საქართველოში - 4 მილიონი, ხოლო აჭარაში - 2 მილიონი ტურისტი - ეს არის სააკაშვილის დაკვეთა. თუმცა, ამ გეგმის შესრულებას რომ მინიმუმ სუფთა ზღვა და ეკოლოგიური ნორმების დაცვა სჭირდება, ძნელი მისახვედრი არ არის. ამ მხრივ ვითარება წელსაც საგანგაშოა. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ შავი ზღვის სანაპირო, წლეულს უფრო მეტადაც არის დაბინძურებული, ვიდრე წინა წლებში.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ბათუმში ტურისტების მკვეთრ ზრდაზე საუბრობს. როგორც დეპარტამენტში აცხადებენ, წელს ბათუმში 875 ათასზე მეტი ტურისტია შემოსული, რაც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 40%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. როგორც დეპარტამენტში აცხადებენ, თუ მიმდინარე წელს ეს მაჩვენებელი შენარჩუნდა, 2012 წლის ბოლომდე აჭარას 2 მილიონი ტურისტი ეწვევა, რაც 2011 წლის შედეგზე 700 ათასით მეტი იქნება. როგორც დეპარტმენტის წარმომადგენელი განმარტავს, ყველაზე ხშირად აჭარას აზერბაიჯანლები, სომხები, თურქები, ირანელები და რუსები სტუმრობენ.
ამასთან, დეპარტამენტის ცნობით, ტურისტების დარჩენის ხანგრძლივობა 1 კვირაა და მათი უმრავლესობა ტურებს მთიან აჭარაში, ბოტანიკურ ბაღსა და ბათუმის დელფინარიუმში ითხოვს. ტურისტების მოზიდვის მიზნით კი დეპარტამენტს აგვისტოში ლუდის ფესტივალი, მოტოციკლისტთა საერთაშორისო ფესტივალი და სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები აქვს დაგეგმილი.
საერთოდ, ბოლო დროს საქართველოს ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლები ხშირად ლაპარაკობენ ტურისტების ნაკადის ზრდის პროგნოზებზე. სხვადასხვა განცხადების მიხედვით, წლეულს საქართველოში ჩამოსული უცხოელი სტუმრების რაოდენობამ 4 მილიონს უნდა მიაღწიოს, გაისად კი 5 მილიონს გადააჭარბოს.
ტურისტული გეგმა შესასრულებელია და მისი შესრულების ძირითადი წილი ზღვისპირა კურორტებზე მოდის. ზღვისპირა კურორტებზე კი, მოგეხსენებათ, ყველაზე მნიშვნელოვანია ზღვა, პლაჟი და მათი სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა. მოტოციკლისტთა ფესტივალი თუ დელფინარიუმი მხოლოდ და მხოლოდ დამატებითი აქსესუარებია.
აი, ამ მხრივ კი სახარბიელო ვითარება ნამდვილად არ გვაქვს. „ეკოლოგიური სამართლის ცენტრის“ ინფორმაციით, ბათუმის და ადლიის სანაპიროებზე ბანაობა ჯამრთელობისთვის საშიშია. არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ზღვის წყლის ხარისხის შესწავლის მიზნით ბათუმი-ადლიის აკვატორიაში, 14 წერტილში ზღვის წყლის სინჯები იქნა შესწავლილი და გაირკვა, რომ ზღვაში ამიაკის, ნიტრატის და ამონიუმის ნორმა დასაშვებზე მეტი იყო. მისივე თქმით, ამ ნივთიერებებმა შესაძლოა ვირუსული „ა ჰეპატიტი“ და სხვა ინფექციური დაავადებები გამოიწვიოს.
ასოციაცია „ფლორა და ფაუნის“ გამგეობის თავმჯდომარის არჩილ გუჩმანიძის განცხადებით, 2007 წელს დაწყებული შავი ზღვის წყლის გამწმენდი ნაგებობის „ადლიის“ მშენებლობა 2011 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა კანალიზაცია შავ ზღვაში ისევ ჩაედინება და ზღვა, შეიძლება ითქვას, უფრო მეტადაც არის დაბინძურებული, ვიდრე წინა წლებში.
დადგენილია, რომ ადამიანი ბანაობისას 200 მილიგრამ წყალს ყლაპავს და მსგავსი ნივთიერებების ორგანიზმში მოხვედრა ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის. თუმცა, გარემოს ეროვნულ სააგენტოში ამას კატეგორიულად უარყოფენ. როგორც „კომერსანტს“ სააგენტოში განუცხადეს, ზღვაზე მონიტორინგი აპრილის თვიდან დაიწყო და არცერთი ნივთიერება ნორმას არ აღემატება. მათივე მტკიცებით, ბათუმის და ადლიის სანაპიროებზე ბანაობა ჯამრთელობისთვის საშიში არ არის.
„აპრილიდან მიმდინარეობს წყლის მექანიკური გაწმენდა. ახლა კი მუშაობას დაიწყებს ბიოლოგიური განყოფილება. აქამდე წყალი მექანიკურად იწმინდებოდა. მექანიკური გაწმენდის შედეგად, შავ ზღვაში ჩამდინარე წყლის 50 პროცენტი სუფთავდება. გაწმენდილ წყალს კი, ზღვაში ერთ კილომეტრ სიღრმეში ვუშვებთ. იქიდან კი ეს ისედაც გაწმენდილი წყალი იმდენად განეიტრალებულია, რომ სანაპირო ზოლის დაბინძურება აღარ ხდება“, - აცხადებს გვიანიძე და დასძენს, რომ მათი ნაგებობიდან გასული წყალი, რომელიც შავ ზღვაში ჩაედინება ადამიანის ჯანმრთელობისათვის სრულიად უსაფრთხოა.