არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, ქუჩაში გამოსული ხალხის დასაშოშმინებლად ხელისუფლებამ ჯარისკაცების გადამზადება დაიწყო. არაოფიციალური ინფორმაციით, სამხედროებს როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ „წვრთვნებს“ უტარებენ. კერძოდ, მათ ლექციებს უკითხავენ, რომლითაც ბიძინა ივანიშვილისადმი უარყოფით განწყობას გადასცემენ, ასევე, „დუბინკების“ სათანადო გამოყენებას ასწავლიან.
ეს მაშინ, როცა ჯერ კიდევ 2009 წლის აპრილის აქციებისას პატრიარქმა წმინდა სამების ეკლესიაში სპეციალურად მიმართა ჯარისკაცებს: „მივმართავ ჯარს, რომ არავითარ შემთხვევაში, ძალა არ გამოიყენოს. ჯარისკაცი, რომელიც ძმაზე ხელს აღმართავს, სამშობლოს მცველად არ გამოდგება“.
რა განწყობაა ჯარისკაცებში და აღმართავენ თუ არა ისინი ხელს საკუთარ მოსახლეობაზე?! აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებას For.ge სამხედრო ექსპერტებისგან შეეცადა.
მართალია, ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი კონკრეტულად ამ ინფორმაციას არ ფლობს, მაგრამ ის, რომ დღესდღეობით მთლიანი უსაფრთხოების სექტორი პოლიტიზირებულია და ხელისუფლება მას საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებს, სესიაშვილი ამაში დარწმუნებულია. მეტიც, მისი თქმით, ეს მთელი მსოფლიოსთვის ცხადია.
ირაკლი სესიაშვილის განმარტებით, დღეს ჯარი, პოლიცია, სამართალდამცავი ორგანოები, სასამართლო, პროკურატურა - ყველაფერი იქითკენ აქვს მიმართული ხელისუფლებას, რომ სააკაშვილმა ძალაუფლება შეინარჩუნოს. ამდენად, ექსპერტს ეჭვი არ ეპარება, რომ ხელისუფლება ამ თამაშში ჯარისკაცების გამოყენებაზეც არ იტყვის უარს.
„ისინი იმაზეც არიან წამსვლელნი, რომ საკუთარი მოსახლეობის დასარბევად შესაბამისი სამსახურები მოამზადონ. ასეთი მიდგომით იმის გაანალიზებაც შეიძლება, რომ ხელისუფლება არჩევნების გასაყალბებლად ემზადება და წინასწარ აქვს გაწერილი, რომ ჯერ უნდა გააყალბოს არჩევნები, მერე უნდა დაარბიოს მოსახლეობა და ა.შ. ამ შემთხვევაში, ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების მონიტორინგი და რეაქცია. იმდენად, რამდენადაც ამ ხელისუფლებამ იცის, რომ მოსახლეობაში მხარდაჭერა არ აქვს, რომ გარდაუვალია მათი ხელისუფლებიდან წასვლა, უკვე დაიწყეს მომზადება არჩევნების გაყალბებისა და შემდგომ მოსახლეობის დატერორებისთვის“.
სიტუაციიდან ერთ-ერთ გამოსავლად ირაკლი სესიაშვილს ჩვენი საზოგადოების გააქტიურება ესახება. მისი აზრით, საზოგადოებამ, რომელიც დღეს იბრძვის არა იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი მოვიდეს ხელისუფლებაში, არამედ იმისთვის, რომ აღდგეს სამართლიანობა, მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოს. სწორედ საზოგადოებამ უნდა მოუწოდოს ჯარისკაცებს, პოლიციელებს, რომ მათ უნდა დაიცვან ქვეყანა, ჩვენი მოქალაქეები და, რაც მთავარია, უნდა დაიცვან კანონი.
„ნებისმიერი უკანონო ბრძანების შესრულება მათ ქმედებას არ ამართლებს. ნუ გგონიათ, რომ ხელისუფლების მხრიდან ძალადობა მხოლოდ ეწ. ოპოზიციურ ლიდერებს შეეხებათ. პირველ რიგში, ეს ძალადობა ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ იქნება მიმართული, რათა ქვეყნის ინტელექტი საბოლოოდ ფეხქვეშ გათელონ“, - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი და ღრმად არის დარწმუნებული, რომ არცერთი ჯარისკაცი საკუთარი თანამოქალაქის წინააღმდეგ ხელს არ აღმართავს. მეტიც, ისინი არ შეასრულებენ უკანონო ბრძანებას, რადგან ჯარისკაცები ასეთი გამოწვევებისთვის მომზადებულები არ არიან.
