თვე არ გავა, რომ ავტომფლობელებს ახალი სიურპრიზი არ მოუმზადონ. კანონში ცვლილებები იმდენად სწრაფად შედის, რომ დამახსოვრება კი არა, თვალის მიდევნებაც კი ჭირს.
1-ლი აგვისტოდან ახალი დიზაინის მართვის მოწმობების გაცემა დაიწყო. ძველი დიზაინის მოწმობის მფლობელს ახლის აღების სურვილის შემთხვევაში 16 ლარის გადახდა და 15-20 წუთით მოცდა მოუწევს. შეცვლა შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ სერვისცენტრშია შესაძლებელი.
მართვის მოწმობის აღების ტარიფები არ შეცვლილა და 57 ლარი დარჩა. შეიცვალა მოწმობის მოდელი და ბიომეტრული გახდა. ამასთან, დოკუმენტის ავერსზე მფლობელის ფოტოსურათი შეიძლება არ იქნეს დატანილი.
მართვის მოწმობის აღება ახლა უკვე 16 წლის მოქალაქესაც შეუძლია. ამასთან, შეიცვალა კატეგორიების რაოდენობა და ცხრის ნაცვლად, 15 კატეგორიის მართვის მოწმობა გაიცემა. ახალი დიზაინის მართვის მოწმობა სავალდებულო 2018 წლიდან გახდება.
ბრძანებულებას საქართველოს პრეზიდენტმა, 26 აპრილს მოაწერა ხელი და იგი ძალაში უკვე 1-ლი აგვისტოდან შევიდა.
ეს ნიშნავს, რომ ძველი მოწმობის გამოცვლა გარკვეული თანხა ჯდება. მართალია, 2018 წლამდე ეს პროცედურა ნებაყოფლობითია, მაგრამ გამორიცხული არ არის ვადამ გადმოიწიოს. საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე მართვის მოწმობები უკვე მეოთხედ შეიცვალა და ავტომფლობელები მის გაცვლა-გამოცვლას ვერ აუდიან.
გარდა ამისა, მძღოლებს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევასთან დაკავშირებით მუდმივად სიახლეებს სთავაზობენ და ყველა ეს სიახლე ჯარიმის დაწესებასთან ან მისი ოდენობის ზრდასთან არის დაკავშირებული.
რამდენიმე დღის წინათ დედაქალაქის მასშტაბით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის პარკირების 350-მდე სპეციალური ადგილი გამოიყო, სადაც მხოლოდ აღნიშნული კატეგორიის მძღოლები შეძლებენ მანქანების გაჩერებას. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები პარკირების მანიშნებელ სპეციალურ სტიკერებს მერიაში აიღებენ და შემდეგ შეუფერხებლად გააჩერებენ ავტომობილებს.
ყველა სხვა პირს, რომლის მანქანასაც პარკირების სპეციალური მანიშნებელი სტიკერი არ ექნება და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის გამოყოფილი პარკირების ადგილით ისარგებლებს, 1-ლი აგვისტოდან ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდა მოუწევთ. ჯარიმა ჯერჯერობით 10 ლარია, მაგრამ, შესაძლოა, მალე გაიზარდოს კიდეც.
გაზაფხულზე ამოქმედდა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწესებული გაზრდილი ჯარიმებიც. ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ დარღვევაზე ჯარიმის ოდენობა მინიმუმ გაორმაგებულია.
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებით, საქვეითო გადასასვლელის გავლის, საგზაო ნიშნის, ან გზის სავალი ნაწილის მონიშვნის ხაზების, ბუქსირების, გარე სანათი ხელსაწყოთი ან ხმოვანი სიგნალით სარგებლობის, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში, ან ავტომაგისტრალზე მოძრაობის წესების, ან სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პრიორიტეტის დარღვევა, აგრეთვე მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა ქალაქში, ან სხვა დასახლებულ პუნქტში, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას, ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას - იწვევს დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით.
გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებათა განლაგების, მოძრაობის დაწყების, ან მანევრირების წესების დარღვევა 50 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. ასევე 50 ლარით დაჯარიმდება ავტომობილის მძღოლი, რომელიც მარეგულირებლის, ან შუქნიშნის ამკრძალავ ნიშანზე გავლის წესების არ დაიცავს.
100 ლარამდე გაიზარდა შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთის ჯარიმა. დარღვევის განმეორებითი ქმედებისას კი, ჯარიმის ოდენობა 200 ლარი იქნება.
200 ლარით დაჯარიმდებიან მძღოლები საავარიო ვითარების შექმნასა, ან მოძრაობის ისეთი შეფერხებისას, რომელიც საცობს გამოიწვევს.
სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვება სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების, ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, 250 ლარით დაჯარიმდება.
აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებული გარემოებების გამოვლენისას საქმის განმხილველ ორგანოს შეუძლია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა შეცვალოს ჯარიმით 500 ლარის ოდენობით.
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილი ცვლილებებით, გაიზარდა ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისთვის განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ საურავების მოცულობაც. საურავების მოცულობა 150 და 500 ლარით განისაზღვრა.