თბილისი რუსეთის მოქალაქეების გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში მიიღებს. მოსკოვი ჯაშუშობაში ბრალდებულ მოქალაქეებთან დიპლომატების დაშვებას მოითხოვს. კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, რუსეთმა ეს ჯაშუშური ქსელი გამოიყენა და ჩვარივით გადააგდო.
„ქართული მხარე დაკავებული ჯაშუშების რუსული მხარისთვის გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში მიიღებს“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის პრეს სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განუცხადა.
„იმ ჯაშუშების ექსტრადირების თემასთან დაკავშირებით რომლებიც რუსეთის მოქალაქეები არიან დამატებითი ინფორმაცია საზოგადოებას რამდენიმე დღეში მიეწოდება. ამ საქმეზე, ამ ეტაპზე სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ“, - განმარტა მანჯგალაძემ.
გუშინვე მოსკოვმა საქართველოში ჯაშუშობაში ბრალდებულ მოქალაქეებთან დიპლომატების დაშვება მოითხოვა. „მოსკოვი მოითხოვს, დაუშვან დიპლომატები საქართველოში დაკავებულ და ჯაშუშობაში ბრალდებულ მოქალაქეებთან და აპირებს, გაარკვიოს, არიან თუ არა მათ შორის რუსეთის მოქალაქეები“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
მისივე თქმით, არის საკონსულო პროცედურები და ისინი მოვითხოვენ საკონსულო მისაწვდომობას. “და თუ ეს ჩვენი მოქალაქეები არიან, გვინდა ამაში საბოლოოდ დავრწმუნდეთ”, – აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და დასძენს: “მოლაპარაკებები კი ამ საკითხთან დაკავშირებით არ მიმდინარეობს. ეს პროვოკაციაა”.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ამ გამოსვლის შემდეგ სააკაშვილის პრესსამსახურმა დღის მეორე ნახევარში ახალი განცხადება გაავრცელა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური აცხადებს, რომ პრეზიდენტის პრესსპიკერის ბრიფინგზე რუსეთის ფედერაციის აგენტურული ქსელის გამოვლენასა და დაკავებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე, ზოგიერთმა საინფორმაციო სააგენტომ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა.
„პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური აღნიშნავს, რომ დაკავებულ პირთა ექსტრადიციის თემაზე კომენტარი არ გაკეთებულა, განცხადება გაკეთდა, ზოგადად, ამ ფაქტთან დაკავშირებით. კერძოდ, მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ დაკავებული ჯაშუშების თემაზე ადმინისტრაცია კომენტარს, ამ ეტაპზე, ვიდრე დამატებითი ინფორმაცია არ გახდება ცნობილი, არ აკეთებს“, – ნათქვამია პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში.
საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე საქართველოში რუსი ჯაშუშების დაკავებას რუსეთის კიდევ ერთ მარცხს უწოდებს. როგორც გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ქართველმა ხალხმა დაამტკიცა, რომ რუსული ჯაშუშური ქსელი ამ ქვეყანაში ვეღარასოდეს იარსებებს.
„ეს ქვეყანა არის პატრიოტების ქვეყანა. ამ ქვეყანას უზარმაზარი გამოცდილება აქვს ოკუპანტებთან ურთიერთობის, ამიტომ ასეთ დამარცხებას ვერც ლოგიკურ გამართლებას მოუნახავ, ვერც დისკუსიაში შეხვალ“, - აღნიშნა ვაშაძემ.
მისივე თქმით, რუსეთი, ერთის მხრივ ცდილობს, ყველა დაარწმუნოს, რომ არავითარი კავშირი არა აქვს ჯაშუშებთან, მეორეს მხრივ კი ამტკიცებს, რომ მნიშვნელოვანი საერთაშორისო მოვლენების წინ, საქართველომ პროვოკაცია მოაწყო.
„რუსეთი ყურადღების გადატანას ცდილობს ამ ჯაშუშური სკანდალიდან ეუთო-ს სამიტზე, ნატო-ს სამიტზე და საერთოდ, საქართველო-რუსეთის ურთიერთობის ფართო კონტექსტზე“, - აცხადებს ვაშაძე.
რუსული მედიის ინფორმაციით, თბილისი ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქეების საკითხზე მოლაპარაკებებისთვის მზად არის. როგორც „რია ნოვოსტი“ იუწყება, ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა.
“მზად ვართ, ამ საკითხზე მოლაპარაკება ვაწარმოოთ”, - განაცხადა კალანდაძემ.
მისივე თქმით, რუსულმა მხარემ შვეიცარიის საელჩოს საშუალებით უკვე მოითხოვა რუსეთის დაკავებული მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია და მათი მონაცემები, რომლებიც საკონსულო ქმედებებისთვის არის საჭირო. ამასთან, კალანდაძეს მიაჩნია, რომ აღნიშნულ საქმეზე რუსული მხარის რეაქცია არადაექვატურია.
