დეკლარაცია კი არა, ელემენტარული სინდისია საჭირო

დეკლარაცია კი არა, ელემენტარული სინდისია საჭირო

ოპონენტებისადმი ქვების სროლა, „ქართული ოცნების“ შეხვედრების ჩასაშლელად ნაციონალების მობილიზება და პარალელური აქციების გამართვა „მიშა-მიშას“ სკანდირებით, გამგეობის თანამშრომლებისა და ნაცაქტივისტების მხრიდან ივანიშვილის მომხრეების გამოწვევა, - ეს არასრული ჩამონათვალია იმ ქმედებების, რასაც მმართველი გუნდი ოპონენტების დასასჯელად დეკლარირებულად მიმართავს. ამჯერად კი, ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა მიხეილ მაჭავარიანმა ერთიანი ნაციონალური დეკლარაცია წარმოადგინა, რომლითაც მმართველი გუნდი პირობას დებს, რომ უარს ამბობს ამომრჩევლის მოსყიდვაზე და ადმინისტრაციულ რესურსთა გამოყენებაზე, ასევე, უარს ამბობს არჩევნებთან დაკაშირებულ ძალადობაზე.

თუმცა, ამ დეკლარაციის გახმიანებისას ნაციონალებს მთავარი ოპონენტის გაკენწვლაც არ დავიწყებიათ და „ქართული ოცნებისადმი“ „მიძღვნილ“ სპეციალურ კლიპში აღნიშნეს: „მხოლოდ ერთადერთმა პარტიამ - „ქართულმა ოცნებამ“ უარყო წესი. რატომ? რას გეგმავენ ისინი?!“

ნაციონალების ამ რიტორიკული შეკითხვის მიუხედავად, მმართველი გუნდის ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ დეკლარაცია ფარსია და ფასადურია. მეტიც, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თავად არღვევს დოკუმენტით დადგენილ იმ წესებს, რომელზე ხელის მოწერასაც სხვებისგან ითხოვს.

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა მიიჩნევს, რომ ნაციონალების დეკლარაციის შინაარსი „აბსოლუტურად სულელურია“. ამ დოკუმენტის ყველა პუნქტი კი, რეალურად, ასე ჟღერს: მე პირობას ვდებ, რომ არ ჩავიდენ სისხლის სამართლის დანაშაულს.

„განა სულელური არ არის, რომ ადამიანებმა ხელი მოაწერონ იმას, რომ არ ჩაიდენენ სისხლის სამართლის დანაშაულს?! ეს ხომ ისედაც ასეა. აბსოლუტურად ყველა საკითხი, რაც ამ დოკუმენტშია ჩამოთვლილი, სისხლის სამართლის კოდექსში უკვე გათვალისწინებულია, როგორც დანაშული. ახლა ხელს კი არ უნდა ვაწერდეთ, რომ ჩვენ ერთმანეთს ქვას არ ვესვრით, არამედ, ვინც უკვე ისროლა  ქვა, ის უნდა იყოს ციხეში გაშვებული“, - მიიჩნევს კახა კუკავა და აცხადებს, რომ ნაციონალების ამ აბსურდულ დოკუმენტზე ხელმოწერა ნიშნავს, რომ მაშინ ხელი უნდა მოვაწეროთ იმასაც, რომ ერთმანეთს დანას არ გავუყრით მუცელში და ასე თანდათან უნდა გადავწეროთ მთელი საკანონმდებლო ბაზა.

ამასთან, კახა კუკავა იხსენებს, რომ მსგავსი დოკუმენტები ყველა არჩევნების წინ შედგა, თუმცა ყოველთვის ხელისუფლების მხრიდან იქნა დარღვეული.

საარჩევნო ეთიკის კოდექსთან დაკავშირებით  ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ წევრი გია ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ ადამიანი, რომელიც დაბადებიდან არჩევნებს აყალბებს, მის ნდობას არ იწვევს.

