სოციალური გაჭირვების ფონზე, ქალაქგარეთ კურორტზე წასვლა ხალხის არც თუ ისე დიდმა ნაწილმა შეძლო. დანარჩენების ნაწილი კი ზაფხულის ცხელ დღეებს თბილისის ზღვაზე ატარებს. წლევანდელ სეზონზე თბილისის ზღვაზე დამსვენებელთა რიცხვი განსაკუთრებით მაღალია. გარდა იმისა, რომ ზღვის წყალი ისედაც ათასგვარი ინფექციის წყაროა, თბილისის ზღვაზე დამატებითი საშიშროებებიც არსებობს. კარგა ხანია, ეკოლოგები მისი ბაქტერიული ანალიზის ჩატარებას ითხოვენ, რადგან არსებობს ეჭვი, რომ წყალი სასაფლაოდან ჩამდინარე გრუნტის წყლებით ბინძურდება. ეს მართლაც იძლევა შეშფოთების საბაბს, რადგან ცნობილია, რომ ზღვის წყალი მოსახლეობას მიეწოდება. ამ საკითხთან დაკავშირებით "ივერონი" თბილისის წყალმომმარაგებელ კომპანია "ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერს" დაუკავშირდა, სადაც განუცხადეს, რომ ზღვის წყალს მხოლოდ სარეზერვოდ იყენებენ და ისიც მრავალგზის გაფილტვრის შემდეგ.
დრო გადის, ეს თემა კი აქტუალობას არ კარგავს, რაც პრობლემის მოგვარებამდე გაგრძელდება. "ივერონს" წყარომ ისიც კი განუცხადა, რომ ზღვის ფსკერი გვამებით არის სავსე. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ გიორგაძე "ივერონთან" საუბარში ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს. მისი თქმით, ისეთი შემთხვევა, როდესაც უბედური შემთხვევის შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ სამაშველო სამსახურის მიერ გვამი აღმოჩენილი არ ყოფილიყოს – არ ფიქსირდება.
"გამორიცხულია, თბილისის ზღვის ფსკერზე გვამების არსებობა. როდესაც დგება უბედური შემთხვევა, აუცილებლად გვატყობინებენ. სამაშველო სამსახურის მობილიზების წყალობით კი გვამი ყოველთვის იძებნება." – განაცხადა თემურ გიორგაძემ.
რაც შეეხება ზღვაში ჩამავალ გრუნტის წყლებს, ეკოლოგების განცხადებით, აუცილებელია სადრენაჟო მოწყობილობების დამონტაჟება და ზღვიდან 300 მეტრამდე მანძილზე მდებარე სასაფლაოს კონსერვაცია.
"მეცნიერების მიერ ადრე ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ თბილისის ზღვის აუზში, მიმდებარე ტერიტორიებიდან მიკრობიოლოგიურად დაბინძურებული გრუნტის წყლები ჩაედინება. ზღვის ნაპირზე მდებარე სასაფლაო თანდათან იზრდება და აუცილებელია მისი კონსერვაცია. საკრებულოს გადაწყვეტილებით, სასაფლაოების მოწყობა წყალსაცავებთან, რომლებსაც მოსახლეობა სხვადასხვა მიზნებით იყენებს, დაუშვებელია". – განუცხადა "ივერონს" ეკოლოგიის ექსპერტმა ნიკა მჟავანაძემ და დასძინა, რომ ამასთან დაკავშირებით ეკოლოგებმა არაერთხელ მიმართეს თბილისის მერიას, თუმცა მათგან სასურველი პასუხი ვერ მიიღეს, გარდა იმისა, რომ მერიის წარმომადგენელმა გაზეთის საშუალებით განაცხადა - მანძილი ზღვასა და სასაფლაოს შორის 300 კი არა, 500 მეტრიაო.
ექსპერტის მოსაზრებით, 3 წლის წინ გახსნილი სასაფლაოს კონსერვაცია მერიის ინტერესებში გასაგები მიზეზების გამო არ შედის.
"სასაფლაო მომგებიანი ბიზნესია. როგორც ჩანს, მერია არ არის დაინტერესებული მისი გაუქმებით. ამბობენ, ოლიმპიური სოფელი უნდა გავაშენოთ ზღვის გარშემოო და აქ სასაფლაო რა საჭირო იყო?? სად უნახავთ, რომ დასასვენებელ ობიექტზე სასაფლაო იყოს?" – განაცხადა ნიკა მჟავანაძემ.
როგორც ექსპერტი აღნიშნავს, გარდა სასაფლაოსი, თბილისის ზღვის შემოგარენში სხვა პრობლემაც დგას – საბალახოდ გაშვებული საქონელი, რომლის მიერ დაბინძურებული ტერიტორიიდან წყალმოვარდნის დროს პარაზიტულად დაბინძურებული წყალი ზღვაში ჩაედინება.
იმის იმედს, რომ ხელისუფლება პრობლემას გადაჭრის, ექსპერტი ვერ გამოთქვამს, რადგან მისი თქმით, ქვეყანაში განუკითხაობაა.
