ობიექტების სია, რომლებიც რუსულმა კომპანიებმა შეისყიდეს
რამდენიმე კვირის წინ "თელასის" ახალმა ხელმძღვანელმა ზურაბ არსოშვილმა ზემოაღნიშნული კომპანიიდან თანამშრომლები დაითხოვა. "ზურაბ არსოშვილმა ყველა თანამშრომელს განცხადება დაგვაწერინა და თარიღის მითითება აგვიკრძალა. რამდენიმეს კი გვითხრა: თქვენ 27 მაისს "ქართული ოცნების" მხარდამჭერ აქციაზე იყავით, ამის დამამტკიცებელი დოკუმენტები გვაქვსო და მიტინგზე გადაღებული სურათები ცხვირწინ აგვიფრიალა. დავწერეთ განცხადებები და წამოვედით. ამის შესახებ ვაცნობეთ "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის ლიდერ დავით ფაცაციას. პირადად მე ოფიციალურ კომენტარს ვერ გავაკეთებ, ამ ხელისუფლებისგან კარგს არაფერს ველოდები და მეშინია, ჩემს შვილებს მომავალი არ გავუფუჭო", - განგვიცხადა "თელასის" ყოფილმა თანამშრომელმა, რომელმაც ვინაობის საჯაროდ გამხელა არ ისურვა.
გვესაუბრება კოალიცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ახალგაზრდული ფრთის ლიდერი დავით ფაცაცია:
- "თელასის" თანამშრომლების გათავისუფლების ერთ-ერთი მიზეზი 27 მაისის აქციაში მათი მონაწილეობა იყო. "თელასის" ხელმძღვანელად ყოფილი გუბერნატორისა და ყოფილი შს მინისტრის მოადგილის, ზურაბ არსოშვილის დანიშვნისთანავე ამ ორგანიზაციის ყველა თანამშრომელს დააწერინეს განცხადება, თანაც აუკრძალეს თარიღის მითითება. გამოთავისუფლებულ ადგილებზე კი დანიშნეს "ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორები და მათთან დაახლოებული პირები. ზურაბ არსოშვილმა "თელასში" დანიშნა თავისი მეგობრები, ე.წ. ზონდერები: შემოსავლების განყოფილების უფროსად - ალეკო ლაშიაშვილი, ენერგოგასაღების განყოფილებაში - ავთო მეტივიშვილი, ტექნიკურ სამსახურში - ალეკო ქობალია, აწ გარდაცვლილი გია ჭანტურიას ვაჟი გიორგი ჭანტურია, რომელიც ამერიკიდან ჩამოიყვანეს. აგრეთვე, თავისი მეუღლე მოდელი და "სტერეოს" ყოფილი წამყვანი თათა ქართველიშვილი. "თელასის" სისტემას ამჟამად "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური გუნდი მართავს... გათავისუფლებულ თანამშრომლებს კონსპირაციულად შევხვდი. ისინი ვერ ბედავენ პროტესტის ხმამაღლა გამოხატვას. შიშობენ, მათი ოჯახის წევრებიც არ დაითხოვონ სამსახურიდან და ლუკმაპურის გარეშე არ დარჩნენ. ხელისუფლება რეპრესიებს მიმართავს და განსხვავებული პოლიტიკური თვალსაზრისის მქონე ადამიანებს დევნის. დღეს საქართველოში 1937 წელია!
ცალკე თემაა ენერგოვაუჩერები, რომლებიც მოსახლეობას გასულ ზამთარს დაურიგდა. "თელასის" ყველა თანამშრომელს, ისე რომ მათთვის არავის არაფერი უკითხავს, ხელფასიდან ჩამოაჭრეს 200 ლარი. სწორედ ამ თანხით გადაიხადეს იმ ვაუჩერების საფასური, რომელიც ვითომ ხელისუფლებამ გაიღო ხალხის დასახმარებლად. იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებსაც ჩამოაჭრეს ხელფასიდან 200-დან 300 ლარამდე. საჯარო რეესტრის ყველა თანამშრომელი დაგიდასტურებთ ამას, ოღონდ კონსპირაციულად, რადგანაც სამსახურის დაკარგვის ეშინიათ. საჯარო რეესტრში ამ ბნელ საქმეს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძე ხელმძღვანელობდა. მოკლედ, ის პიარი, რასაც ნაციონალური ტელევიზიები გადმოსცემდნენ დილიდან საღამომდე ვაუჩერების შესახებ, მორიგი ფარსი იყო. სინამდვილეში ენერგოვაუჩერის პროგრამა "თელასისა" და იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებისთვის შეწერილი თანხით დაფინანსდა. ასეთი რამ არც პირველია და არც უკანასკნელი. ყველა არჩევნების წინ საჯარო რეესტრში ხდებოდა თანამშრომელთა ხელფასებიდან თანხების ჩამოჭრა 200-დან 300 ლარამდე და ეს თანხები ნაციონალების ყულაბაში გროვდებოდა. ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ ხმაურდება, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებსაც ეყოფათ ვაჟკაცობა და ამას საჯაროდ განაცხადებენ.