ამასთან, სამხედრო ექსპერტის თქმით, როგორც წესი, ჯარისკაცებს ამზადებენ შეიარაღებული კონფლიქტის, ქვეყნის დაცვისთვის, იმისთვის, რომ შეიარაღებულ თავდასხმას წინააღმდეგობა გაუწიონ და ადექვატური პასუხი გასცენ. სამოქალაქო დაპირისპირებისთვის მათი გადამზადება კი უკვე დანაშულია და ეწინააღმდეგება ჩვენს კანონმდებლობას.
თუმცა, ირაკლი სესიაშვილი იმასაც აცნობიერებს, რომ ხელისუფლებას იმდენად რთულად აქვს საქმე, იმდენად დაბალია მათი რეიტინგი და იმდენად გარდაუვალია არჩევნებში მათი მარცხი, რომ ყველა ხერხს იყენებენ ძალაუფლებაში დასარჩენად. კონკრეტულად, მათ ხელთ არსებული ძალაუფლების თითოეული ელემენტის გამოყენებას ბრმად ცდილობენ. ყველაფერ ამის გათვალისწინებით კი, ექსპერტი ასკვნის, რომ ჩვენ საქმე გვაქვს არაადექვატურ ხელისუფლებასთან, რომელსაც ქვეყნის ინტერესები არ აღელვებს.
სამხედრო ექსპერტი გიორგი მელითაური ჯარისკაცების საარჩევნოდ გადამზადების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას ჭორად მიიჩნევს, თუმცა აცხადებს, რომ ხელისუფლების მხრიდან ჯარისკაცების ამ მიზნით გამოყენება დიდი შეცდომა იქნებოდა და არანაირად არ არის დასაშვები, რომ ჩატარდეს „ანტიბიძინისტური“ ლექციები, რომელიც მიმართული იქნება ივანიშვილის თუ ნებისმიერი პოლიტიკოსის მიმართ.
„მსგავსი რამ ჯარში, რა თქმა უნდა, დაუშვებელია. არა მგონია, ხელისუფლებას ასეთი ნაბიჯი გადაედგა, მით უმეტეს, როდესაც ასეთი რამ არ დაიმალებოდა. რაც შეეხება იმავე სპეცმომზადებას, ეს ჩვეულებრივი მომენტია. ნებისმიერი ჯარისკაცი, ან სამხედრო მოსამსახურე, თუნდაც სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის, ყოველთვის ემზადება მასობრივი არეულობის აღსაკვეთად. ჩვეულებრივ, ეს საბრძოლო მომზადების ერთ-ერთი ელემენტია, როდესაც შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფი კრიზისულ სიტუაციაში მოქმედებებისთვის ემზადება. ასე ხდება გერმანიაში, შეერთებულ შტატებში“, - აცხადებს გიორგი მელითაური.
მისივე თქმით, რა თქმა უნდა, პოლიციის (და არა ჯარისკაცების), პრეროგატივაა, რომ შიდა არეულობის დროს ისინი გამოიყენონ. თუმცა საგანგებო ვითარებაში, როდესაც პოლიციური ძალები საკმარისი არ არის, შეიარაღებული ძალებიც იღებენ მონაწილეობას. ამის დასტურად გიორგი მელითაურს შეერთებული შტატების მაგალითი მოჰყავს, როდესაც ნიუ-ორლეანში წყალდიდობის შემდეგ მასობრივი არეულობები დაიწყო და ქალაქში ეროვნული გვარდიის შეიარაღებული ქვედანაყოფები შეიყვანეს, რადგან პოლიცია ვეღარ უმკლავდებოდა მოროდიორებს.
ჩვენს შეკითხვაზე, მოროდიორებისგან განსხვავებით, ჯარისკაცებს თუ ევალებათ უსამართლო არჩევნების გასაპროტესტებლად გამოსული ხალხის დარბევა, მელითაური აცხადებს, რომ ეს პოლიციური თემაა. თუმცა მასობრივი არეულობების, უკანონო დემონსტრაციების დაშლის დროს, ყოველთვის პოლიციური სტრუქტურები გამოიყენებოდა.
რაც შეეხება იმ საკითხს, მორალურად მზად არიან თუ არა ჩვენი ჯარისკაცები, არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, საკუთარი თვისტომი დაარბიონ, გიორგი მელითაური აცხადებს:
„შეიარაღებული ძალები საზოგადოების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია და ასახავს იმ ინტერესებსა და იმ ტკივილს, რაც საზოგადოებაშია. ამდენად, საზოგადოებისგან ჯარის ცალკე გამოყოფა გამართლებული არ არის“.