ხელისუფლების ახალი ხრიკი

ხელისუფლების ახალი ხრიკი

საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი, რომლებიც საზღვარგარეთ არალეგალურად ცხოვრობენ, არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ვეღარ შეძლებენ, რადგან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, ამ კატეგორიის ადამიანებისთვის არჩევნებში მონაწილეობის პირობები გამკაცრდა.

საქართველოს ფარგლებს გარეთ არალეგალურად მცხოვრებთა რაოდენობის შესახებ ზუსტი მონაცემები არ არსებობს, მაგრამ არსებობს მოსაზრება, რომ მიახლოებითი გათვლებით ეს რიცხვი ერთ მილიონს უნდა აჭარბებდეს. თუკი იმ ფაქტს გავითვალისწინებთ, რომ დღეს არსებული მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებული ამომრჩევლების რიცხვი 3 მილიონ 565 ათასია, ამის მეოთხედზე მეტი საზღვარგარეთ ყოფნა იმას ნიშნავს, რომ ეს ხმები ან პოტენციურად ხელისუფლების სასარგებლოდ იქნება გამოყენებული ან დაიკარგება.

საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ მოსახლეობა არჩვნებში მონაწილეობას იღებს საკონსულოების მიერ გახსნილ უბნებში. მონაწილეობისთვის კი აქამდე მხოლოდ რეგისტრაციის გავლა იყო საჭირო, მათ შორის იმათთვისაც, ვინც საზღვარგარეთ არალეგალურად იმყოფება. შესაბამისად, მათ არჩევნებში მონაწილეობით საზღვარგარეთ ყოფნაში დამატებითი პრობლემები არ ექმნებოდათ.

ახლა კი ეს წესი იცვლება. ცვლილება შევიდა საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის ბრძანებაში, ცვლილების თანახმად, საქართველოს მოქალაქე ვალდებულია, წარადგინოს ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან.

ოპოზიციაც და ექსპერტების დიდი ნაწილიც მიიჩნევს, რომ ამით უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის არჩევნებში მონაწილეობის უფლება იზღუდება და ეს ხელისუფლებამ შეგნებულად გააკეთა, რადგან ამ კატეგორიის მოსახლეობა ხელისუფლების მხარდამჭერად არ ითვლება. 

„საზღვარგარეთ არალეგალურად მყოფი ადამიანები ოპოზიციის მხარდამჭერები არიან, რადგან ისინი ამ მდგომარეობაში სწორედ ხელისუფლების სოაციალური პოლიტიკის გამო იმყოფებიან და თავის გადასარჩენად მათ სხვა გზა არ ჰქონდათ, გარდა იმისა, რომ საზღვარგარეთ წასულიყვნენ. ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ კი საზღვარგარეთ ჩვენი დიასპორები გაქტიურდნენ და, როდესაც ნახა ხელისუფლებამ, რომ საარჩევნო რეგისტრაციას ძალიან ბევრი ადამიანი გადიოდა და მათი რიცხვი ყოველდღიურად მატულობდა, ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს და ამით ამ კატეგორიის მოსახლეობისთვის შეუძლებელი იქნება არჩევნებში მონაწილეობა,” - ამბობს საარჩევნო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია „არჩევნებისა და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრის“ ხელმძღვანელი კახი კახიშვილი.

ამასთან, ის იმ პრობლემაზეც საუბრობს, რომ თავიდან, როდესაც ამ კატეგორიის მოსახლეობამ რეგისტრაციის გავლა დაიწყო, პრობლემა შეექმნა საქართველოში არსებულ სერვერს და თითო ადამიანის რეგისტრაციას 1 საათამდე დრო სჭირდებოდა, რაც ამ პროცესს აფერხებდა და ვარაუდობს, რომ ხელისუფლების მხრიდან მათი რეგისტრაციისთვის ხელისშეშლის პირველი მცდელობა ეს იყო. ამის შემდეგ კი უკვე ბრძანებაში შევიდა ცვლილება. 

კახიშვილის თქმით, ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება ორმაგ პრობლემას ქმნის. ერთი პრობლემა იქნება ის, რომ არალეგალურად მცხოვრები ადამიანები საცხოვრებელი ადგილიდან ცნობის მიტანას ვერ შეძლებენ, რათა იქ ყოფნისას პრობლემები არ შეექმნათ და ამის გამო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. მეორე პრობლემა კი არის ის, რომ ვინც შეძლებს ამ ცნობის მიტანას, საელჩოებს უკვე მათი მისამართები ეცოდინებათ და შეძლებენ, მათი საარჩევნო გადაწყვეტილების მიღებაში ჩაერიონ.

„ამომრჩეველთა სიების მოსაწესრიგებლად ჩვენ ვითხოვდით წინასწარ რეგისტრაციას და ამაზე უარი გვითხრეს. საზღვარგარეთ კი ეს ერთ-ერთ მექანიზმად გამოიყენეს იმისთვის, რომ ადამიანების გარკვეულმა კატეგორიამ ვერ შეძლოს არჩევნებში მონაწილეობის მიღება და სწორედ ეს არის ადმინისტრაციული რესურსის თავის სასარგებლოდ გამოყენება“, - ამბობს კახიშვილი.

საგარეო საქმეთა სამინისტროში არანაირ კომენტარს არ აკეთებენ, თუ რატომ გახდა საჭირო ამ წესის შემოღება.

პარლამენტის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე კი პირობას დებს, რომ „არც ერთი ისეთი ნორმატიული აქტი არ იქნება მიღებული, რომელიც რაიმე ფორმით პირს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას შეუზღუდავს“. თუმცა, ის იმასაც აღნიშნავს, რომ კონკრეტულად ამ ბრძანებას არ იცნობს.

„თუ მართლაც არსებობს რაიმე ასეთი დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება შეშფოთება უკავშირდებოდეს, ჩვენ აბსოლუტურად ღია ვართ მსჯელობისთვის“, - განაცხადა ბაქრაძემ და დასძინა, რომ ამისთვის არსებობს უწყებათაშორისი ჯგუფი და არასამთავრობო ორგანიზაციები.

მისი თქმით, ნებისმიერ დოკუმენტზე, რომელიც გამოიწვევს როგორც უწყებათაშორისი ჯგუფის, ისე პოლიტიკური პარტიების თუ არასამთავრობო სექტორის შეშფოთებას, ხელისუფლება მზად იქნება, რომ დამატებით იმსჯელოს.