კომპანია "გალფი" გაზგასამართი სადგურების ბიზნესში შევიდა. აქამდე ის მხოლოდ ნავთობპროდუქტების რეალიზაციით იყო დაკავებული. როგორც ჩანს, დავით კეზერაშვილმა კიდევ ერთ ზემომგებიან ბიზნესს დაადგა თვალი. ექსპერტთა ვარაუდით, გამორიცხული არ არის, მოხდეს საფასო ცვლილებები და გაზგასამართი სადგურების მომსახურება გაძვირდეს.
"სან პეტროლიუმ ჯორჯიას" მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ლაშა თევზაძის განცხადებით, ამ დროისთვის "გალფის" მენეჯმენტი სამი გაზგასამართი სადგურის რეკონსტრუქციაზე მუშაობს, რომელიც ექსპლოატაციაში შემოდგომისთვის შევა. მათგან ორი თბილისში, ერთი კი - რეგიონში იქნება.
"კომუნისტურ ეპოქაში არ ვცხოვრობთ, რომ ახალი საქმის წამოსაწყებად ინიციატივა გვჭირდებოდეს, ბიზნესი ვითარდება და ეს არის მორიგი ნაბიჯი, რომელიც "გალფმა" ამ მიმართულებით გადადგა. გაზგასამართი სადგურების სექტორში მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება, ჩაიდება სერიოზული ინვესტიცია და მოხდება გაზგასამართი სადგურების უახლესი, იტალიური აპარატურით აღჭურვა", - ამ კომენტარით შემოიფარგლა თევზაძე "რეზონანსთან" საუბრისას.
"გალფი" საქართველოში 2011 წელს შემოვიდა და უკვე 120-ზე მეტ ავტოგასამართ სადგურს ფლობს. კომპანია საქართველოში დავით კეზერაშვილმა შემოიყვანა, რომელმაც სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, ფინანსური პოლიციის შეფობისას ბენზინგასამართი სადგურების მფლობელების წინააღმდეგ (ბუნებრივია, ვისაც წონიანი ლობისტი არ ჰყავდა) ბევრი კომპრომატი დააგროვა და, შესაბამისად, მათი ხელში ჩაგდების სურვილიც გაუჩნდა.
გაზგასამართი სადგურები კეზერაშვილის ახალი გატაცებაა. ნავთობპროდუქტების ჩათვლით, საკმაოდ ვრცელია ნუსხა, რომელშიც "კეზერაშვილის ბიზნესის" ჩამონათვალია.
ნაციონალთა არტერიული ბიზნესის განმკარგავს, საკუთარი წილები ყველგან აქვს. ის მოიაზრება ერთდროულად რამდენიმე სამშენებლო კომპანიის მეწილედ. ნავთობპროდუქტების კომპანიების გაერთიანებამდე, მან გააერთიანა ლოტოს ტიპის ყველა გათამაშება (თუცა ამ ბიზნესს სახელმწიფოსთან გარკვეული გარიგების საფუძველზე გამოეთიშა); კეზერაშვილი განკარგავს უძრავ ქონებას (მიწის ნაკვეთები) თბილისის მიმდებარე საკურორტო ზონებში. მის მიერ დაფუძნებულ დეველოპერულ კომპანიებს აქვთ შეძენილი ათეულობით ჰექტარი მიწა, რომელთა ფასი, ზოგან 100-150 დოლარსაც სცილდება.
კეზერაშვილების სახელს უკავშირდება ქართული ოქროს ბიზნესის, კერძოდ, ოქროს იმპორტი, აგრეთვე, ბეთანიასთან, ზამთრის მინიკურორტის მშენებლობა, რომელსაც თბილისის მერია ანხორციელებს კეზერაშვილის ლობისტ კომპანიებთან ერთად კეზერაშვილთან მიდის კვალი რუსთავის ახალი ავტობაზრობისა, თუმცა ამ ბიზნესში სხვა მაღალჩინოსნებიც ფიგურირებენ და ეს სავსებით ბუნებრივია. კეზერაშვილის სახელი ამოტივტივდა ორი წლის წინათ მერიის მიერ თბილისის მასშტაბით პრესის გავრცელების ახალი ჯიხურების გამოჩენასთან დაკავშირებით - ითქვა და არავის უარუყვია, რომ ეს კეზერაშვილისა და უგულავას ერთობლივი ბიზნესია. ეს მხოლოდ ნაწილობრივი ჩამონათვალია იმ ბიზნეს სფეროებისა, სადაც კეზერაშვილის ინტერესი იკვეთება.
