ქართულმა ღვინომ ჩრდილოეთით აღმართული ცივი კედელი ვერაფრით გადალახა და რუსულ ბაზარზე ყირიმული ბოთლებით დაბრუნდება. ეს ცოტა უცნაური კომბინაციაა: ღვინო ქართული იქნება, მაგრამ პროდუქცია - უკრაინული.
ინკერმანის სამარკო ღვინოების ქარხანამ „როსპატენტს“ სავაჭრო ნიშნების რეგისტრაციის შესახებ განცხადებით მიმართა, მათ შორისაა, ტრადიციული ქართული ჯიშების დასახელების გამოყენება, ისეთის, როგორიცაა - „ინკერმანი საფერავი“, „ინკერმანი რქაწითელი“ და „ინკერმანი სოვიონ-რქაწითელი“.
„ქართული ღვინის ჯიშები უკრაინულ ბაზარზე კარგად მუშაობს, ამიტომ, ჩვენ მათი რუსეთში გატანა გადავწყვიტეთ. რუსულ ბაზარზე შეტანა მიმდინარე წლის ბოლოს, მომავალი წლის დასაწყისში დაიწყება“, - განაცხადა კომპანიის გენდირექტორმა ანდრეი სტრელეცმა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ინკერმანის ქარხანა ღვინის უმსხვილესი ექსპორტიორი გახდა.
მარკეტოლოგები ყირიმელი მწარმოებლების ინიციატივას წარმატებულ სვლად აფასებენ, მით უფრო, რომ იურიდიულად კომპანიისთვის პრეტენზიების წაყენება რთული იქნება, რადგან რეგისტრირებული ნიშანი ყურძნის ჯიშია და არა გეოგრაფიული დასახელება.
სახელწოდებაში ქართული ბრენდის არსებობა „ინკერმანს“ რუსულ ბაზარზე მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობას მიანიჭებს - დარწმუნებულია კრეატიული სააგენტოს „კაუფმანის“ ხელმძღვანელი სტანისლავ კაუფმანი.
„ამ ღვინოების მიზნობრივი აუდიტორია უფროსი თაობაა, რომელიც დიდად ვერ განასხვავებს ევროპულ სახეობებს, მაგრამ ძალიან ლოიალურია ქართული ღვინოების მიმართ“, - აღნიშნა მან.
რუსეთის ფედერაციაში ქართული ღვინის აუდიტორია საკმაოდ დიდია - ემბარგოს გამოცხადებამდე ქვეყანა რუსეთს 3,6 მილიონ დეკალიტრ ღვინოს აწვდიდა. რუსულ ბაზარზე ქართული ღვინის შეტანა 2006 წლიდან აღარ ხორციელდება. რუსეთის მთავარი სანიტრის გენადი ონიშჩენკოს განცხადებით, ქართველ მწარმოებლებს შეუძლიათ, რუსულ ბაზარზე დაბრუნდნენ თუ ყველა პროცედურას გაივლიან.
რუსული ბაზრის ჩაკეტვის პირველ წლებში ქართულმა მეღვინეობამ დიდად იზარალა, მაგრამ შემდეგ თანდათან, ნაბიჯ-ნაბიჯ მოახერხა ვითარების გამოსწორება. ბოლო 2 წელია საქართველოდან ღვინის ექსპორტის მაჩვენებელი მეთოდურად იზრდება.
ბოლო მონაცემებით, 2012 წლის I ნახევარში 11,1%-ით გაიზარდა ქართული ღვინის ექსპორტი. ოფიციალური სტატისტიკით, პირველ 6 თვეში უცხოეთის ბაზრებზე 25,561 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ყურძნის ნატურალური ღვინო გავიდა, 2011 წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 23,004 მლნ აშშ დოლარისა.
„საქსტატის“ მონაცემებით, რომელიც ქართული ღვინის ექსპორტის 2011 წლის მაჩვენებელს ასახავს, 37.7%-იანი ზრდა დაფიქსირდა 2010 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. შარშან ქვეყნის ფარგლებს გარეთ 54.1 მილიონი აშშ დოლარის ღვინო გავიდა.
ეს ყველაზე მაღალი მონაცემია ბოლო 5 წლის განმავლობაში, ანუ მას შემდეგ, რაც 2006 წელს რუსეთმა ქართული ღვინის იმპორტზე ემბარგო დააწესა. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2005 წელს აღინიშნა, როდესაც ექსპორტირებული ღვინის საერთო ღირებულებამ 81 მილიონი აშშ დოლარს შეადგინა.
საექსპორტო მაჩვენებლებს დადებითად აფასებენ მეღვინეებიც კომპანიებშიც. „თბილღვინოს“ დირექტორის თქმით, ქართული ნაწარმისთვის აზიის ბაზრებზე დიდი პოტენციალია. ამიტომ ბოლო დროს ამ მიმართულებით ქართული ღვინოს პოპულარიზაცია მიმდინარეობს და გარკვეული შედეგებიც უკვე სახეზეა.