რთველის დაწყებამდე თვეზე ნაკლები დარჩა, მთავრობა - რატომღაც დუმს!

რთველის დაწყებამდე თვეზე ნაკლები დარჩა, მთავრობა - რატომღაც დუმს!

კონკრეტულად რა გავლენას კახეთში მომხდარი უპრეცედენტო სტიქია „რთველი 2012“–ზე ამ დრომდე უცნობია. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ რეგიონს ყურძნის მოსავლის თვალსაზრისით მინიმუმ 35-პროცენტიანი ზარალი მიადგა. ამიტომ, ჯერჯერობით, უცნობია რა მოსავალს მიიღებენ რეგიონში, აქედან რა ნაწილი იქნება ხარისხიანი, ყურძენზე როგორი საბაზრო ფასი დაწესდება და საბოლოოდ, რა თანხას გამოყოფს სახელმწიფო სუბსიდირებისთვის.

რეგიონში მოსავლის გარეშე წელს 20 ათასზე მეტი ოჯახი დარჩა და კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, ამჟამად მთლიანად სტიქიური უბედურების შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებაზე მუშაობენ, ხოლო „რთველი 2012“–ის საკითხი ჯერ არ განიხილება. არადა, რთველის დაწყებამდე 25-30 დღე დარჩა. აგვისტოს ბოლოს ყურძნის კრეფა ყოველთვის დაწყებულია.

მათი ინფორმაციით, დაუზუსტებელია წლევანდელი რთველის სუბსიდირებაც, თუმცა სოფლის მეურნეობის მინიტრის განცხადებით ამ საკითხზე მუშაობენ და ინფორმაცია ახლო მომავალში საჯარო გახდება.

ამასწინათ, პრეზიდენტმა კახეთში სტუმრობისას განაცხადა, რომ წლეულს რთველი ჩატარდება როგორც არასდროს. სავარაუდოა, რომ ამ კონტექსტში გლეხებისთვის 1 კგ ყურძენზე ასანაზრაურებელი თანხა იგულისხმება. შარშან ფერმერებმა რქაწითელი 45-50 თეთრად ჩააბარეს (აქედან 15 თეთრი სახელმწიფო სუბსიდირება იყო), ხოლო საფერავი 70 თეთრად (25 თეთრი - სუბსიდია). სახელმწიფო ბიუჯეტმა რთველი-2011 10 მილიონი ლარით დააფინანსა. კახეთში, დაახლოებით, 120 000 ტონა ყურძნის მოსავალი მოვიდა. 2010 წელთან შედარებით, მოსავლის ოდენობა 25%-ით იყო გაზრდილი.

წლეულს კი ყველაფერი საპირისპიროდაა. მოსავალი ისედაც არ იყო წინა წლის ტოლი და სტიქიამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. კახეთის რამდენიმე რაიონში ყურძნის მოსავალი 100 პროცენტითაა განადგურებული, მათ შორის, ველისციხესა და გურჯაანში. ვენახი მეტ-ნაკლებად გადარჩა საგარეჯოში, ლაგოდეხსა და ყვარლის რამდენიმე სოფელში. მთლიანად განადგურდა გავაზში, რომელიც ყოველთვის უხვმოსავლიანობით გამოირჩეოდა.

სოფლის მეურნეობის სფეროს ექსპერტი თამაზ კუნჭულია განმარტავს, რომ საერთო დანაკარგი 35-40 პროცენტის ფარგლებში იქნება, ამიტომ 1 კგ ყურძენი 1,50 ლარზე ნაკლებად არ გაიყიდება. რაც შეეხება ჩაბარების პროცესს, ქარხნებს შემორჩენილი მარაგების რეალიზაცია მოუწევთ, რადგან არ ექნებათ სტიქიის გამო შემცირებული მოსავლის ჩაბარების რეალური შესაძლებლობა.

„მოთხოვნა-მიწოდების ბალანსი იმ დონეზე დაირღვევა, რომ ფასი კატასტროფულად მოიმატებს. შარშანდელ დონეზეც რომც დარჩეს მოთხოვნა, ყურძნის გაძვირება გარდაუვალია. პროდუქტის მომმარაგებელი და მიმწოდებელი რეგიონი ტრადიციულად კახეთი იყო. ახლა იქ მოსავალი შემცირებულია და ის ადეკვატურ გავლენას ფასზეც მოახდენს.

ჩემი აზრით, მინიმალური ფასი 1,50 ლარი იქნება. ჯერჯერობით უცნობია, ქარხნები ჩაიბარებენ თუ არა, მაგრამ არსებობს დიდი ალბათობა, რომ ამას ამჯერადაც ვერ მოახერხებენ. თუმცა, მათ ეს არ დააზარალებთ, რადგან არსებულ მარაგებს გამოიყენებენ.

რაც შეეხება დანაკარგს, ვფიქრობ, 35-40 პროცენტის ფარგლებში იქნება. სეტყვას რომელიც გადაურჩა, იქ ვენახს ხარისხი შეუნარჩუნდება, მაგრამ ნაწილობრივ დასეტყვილიც კი უხარისხო მოსავალ მოგვცემს“, - აცხადებს კუნჭულია.