„თქვენ თუ გჯერათ, რასაც ამბობთ, მე თქვენი არ მჯერა“, - ასეთი პირდაპირობით „შეეგება“ საჩხერის სოფელ კორბოულის მკვიდრი როსტომ ტალახაძე ნაციონალების ერთ-ერთ ლიდერს ნუგზარ წიკლაურს, რომელიც ამ სოფელს ჩიორა თაქთაქიშვილთან ერთად სტუმრობდა.
კორბოულის მკვიდრმა ნუგზარ წიკლაურს შეკითხვა სამჯერ გაუმეორა: ვაჟკაცურად, რასაც თქვენ ახლა ამბობთ, ეგ გწამს, მერე? გავიდა რვა წელიწადი უკვე... კარგი რა...
ნუგზარ წიკლაურის პასუხიც „ადექვატური“ იყო: „მე რასაც ვამბობ, ყველაფერი მწამს, ასე მგონია... ეტყობა, თქვენ სხვანაირი რწმენა გაქვთ, ამიტომ ჩემი და თქვენი ლაპარაკი არ გამოვა“, - ამ სიტყვებთან ერთად წიკლაური შებრუნდა და იმ ადამიანებისკენ გადაინაცვლა (კერძოდ, საჩხერის გამგებლისკენ), „ვისაც სწამდა ამ ქვეყნის მომავლის და, ვისაც არ სწამდა პუტინთან ერთად ქვეყნის აშენების“.
ჩვენთვის უცნობია, ბიძინა ივანიშვილის მშობლიურ საჩხერეში იპოვა თუ არა ნუგზარ წილაურმა თანამოაზრე, მაგრამ უბრალო საჩხერელი კაცი - როსტომ ტალახაძე, ალბათ, გაოგნებული დარჩა, როცა იგი ლამის, პუტინთან ალიანსში დაადანაშაულეს.
ხმაურიანი ინციდენტი ამით არ ამოწურულა, კორბოულის მოსახლეობამ პარლამენტარის სხვა შეგონებებიც მოისმინა, რომ თურმე, საჩხერის მთელ რიგ სოფლებში მოსახლეობა უკმაყოფილოა, რადგან „ქართული ოცნების“ სახით, რუსული პოლიტიკური ძალა მოქმედებს, რომ ძალიან ცდება ის, ვისაც ჰგონია, რომ საჩხერის რაიონში არსებული სიტუაცია „ქართული ოცნების“ სასარგებლოდაა მიმართული, გავრცელებული წარმოდგენა იმის თაობაზე, თითქოს ერთი ქველმოქმედის გამო საჩხერის რაიონი დანარჩენი რაიონებისაგან უკეთეს მდგომარეობაში იყო, მხოლოდ მითია.
სამაგიეროდ, როსტომ ტალახაძემ პარლამენტის წევრს ის პრობლემები ჩამოუთვალა, რომელიც სოფელში ამ დრომდე მოუგვარებელი რჩება: საწვავის მაღალი ფასი, მიუწვდომელი ჯანდაცვის სისტემა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა.
რეალურად, რა ხდება საჩხერეში? რატომ სტუმრობენ ნაციონალები მაინცდამაინც სოფელ კორბოულს და რატომ ითვლება ეს სოფელი არჩევნებისთვის გარდამტეხად?!
For. ge-ს რესპუბლიკური პარტიის საჩხერის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ინგა ზამბახიძე ესაუბრა.
- საჩხერე მთლიანად „ქართული ოცნების“ მომხრე და, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერია. ნუგზარ წიკლაურის საჩხერეში ჩასვლა აბსოლუტური პროვოკაციაა. სადაც კი მიდიან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, ლამის ყველა სოფელში მათ საცემრად იწევენ. წიკლაურის მხრიდან ასეთი რამის გამეორება და იმის დაჯერება, თითქოს საჩხერის სოფლებში მოსახლეობა უკმაყოფილოა იმის გამო, რომ „ქართული ოცნების“ სახით რუსული პოლიტიკური ძალა მოქმედებს, ეს დაუშვებელია.
განა შეიძლება, რომ საჩხერეში „ქართული ოცნების“ გარდა, ვინმეს მხარს უჭერდნენ? ძალიან მძიმედ მიმდინარეობს ნაციონალებისთვის წინასაარჩევნო კამპანია, ძალიან რთულ ფონზე და სირცხვილია, როცა ასეთი რამის უფლებას აძლევენ საკუთარ თავს. „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი, ქალბატონი მანანა კობახიძე წარმატებულად ახორციელებს წინასაარჩევნო კამპანიას და ყველა სოფელში მას აღტაცებით ხვდებიან.
ზოგადად, საჩხერლების განწყობა ცნობილია, მაგრამ სამეგრელოს მსგავსად, საჩხერეში შიშის ფაქტორი არ არსებობს? გამგებლის ან ადგილობრივი მოხელეების არ ეშინიათ?
- საჩხერლებს არავისი ეშინიათ. იქ ისეთი განწყობაა, რომ მოსახლეობას არავის შიში არ აქვს.
ამ დღეებში გავრცელდა საჩხერის გამგებლის ზურაბ ცერცვაძის ნათქვამი, სადაც მან შუალედური განწყობა გამოხატა და აღნიშნა, - მე, როგორც ნაციონალების, ისე „ქართული ოცნების“ მომხრეების გამგებელი ვარო. რა ხდება საჩხერის გამგეობაში?
