ბრძოლა მაუწყებლობისთვის საქართველოში

ბრძოლა მაუწყებლობისთვის საქართველოში

საქართველოს საპარლამენტო არჩევნებამდე სულ რაღაც ორი თვე რჩება და მედიაგავლენისთვის ბრძოლა ძალას იკრებს. ისევე, როგორც ქვეყნების დიდ ნაწილში, საქართველოშიც, სადაც მოსახლეობის 88%-სთვის „ახალი ამბების“ წყარო ტელევიზიაა, მედია ომები მაუწყებლობის გავრცელებისთვის ბრძოლას გულისხმობს.

ახლახანს მიღებული „მასთ ქერის“ პრინციპი იმას გულისხმობს, რომ ყველა საკაბელო და თანამგზავრულმა ოპერატორმა ყველა არხი ხელმისაწვდომი უნდა გახადოს მომხმარებლისთვის. მაგრამ ოპოზიციასთან ასოცირებული ტელეარხები აცხადებენ, რომ აღნიშნული რეგულიაცია, ბევრს ვერაფერს შეცვლის საქართველოს პოლარიზებული მედიასივრცის დივერსიფიკაციის სასარგებლოდ გრძელვადიან პერსპექტივაში.

მე-9 არხი, რომელსაც ოპოზიციონერი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს, ბოლოდროინდელი ბრძოლის ეპიცენტრად იქცა. საქართველოს სამი ნაციონალური მაუწყებელი, ჩვეულებრივ, მტკიცედ პროსამთავრობო ბანაკშია. მაგრამ წინა არჩევნებისგან განსხვავებით, როდესაც ოპოზიცია მედიის ყურადღების მისაპყრობად სასოწარკვეთილი ცდილობდა საზოგადოებრივი ტელევიზიის შტურმით აღებას, წელს მან მოწინააღმდეგის მეთოდს მიმართა და საკუთარი სატელევიზიო სადგური შექმნა.

აპრილში, ივანიშვილმა აღადგინა მე-9 არხი, ტელეკომპანია, რომელის მფლობელიც „ვარდების რევოლუციამდე“ მისი მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე და მისი ბიზნესპარტნიორები იყვნენ. მათ 7 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელეს ახალი სტუდიის შექმნისთვის, დაიქირავეს უცხოელი კონსულტანტები, გახსნეს ბიუროები მთელი ქვეყნის მასშტაბით და ტელევიზიას წარმოაჩენენ როგორც 24 საათიანი საინფორმაციო არხის ქართულ ვერსიას, ისეთი არხის, როგორიცაა მაგალითად CNN, ამბობს ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი კახა ბექაური.

თბილისში ჩარჩენილი

თუმცა, მათ მალევე გააცნობიერეს, რომ ქართულ პოლიტიკაში საქმე ასე იოლად არ არის, და არხის ფლობის მიუხედავად, ოპოზიციას საკუთარი ხმის გავრცელებასთან დაკავშირებით კვლავ პრობლემები აქვს. მას შემდეგ, რაც მე-9 არხმა (დღეს ის ცნობილია როგორც TV9) განაცხადა, რომ მაუწყებლობას იწყებს, ის სისტემატიურად აწყდებოდა პრობლემებს იმ ოპერატორების ძიების გზაზე, რომლებიც მის სიგნალს თბილისის გარეთ გაავრცელებდნენ.

ხვედელიძემ ტელევიზიის სიგნალის გავრცელებისთვის თავისი მაზლის საკაბელო/თანამგზავრული ოპერატორი Global TV გამოიყენა. თუმცა, მალევე Global TV-სთან კონტრაქტები გაწყვიტეს პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა იმ იმედით, რომ კომპანიის მომსახურებაზე მასობრივად იტყოდნენ უარს მისი მომხმარებლები, რადგან ვეღარ შეძლებდნენ პოპულარული ქართულენოვანი შოუების ყურებას. Global TV-მ მთავრობასთან მეორე ბრძოლაც წააგო, როდესაც კლიენტების ბაზის გაზრდას უფასო სატელიტური თეფშების დისტიბუციის გზით შეეცადა – გეგმა, რომელიც მთავრობამ კამპანიის დაფინანსების შესახებ კანონის დარღვევად მიიჩნია.

