ექსპერტების შეფასებით, პრეზიდენტის ლექსიკა უკვე არანაირ კრიტიკას აღარ ექვემდებარება. ფსიქოლოგები კი პრეზიდენტის მიერ „თავისუფალ უნივერსიტეტში“ გაკეთებულ განცხადებებს „შეურაცხმყოფელსა და დისკრიმინაციულს“ უწოდებენ.
მედიაექსპერტები და ფსიქოლოგები საქართველოს პრეზიდენტს ლექსიკას ღიად უწუნებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მედიაექსპერტმა, ია ანთაძემ განუცხადა, პრეზიდენტის ბოლო გამოსვლაში გამონაკლისი არ შეუნიშნავს. მისი თქმით, მსგავსი ლექსიკა პრეზიდენტს ოპონენტებზე საუბრისას ახასიათებს.
„ეს არის ტერმინოლოგია, რომელიც მას პერიოდულად, განსაკუთრებით კი პოლიტიკურ ოპონენტებზე საუბრისას ახასიათებს. ჩემთვის ემოციურად უფრო მძიმე იყო იმ ახალგაზრდების რეაქცია, რომლებიც მას უსმენდნენ სრულიად თანხმობითი გამომეტყველებით და ეღიმებოდათ მის ნათქვამებზე.
ჩვენ, უფროსი თაობა, უფრო მკაცრები უნდა ვიყოთ პრეზიდენტის ამგვარი გამონათქვამების მიმართ, რათა ახალგაზრდებმა დაინახონ, რომ ეს აბსოლუტურად მიუღებელია და ჩვენს ქვეყანას, როგორც დემოკრატიულ სახელმწიფოს, ვერ ააშენებს“, - აცხადებს ანთაძე.
მედიაექსპერტ ზვიად ქორიძის განცხადებით, პრეზიდენტის ლექსიკა უკვე აღარანაირ კრიტიკას აღარ ექვემდებარება.
„ექვსი საპრეზიდენტო წლის განმავლობაში სააკაშვილმა ვერ იპოვა ის ჯანსაღი და ოპტიმალური ენა, რომლითაც საზოგადოებას უნდა ესაუბროს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ისეთი ლექსიკით საუბრობს პრეზიდენტი, როგორითაც ქუჩაშიც არ საუბრობენ. მაგრამ არის მეორე პრობლემაც, იგი არ საუბრობს ყოფილი პარტნომენკლატურის ენით. ცდილობს, რომ ძველი ენა დაანგრიოს, მაგრამ იყენებს ენას, რომელიც აბსოლუტურად არაადეკვატურია იმისა, რომლითაც უნდა საუბრობდეს პრეზიდენტი“, - აღნიშნავს ქორიძე.
ფსიქოლოგები კი პრეზიდენტის გუშინდელ გამონათქვამებს „შეურაცხმყოფელსა და დისკრიმინაციულს“ უწოდებენ. როგორც ფსიქოლოგმა ლელა გაფრინდაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აღნიშნა, მსგავსი ტერმინოლოგიით ოპონენტების მოხსენიება დაუშვებელია.
„ბევრად დაბალი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანების გამოსვლები უფრო კორექტულია, ვიდრე პრეზიდენტის – ეს პარადოქსი გვაქვს. არ შეიძლება პოლიტიკურ ოპონენტებს ეკამათო შეურაცხმყოფელი სიტყვებით. შეიძლება არ ეთანხმებოდე, გქონდეს შენი არგუმენტები, მაგრამ ის, რომ შეურაცხყოფა მიაყენო და ამით დაუშვა, რომ მოპაექრე დაამარცხე, უბრალოდ, არასერიოზულია“, - აღნიშნა გაფრინდაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა „თავისუფალი უნივერსიტეტის“ სტუდენტებთან შეხვედრისას ერთ-ერთი ოპონენტი ინგლისურის შესწავლასთან დაკავშირებით საწინააღმდეგო მოსაზრების გამო „თავგასიებულად“ მოიხსენია, საქართველოს დემოკრატიულობის მაგალითად კი „პახმელიაზე“ გაღვიძებული კახა კუკავა დაასახელა.
სააკაშვილი პოლიტიკურ ოპონენტებს იმის გაცნობიერებისკენ მოუწოდებს, რომ „თავისუფლება და დემოკრატია არა მხოლოდ პლურალიზმი და აზრის გამოხატვის თავისუფლება, არამედ დიდი პასუხისმგებლობაცაა“.
როგორც მან სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა, პოლიტიკური ოპონენტებისგან განსხვავებით, მისთვის „თავისუფლება უპირველესად დიდი პასუხისმგებლობაა და არა მხოლოდ ის, რომ ყველა ტელევიზია დღე და ღამე მთავრობას ლანძღავდეს. სადღეისოდ ქვეყანაში თავისუფლების არსებობა-არარსებობის ტესტი ჩემთვის ძალიან მარტივია. მაგალითად, როდესაც ვინმე, თუნდაც კახა კუკავა დილით პახმელიაზე გაიღვიძებს და აზრად მოუვა, დღის 3 საათზე მთელს საქართველოს საკუთარი აზრი გააგებინოს, აქვს თუ არა კუკავას დღევანდელი მედიის პირობებში ასეთი შანსი? ხომ აქვს? აი, ეს არის მისთვის დემოკრატიის ტესტი“.
