ცხინვალიდან ბავშვებისა და ქალების გაყვანა დაიწყეს, როკის გვირაბთან კი ტექნიკის გადაადგილება შეიმჩნევა. ამის შესახებ ინფორმაციას კონფლიქტის ზონასთან ახლოს მდებარე სოფელ ქიწნისის მოსახლეობა ადასტურებს. მეტიც, მათი თქმით, ცხინვალიდან მოხუცების გაყვანაც დაიწყეს. ეს ყველაფერი კი მათ ოთხი წლის წინანდელ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის წინა პერიოდს ახსენებს, როცა, ანალოგიურად, ოსებმა მაშინ ქალები და ბავშვები გახიზნეს.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი რუსეთის მხრიდან პროვოკაციებს არ გამორიცხავს, თუმცა კონკრეტული გადაადგილებების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. მისი თქმით, ასეთი პროვოკაციები განსაკუთრებით საარჩევნო პროცესშია მოსალოდნელი და მისი მიზანი საქართველოში ზოგადად დაძაბულობის შექმნა, არჩევნების ჩაშლის მცდელობა, ემოციებისა და მედიასაშუალებებში აჟიოტაჟის გამოწვევა იქნება. ამის მიუხედავად, დარჩიაშვილი დარწმუნებულია, რომ რუსეთის ყველა მცდელობა მარცხით დასრულდება - საქართველოში არჩევნებიც ჩატარდება, ქვეყანაც დამოუკიდებელი იქნება და რუსული მიზნები, რომ საქართველო მის სატელიტად გადაიქცეს, არ ასრულდება.
მართალია, მმართველი გუნდი ირწმუნება, თითქოს არჩევნების ჩატარების დაუოკებელი სურვილი აქვთ, მაგრამ, რეალურად, სურს კი ხელისუფლებას, არჩევნები ჩაატაროს? რატომ მიიჩნევს ექსპერტთა ნაწილი, რომ საქართველოს ხელისუფალთა სურვილებს რატომღაც ყოველთვის საეჭვოდ ემთხვევა ხოლმე რუსული სცენარი და, ამ თვალსაზრისით, კონფლიქტის ზონების გააქტიურება?!
ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე For.ge-სთან საუბარში ასე ცალსახად ვერ ადასტურებს, არის თუ არა მორიგი კონფლიქტის წინაპირობა ცხინვალში შემჩნეული გადაადგილებები. თუმცა იგი აცხადებს, რომ დე ფაქტო რეგიონში ბავშვების გაყვანის რეჟიმი აქვთ შექნილი და მათ ყოველთვის აგვისტოს თვეში ასვენებენ. კერძოდ, ისინი გაჰყავთ ვორონეჟისკენ, ვოლგოგრადისკენ, სტავროპოლისკენ. ამ სახით უწევენ ჰუმანიტარულ დახმარებას და ასვენებენ არა მარტო ბავშვებს, არამედ - მათ მშობლებსაც.
მამუკა არეშიძის თქმით, პანიკის დათესვის ელემენტები ამაში, რასაკვირველია, არის. ამის მიუხედავად, ცხინვალიდან ქალებისა და ბავშვების გაყვანაზე მეტად, ექსპერტს პირობითი საზღვრის გასწვრივ რუსული სამხედრო მანქანების გარკვეული მოძრაობები აშფოთებს. კერძოდ, განსაკუთრებით დამაფიქრებელია რუსი მესაზღვრეების გადაადგილება მეჯვრისხევის გვერდით, ცენტრალური ტრასის მახლობლად.
რაც შეეხება 27 ივლისს სოფელ დიცისა და ერედვის პირობით საზღვარზე ქართველი მაღალჩინოსნებისა და რუსი სამხედროების საიდუმლო შეხვედრას, მამუკა არეშიძეს ეს ფაქტიც საინტერესოდ მიაჩნია. შეხვედრას შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსიც ესწრებოდა და ადგილობრივ მოსახლეობას ამ მიზნით სახელდახელოდ გაშლილი კარავიც არ გამოჰპარვია. თუმცა, რაზე მოილაპარაკეს მხარეებმა, უცნობია.
„27 ივლისს ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართა ქართული მხარის მიერ კონტროლირებად სოფელ დიცსა და ოკუპირებულ ერედვს შორის არსებულ საზღვართან. ერთმანეთს შეხვდნენ რუსი სამხედროები და ქართველი მაღალჩინოსნები. ვინ იყვნენ ისინი, კონკრეტულად ამის თქმა არ შემიძლია, მაგრამ კარავი გაიშალა, მოლაპარაკება ჰქონდათ ამ კარავში და ეს მოლაპარაკება პურ-მარილით დამთავრდა. თუმცა, რატომ შეხვდნენ ერთმანეთს, არ ვიცი. ეს გასაიდუმლოებული შეხვედრა იყო,“ - აცხადებს მამუკა არეშიძე.
