თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის საბანკო ანგარიშები დააყადაღა. ინსტიტუტის ხელმძღვანელი თეონა აქუბარდია ამბობს, რომ „პროგრესბანკში“ ინსტიტუტის ანგარიშები განმარტების გარეშე დაუყადაღეს და საქალაქო სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შესახებ მხოლოდ ბანკში შეიტყო. თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი შესაძლოა ჯერ კიდევ დღევანდელი ოპოზიციის წარმომადგენლებთან, გია ხუხაშვილისა და ვახტანგ ხმალაძის სახელთან ასოცირდება, მაშინ იოლი წარმოსადგენია რა მოხდა. „ქართუ ბანკიც“, ბიძინა ივანიშვილის სახელთან მხოლოდ ასოცირდებოდა და ივანიშვილი უკვე აღარ იყო მისი აქციონერი, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ხელისუფლებისათვის ასოციაციების საფუძველზე ბანკი დაეყადაღებინა. თეონა აქუბარდია მიიჩნევს, რომ რაკი გია ხუხაშვილმა და ვახტანგ ხმალაძემ ინსტიტუტი დატოვეს, ხელისუფლებას პოლიტიკური მოტივები უკვე აღარ უნდა ამოძრავებდეს.
თეონა აქუბარდია: საქართველოს განვითარების კვლევით ინსტიტუტს ანგარიში გახსნილი ჰქონდა „პროგრესბანკში“. როდესაც იურისტი ხელფასების გადარიცხვას აპირებდა, აღნიშნული ოპერაცია ინტერნეტბანკინგით ვერ განვახორციელეთ. ამის შემდეგ მივედი ბანკში და მოვითხოვე შესაბამისი ოპერაციის განხორციელება, ასევე მოვითხოვე ამონაწერი ანგარიშიდან, მაგრამ გადმომცეს წერილი, რომ ინსტიტუტის ანგარიშებს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ადევს ყადაღა.
იქიდან გამომდინარე, რომ არ გვქონდა არც განჩინება ან თუნდაც ზეპირი ფორმით მიღებული რაიმე ტიპის შეტყობინება, რის საფუძველზე მიიღო თბილისის საქალაქო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება, მეორე დღსვე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამივე კოლეგიას მივმართეთ წერილით. ასლები გადაეგზავნა მთავარ პროკურატურასა და შემოსავლების სამსახურსაც, რომ განემარტათ, რის საფუძველზე მოხდა ანგარიშების დაყადაღება და ამასათან, მქონდა თუ არა სამართლებრივად ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება.
პასუხი თუ მიიღეთ რომელიმე უწყებიდან?
- როდესაც შემოსავლების სამსახურს ტელეფონით ვესაუბრე, მითხრეს, რომ მათი გადაწყვეტილებით არ მომხდარა ანგარიშების დაყადაღება და ინსტიტუტს საბიუჯეტო დავალიანება არ გააჩნდა, რის შესახებაც მათგან წერილობითი ფორმით ველოდები პასუხს.
დღეს, 31 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის კანცელარიისგან მივიღეთ პასუხი, თუმცა ამ წერილიდან გამომდინარე, მე, როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელს, რის გამო მოხდა რეალურად ანგარიშების დაყადაღება არ გამაჩნია.
ანუ თანამშრომლები ხელფასის გარეშე დარჩნენ?
- ინსტიტუტის საქმიანობის გაგრძელება რეალურად დგება საფრთხის წინაშე, რადგან ინსტიტუტს ალტერნატიული ფინანსები არ გააჩნია იმისათვის, რომ განახორციელოს დაგეგმილი სამუშაოების შესრულებისთვის გათვალისწინებული თანხების ანაზღაურება. ინსტიტუტის თანამშრომლები დარჩნენ ხელფასის გარეშე, გარდა ამისა, ინსტიტუტს ჰქონდა ფინანსური ვალდებულებები შესასრულებელი მოწვეული ექსპერტების მიმართაც.