- "თელასის" 75%-იანი წილის მფლობელები ხომ რუსები არიან, ხელისუფლება მათზე როგორ ზემოქმედებს?
- თელასის 75%-ის მფლობელია "სილქროუდგრუპი", რომელიც რუსულ კომპანია "რაოეესს" ეკუთვნის. "თელასიდან" პოლიტიკური ნიშნით თანამშრომლების მასობრივად გათავისუფლებას ზურაბ არსოშვილი, რუსების დაუკითხავად, ცხადია, ვერ გაბედავდა. ეს არ გაუპროტესტებია რუსულ მხარეს. აქედან გამომდინარე, თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ხელისუფლებისა და რუსების ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. თუ ასე არ არის, მაშინ რატომ მისცეს არსოშვილს თანამშრომელთა დათხოვნის
მან ხომ საქართველოს ყველა სტრატეგიული ობიექტი რუსებს მიჰყიდა. საქართველოს ენერგომატარებლები რუსების ხელშია. ასე რომ, სააკაშვილის რიტორიკა, თითქოს რუსეთი ჩვენი მტერი და ოკუპანტი ქვეყანაა, ბლეფია. ამის დამამტკიცებელი ფაქტი უამრავია: 2004 წელს მიხეილ სააკაშვილმა რუსეთიდან საქართველოში ჩამოიყვანა და ეკონომიკის მინისტრად დანიშნა კახა ბენდუქიძე, რომელმაც ნამუსი რუსეთში დატოვა და საქართველოში ყველაფერი გაყიდა, რისი გაყიდვაც შეიძლებოდა. მიხეილ სააკაშვილმა ბენდუქიძის შემდეგ რუსეთიდან საგარეო საქმეთა მინისტრად გრიგოლ ვაშაძე ჩამოიყვანა - რუსეთის მოქალაქე და უშიშროების მაღალჩინოსანი. უშიშროების სისტემაში ყოფილი თანამშრომელი არ არსებობს და, აქედან გამომდინარე, იგი დღესაც განაგრძობს ამ უწყებასთან თანამშრომლობას. ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ობიექტების გაყიდვა-გასხვისების საქმეში მთავარი ფიგურა კი არის სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის მეგობარი და ამ ქვეყნის უშიშროების მაღალჩინოსანია. კახა ბენდუქიძე, გრიგოლ ვაშაძე და თემურ ალასანია იყვნენ და დარჩნენ კიდეც მთავარ შუამავლებად რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლებებს შორის. სწორედ ამ სამმა ადამიანმა მიჰყიდა საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები რუსეთს და საქართველოს საკუთრებაში თითქმის არაფერი დარჩა. თამამად შეიძლება ითქვას - გაიყიდა საქართველო! ქვეყნის ყველა სტრატეგიული ობიექტი ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებულ კომპანიებსა და რუსულ სახელმწიფო კომპანიებზეა მიყიდული. ამ ხელისუფლებამ რუსებს მიჰყიდა შემდეგი ობიექტები: "თელასი"; "ჟინვალჰესი"; "ვარციხე 1"; "ვარციხე 2"; "ვარციხე 3"; "ვარციხე 4"; "ხრამი 1"; "ხრამი 2"; ხრამი 3"- მფლობელი რაოეესი"; "ხრამი 4"- მშენებლობის ნებართვა "რაოეესის" ხელშეკრულებით; "ხრამი 5", "ენგურჰესი", "გარდაბნის მე-9 ენერგობლოკი"; "გარდაბნის მე-10 ენერგობლოკი"; "შაორჰესი", "აჭარის წყალი" - მფლობელი "ენერგოპრო", "ყაზტრანსგაზთბილისი"- მფლობელი რუსული კომპანია "გაზპრომი"; "რიონჰესი"- მფლობელი რუსული კომპანია "ენერგოინვესტი", "გუმათი 1", "გუმათი 2" - მფლობელი ჩეხეთში რეგისტრირებული რუსული კომპანია "ენერგოპრო"; "ლაჯანურჰესი"; "მადნეული"; "კვარციტი"; "თბილისის წყალი" - მფლობელი ოფშორში რეგისტრირებული რუსული კომპანია; "ელმავალმშენებელი"; "საბორნე გადაზიდვები ფოთიდან და ბათუმიდან", - აი, ეს არის იმ სტრატეგიული ობიექტების სია და შემიძლია მოგაწოდოთ დოკუმენტებიც, სადაც ეს ინფორმაცია არის დადასტურებული. ასე რომ, ჩვენი ხელისუფლება დაუფარავად თანამშრომლობს რუსეთის ხელისუფლებასთან და არის მისი ბიზნესპარტნიორი. როგორც კი დაიძაბება ურთიერთობა რუსეთსა და საქართველოს შორის, ჩვენი ხელისუფლება, მმართველობა რომ გაიხანგრძლივოს, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტს აჩეჩებს რუსებს. ასე მოხდა აგვისტოს ომის შემდგომაც - სააკაშვილმა, სკამი რომ შეენარჩუნებინა, "ენგურჰესი" უფეშქაშა რუსებს. ამით ქართველ ხალხს პირიდან ლუკმა გამოაცალა.