მისი თქმით, ცხინვალიდან მოსახლეობის გაყვანის მიზეზის ასახსნელად, დე ფაქტო რეჟიმს ყველაფრის მოგონება და ყველაფრის თქმა შეუძლია, თუმცა რეალურად, რამდენად ხიფათის შემცველია ეს და ხომ არ არის ჩვეულებრივი ზაფხულის დასასვენებელი რეჟიმი, ეს გასარკვევია.
აწყობთ თუ არა რუსეთ-საქართველოს ხელისუფლებებს კონფლიქტი ცხინვალის რეგიონში და არიან თუ არა ისინი ერთმანეთთან ალიანსში, ამას მამუკა არეშიძე ვერ ადასტურებს, თუმცა ხედავს, რომ საქართველოს ეკონომიკა რუსების ხელშია.
„როცა ლაპარაკობენ ოპოზიციის წარმომადგენლების მოსკოვთან ალიანსზე, მეცინება, რადგან თავად ეს ხელისუფალნი ალიანსში არიან რუსეთის ხელისუფლებასთან, მაგრამ ამ ალიანსს, ძირითადად, ეკონომიკური სახე უფრო აქვს. რამდენად აქვთ სხვა ტიპის ურთიერთობები, ჩემთვის რთული სათქმელია. თუმცა, ვერ ვხედავ, დღეს რუსეთის ხელისუფლებას მაინცდამაინც აწყობდეს სამხედრო აქტივობა საქართველოს წინააღმდეგ. ეს რომ იყოს ნოემბრის თვე, დამთავრებული იყოს სირიის კრიზისი და აშშ-ში არჩევნები ჩატარებული იყოს, შემეძლო, მეთქვა, რომ დღეს ან ხვალ დაიწყება ირანის წინააღმდეგ ინტერვენცია და არ გამოვრიცხავ, რუსეთმა მოინდომოს სამხედრო აქტივობა საქართველოს ტერიტორიაზე, რათა არ დაკარგოს სომხეთი და სომხეთში განლაგებული თავისი ბაზა“, - აცხადებს ექსპერტი კავკასიის საკითხებში.
დღესდღეობით კი მამუკა არეშიძე ვერ ხედავს არგუმენტებს, თუ რა მიზეზი შეუძლია მოიყვანოს რუსეთის ხელისუფლებამ თავის გასამართლებლად?! რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლებას, მამუკა არეშიძის აზრით, რასაკვირველია, საქართველოს ხელისუფლებისთვის შექმნილი ვითარება - საარჩევნო პროცესი მომგებიანი არ არის. ამდენად, ესკალაციისადმი მათ ინტერესს არ გამორიცხავს.
„შესაძლოა, გარკვეული პროვოკაცია აწყობდეთ თუნდაც იმისთვის, რომ არჩევნები ან გადაიტანონ ან საერთოდ გააუქმონ. ესეც გარკვეული ალბათობითაა და არა აბსოლუტური ჭერშმარიტება“, - გვითხრა მამუკა არეშიძემ.
ექსპერტი სოსო ცისკარიშვილს კითხვა უჩნდება პუტინთან, თუ რატომ აგრძელებს იგი ასე თვალსაჩინო თანამშრომლობას საქართველოს ხელისუფლებასთან და რატომ აძლევს ნაციონალებს საბაბს, რათა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს და არ შედგეს საპარლამენტო არჩევნები.
„ასე, ოთხ წელიწადში ერთხელ მოსახლეობის ევაკუაცია შემთხვევით არ მოხდება. რასაკვირველია, უნდა გააქტიურდნენ ქართველი ჟურნალისტები რუსეთში და, თუ ვინმეს ხელი მიუწვდება, ე.წ. ოსეთშიც. ან იმავე ჩვენმა ყოვლისშემძლე ტელეკომპანია „პიკმა“ აიღოს ინტერვიუები ჩრდილოეთ კავკასიაში გადასული სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებისგან. უნდა დავრწმუნდეთ ამ ფაქტის სინამდვილეში, რომ ცხინვალიდან მართლაც გაიხიზნენ ადამიანები და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვეძლება დაწვრილებითი ანალიზის გაკეთება,“ - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი For.ge-სთან კომენტირებისას.