დღეს პოლიტიკისგან შორს მყოფმა ადამიანებმაც იციან, რომ პოლიცია პოლიტიზირებულია. შსს-ს რიგებში მიღებისთვის, ახალი კადრებისგან სრულ ინფორმაციას ითხოვენ მის სანათესაოზე. იქმნება თანამშრომლების „დოსიეები“ და აბა, რომელიმე თანამშრომლის სიდერდმა, ან სიმამრმა გაბედოს და ოპოზიციისკენ გაიხედოს. ეს საკმარისია იმისთვის, რომ მათი სიძე სამუდამოდ მოკვეთონ შსს-დან.
ჩემს ლოგიკას არ იზიარებს ედპ-ს რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი, გოჩა ცეკვაშვილი. მასთან დაკავშირებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის რეგიონში კუდ-ის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის სიძეა.
ცეკვაშვილი არ უარყოფს აღნიშნულ ინფორმაცის, თუმცა ჩვენი კითხვები, ცოტა უცნაურად ეჩვენება.
„ადამიანი, რომელზეც თქვენ საუბრობთ - მე მისი ასაკის პოლიტიკაში ყოფნის სტაჟი მაქვს. ჩემი პოლიტიკური შეხედულებების გამო, რატომ უნდა შეექმნას მას პრობლემა? ყველას თავისი შეხედულება და თავისი გზა აქვს. დიდი სანათესაო მყავს, ზოგი მათგანი ხელისუფლებაშია და ზოგიც ოპოზიციაში. ამაში პრობლემას ვერ ვხედავ.
24 წელია ედპ-ს რიგებში ვარ. ერთი პარტიიდან მეორეში არ გადავსულვარ, ბევრისგან განსხვავებით. რაც ყველაზე მთავრია, მე ჩემი ქვეყნის ინტერესების ოპოზიციაში არ ვმდგარვარ და არც ვიდგები“, - ამბობს ცეკვაშვილი.
ცეკვაშვილი ისეთი დამაჯერებელია, უკვე გავიწყდება რომელ ქვეყანაში ცხოვრობ. აბა, წარმოადგინეთ კუდი-ს თანამშრომელი, რომელიც რესტორანში ქეიფისას არ სკანდირებს, ოპოზიციას რა?..
შესაბამისად, ცეკვაშვილი გადის „ოპოზიციონერობის მცირე ტესტს“ - ვეკითხებით, როგორ აფასებს ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობას. გვაპსუხობს, რომ ხელისუფლებას ბევრი კარგი აქვს გაკეთებული, მაგრამ ხალხს მაინც აწუხებს უმუშევრობა. აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი საყურადღებო პრობლემა რუსთავში სასმელი წყლის ხშირი შეწყვეტაა.
შემდეგი ტესტი - ცუდი კონტექსტით ვსაუბრობთ პოლიციაზე. ვამბობთ, რომ ყველა ოპოზიციონერს უსმენენ, ატერორებენ ხალხს და ა.შ.
ცეკვაშვილი კი გვპასუხობს, რომ მას არ უსმენენ. თუმცა დასძენს, რომ თუნდაც უსმენდნენ არ არის პრობლემა, ცუდს და სასირცხვილოს არაფერს ამბობს.
დიდი წვალების მიუხედავად ამ უწყებაზე ცუდს ვერაფერს ვაცდევინებთ. პოლიციის მხრიდან ხალხის ტერორზე ჩვენი საუბრისას ოპოზიციონერი ისე დუმდება, თითქოს ასეთი რამ პირველად ესმის და ჩვენ ვტყუით.
ედპ-ს რუსთავის ოფისი პოლიციასთან „დემოკრატიულ ფასეულობებზე“ დამყარებული ურთიერთობის მიუხედავად მცირე უსიამოვნებებს მაინც ვერ ასცდა.
30 ივნისს ედპ-ს განცხადებით მათი ოფისის წინ განთავსებული ბანერი და დროშა ჩამოხიეს. სხვა პრობლემები როგორიცაა ტერორი, მოსმენები, თანამოაზრეების დაშინება, თვალთვალი და ა.შ მათ არ აწუხებთ.