- რუსულმა კომპანიამ "მადნეულისა" და "კვარციტის" 100% შეიძინა, დირექტორადაც ქართველი ვახტანგ ფარესიშვილი დაინიშნა. მანამდე კი "მადნეულის" მეპატრონე ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირი კობა ნაყოფია იყო...
- ნაყოფია რუსების ე.წ. "პოდსტავნოე ლიცო"" გახლდათ, "მადნეული" მანამდეც რუსებს ეკუთვნოდათ, უბრალოდ, ნაყოფიას სახელზე იყო წილი გაფორმებული. ამჯერად რუსებმა თავიანთი ქონების გათეთრება გადაწყვიტეს, რადგანაც საქართველოში მიმდინარე პროცესები როგორ განვითარდება, არავინ იცის და ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში, შესაძლოა, მათ პრობლემა გაუჩნდეთ. ამიტომაც სასწრაფოდ გადაიფორმეს ის საკუთრება, რომელიც მათ საქართველოს ხელისუფლებამ უპრობლემოდ გადასცა.
- ვინ არიან "მადნეულის" და "კვარციტის" ახალი მფლობელები და რა კავშირი აქვთ მათ რუსეთის ხელისუფლებასთან?
- ოქროს მომპოვებელმა კომპანია "ჯეოპრო მაინინგმა" "მადნეული" და "კვარციტი" რუსულ "კაპიტალჯგუფს" 204 მილიონ დოლარად მიჰყიდა. ეს თანხა საჯარო რეესტრის მონაცემებში არ არის მითითებული. "კაპიტალჯგუფის" აქციონერები არიან რუსი ბიზნესმენები დიმიტრი ტროიცკი და დიმიტრი კორჟიევი. კომპანია "ნევა რუსი" "კაპიტალჯგუფის" შემადგენლობაშია და მან "ჯეოპრო მაინინგისაგან" 2012 წლის 14 ივნისს "მადნეული" და "კვარციტი" იყიდა. ამ საბადოზე ლიცენზია კი "ჯეოპრო მაინინგმა", 110.5 მილიონ ლარად, 2012 წლის 29 თებერვალს ბუნებრივი რესურსებისა და ენერგეტიკის სამინისტროსგან მიიღო. რაც შეეხება "მადნეულის" და "კვარციტის" ახალ მფლობელებს, კორჟიევი და ტროიცკი თანაკურსელები არიან, დაამთავრეს ლენინგრადის გემთმშენებელი ინსტიტუტი, 1993 წლიდან არიან ბიზნესპარტნიორები. მათ ერთობლივი ბიზნესი ჰქონდათ "ნევა რუსში". ეს კომპანია აქციებს ფლობდა ბანკ "სანკტ-პეტერბურგში", რომელიც 2009 წელს გაყიდეს და სომხეთში სასარგებლო წიაღისეულის მოსაპოვებლად 110 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია ჩადეს, იმავე წელს კი საქართველოში "მადნეული" და "კვარციტი" შეიძინეს.
ამ გარიგებაში უშუალოდ პრეზიდენტის ბიძა თემურ ალასანია მონაწილეობდა.
- გამოდის, რომ საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობის ყველა ობიექტი რუსების ხელშია. დაგვრჩა კი რამე გასასხვისებელი?
- კი დაგვრჩა - რკინიგზა და გაზსადენი. მაგრამ ოქტომბერში მიხეილ სააკაშვილი, ხელისუფლების შესანარჩუნებლად, გაზსადენსაც გაყიდის. მას გაზსადენის მყიდველი ბიძამ, თემურ ალასანიამ მოუძებნა რამდენიმე წლის წინ, თუმცა ამერიკის იმჟამინდელი ელჩისა და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის აქტიური ჩარევის შედეგად, საქართველოს გაზსადენი გასხვისებას გადაურჩა. ახლა კი, როცა საპარლამენტო არჩევნები კარსაა მომდგარი, მიხეილ სააკაშვილს რუსებთან სავაჭროდ მხოლოდ რკინიგზა და გაზსადენი დარჩა. ის აუცილებლად გაყიდის ამ სტრატეგიულ ობიექტებს და საქართველო, როგორც სახელმწიფო, სამუდამოდ რუსეთზე დამოკიდებული გახდება.
- ოდესმე თუ შევძლებთ იმ სტრატეგიული ობიექტების დაბრუნებას, რომლებიც რუსებს მიჰყიდეს?
- რუსებისგან ამ ობიექტების დაბრუნება ნამდვილად არ იქნება იოლი, მაგრამ თითოეული ობიექტის დასაბრუნებლად ახალი ხელისუფლება ყველა ცივილიზებულ მეთოდს გამოიყენებს. მიხეილ სააკაშვილმა და მისმა გარემოცვამ ყველა იმ დანაშაულებრივ ქმედებაზე უნდა აგონ პასუხი, რაც მათ ქვეყნის წინაშე ჩაიდინეს!