძვირებულა (თუმცა კი საფუძველი არსებობდა) და საზაფხულოდ არც გაძვირდება - პურპროდუქტებია. მწარმოებელთა ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანაა და მომწოდებლებმა ხორბალზე ფასები გაზარადეს, ჯერჯერობით, მდგომარეობა საგანგაშო არ არის.
თუ ჩიკაგოს ბირჟაზე სიტუაცია რ შეიცვლება, შეიძლება ვივარუდოთ, რომ საქართველოში ზაფხულის განმავლობაში ხორბალი და პურპროდუქტები არ გაძვირდება. ამჟამად ადგილობრივ სავაჭრო ქსელებში პურის საცალო ფასი 40-თეთრიდან 2 ლარამდე მერყეობს.