- იცით, რა არის? ახლა ჭკუა უხმარია, რადგან უთქვამს, მთლიანად მოსახლეობის გამგებელი ვარო. ზურაბ ცერცვაძეს უკვე განცხადება აქვს დაწერილი და იგი უკვე მაჟორიტარობის კანდიდატია, გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი კი სხვა გახლავთ. თუ კიდევ უფრო მეტად მოვა აზრზე და მიხვდება, რომ „ქართული ოცნებისკენ“ უნდა იყოს ნებისმიერი ქართველი და საჩხერელი, უფრო კარგს იზამს. სხვათაშორის, საჩხერეში გარკვეული ფაქტები იყო, როცა პატრულსა და მოსახლეობას შორის დაპირისპირება გინების ფონზე მოხდა. მაშინ ადმინისტრაციული ჯარიმა შეეფარდათ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს. ისეთი განწყობაა საჩხერეში, რომ განსაკუთრებული ზეწოლა და დიდი დაპირისპირება მათზე არ ხდება. უბრალოდ, ხალხს აღიზიანებს, რომ საჩხერეში, მოსახლეობაში დადიან ნაციონალების მხარდამჭერები და, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ითხოვენ ნაციონალებს მისცემ ხმა. ეს იქაურებს აღიზიანებთ და ამბობენ, რომ თავის დროზე 5-10 კაცი საკუთარი სურვილით გავიდა ნაციონალებთან შესახვედრად და მკვეთრ შეკითხვებსაც უსვამდა გამგებელს.
ლამის გააგდეს რამდენიმე სოფლიდან, მოსახლეობა ნამდვილად არ ხვდება ნაციონალების მაჟორიტარ კანდიდატს. ეს გასაგებიცაა, მათ კანდიდატურას როგორ უნდა შეხვდე საჩხერელი კაცი?! ის 5-10 კაცი იმიტომ დახვდა ნაციონალების კანდიდატს, რომ ისინი ამხილეს, არაფერი გაგიკეთებიათ ამდენი ხნის მანძილზე და უფლება არ გაქვთ, სოფლებში მოხვიდეთ და ხალხთან შეხვედრა მოითხოვოთო. ამის გამო შეხვდნენ და არა იმისთვის, რომ გული გადაუშალეს.
ნუგზარ წიკლაურმა აღნიშნა, თუ ვინმეს ჰგონია, რომ საჩხერეში არსებული სიტუაცია „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ არის, ეს აზრი რეალობისგან შორსაა.
- სირცხვილი ნუგზარ წიკლაურს. ჯერ საკუთარი ქართველობის უნდა რცხვენოდეს და შემდეგ იმის, საჩხერეში რომ ჩადის. მით უფრო, ასეთი განცხადების შემდეგ. რაც შეეხება წიკლაურის ნათქვამს - თითქოს, ერთი ქველმოქმედის გამო საჩხერის რაიონი, დანარჩენი რაიონებისგან განსხვავებით, უკეთეს მდგომარეობაში არ ყოფილა და ეს მითია - ვაცხადებ, ის ერთი ქველმოქმედი რომ არ ყოფილიყო, საჩხერე დღეს დაცლილი, დანგრეული იქნებოდა. იქნებოდა ისეთი, როგორიც დარჩა მიწისძვრის შემდეგ და არავის უზრუნია საჩხერეზე. საჩხერე დაცლას, შიმშილსა და სიკვდილს ბიძინა ივანიშვილმა გადაარჩინა. სხვა რაიონებთან შედარებით, საჩხერე ნამდვილად იყო უკეთეს მდგომარეობაში. სულ რომ არაფერი გაეკეთებინა ქველმოქმედს, იქაური საავადმყოფო რომ უფასოა და ძვირადღირებული ოპერაციებით ამდენი ადამიანის სიცოცხლე იხსნა, ესეც ეყოფოდა. საჩხერე ერთადერთი რაიონია საქართველოში, სადაც შობადობა ყველაზე მაღალია. საჩხერეში ყველა აჩენს შვილს და ემიგრაციაში კი არ მიდიან, არამედ უკან ბრუნდებიან. იქაური მოსახლეობის რაოდენობა ორჯერ გაიზარდა, ლამის, ყველა დაბრუნდა, ახალგაზრდების ჩათვლით. ყველა დასაქმებულია და საჩხერე ნამდვილად ყვავის, სხვა საქართველოსთან შედარებით.
თავად სოფელ კორბოულში რა ხდება, რომლის მკვიდრიცაა როსტომ ტალახაძე?
- კორბოული არის ძალიან დიდი სოფელი და მოსახლეობის მხრივ, ქალაქ საჩხერის შემდეგ, მეორე ადგილზეა. ამიტომ სტრატეგიული დანიშნულებისაა. საერთოდ, მთავრობისა და ნაციონალების გეგმა ყოველთვის ასეთი იყო, ვინც იგებს კორბოულს, ის იგებს საჩხერეს, ამიტომაც ახლა განსაკუთრებული ზეწოლა აქვთ კორბოულზე. ბიძინა ივანიშვილზე ცუდი რომ თქვას ვინმემ საჩხერეში, აპატიებენ?! მათ შორის, კორბოულში, სადაც ახალთახალი სკოლები, ამბულატორია ააშენა.
როსტომ ტალახაძის ასეთი თამამი განცხადებები იმის საფუძველი ხომ არ გახდება, რომ მას საკუთარ რაიონში პრობლემები შეექმნება?
- ვერავის ვეღარ შეუქნიან პრობლემებს, რადგან ყველა საჩხერელი „ქართული ოცნების“ მომხრეა და მთელ საჩხერეს ვერ გაასახლებენ. აღარ არის ისეთი განუკითხაობა, ვინმემ ხმა არ ამოიღოს.