"ეს საკითხი სამართლებრივად უნდა გადაწყდეს, რაც ამ ხელისუფლების პირობებში ძნელად მისაღწევია. სამართლებრივი ბერკეტები მის ხელთაა. სანამ საქართველოს სათავეში ეს ხელისუფლებაა, ქვეყანას და კონკრეტულად ამ პრობლემას არაფერი ეშველება". – განუცხადა "ივერონს" ნიკა მჟავანაძემ.
აღსანიშნავია, რომ შავი ზღვის წყალიც ძლიერ ბინძურდება და განმკითხავი არავინ არის. საკანონმდებლო ვალდებულებით, საბანაო წყლის კონტროლი სისტემატურად უნდა ხდებოდეს. საქართველოში კი მსგავსით თავს Aარავინ იწუხებს. 5-6 წლის წინათ, ბათუმში დაწყებული შავი ზღვის წყლის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა დღესაც არ დასრულებულა და კანალიზაცია ზღვაში კვლავ ჩაედინება. ამას ნიკა მჟავანაძეც ადასტურებს. მისი თქმით, ბათუმის კანალიზაცია დღეს შავ ზღვაში ყოველგვარი ბიოლოგიური და მექანიკური გაწმენდის გარეშე ჩაედინება.
როგორც "ივერონს" ერთ-ერთი საკურორტო ქალაქიდან აცნობეს, ზღვა ისეა დაბინძურებული, ადამიანს შესვლისა და ბანაობის სურვილი დაეკარგება. არის ადგილები, სადაც ზღვის ზედაპირზე კანალიზაციის სუნი და ფეკალური მასები შეინიშნება. ზღვაზე დამსვენებელთა ნაკლებობა ამ მიზეზითაც აიხსნება. დაბინძურებული ზღვა ხომ პარაზიტული და ინფექციური, კანისა და კუჭ-ნაწლავის დაავადებების, ვირუსული ა-ჰეპატიტის რისკს ზრდის. წყაროს ცნობით, ურეკსა და ქობულეთში დამსვენებლები ვირუსით მასობრივად დაავადდნენ. ბავშვებში და მოზრდილებში ნაწლავურმა ინფექციებმა იმატა. "ივერონისთვის" ცნობილი გახდა, რომ ურეკის სანაპირო ზოლი ფაქტობრივად არ სუფთავდება.
"დასუფთავების პრობლემა ადრე არ გვქონდა, რადგან აქ ყველაფერს ივანიშვილი აგვარებდა. განვითარებული მოვლენების გამო აქაურობა უპატრონოდ დარჩა და სისუფთავეზე თითქმის არავინ ზრუნავს. პირადად მე ჩემი სასტუმროს შემოგარენს საკუთარი პერსონალის დახმარებით ვასუფთავებ, მაგრამ სხვა ადგილებზეც ხომ უნდა იზრუნოს ვინმემ" - განაცხადა ურეკში მდებარე ერთ-ერთი კერძო სასტუმროს მეპატრონემ.
"ქობულეთი თითქმის ცარიელია. დამსვენებლები არჩევანს უფრო კვარიათზე, სარფზე, გონიოზე აკეთებენ. თვლიან რომ იქ წყალი შედარებით სუფთაა. აქ ადგილობრივმა მოსახლეობამ კერძო ბიზნესის განსავითარებლად ათასობით ლარი დახარჯა, რათა სეზონზე მოგება ენახა და დამსვენებლები კი არ არიან. მათთვის წლევანდელი სეზონიც, როგორც ჩანს, წამგებიანი იქნება." – აღნიშნა წყარომ "ივერონთან" საუბარში.
შავი ზღვის ქართულ კურორტებზე ხალვათობა მხოლოდ დაბინძურებული ზღვის შედეგი არ უნდა იყოს. ამ დროს ფასებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ფაქტია, რომ მეზობელი თურქეთის სანაპიროებზე დასვენება ნორმალური პირობების შემთხვევაში იგივე ჯდება, რაც ქობულეთსა და ბათუმში, ზღვის წყალიც კონტროლდება. ამბობენ, რომ მომსახურების თვალსაზრისითაც იქ უკეთესი მდგომარეობაა.
ზემოთ ნახსენები ნეგატიური მოვლენების შესახებ კომენტარისთვის ხელისუფლების შესაბამის სტრუქტურებში გადამოწმებისგან თავი შევიკავეთ, რადგან ზუსტად ვიცით, როგორი იქნება მათი პასუხი.
მაშინ, როდესაც ხელისუფლება ტურისტების რაოდენობას გაშმაგებით ითვლის, ბუნებრივია, ეპიდემიისთვის პრევენციული ღონისძიებების გატარებას არ დაიწყებს. როგორ უნდა ისურვო მასპინძელმა სტუმრების დაავადება იმისთვის, რომ განგაში ატყდეს და ხელისუფლებამ პრობლემები მოაგვაროს.