„მაჭავარიანის არ მჯერა. კაცი 1995 წლიდან არის ჩართული არჩევნების გაყალბების საქმეში. ამიტომ, ვისაც სჯერა მიშა მაჭავარიანის ნაბოდვარი, მას შეუძლია, ხელი მოუწეროს ნებისმიერ დეკლარაციას. დეკლარაცია იმისთვის დასჭირდათ, რომ ერთგვარი სურათი დაეხატათ უცხოელების თვალში, თითქოს არჩევნების პატიოსნად, გამჭვირვალედ, დემოკრატიულად ჩატარებისთვის ზრუნავენ, თითქოს ამისთვის ყველაფერს აკეთებენ. ამით იქმნიან ერთგვარ ალიბს, რომ მომავალში თუ რაღაც მოხდა და ქვეყანაში უბედურება დატრიალდა, ხელებს დაიბანენ და იტყვიან, ჩვენ ხომ დეკლარაცია გამოვეცით და „ქართულმა ოცნებამ“ ამ დეკლარაციაზე ხელი არ მოგვიწერა. როგორ შეიძლება, იმ ავაზაკთან ერთად, რომელსაც მიშა მაჭავარიანი ჰქვია, აიღო ვალდებულება, თანაც ვის წინაშე?! აგერ, ახლაც რომ გესაუბრებით, ქობულეთის რაიონის სოფლებში დავდივართ და ხალხს ვხვდებით. ეს არის ჩემთვის ყველა დეკლარაცია და არა ის მონაჩმახი, რასაც ეგ ვაჟბატონი დეკლარაციას უწოდებს. მიშა მაჭავარიანმა ეს დეკლარაცია ქალბატონ ხათუნა გოგორიშვილს დაუწეროს და ბალიშის ქვეშ ამოიდონ, კარგად შეინახონ“, -აღნიშნა გია ცაგარეიშვილმა For.ge-სთან საუბარში.

ამასთან, ოპოზიციონერი დეპუტატი კონკრეტული ფაქტის შესახებ ამახვილებს ყურადღებას, რაც ნაციონალების დეკლარაციის აბსურდულობას კიდევ ერთხელ ამტკიცებს. კერძოდ, იგი სულ ახლახანს სოფელ საჩინოში შეხვედრაზე იმყოფებოდა, როდესაც მმართველი გუნდის დავალებით, გამგებელი, გვარად ბროლაძე, მიიყვანეს და პირდაპირ ამ შეხვედრაზე დააყენეს. ამასთან, მიუყვანიათ გალეშილი, მთვრალი მამაკაცები და შეხვედრის ჩაშლა უნდოდათ.

„ბროლაძემ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სოფელ საჩინოში ჩვენი შეხვედრა ჩაშლილიყო. ბირჟაზე ლოთები დააყენა, თვითონ კი თავისი მანქანით იქვე იდგა და ხელს გვიშლიდა ადამიანებთან ურთიერთობაში. თან ახლდა საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი. ამიტომ, რა შუაშია ეს დეკლარაციები? ამ დეკლარაციების ვის სჯერა საერთოდ?“ - კითხულობს გია ცაგარეიშვილი.

მისი აზრით, ნაციონალური მოძრაობა, მიშა სააკაშვილთან ერთად, საქართველოს კონსტიტუციას ფეხის ყოველ ნაბიჯზე არღვევს. ამიტომ დეპუტატი დარწმუნებულია, რომ მმართველი გუნდი ამ შეთითხნილ დეკლარაციასაც არ შეასრულებს.

ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს რომ, სამწუხაროდ, ჩვენს ხელისუფლებას კანონი არ ზღუდავს. ამდენად, რანაირი კანონიც არ უნდა მიიღონ, შესაძლებელია მისი გვერდის ავლა და შემდგომ იმის მტკიცება, თითქოს არაფერი მომხდარა. ამიტომაც, ექსპერტის აზრით, დეკლარაცია კი არა, ელემენტარული სინდისი უნდა ჰქონდეთ, რომ კონკურენტ პოლიტიკურ ძალას წესების გარეშე ბრძოლა არ დაუწყონ. ამის მაგალითი კი, უპირველეს ყოვლისა, მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა აჩვენოს.

„არავინ მივარდნია ნაციონალურ მოძრაობას მათ მიერ გამართულ უამრავ საიდუმლო შეხვედრაზე. არცერთი პოლიტიკური ძალა არ პიკეტირებდა მათი შეხვედრის ადგილებზე, რათა შეკრებილთ მადა არ დაკარგოდათ და შერგებოდათ ძვირფასი ფურშეტები. ამიტომ, ნაციონალების მთავარი ამოსავალი წერტილი კიდევ ერთხელ გახმიანდა - ჩემი შენ გითხარიო. დადონ პირობა, რომ აღარ ჩაიდენენ იმას, რასაც ჩადიოდნენ აქამდე. არავითარი დეკლარაცია და მრავალმხრივი შეთანხმება ამ ნაბიჯს არ სჭირდება. მთავარია, ამის რეალური სურვილი არსებობდეს“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.