"ქართული ოცნების" წევრი, ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან იზორია აცხადებს, რომ "გალფის" ბიზნესის დივერსიფიცირებით კიდევ უფრო განმტკიცდება კეზერაშვილის მონოპოლიური მდგომარეობა და ამ პროცესის მსხვერპლი იქნება მომხმარებელი, რომელსაც მომსახურების ტარიფს, სავარაუდოდ, გაუძვირებენ.
"გრძელდება იმ მონოპოლიების განმტკიცება, რომლებიც დღეს ნავთობპროდუქტების ბიზნესში არიან და მოსახლეობას ყვლეფენ. ამ სისტემის მთავარი რგოლი არის კეზერაშვილი, რომელიც "გალფთან" ერთად ფლობს "უნიგრუპის" 50 პროცენტს, რომელიც არის "ლუკოილის" დისტრიბუტორი საქართველოში. ამდენად, გაზგასამართი სადგურების ხელში ჩაგდება კეზერაშვილის მონოპოლიური მდგომარეობის გაძლიერებაა.
უნდა ვივარაუდოთ, რომ გაზის სფეროშიც მოსალოდნელი იქნება ის კარტერული შეთანხმებები და გარიგებები, ხელოვნური ფასების დადგენა, რაც ნავთობპროდუქტების ბიზნესში ხდება. ამ ყველაფრის მსხვერპლი, ცხადია, იქნება მომხმარებელი. შესაბამისად, გაზგასამართი სადგურების მომსახურების ტარიფიც მოიმატებს, რისი ალბათობაც ძალიან დიდია", - აცხადებს იზორია.
ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელთა შეფასებით, "გალფის" ახალი ბიზნესი ნიშნავს დამატებით მილიონებს, რომლის ნაწილი საარჩევნო პროცესებს მოხმარდება, ნაწილი კი - ხელისუფლების და მასთან დაახლოებულ პირთა ინტერესებს.
"ჩემთვის მოულოდნელი იქნებოდა ის, რომ გაზგასამართი სადგურების ბიზნესში სხვა სუბიექტი გვეხილა. მიხეილ სააკაშვილმა ნავთობპროდუქტების დისტრიბუციის მთლიანად მონოპოლიზება მოახდინა. მისი ექსკლუზიური უფლებაა ნავთობპროდუქტების შემოტანა და ვაჭრობა, ხოლო კეზერაშვილი ბანდიტი მენეჯერია, რომელიც პრეზიდენტის ყულაბას ავსებს.
ამ ეტაპზე ნავთობპროდუქტების ბაზარზე დომინირებული მდგომარეობა უკავია "სოკარს", "ვისოლს" და "გალფს". კეზერაშვილის მხრიდან გაზგასამართი სადგურების ბიზნესის ხელში ჩაგდება ბუნებრივია. ეს ნიშნავს დამატებით მილიონებს, რომლის ნაწილი საარჩევნო პროცესს მოხმარდება, ნაწილიც ამ ბობოლა ადამიანების ხელში გადავა.
საქართველოში ბიზნესი მთლიანად მონოპოლიზებულია და კონტროლდება ხელისუფლების ან მასთან დაახლოებული პირების მიერ. ქვეყნის დოვლათს ვიწრო კლანია დაპატრონებული, ამიტომ გვყავს ამდენი გაჭირვებული", - აცხადებს გიორგი გუგავა.
ნავთობპროდუქტების სფეროს ექსპერტის, დათო ებრალიძისთვის გაზგასამართი სადგურების "გალფის" მფლობელობაში გადასვლა იმდენად საინტერესო არ აღმოჩნდა, რამდენადაც გაზგასამართი სადგურების ქსელის გაფართოება. რაც შეეხება აღნიშნულ სექტორში მონოპოლიის ელემენტებს, ექსპერტის ვარაუდით, არ გაიზრდება, მაგრამ არც შემცირდება.
"გაზგასამართი სადგურების მიმართ მოთხოვნა იზრდება, მეტი და მეტი ადამიანი გადადის ბენზინიდან გაზზე. ამიტომ ნებისმიერი ამ ბიზნესით დაკავებული კომპანია ხედავს გაზგასამართი სადგურების უპირატესობას. ჩემთვის მნიშვნელოვანია, გაზგასამართი სადგურების არეალი გაფართოვდეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ცხადია, ეს ბენზინით მოძრავ ავტომანქანებს სერიოზულ კონკურენციას გაუწევს. ამდენად, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, "გალფი" იქნება თუ სხვა კომპანია, მთავარია, საქმე გაკეთდეს", - ამბობს ებრალიძე.