მომავალ არჩევნებამდე რეგიონები ხელისუფლებას ისევ ხელებში მიაჩერდებიან. მთავრობამ მაისში არჩევნები „შესანიშნავად“ ჩაატარა და 2011 წლის ბიუჯეტში თვითმართველობების დაფინანსები შეამცირა. ექსპერტების განცხადებით, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მთავრობამ საარჩევნო კანონმდებლობა დაარღვია და საარჩევნო კამპანიები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დააფინანსა. გარდა ამისა, აღნიშნული ფაქტი, მიუთითებს იმაზეც, რამდენად დამოკიდებულია რეგიონები ცენტრზე, რაც ექსპერტების განცხადებით, რეგიონების განვითარებას მნიშვნელოვნად აფერხებს.
ყველაზე მაღალი დაფინანსება თვითმართველობებმა 2010 წელს მიიღეს. 2010 წლის ბიუჯეტში განსაკუთრებით გაზრდილია არაფინანსური აქტივები, რომელიც სწორედ საარჩევნო კამპანიებისთვის გამოიყენებოდა. მაგალითად, თუ რომელიმე თვითმართველობისთვის 2009 წელს 7-9-10 ათასი ლარის ფინანსური აქტივები გაიწერა, წლევანდელ ბიუჯეტში ეს მაჩვენებელი ხშირ შემთხვევაში 330 ათას სცილდება, ხოლო მომავალი წლის ბიუჯეტში კი ისევ 10-12 ათას ლარამდე ეცემა.
„ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მთავრობამ წინასაარჩევნოდ თვითმმართველობები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დააფინანსა. რეგიონებისთვის გადასაცემი თანხები არის შემცირებული, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა ცდილობს რეგიონებს არჩევნებისთვის გადაურიცხოს უფრო მაღალი რესურსი. ამის ნათელი მაგალითია სახელმწიფო რწმუნებულების აპარატებისთვის გაწეული ხარჯები“, - აღნიშნავენ ექსპერტები.
მაგალითად, შიდა ქართლისთვის თვითმმართველობა გაისად 740 ათასი ლარით დაფინანსდება, წლეულს ამ თვითმმართველობისთვის 1,057 მილიონი ლარი გამოიყო, ფინანსური აქტივები წელს 320 ათასია, გაისად 12 ათასი იქნება, ხოლო შარშან 7,7 ათასი იყო.
სამეგრელო ზემო სვანეთისთვის 1,479 მილიონი ლარი გამოიყო. ეს მაჩვენებელი გაისად 1,115 მილიონ ლარამდე შემცირდა. ამ მონაცემებში, საინტერესოა არაფინანსური აქტივების ზრდის მაჩვენებელი, რომელიც წელს 310 მილიონ ლარს შეადგენს, შარშან 88 მილიონი ლარი იყო, ხოლო გაისად 55 მილიონი ლარი იქნება.
ქვემო ქართლს დაფინანსება 300 ათასამდე შეუმცირდა, რაც შეეხება არაფინანსურ აქტივებს ამ თვითმართველობისთვის გაისად 15 ათასი ლარი გიაწერა, წელს 340 ათასი ლარი გამოიყო, შარშან კი - 35 ათასი ლარი.
ასევე შემცირდა ავტონომიური რესპუბლიკებისათვის და ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის ტრანსფერის მაჩვენებელი 787 ათას ლარამდე. მათთვის წელს 837 ათასი ლარი გამოიყო, ეს მაჩვენებელი წინა წლის მონაცემებთან შედარებით, 214,437,4 ათასი ლარით მეტია, შესაბამისად, სახეზეა 34-პროცენტიანი ზრდა.
საერთოდ, არსებობს გამოთანაბრებითი ტრანსფერი, მიზნობრივი ტრანსფერი, სპეციალური ტრანსფერი. ექსპერტის დავით ნარმანიას განცხადებით, 2010 წელს გამოთანაბრებითი ტრანსფერის მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება, რაც გამოწვეულია გამოთანაბრებითი ტრანსფერის გაანგარიშების მეთოდის ცვლილებით. თუმცა, მისი ზუსტი გაანგარიშებებისა და შესაბამისი კოეფიციენტების დადგენა საკმაოდ რთულია.
გამოთანაბრებითი ტრანსფერის ფორმულა მოცემულია „საბიუჯეტო კოდექსში“, მაგრამ ძირითადი პარამეტრები და კოეფიციენტები ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის N904 ბრძანებით დამტკიცებული „გათანაბრებითი ტრანსფერის გაანგარიშების ინსტრუქციით“ დგინდება. შესაბამისად, „საბიუჯეტო კოდექსში“ ტრანსფერის ფორმულით შეუძლებელია ზუსტი გაანგარიშების გაკეთება.
2010 წელს თითქმის ყველა თვითმმართველობაში დაფიქსირდა გამოთანაბრებითი ტრანსფერის მატება. გაისად კი ყველა თვითმმართველობებში ფიქსირდება ტრანსფერების კლება.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ 2010 წელს, გამოთანაბრებითი ტრანსფერის სახით, თბილისის ბიუჯეტისათვის გამოყოფილია 323,037,7 ათასი ლარი, რაც სახელმწიფო ბიუჯეტით ყველა თვითმმართველობებისათვის გათვალისწინებული გამოთანაბრებითი ტრანსფერის 61,8 პროცენტს შეადგენს. გაისად კი 350 ათასი ლარი იქნება.
სპეციალური ტრანსფერი კი წელსაც და მომავალი წლის ბიუჯეტშიც მხოლოდ 2 თვითმმართველობაზეა გათვალისწინებული: თბილისი - 196,562.3 ათასი (გაისად 40 ათასი იქნება), ხოლო ბათუმისთვის კი - 100 ათასიდან 101 ათასამდე იზრდება.
ნარმანიას განცხადებით, სპეციალური ტრანსფერის განაწილებაც პირდაპირ მიუთითებს პრიორიტეტული თვითმმართველობების არსებობაზე. ექსპერტის შოთა მურღულიას განცხადებით, თვითთმართველობებს რაც უფრო ნაკლები შემოსავლები ექნებათ, მათი ცენტრზე დამოკიდებულების ხარისხი უფრო გაძლიერდება. მისი თქმით, თვითმართველობების ცენტრზე მიბმას პოლიტიკური ხასიათიც აქვს. არჩევნების პერიოდში ხელისუფლება მათზე დამოკიდებულ თვითმმართველობებს უკეთესად მართავს.
„თვითმმართველობების ძირითადი შემოსავალი ტრანსფერებია. საერთოდ, მათ რაც უფრო ნაკლები ექნებათ საკუთარი შემოსავლები მით უფრო მეტად იქნებიან ცენტრზე მიბმულნი, ბუნებრივია, ეს ფაქტორი თვითმმართველობების განვითარებისთვის ცუდია“, - ამბობს შოთა მურღულია.