მთავრობა პროდუქციაზე „გენმოდიფიცირებულია“-ს არ დააწერს

მთავრობა პროდუქციაზე „გენმოდიფიცირებულია“-ს არ დააწერს

ხელისუფლება გენმოდიფიცირებული პროდუქციის რეალიზაციის დარეგულირება არ სურს და ამ საკითხით დაინტერესებულებს ანუგეშებს, რომ ყველაფერი თავისით მოგვარდება. ყოველ შემთხვევაში, გენმოდიფიცერებულ საკვებზე წარწერის გაკეთების ვალდებულებაზე უარს ამბობენ და აცხადებენ, რომ წარწერებს ბიოპროდუქციაზე გააკეთებენ და ამით გენმოდიფიცირებულიც დარეგულირდება. ეს განცხადება სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ცინცაძემ პარლამენტის სესიაზე გააკეთა, სადაც პირველი მოსმენით განიხილეს სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი და მისგან გამომდინარე პაკეტი.

 

პროექტის განხილვისას ოპოზიციონერი დეპუტატები დაინტერესდნენ, თუ როდის შეასრულებს მთავრობა გენმოდიფიცირებული პროდუქტის მარკირების ვალდებულებას. კანონპროექტის მომხსენებელმა, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ცინცაძემ კი განაცხადა, რომ აღნიშნული კანონპროექტით მარკირებული იქნება ბიოპროდუქტი, რაც თავისთავად ხელისუფლების ვალდებულების შესრულებასაც ნიშნავს.

 

მთავრობას გენომდიფიცირებული პროდუქტის მარკირება ჯერ კიდევ გასულ წელს პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილებით დაევალა და მას ეს ვალდებულება მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა შეესრულებინა. სწორედ ამიტომ ოპოზიცია ეჭვობს, რომ „ხელისუფლება გენმოდიფიცირებული პროდუქციის ლობირებით ისეთ დიდ შემოსავალას ნახულობს, რომ მომავალზე ფიქრიც კი აღარ უნდა“. ოპოზიციის ამ ეჭვს  ისიც ამძაფრებს, რომ მთავრობას გენმოდიფიცირებულ პროდუქტთან დაკავშირებული საკითხების არა თუ განხილვა, განხსენებაც კი არ უნდა.

 

მთავრობის ამ პოზიციას უკვე კარგა ხანია, უმრავლესობის წარმომადგნელებიც კი უპირისპირდებიან. ამ მხრივ კი ბოლო დროს განსაკუთრებულად გიორგი გოგუაძის აქტიურობა შეიმჩნევა. მას მომზადებული აქვს კანონპროექტი, რომელიც ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას ითვალისწინებს,  თუმცა მთავრობას არც მისი კანონპროექტის განხილვა სურს. ყოველ შემთხვევაში, კანონპროექტი ორ წელზე მეტია, მომზადებულია და მთავრობა ამ კანონპროექტის განხილვას, როგორც შეუძლია, აჭიანურებს.

 

არადა, გოგუაძის მიერ მომზადებული კანონპროექტი მხოლოდ „ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციისა“ და „ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვეციის ბიოუსაფრთხოების კარტახებას ოქმის“ მოთხოვნათა რეალიზაციის შესახებ პარლამენტის დადგენილების პროექტს წარმოადგენს. 

 

პროექტის თანახმად, პარლამენტი ავალებს მთავრობას, რომ წარმოადგინოს კანონპროექტი „გენმოდიფიცირებული ორგანიზამების გავრცელებისა და გენმოდიფიცირებული პროდუქტების გამოყენების შესახებ“, რომლითაც ქვეყნის ტერიტორიაზე პროდუქციის იმპორტისა და რეექსპორტის დროს, უზრუნველყოფს ევროკომისიის მიერ დადგენილი გენმოდიფიცირების იდენტურობის კოდის დატანის ვალდებულებების შესრულობის კონტროლს და აღიცხვას პროდუქციის სახეობისა და რაოდენობის მიხედვით.

 

ამასთან, პროექტით პარლამენტი ავალებს მთავრობას, გაგრძელდეს განხილვები ქვეყნის ტერიტორიის გენმოდიფიცირევული ორგანიზამებისგან თავისუფალ ზონად გამოცხადების შესახებ, რითაც სამომხმარებლო ბაზარი გარანტირებულად იქნება დაცული გენმოდიფიცირებული პროდუქტების უკონტროლო მოხმარებისგან. 