დაკავებული მოქალაქეების რუსეთისთვის გადაცემის შესაძლებლობის შესახებ კი ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ „ეს მოლაპარაკებების საგანი იქნება და სამართალდამცველი ორგანოები გადაწყვეტენ“.
“ეს ძალიან მგრძნობიარე საკითხია. ჩვენ ამაზე თვალს ვერ დავხუჭავთ. ვერ მივცემთ თავს უფლებას, ამაზე თვალი მხოლოდ იმის გამო დავხუჭოთ, რომ ამან შესაძლოა, ვიღაცის გაღიზიანება გამოიწვიოს ან ვინმე არასწორად გაიგებს. ჯაშუშობაში ეჭვმიტანილებს ყველა ქვეყანა დააკავებდა, რომელიც საკუთარ სუვერენიტეტს პატივს სცემს. შესაბამისად, ჩვენ ისე მოვიქეცით, როგორც უნდა მოვქცეულიყავით”, - განაცხადა ნინო კალანდაძემ.
მინისტრის მოადგილის შეფასებით, საქართველო-რუსეთის ურთიერთობა უკვე იმდენად ცუდია, რომ მათი კიდევ უფრო გაუარესება შეუძლებელია. კალანდაძე ასევე აცხადებს, რომ როგორი რეაქციაც არ უნდა ჰქონდეს საერთაშორისო თანამეგობრობას, ეს ის საკითხია, რომელშიც საქართველო თავის სუვერენიტეტს ნებისმიერ ფასად დაიცავს. მისივე თქმით, საქართველოსა და აშშ-ში რუსეთის ჯაშუშებთან დაკავშირებული სკანდალები ცხადყოფს, რომ რუსეთმა ჯერ კიდევ ვერ გააცნობიერა ცივი ომის მეთოდების უშედეგობა.
ნინო კალანდაძე იმედოვნებს, რომ რუსეთის მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებული ინციდენტი ამოიწურება, თუმცა, არ არსებობს გარანტია, რომ გამოძიება ახალ გარემოებებს და პირებს არ გამოავლენს.
საქართველოში უსაფრთხოების ანალიზის ცენტრის დირექტორის დევიდ სმიტის შეფასებით, რუსეთი საქართველოში დესტაბილიზაციის გამოწვევას ისევ ცდილობს. “რუსეთი კვლავ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა საქართველოში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. ეს უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას გულისხმობს... არა მგონია, ვინმეს უკვირდეს, რატომ აგრძელებს რუსეთი შპიონაჟს საქართველოში, - უთხრა სმიტმა ჟურნალისტებს აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას.
ექსპერტი–კონფლიქტოლოგი პაატაზაქარეიშვილი „ათბ-ნიუსთან“ საუბრისას ჯაშუშების თემას ეხმაურება და ამბობს: „ამ ფაქტთან დაკავშირებით მკაფიო შეფასება მაქვს – აშკარაა, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიაზე ჰყავდა და ალბათ ახლაც ჰყავს რამდენიმე ჯაშუშური ქსელი. ამ ჯაშუშური ქსელის გამოვლენით კი ჩვენმა ხელისუფლებამ თავისი უუნარობა და დანაშაულებრივი არაპროფესიონალიზმი გამოავლინა. რისი თქმა მსურს… პრაქტიკულად, ხელისუფლებამ გამოავლინა ის ჯაშუშური ქსელი, რომელიც რუსეთს აღარ სჭირდება; ქსელი, რომელიც იყო ჯარში და მან თავისი ფუნქცია შეასრულა აგვისტოს ომის დროს. ეს არის ყველაზე შემაშფოთებელი. უნდა რა, აჩვენოს რუსეთის რეალური სახე, ამ დროს ხელისუფლებამ უნებლიეთ აჩვენა თავისი რეალური სახე.
დღევანდელ ხელისუფლებას არ შესწევს უნარი გაუმკლავდეს ასეთ გამოწვევებს. ის არ არის ხელისუფლება და არ არის სახელმწიფო. რუსეთმა აგვისტოს ომის დროს პირწმინდად გამოთიშა საჰაერო ავიაცია საომარი მოქმედებებიდან. და ახლა, ორი წლის მერე აღმოვაჩინეთ ეს ჯაშუშური ქსელი; უფრო სწორად, რუსეთის მიერ გადაგდებული ჩვარი აღმოაჩინეს. რუსეთმა გამოიყენა ეს ქსელი, აღარ სჭირდებოდა, უდიდესი ზარალი მიაყენა ქვეყანას და დღეს ჩვენ ამის გამოაშკარავებით ვამაყობთ?! ვამაყობთ კი არა, ყველა ის სამხედრო პირია დასაჭერი, ვინც პასუხს აგებდა კონტრდაზვერვაზე“, – აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.