ინსტიტუტში მიმდინარეობდა წმინდა სამეცნიერო მუშაობა, გამოცემული გვაქვს 8 ბროშურა, ტარდებოდა კონფერენციები სადაც ვიწვევდით როგორც ყველა პარტიის წარმომადგენლებს, ასევე - არასამთავრობო ორგანიზაციებსა და უცხო ქვეყნების დიპლომატიურ კორპუსებს და რაც მთავარია, ყველაფერი, რაც ხდება არის გამჭვირვალე.
გარდა ამ ხაზისა, კვლევითმა ინსტიტუტმა გასულ წელს ჩაატარა სოციოლოგიური კვლევა, რომელიც ჩვენი დაკვეთით შეასრულა სოციოლოგიური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა იაგო კაჭკაჭიშვილის ხელმძღვანელობით. დღესდღეობითაც გვაქვს რამდენიმე პროექტი, რომელიც ამ ფაქტის გამო ჩერდება.
გასაჩივრებას თუ აპირებთ?
- ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაგვთანხმდა, დაიცვას ჩვენი ინტერესები სასამართლოში, თუკი რეალურად მოგვეცემა იმის საშუალება, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება გავასაჩივროთ.
იმ წერილში, რომელიც მიიღეთ, რაიმე ხელშესახები მიზეზი თუ არის დასახელებული?
- კონკრეტულად რომ ვიცოდე, რომელი უწყების მიზეზით მოხდა დაყადაღება - ეს არის კონტროლის პალატა, პროკურატურა თუ სხვა უწყება, ინფორმაცია არ მაქვს. ერთადერთი, რაც გამორიცხულია, ეს არის შემოსავლების სამსახური.
შესაძლოა, გონივრული ეჭვები ხელისუფლებას აქვს, მაგრამ მე როგორც ინსტიტუტის საბჭოს თავმჯდომარეს არ გამაჩნია. ვიდრე არ მეცოდინება, რის გამო მოხდა, ვერანაირ ვარაუდებს ვერ გამოვთქვამ, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ქმედებით ინსტიტუტის მუშაობა ჩერდება.
რამდენადაც ცნობილია, ეს ინსტიტუტი დააფუძნეს ამ ინსტიტუტში მუშაობდნენ კიდეც გია ხუხაშვილი, ვახტანგ ხმალაძე, რომლებიც ახლა კოალიცია „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენენ, ამ ფაქტთან ხომ არ არის დაკავშირებული დაყადაღება?
- გია ხუხაშვილმა, რომელიც არის ამ ორგანიზაციის დამფუძნებელი, ჯერ კიდევ მიმდინარე წლის მარტში დატოვა როგორც საბჭოს შემადგენლობა, ასევე საბჭოს თავმჯდომარის პოსტი, იმისათვის, რომ არ ყოფილიყო საუბრები, თითქოს ინსტიტუტს აქვს რაიმე პოლიტიკური კავშირი ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან.
ამის შემდეგ მოხდა ჩემი საბჭოს წევრად მიღება და ინსტიტუტის წესდების თანახმად, საბჭომ ამირჩია თავმჯდომარედ. რაც შეეხება მეორე დამფუძნებელს, ვახტანგ ხმალაძეს, რომელიც კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატია დიდუბეში, იქამდე, ვიდრე კოალიცია ამ განცხადებას გააკეთებდა, დატოვა როგორც საბჭოს წევრობა, ასევე იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტი და ამის შესახებ ინსტიტუტმა განცხადება გააკეთა კიდეც.
აქედან გამომდინარე, არ მგონია, რაიმე პოლიტიკური მოტივი იყოს, იმდენად, რამდენადაც ამ ადამიანებმა ვითონ მიიღეს ეს გადაწყვეტილება იმისათვის, რომ ინსტიტუტი აბსოლუტურად თავისუფალი ყოფილიყო მსგავსი უსაფუძვლო ბრალდებებისაგან.