"არც ერთი გოჯი მიწა დაუმუშავებელი არ უნდა დარჩეს, საქართველო არის მიწათმოქმედთა ქვეყანა, ჩვენს ქვეყანას გასაცდენი მიწა არ აქვს!" - ხელისუფლების პირველი პირების მიერ წარმოთქმული მსგავსი ფრაზები მედიასაშუალებებიდან თითქმის ყოველდღიურად გვესმის, ჰოდა, იმის დასტურად, რომ მოსახლეობისათვის მთავრობის გუნდის მიერ წარმოთქმული თითოეული ფრაზა ყურადსაღებია, ქუთაისში, მშენებარე პარლამენტის გვერდით, მთავრობის სახლისა და კონტროლის პალატის წინ, მუშებმა ბოსტანი გააშენეს და იქ, სადაც მწვანე საფარი უნდა დაგებულიყო, პომიდორი და წიწაკა დარგეს.
"გვინდოდა, ცარიელი ადგილი გამოგვეყენებინა. თვეების წინ პომიდორი და წიწაკა დავთესეთ და ვუვლით კიდეც. საღამოობით ბიჭებს წყალი მოგვაქვს და ვრწყავთ. ორივეს კარგად ასხია, მაგრამ პომიდორი ალბათ, აღარ დაისხამს, რადგან ძალიან სიცხეა და ხშირადაც ვერ ვრწყავთ", - ამბობენ მუშები.
შევეცადეთ გაგვერკვია, უხდება თუ არა ბოსტანი მთავრობის სახლის, კონტროლის პალატისა და პარლამენტის ექსტერიერს და ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსს მივმართეთ კითხვით - იციან თუ არა ამ ბოსტნის შესახებ და თუ "ჯდება" ის გარე ინტერიერის სტანდარტებში.
"მთავრობის სახლის წინ გაშენებული ბოსტნის შესახებ პირველად თქვენგან მესმის. თუმცა, თუ ბოსტანი მართლა გააშენეს, კეთილმოწყობის სამსახურს კი არა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართეთ, რადგან ბოსტანი მათი საქმეა", - გვითხრა კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა ლევან ჭანჭალეიშვილმა.
ქუთაისში რომ განსაკუთრებით ნიჭიერი ხალხი ცხოვრობს და ნებისმიერი წვრილმანის სათანადოდ გამოყენება შეუძლიათ, ამას ისიც ადასტურებს, რომ პარლამენტის წინ ახალგაშენებული ბოსტნის გვერდით მდებარე ტბასაც მოუძებნეს ფუნქცია - პლაჟი მოაწყვეს და ქუთაისელები ზაფხულის ცხელ დღეებს საკანონმდებლო ორგანის წინ, პლაჟზე გრილად ატარებენ.