TV9-მ შემდეგ დახმარებისთვის მეორე პრო-ოპოზიციურ არხს, მაესტროს მიმართა, რომელსაც საკუთარი თანამგზავრული სიგნალი აქვს. თუმცა, ივლისში, კამპანიის დაფინანსების შესახებ კანონის დარღვევაში მაესტროც დაადანაშაულეს, როდესაც ამ უკანასკნელმა სატელიტური თეფშების უფასოდ დარიგებასთან დაკავშირებული გეგმების შესახებ განაცხადა. ახლა, როდესაც TV9 ვერ ვრცელდება მთავარი თანამგზავრული ოპერატორების საშუალებით, ტელევიზია ინტერნეტით მაუწყებლობს, მაგრამ ამ პირობებში ახალ ამბებს მაქსიმუმ 1500 მნახველი ყავს, იმ 11 000 მაყურებელთან ერთად დედაქალაქში, რომლებსაც სიგნალის მიღება შეუძლიათ.

შონ გრიფისმა, ამერიკელმა კონსულტანტმა კომუნიკაციების დარგში, რომელიც მე-9 არხმა დაიქირავა საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის განსაზღვრისთვის, განაცხადა, რომ საკაბელო არხებით გავრცელების უზრუნველყოფა მხოლოდ ერთ-ერთია პრობლემათა იმ პაკეტში, რომელიც არხს გაფართოვების პროცესში აქვს. მას პრობლემა შეექმნა ასევე რეგიონებში ოფისების დაქირავების საქმეშიც, ამბობს გრიფისი.

ის აცხადებს, რომ ტელეკომპანიაში მომუშავე ჟურნალისტები საპროტესტო აქციებზე სამიზნეებად იქცნენ, მათ სიტყვიერად ესხმიან თავს და ხელს უშლიან მუშაობაში ხელისუფლების მხარდამჭერები. ივლისში, Amnesty International-მა გააფრთხილა მთავრობა იმის გამო, რომ ის „ვერ იცავს ოპოზიციის მხარდამჭერებს და ჟურნალისტებს პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობისგან“.

მთავრობამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა მედიის სათამაშო მოედნის გათანაბრებისთვის, მიიღო რა ქვეყანაში პირველი „მასთ-ქერის“ რეგულაცია ივნისში. კანონი ავალდებულებს ყველა საკაბელო და თანამგზავრულ კომპანიას ყველა არხის სიგნალის გავრცელებას არჩევნებამდე ორი თვის განმავლობაში. თუმცა მოთხოვნა მხოლოდ არჩევნების დღემდეა ძალაში.

მართლია, „მასთ ქერი“ არჩევნების წინ მედია სივრცის დეპოლარიზების მხარდაჭერის მიზნით ამოქმედდა, თუმცა ბექაური ამბობს, რომ ის არ ქმნის რეალურ გარანტიებს ისეთი ტელეკომპანიებისთვის, როგორიც მე-9 არხია, რადგან რეგულაციის ვადა მხოლოდ ორი თვე მოქმედებს და არ არსებობს არანაირი გარანტია იმისა, რომ ყველა არხის მაუწყებლობის ხარისხი თანაბარი იქნება. „მთავრობის მთავარი მიზანი ქვეყნის მოსახლეობაში სიმართლის და რეალობის გავრცელების დაბლოკვაა“, ამტკიცებს იგი. „მათ გააკეთეს და აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ შეზღუდონ მე-9 არხის ფუნქციურობა და მისი მაუწყებლობის უნარი“.

მმართველი პარტია არ ემორჩილება ზეწოლას და უარს ამბობს „მასთ ქერის“ მოქმედების გაგრძელებაზე არჩევნების შემდეგ, აცხადებს რა, რომ ეს კერძო ბიზნესში „ჩარევაა“. თუმცა, პარლამენტის სპიკერმა დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ პარლამენტი „ხელს შეუწყობს და წაახალისებს ყველა საკაბელო ოპერატორს და სატელევიზიო არხს განაგრძონ თანამშრომლობა, რომელსაც ისინი წინასაარჩევნო პერიოდში ააწყობენ“.
foreignpress.ge