სააკაშვილი ინგლისური ენის ცოდნის აუცილებლობის შესახებ კიდევ ერთხელ საუბრობს და ამ ტენდენციის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებების ავტორებს მკაცრად აკრიტიკებს:
„ეს არ არის ჩემი აკვიატება და ახირება, რომ უნდა ვიცოდეთ უცხო ენა. ეს არის ინსტრუმენტი, რათა ადამიანმა ცხოვრებაში რაღაცას მიაღწიოს; ერთი თავგასიებული, რამდენიმე დღის წინ, რომელიღაც არხზე იძახდა, რომ სამი ათასი წელი ქართველებს არ დასჭირვებიათ ინგლისური და რაში უნდა დასჭირდეთ ახლაო“.
პრეზიდენტის განცხადებით, ქართველები ყოველთვის იყვნენ ცნობისმოყვარეები. ამის მაგალითად სააკაშვილმა „ვეფხისტყაოსანი“ მოიყვანა, რომელსაც სამყაროს მიკრომოდელი უწოდა და აღნიშნა, რომ ამ ნაწარმოებში მთელი სამყაროა აღწერილი: „როცა ხარ პატარა ქვეყანა, რომელსაც გინდა წარმატებას მიაღწიო და იბრძვი გადარჩენისთვის, შეუძლებელია, არ იცოდე, რა ხდება დანარჩენ სამყაროში“.
ინგლისური ენის წინააღმდეგ მოსაზრება „ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთ ლიდერს გუბაზ სანიკიძეს ეკუთვნის, რომელიც ამის შესახებ საუბრობს ყველგან – ტელეარხებზე, პრესაში და მოსახლეობასთან შეხვედრისას. სანიკიძე მიიჩნევს, რომ საქართველოში მიმდინარეობს „სინგაპურიზაციის“ პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს მეორე სახელმწიფო ენის გაჩენას, კერძოდ - ინგლისური ენის.
„რაში გვჭირდება ინგლისური ჩვენ? რატომ არის ამოჩემებული ეს ინგლისური? ჩვენს სამეზობლოში ინგლისურად არავინ ლაპარაკობს. ვიღაც ტვინნაღრძობმა მიშისტმა შიძლება თქვას, ჩვენ ხომ ევროპაში შევდივართო? ჯერ ერთი, ევროპამ უზარმაზარი ბოქლომი დაგვიდო თავის კარზე და მეორეც - ევროპაში მთავარი ენები დღეს არის გერმანული და ფრანგული.
ვიღაცამ შეიძლება თქვას - ტურიზმის გასავითარებლად გვჭირდება ინგლისურიო. იტალიასა და ესპანეთს ჩვენ ტურიზმში ვერასდროს დავეწევით, მაგრამ ჩადით ესპანეთსა და იტალიაში და ვინმეს თუ სჭირდება იქ ინგლისური, ნახეთ. გვჭირდება იმისთვის, რომ აქ ბურები ჩამოვლენ, ჩინელები ჩამოვლენ, ინდოელები ჩამოვლენ და იმათ უნდა ველაპარაკოთ?“, – აცხადებს სანიკიძე პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში.
„ეროვნული ფორუმის“ იდეოლოგიური მდივანი არ გამორიცხავს, რომ ასეთი პოლიტიკის გაგრძელების შემთხვევაში, ერთი თაობის შემდეგ ქართული ენა მხოლოდ საეკლესიო ენა გახდეს.
ამასობაში კახა კუკავა სააკაშვილს სასამართლოში საქმის აღძვრით ემუქრება. საკრებულოს ფრაქცია „დედაქალაქის“ წევრმა პრეზიდენტს ერთკვირიანი ვადა მისცა იმისათვის, რომ მან წარმოადგინოს მტკიცებულება რომლის მიხედვითაც, 2007 წლის 7 ნოემბრის აქცია „ეფ-ეს-ბეს“ გენერლების და ბადრი პატარკაციშვილის ორგანიზებული იყო. ამის შესახებ კუკავამ გუშინ, საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
კუკავას შეფასებით, პრეზიდენტმა გუშინდელი განცხადენით ქართული საზოგადოება შეურაცხყო. „მე ვაძლევ მიხეილ სააკაშვილს ერთი კვირის ვადას, დაადასტუროს რომ 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ორგანიზებაში ჩართული იყვნენ „ეფ-ეს-ბეს“ გენერლები და წარმოუდგინოს შესაბამისი მტკიცებულებები საქართველოს პროკურატურას და ქართულ საზოგადოებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მივმართავთ უპრეცენდენტო კოლექტიური სარჩელით სასამართლოს“, - განაცხადა კუკავამ და დასძინა, რომ სასამართლოში სარჩელი იმ 10 ათასობით ადამიანის ხელმწერით შევა, ვინც 7 ნოემბრის აქციაში მონაწილეობას იღებდა.
შეგახსენებთ, რომ სააკაშვილმა „თავისუფალ უნივერსიტეტში“ სტუმრობისას ისიც განაცხადა, რომ 2007 წლის 7 ნოემბრის აქცია „ეფ-ეს-ბეს“ გენერლების და ბადრი პატარკაციშვილის მიერ იყო ორგანიზებული.