თუმცა, მთავრობის მხრიდან კეთდება განცხადებები, რომ მთავრობისადმი ძალიან ბევრი ვალდებულების დაკისრება ხდება და დღეს ამის მიღება წარმოუდგენლად მიაჩნიათ.

 

აღსანიშნავია, რომ ზუსტად ამ მიზეზით რამდენიმე თვის წინათ მთავრობამ მათთვის მიცემული ვადის გახანგრძლივება მოითხოვა. კერძოდ, თუ პირვანდელი ვარიანტით მთავრობას „გენმოდიფიცირებული ორგანიზამების გავცელებისა და გენმოდიფიცირებული პროდუქტების გამოყენების შესახებ“ კანონპროექტი 1 თვის ვადაში უნდა შეემუშავებინა, კონკრეტული გადაწყვეტილებების მისაღებად, პარლამენტმა მთავრობას მარტის ბოლოს ექვსთვიანი ვადა მისცა.

 

ეს ვადა უკვე კარგა ხანია, გასულია, მაგრამ, აშკარაა, მთავრობას ამის შესრულება მაინც არ უნდა და ახლა გამოსავალს ეტიკეტურ მანიპულაციებში ეძებს. ეს არგუმენტი ექსპერტებს არასერიოზულად მიაჩნიათ.

 

„სიმართლე გითხრათ, არ მჯერა, რომ ასეთი რამ თქვეს და არ ვიცი, ამას რა დავარქვა. ეს იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს მაინც არ ეცოდინება, რას ჭამს. ელემენტარული ლოგიკაა, რომ, რაც არ აწერია, არ არის და მოსახლეობამ რა არკვიოს, უწარწერობსში რა იგულისხმება? ამას კი ნებისმიერი გამყიდველი ბოროტად გამოიყენებს და იტყვის, რომ გენმოდიფიცირებული არ არის და ვერც ვერავინ დაავალდებულებს, რომ თქვას ის, რაც არ აწერია,“ - აცხადებს „მრეწველების“ ლიდერი ზურაბ ტყემალაძე.    

 

სწორედ ამიტომ ოპოზიცია ეჭვობს, რომ ხელისუფლება დიდ ფინანსურ მოგებას ნახულობს და საკითხის გადადებაც ამიტომ აწყობს, რომ რაც შეიძლება მეტი გამორჩენა ნახოს. 

 

„ეს არის ერთადერთი შესაძლო მიზანი, თუ რატომ ეწინააღმდეგება მთავრობა იმას, რაც ყველა ნორმალურ და ცივილიზებულ სამყაროში მიღებულად ითვლება. ის არგუმენტი, რომ თითქოს გენმოდიფიცირებული პროდუქცია ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის, უბრალოდ სასაცილოა და ამით ბავშვსაც კი ვეღარ მოატყუებ. მე ის უფრო მაწუხებს, რომ ასეთი უგუნური პოლიტიკით ქვეყანას ღუპავენ. ჩვენ მთლიანად აკრძალვას ხომ არ ვითხოვთ. საუბარია იმაზე, რომ საზოგადოებამ იცოდეს, რას ჭამს და არ შემოვიდეს გენმოდიფირებული თესლი, ვინაიდან ეს ბუნებრივ თესლს გაანადგურებს და ამ პრობლემის მოგვარებას ათეულობით წლები დასჭირდება. საქართველო ისეთი პატარა ქვეყანაა, რომ მსოფლიო ბაზარზე თავის დამკვიდრება მხოლოდ ბუნებრივი და სუფთა პროდუქციით შეუძლია. მით უმეტეს, რომ ეს პროდუქცია გაცილებით ძვირია, ვიდრე გენმოდიფიცირებული და არ მესმის, რა არის აქ ასეთი ძნელად გასაგები. პრობლემა ის არის, რომ ჩვენი ხელისუფლება მხოლოდ დღევანდელ დღეზე ფიქრობს და არ უყურებს იმას, ხვალ რა დღეში შეიძლება აღმოჩნდეს,“ - აცხადებს ზურაბ ტყემალაძე.