რუსებმა „თელასი“ ნაცმოძრაობას დაუთმეს?!

რუსებმა „თელასი“ ნაცმოძრაობას დაუთმეს?!

რა ხდება სააქციო საზოგადოება „თელასში“ ძნელი გასაანალიზებელია. კომპანია რუსული „ინტერ რაოს“ საკუთრებაა, არადა ნაციონალური მოძრაობა იქ სრულ საკადრო წმენდას ახორციელებს. ყველა ხელმძღვანელ თანამდებობაზე ნაცმოძრაობის კადრია დანიშნული ან მოაზრებული. „ინტერ რაო“ ამ ყველაფერს ოლიმპიური სიმშვიდით ხვდება. რუსების საკუთრებაში მყოფ კერძო კომპანიაში სააკაშვილის თანამებრძოლები რასაც უნდა იმას აკეთებენ. მოდი და ამის შემდეგ ნუ იფიქრებ, რომ რუსები და დღევანდელი ხელისუფლება ერთსა და იმავე პარტიას თამაშობს.

სხვათა შორის, ასეთივე აზრი გაუჩნდათ „ქართულ ოცნებაში“,რომლის ახალგაზრდული ორგანიზაციის აქტივისტებმა კომპანია „თელასთან“ საპროტესტო აქცია-ბრიფინგი გამართეს და კომპანიიდან კვალიფიციური თანამშრომლების დათხოვნა გააპროტესტეს. როგორც აქცია-ბრიფინგზე კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ფაცაციამ განაცხადა, მას შემდეგ, რაც „თელასში“ დირექტორად შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი ზურაბ არსოშვილი დაინიშნა, „თელასიდან“ 100 კვალიფიციური თანამშრომელი გაათავისუფლეს, ხოლო ვაკანტურ ადგილებზე მისი ახლობლები, ოჯახის წევრები და „ნაციონალური მოძრაობის“ კუნთმაგარი კადრები დაინიშნენ.

როგორც ფაცაციამ აქცია-ბრიფინგზე განაცხადა, ზურაბ არსოშვილი არა ქართველ ხალხს, არამედ რუსების ინტერესებს ატარებს, რადგან „თელასი“ რუსებს ეკუთვნის. მისი თქმით, როგორც არსოშვილი, ასევე ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ინტერესების გამტარებელია.

ორი-სამი დღეა კომპანია „თელასში“ საკადრო წმენდა მიმდინარეობს. ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ყოფილმა მოადგილემ და აწ უკვე საააქციო საზოგადოება „თელასის“ კომერციულმა დირექტორმა ზურაბ არსოშვილმა დედაქალაქის ყველა რაიონის უფროსს განცხადება დააწერინა და სამსახურიდან გაათავისუფლა.

გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, არსოშვილი აგვისტოს დასაწყისში კომპანიიდან რიგითი თანამშრომლების გაშვებასაც გეგმავს.

„წინასააარჩევნოდ, როცა პრემიერი და დასაქმების მინისტრი ამომრჩევლებს სამუშაო ადგილებს სთავაზობენ, არსოშვილი თანამშრომლებს სამსახურს მასობრივად ატოვებინებს“, - აცხადებენ კომპანიასთან დაახლოებული პირები.

თავად კომპანიაში კი სამსახურიდან თანამშრომლების მასობრივ გაშვებას არ ადასტურებენ. როგორც „ივერონს“ კომპანიის პრესსამსახურის წარმომადგენელმა ვალერი ფანცულაიამ განუცხადა, შეიძლება ზოგან თანამშრომლის გათავისუფლება მოხდა, თუმცა არა მასობრივად და საგანგაშოც არაფერია.

„ვინმეს დაწინაურება ან ერთი თანამშრომლის მეორეთი ჩანაცვლება ჩვეულებრივი პროცესია. თანამშრომლების გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას მაინც ვერ მოგცემთ, რადგან ეს კომპანიის შიდა ინფორმაციაა. საგანგაშო სიტუაცია ნამდვილად არ არის“, - აღნიშნა ფანცულაიამ.

„თელასის“ თანამშრომლები იტყობინებიან, რომ აბონენტთა მომსახურების ცენტრიდან, რომელიც ახმეტელის თეატრთან მდებარეობს ხელმძღვანელობა შეიცვალა, რის გამოც იქ მომუშავე თანამშრომლებს პირადი განცხადების საფუძველზე ათავისუფლებენ.

„როგორ შეიძლება მოგვინდეს პირადი განცხადების დაწერა, მაშინ, როცა უმრავლესობას ბანკებიდან კრედიტები გვაქვს

გამოტანილი. ჩვენი საკითხი, ალბათ, ძალიან მალე გადაწყდება“, - აცხადებენ „თელასის“ ავჭალის მომსახურების ცენტრის თანამშრომლები.

ავჭალის მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელიც, „თელასში“ ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე, ენერგეტიკის სამინისტროში მუშაობდა, ისევე როგორც თავად ზურაბ არსოშვილი.

„თუ არასწორად უშვებენ შეუძლიათ სასამართლოს მიმართონ. პირადი განცხადების საფუძველზე თუ მიდის, რა შემიძლია გითხრათ. როგორ შეიძლება ადამიანს პირადი განცხადების დაწერა აიძულო? მასობრივად მათ გათავისუფლებას არ გიდასტურებთ. ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი მიმდინარეობს „თელასში“. თუ ხდება რამე გადაადგილება, ხდება კანონის ფარგლებში“, - სააქციო საზოგადოებიდან ასეთი კომენტარებიც ისმის.

არადა, სულ რამდენიმე კვირის წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ „თელასი“ ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა (უფრო სწორად, რუსეთში არსებულ საკუთარ აქტივებში რუსებსვე გაუცვლა). ვინ და რა ჩაიგდო ხელში, ეს ძალიან მალე გამოჩნდა. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ენერგეტიკის სფეროში რუსები და ნაცმოძრაობა ერთმანეთთან შეთანხმებულ პოლიტიკას ატარებენ.