თხილის წარმოებაში პრობლემები და მავნებლები ერთდროულად გაჩნდა

თხილის წარმოებაში პრობლემები და მავნებლები ერთდროულად გაჩნდა

წელს თხილის მოსავალი შემცირებულია, ფასი კი ჯერჯერობით სტაბილურია. წესით და რიგით, პროდუქციის დეფიციტს მაშინვე ფასების ზრდა უნდა მოჰყვეს, მაგრამ თხილის წარმოებაში გარკვეული შეფერხებებია. საწარმოების ერთ ნაწილს ფინანსური პრობლემები აქვთ.

ქართული თხილის გადამამუშავებელი ქარხანა „სიო 2000“ წელს პროდუქციის გამოშვებაზე უარს ამბობს. როგორც ქარხნის გენერალური დირექტორი აცხადებს, საწარმოს ფინანსური პრობლემები აქვს და მუშაობას 2013 წლამდე ვერ შეძლებს.

მისივე ინფორმაციით, წლიდან წლამდე იკლებს საქართველოში თხილის მოსავალი და ბაზარზე დომინანტი იმპორტირებული თურქული პროდუქტია, რაც თავის მხრივ ართულებს მდგომარეობას.

თხილის გადამამუშავებელ კიდევ ერთ კომპანია „ეკოპექსში“ კი წლევანდელ სეზონზე თხილის მოსავლის შესაძლო კლების მიუხედავად, ფასების ცვლილებას არ პროგნოზირებენ. კომპანიის დირექტორის თქმით, მოსავლის რაოდენობაზე ზუსტი ციფრები 15 აგვისტოსთვის გახდება ცნობილი, თუმცა ქართული მოსავალი ადგილობრივ ბაზარზე საფასო პოლიტიკას ვერ ქმნის, რადგან ბაზარზე დომინანტი თურქული თხილია.

მართალია, რომ თხილის მსოფლიო ბაზარზე თურქეთი, ფაქტობრივად, მონოპოლისტია. ამ ქვეყანაში თხილის პლანტაციებს ყველაზე დიდი ფართობი უკავია. თურქეთი მსოფლიო ბაზრის მოთხოვნის 75 პროცენტს აკმაყოფილებს. გარდა ამისა, წამყვან პოზიციებზეა იტალია, ესპანეთი, აზერბაიჯანი, ირანი, ჩინეთი და აშშ.

თუმცა, არც საქართველოა დაჩრდილული. ქართულ თხილს მსოფლიო ბაზრის 5% უჭირავს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველო პატარა ქვეყნაა, სადაც ნებისმიერი ტიპის მეურნეობა თუ წარმოება ახლა იდგამს ფეხს, საერთაშორისო მასშტაბით 5%-იანი წილი არც თუ ურიგო შედეგი უნდა იყოს.

რაც შეეხება თხილის მოსავალს, შარშანდელთან შედარებით, წლეულს მართლაც რომ მცირეა. ამის მიზეზად დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა ე.წ. ამერიკულ თეთრ პეპელას მიიჩნევს, რომელიც თხილს ნაყოფის გამოტანისთანავე შეესია. მავნებლები მოსავალს დღესაც ანადგურებენ, მაგრამ პრევენციული ღონისძიებები არ გატარებულა. სამეგრელოსა და გურიაში მცხოვრებლებს მავნებლებზე მეტად ამინდი აშინებთ. მათი საზრუნავია, როგორმე შეძლონ ისედაც შემცირებული მოსავლის შენარჩუნება და დროულად აღება.

ქართული თხილი კარგად იყიდება ევროპაში. შარშან ექსპორტზე 15 მლნ აშშ დოლარის ღირებულების თხილი გავიდა. ამ პროდუქტის წილი მთლიან ექსპორტში 9 პროცენტია.

თხილის მწარმოებელთა კავშირის თავმჯდომარე მამუკა თოდუა ევროპაში ქართული თხილის მიმართ გაზრდილ ინტერესს ზოგადად, მსოფლიო ბაზარზე გაჩენილ მოთხოვნას უკავშირებს. მისი თქმით, თხილის ბიზნესს დიდი პოტენციალი აქვს.

ბაზარზე 40-50 კომპანია ოპერირებს. ქართული თხილის გასაღების ბაზარი კი, ძირითადად, ევროკავშირის ქვეყნებია.  პროდუქტი კარგად იყიდება აზიისა და რუსეთის ბაზარზეც. რაც დრო გადის თხილისა და ნუშის მიმართ მსოფლიოში მოთხოვნა სულ უფრო მატულობს. მეტ-ნაკლებად მზარდია მისი წარმოებაც, მაგრამ მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი ისაა, რომ თხილისა და ნუშის მასობრივად მოყვანა დედამიწაზე სულ რამდენიმე ადგილასაა შესაძლებელი. საქართველო კი სწორედ ასეთი ბარაქიანი ტერიტორიების შუაგულშია. ასე რომ, სოფლის მეურნეობის ამ განხრით პოტენციალი ძალიან დიდია.