ჭიათურა _ ეკოლოგიური პრობლემების ზღვარზე

ჭიათურა _ ეკოლოგიური პრობლემების ზღვარზე

საზოგადოებისთვის გაურკვეველია, რა ბედი ელის ჭიათურის მუნიციპალიტეტში, "ბუნიკაურის" და "კავთელაძეების" უნიკალურ ტყის მასივებს, რომლებიც მანგანუმის ამოღების შემდეგ, შესაძლოა, უდაბნოდ იქცეს. ჭიათურაში ჰაერის დაბინძურების დონე კი მრავალჯერ აღემატება დასაშვებ კონცენტრაციას.

ასოციაცია "ჭიათურელთა კავშირი" მიიჩნევს, რომ რეგიონის გაუდაბნოების პროცესი შეუქცევადად მიმდინარეობს. ორგანიზაცია შეფასებისას, ეყრდნობა არა მხოლოდ მის მიერ მოპოვებულ მასალებს, არამედ, ანგარიშს "მანგანუმის სამთო წარმოებასთან დაკავშირებული მეტალებით დაბინძურების, ეკოლოგიური და ადამიანის ჯანმრთელობის რისკების შეფასება ჭიათურაში", რომელიც მერაბ მირცხულავასა და მაიკ უაირმანის მიერ მომზადდა. კვლევა 2011 წლის აპრილში ჩატარდა და აშშ ბუნების დაცვის სააგენტომ, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა, ასევე, უკრაინის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ცენტრმა დააფინანსა.

ასოციაცია "ჭიათურელთა კავშირის" ხელმძღვანელი შოთა გაფრინდაშვილი "გურია ნიუსთან" საუბარში ამბობს, რომ "ჯორჯიან მანგანეზის" მიერ, საწარმოს მიერ ნაკისრი გარემოზე ზემოქმედების შემამსუბუქებელი ღონისძიებები არ ტარდება, რაც უმძიმეს ეკოლოგიურ გარემოს ქმნის:

"გაურკვეველია რა ბედი ელის "ბუნიკაურის" და "კავთელაძეების" უნიკალურ ტყის მასივებს, რომლებიც მანგანუმის ამოღების შემდეგ, შესაძლოა უდაბნოდ იქცეს. ჭიათურაში ჰაერის დაბინძურების დონე კი მრავალჯერ აღემატება დასაშვებ კონცენტრაციას. მანგანუმის მოპოვების, ჩატვირთვისა და ტრანსპორტირებისას წარმოიქმნება რკინის ოქსიდები, მანგანუმის ოქსიდები, მანგანუმის ნაერთები და სხვა, რომელიც მტვრის სახით ვრცელდება მოპოვების ადგილებში, სოფლებში, ქალაქ ჭიათურაში. ძლიერი წვიმების და ქარის დროს, ქალაქის თავზე მდებარე კარიერიდან (ზედარგანისმიტოვებული კარიერი) ხდება დიდი რაოდენობით მტვრისა და შლამის დალექვა ჭიათურის ცენტრალურ უბნებში. რამდენიმე წლის წინ, კოკისპირული წვიმების დროს, ამ კარიერის მიმდებარე ფერდობებიდან ჩამოწოლილმა მანგანუმის შემცველმა დიდმა მასამ, ქალაქის ქუჩები მთლიანად დაფარა. ამგვარი ფაქტის განმეორება ყოველი წვიმის დროსაა მოსალოდნელი...

რაც შეეხება ჰაერის დაბინძურების დონეს, ეს მაჩვენებელი მრავალჯერ აღემატება დასაშვებ კონცენტრაციას; ეს ყველაფერი კი სხვადასხვა დაავადების გავრცელებას იწვევს, რასაც კომპეტენტური კვლევაც ადასტურებს", - ამბობს გაფრინდაშვილი.

გარემოზე ზემოქმედების შეფასების მიხედვით, ამ საკითხების მოგვარებაზე ტენდერში გამარჯვების საფასურად შპს "ჯორჯიან მანგანეზმა" იკისრა, თუმცა, ასოციაცია "ჭიათურელთა კავშირის" განცხადებით, არ ხორციელდება.

_ საწარმომ უნდა უზრუნველყოს მტვრის შემცირება გზების მორწყვისა და სხვა ღონისძიებებით, რაც, სამწუხაროდ, არ ხორციელდება, _ ნათქვამია განცხადებაში, რომლითაც ასოციაციამ "ჯორჯიან მანგანეზის" ხელმძღვანელს გენადი ტიკვას გაუგზავნა და რომლის პასუხსაც ორგანიზაცია ერთი თვეა უშედეგოდ ელის.

"გურია ნიუსმა" ტიკვასთან დაკავშირება რამდენჯერმე მცდელობის მიუხედავად, ჯერ-ჯერობით ვერ შეძლო, თუმცა, მზად ვართ, სურვილის შემთხვევაში, მეორე მხარის მოსაზრებებიც გავაცნოთ მკითხველს.